გულმოდგინედ შეასრულეთ თქვენი მსახურება
1 როდესაც ვკითხულობთ იმის შესახებ, რომ პავლე კორინთში კარვებს ამზადებდა, შეიძლება დავასკვნათ, რომ ქადაგების შესაძლებლობა შეზღუდული ჰქონდა. მაგრამ საქმეების 18:5-ში ნათქვამია: „მიეცა პავლე ქადაგებას, რათა დაემოწმებინა იუდეველთათვის, რომ ქრისტეა იესო“. რატომ მიეცა პავლე ქადაგებას? თუმცა კორინთში მრავალი უკვე მორწმუნე იყო, უფალმა დაუმოწმა, რომ ამ ქალაქში ჯერ კიდევ მრავალი უნდა გამხდარიყო მოწაფე (საქ. 18:8—11). გვაქვს თუ არა ჩვენც იგივე მიზეზი, რომ მივეცეთ მსახურებას? დიახ. ჯერ კიდევ მრავალი ადამიანის მოძებნა და მათთვის ჭეშმარიტების სწავლება შეიძლება.
2 აპრილში მსახურებას მეტი დრო დაუთმეთ. ალბათ, შენი სურვილია, ყოველთვიურად დაკავდე კეთილი ცნობის ქადაგებით. მაგრამ ზოგიერთ თვეში განსაკუთრებული შესაძლებლობა გვაქვს, რომ გულმოდგინედ მივიღოთ მონაწილეობა ამ საქმიანობაში. ასეთ თვეს წარმოადგენს აპრილიც, რომელზეც გახსენების საღამო მოდის. შენი მდგომარეობა გაძლევს თუ არა იმის საშუალებას, რომ ამ თვეში დამხმარე პიონერად ან გაზაფხულის განმავლობაში უფრო აქტიურად იმსახურო? მრავალი მაუწყებელი, ვინც ასე მოიქცა, უხვი კურთხევებით დაჯილდოვდა (2 კორ. 9:6). თუ შენი შესაძლებლობიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებ, გახსოვდეს, რომ იეჰოვას სიამოვნებს შენი მთელი გულით მსახურება (ლუკ. 21:2—4). მიუხედავად შენი ვითარებისა, მიზნად დაისახე გულმოდგინედ მსახურება აპრილში. არ დაგავიწყდეს თვის ბოლოს სამქადაგებლო სამსახურის ანგარიშის ჩაბარება, რათა შენი ნაშრომი იეჰოვას ხალხის ნაშრომთან ერთად აღირიცხოს.
3 მოინახულე ახლები, რომლებიც დაესწრნენ გახსენების საღამოს. გასულ წელს საქართველოში გახსენების საღამოს დამსწრეთა რიცხვი 33 790 იყო. წელს დამსწრეთა საერთო რიცხვი ჯერ კიდევ უცნობია. თუმცა ანგარიშები ცხადყოფს, რომ უფრო დიდი ‘სამკალის’ შესანიშნავი პოტენციალი არსებობს (მათ. 9:37, 38). ამიტომ, შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მალე მიაკითხე დაინტერესებულებს, რომლებიც დაესწრნენ გახსენების საღამოს, რათა სულიერად დაეხმაროთ მათ. ასეთი მონახულების გადადება იმის საშუალებას იძლევა, რომ ‘ბოროტმა მოსტაცოს მათ გულში ჩათესილი სიტყვა სამეფოზე’ (მათ. 13:19). დაინტერესებულის რაც შეიძლება მალე მონახულება იმის დამადასტურებელი იქნება, რომ ნამდვილად გულმოდგინედ მსახურობ.
