უნდა გადავიდე სხვაგან საცხოვრებლად?
1 იესოს მოწოდების — „წადით და მოიმოწაფეთ ყველა ხალხი“ — საპასუხოდ იეჰოვას მრავალი ერთგული მსახური საცხოვრებლად გადავიდა იმ ადგილას, სადაც მეტი საჭიროება იყო (მათ. 28:19). ისინი ჰბაძავენ პავლეს, რომელიც გამოეხმაურა მოწოდებას „მოდი მაკედონიაში და დაგვეხმარე“ (საქ. 16:9). როგორ შეიძლება ამის პრაქტიკულად განხორციელება?
2 ეტაპობრივად განახორციელე. არის თუ არა თქვენს კრებაში ისეთი უბანი, რომელიც იშვიათად მუშავდება? თუ ეს ასეა, შენი ძალ-ღონე შეგიძლია ასეთ ტერიტორიას მოახმარო. სხვაგან გადასვლამდე მოეთათბირე შენს უხუცესებს იმის გასაგებად, თვლიან თუ არა ისინი, რომ მზად ხარ გადასასვლელად. აგრეთვე შეგიძლია ესაუბრო სარაიონო ზედამხედველს, რომ გაიგო, თუ არის რომელიმე ახლომდებარე კრება, რომელშიც შეგიძლია გააფართოო მსახურება. მეორე მხრივ, გულდასმით აწონ-დაწონის შემდეგ შეიძლება მოისურვო, დაეხმარო კრებას შენივე ქვეყნის სხვა ნაწილში ან სხვა ქვეყანაში. თუ ამის დიდი სურვილი გაქვს, შენი კრების უხუცესთა საბჭოსთან ერთად უნდა მისწერო იმ ქვეყნის ფილიალს, სადაც აპირებ მსახურებას და აღუწერო შენი თეოკრატიული ბიოგრაფია. გონივრული იქნება, მოინახულო ის ადგილი მანამ, სანამ მუდმივად იქ გადასვლას გადაწყვეტ.
3 სიფრთხილე გამოიჩინე ემიგრაციასთან დაკავშირებით. სულ უფრო მეტი ძმა გადადის სხვა ქვეყნებში საცხოვრებლად, რათა გაიუმჯობესონ ცხოვრების პირობები ან თავი დააღწიონ შევიწროებას. ამასობაში ზოგიერთი უსინდისო ადამიანი დახმარებას სთავაზობს მათ, ვინც ახალ ქვეყანაში აპირებს დაფუძნებას, მაგრამ ისინი ასეთებს მხოლოდ ფულს ართმევენ, შემდეგ კი თავს ანებებენ. ზოგ შემთხვევაში ასეთი ადამიანები ცდილობენ, ემიგრანტს უზნეო საქმიანობის კეთება აიძულონ. თუ უარს ამბობენ, მათ უცხო ქვეყნის სამოწყალოდ ტოვებენ. ამგვარად, ემიგრანტების მდგომარეობა უფრო უარესი ხდება, ვიდრე მათ სამშობლოში იყო. მათ შეიძლება ძმებისთვის თავშესაფრის ან სხვაგვარი დახმარების თხოვნა მოუწიოთ, რითაც ტვირთად დააწვებიან სხვა ქრისტიანების ოჯახებს, რომელთაც თავიანთ პრობლემებთან და სირთულეებთან უწევთ გამკლავება. ამ არაგონივრული გადაადგილების შედეგად, ოჯახის წევრები ერთმანეთს შორდებიან და სულიერად სუსტდებიან (1 ტიმ. 6:8—11).
4 თუ საცხოვრებლის შეცვლას აპირებ პირადი სარგებლობისთვის, გახსოვდეს, რომ სადაც უნდა ცხოვრობდე, პრობლემებს ყველგან შეხვდები. უფრო ადვილია, გაუმკლავდე მათ იმ ქვეყანაში, რომლის ენა და კულტურა იცი, იმის ნაცვლად, რომ ყველაფერი თავიდან დაიწყო უცხო გარემოში.