სიყვარული ქადაგებისკენ აღგვძრავს
1 ჩვენ, როგორც იეჰოვას მოწმეები, სამეფოს ცნობის გულმოდგინე ქადაგებით კარგად ვართ ცნობილი (მათ. 24:14). მთელ მსოფლიოში ექვს მილიონზე მეტი ადამიანი აქტიურად აკეთებს ამას; ახლებიც გვიერთდებიან ქადაგებაში. მრავალი იკრიბება ამ საქმიანობის წყალობით.
2 რა აღგვძრავს, რომ ნებაყოფლობით შევასრულოთ ეს რთული დავალება? ჩვენ ამას არ გვაიძულებენ, არც მატერიალურ გამორჩენას გვთავაზობენ და არც განსაკუთრებულ დიდებას გვპირდებიან. თავდაპირველად მრავალი ჩვენგანი შიშს განიცდიდა, რადგან თავს მოუმზადებლად თვლიდა და ხალხის გამოხმაურებაც ხშირად უარყოფითი იყო (მათ. 24:9). მათი უმრავლესობა, ვინც თვალყურს გვადევნებს, ვერ ხვდება, თუ რა აღგვძრავს ჩვენ. უნდა არსებობდეს რაღაც მიზეზი, რაც, სირთულეებისდა მიუხედავად, ქადაგების გაგრძელებაში გვეხმარება.
3 სიყვარულის ძალა. იესომ ყველაზე მნიშვნელოვანი მცნება მოგცა, როცა თქვა, რომ უნდა ‘შევიყვაროთ იეჰოვა მთელი ჩვენი გულით, მთელი ჩვენი სულით, მთელი ჩვენი გონებითა და მთელი ჩვენი ძალით’ (მარკ. 12:30). იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარული დაფუძნებულია მისი პიროვნების მიმართ ღრმა მადლიერების გრძნობაზე, რადგან ის არის უზენაესი მმართველი, ყოველივეს შემოქმედი, რომელიც ‘ღირსია მიიღოს დიდება, პატივი და ძალა’ (გამოცხ. 4:11). მისი შესანიშნავი თვისებები შეუდარებელია (გამ. 34:6, 7).
4 რადგან ვიცნობთ იეჰოვას და გვიყვარს ის, ეს აღგვძრავს, რომ ჩვენმა ნათელმა ანათოს ადამიანთა წინაშე (მათ. 5:16). ჩვენი ნათელი ანათებს, როცა საჯაროდ ვადიდებთ მას, ვსაუბრობთ მის დიდებულ საქმეებზე და ვავრცელებთ ცნობას მისი სამეფოს შესახებ. ანგელოზის მსგავსად, რომელიც ზეცის შუაგულში დაფრინავს, ჩვენ გვაქვს „მარადიული სახარება. . . ყოველი ერის და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად“ (გამოცხ. 14:6). ჩვენი სიყვარული უდევს საფუძვლად მსოფლიო სამქადაგებლო საქმიანობას.
5 წუთისოფელი ჩვენს ქადაგებას ‘სისულელედ’ მიიჩნევს, რომელიც ყურადღებას არ იმსახურებს (1 კორ. 1:18). ბევრჯერ სცადეს ჩვენი საქმიანობის ჩახშობა. ჩვენი ურყევი სიყვარული გვაძლიერებს, რათა მოციქულების მსგავსად გავაცხადოთ, რომ „არ შეგვიძლია არ ვილაპარაკოთ ის, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ. . . ღმერთს უფრო მეტად უნდა ვემორჩილებოდეთ, ვიდრე ადამიანებს“ (საქ. 4:20; 5:29). წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობა ფართოვდება დედამიწის ყოველ კუთხეში.
6 იეჰოვას სიყვარული მოგიზგიზე ცეცხლის მსგავსია, რომელიც აღგვძრავს იმისათვის, რომ ყველგან გავაცხადოთ მისი დიდებულება (იერ. 20:9; 1 პეტ. 2:9). ჩვენ განვაგრძობთ ‘მისი საქმეების გაცხადებას ხალხებში. . . რადგან დიდებულად იღვაწა’ (ეს. 12:4, 5).