4 დაეხმარე არააქტიურებს. თებერვლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით ვცდილობდით არააქტიურების დახმარებას. თუ ჯერ კიდევ ვინმესთან სამწყემსო მონახულებით არ ყოფილან, უხუცესებმა უნდა იზრუნონ იმაზე, რომ აპრილის ბოლომდე მოინახულონ ისინი. უხუცესები ეცდებიან, დაადგინონ პიროვნების პრობლემის მთავარი მიზეზი და ის, თუ როგორ აღმოუჩინონ საუკეთესო დახმარება, რათა იეჰოვასთვის მსახურებაში კვლავ აქტიური გახდეს. ეს სიყვარულით აღსავსე დახმარება იმას ცხადყოფს, რომ უხუცესები სერიოზულად ეკიდებიან „ღვთის სამწყსოს“ მწყემსვის თავიანთ პასუხისმგებლობას (1 პეტ. 5:2; საქ. 20:28). 1993 წლის 15 სექტემბრის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.), 22-ე, 23-ე გვერდებზე მოცემულია შესანიშნავი რჩევები, რომელთა გამოყენებაც შეუძლიათ უხუცესებს, როდესაც მათ მიმართავენ იმ ხუთი ტიპური პრობლემის მოსაგვარებლად, რომლებიც შეიძლება ზეგავლენას ახდენს არააქტიურებზე. შესანიშნავი იქნება, როდესაც ზოგიერთი კვლავ განაახლებს სამქადაგებლო მსახურებას აპრილში.
5 დაეხმარე სხვებს, რომ მოუნათლავი მაუწყებლები გახდნენ. მიეცათ თუ არა შენს შვილებს კეთილი ცნობის მაუწყებლებად მსახურების უფლება? რა შეიძლება ითქვას მათზე, ვისაც ბიბლიას ასწავლი? თუ ისინი უხუცესებისგან ნებართვას მიიღებენ, ნუთუ აპრილი შესანიშნავი დრო არ იქნებოდა მათთვის, რომ მსახურებაში ჩაებან? თუ ის წინ მიიწევს და შესწავლილი აქვს ბროშურა „რას მოითხოვს“ და წიგნი „შემეცნება“, ბიბლიის შესწავლა შეიძლება გაგრძელდეს მეორე წიგნით. შენი მიზანია, დაეხმარო შემსწავლელს, ღრმად ჩასწვდეს ჭეშმარიტებას, დაიწყოს მოუნათლავ მაუწყებლად მსახურება და გახდეს იეჰოვას მიძღვნილი და მონათლული მოწმე (ეფეს. 3:17—19; 1 ტიმ. 1:12; 1 პეტ. 3:21).
6 თანამიმდევრობა და გამოვლენილი გულწრფელი ინტერესი შეიძლება შემსწავლელებს ჭეშმარიტების გათავისებაში დაეხმაროს. ერთი მოწმე შეხვდა ასაკოვან ცოლ-ქმარს, რომელიც სიამოვნებით დათანხმდა ბიბლიის შესწავლაზე. მაგრამ ცოლ-ქმარმა ზედიზედ სამი კვირის განმავლობაში გადადო შესწავლა. ბოლოს და ბოლოს, შესწავლა დაიწყო. შემდგომში ეს ცოლ-ქმარი შესწავლას თითქმის ყოველი მომდევნო კვირისთვის გადადებდა. თუმცა, საბოლოოდ, ცოლმა ნათლობისკენ გადადგა ნაბიჯი. ძმა, რომელიც ბიბლიის შესწავლას ატარებდა, იხსენებს: „მონათვლის შემდეგ, თვალები სიხარულის ცრემლებით აევსო, რამაც მე და ჩემს მეუღლესაც სიხარულის ცრემლები მოგვგვარა“. დიახ, კეთილი ცნობის გულმოდგინედ ქადაგებას დიდი სიხარული მოაქვს!
7 ბიბლიური წინასწარმეტყველება და მსოფლიო მოვლენები გვიჩვენებს, რომ უკანასკნელი ჟამის მიწურულს ვცხოვრობთ. ახლაა დრო, როცა ღვთის ხალხი უნდა მიეცეს სხვებისთვის კეთილი ცნობის გაცხადებას. მოციქული პავლე გვარწმუნებს, რომ ასეთი შრომა, რა თქმა უნდა, ‘ფუჭი არაა უფლის წინაშე’ (1 კორ. 15:58).