რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება?
1 დიდი ხანია, რაც შენს ტერიტორიაზე სამეფოს შესახებ ქადაგება მიმდინარეობს? (მათ. 24:14). თუ დიახ, შეიძლება ფიქრობ, რომ შენი კრების ტერიტორია უკვე კარგად არის დამუშავებული. როდესაც ქადაგებ, შესაძლოა ადამიანთა უმეტესობა სამეფოს შესახებ ცნობისადმი გულგრილია. მიუხედავად ამისა, ყურადღება მიაქციე, თუ რა არის ნათქვამი იესოს ჭეშმარიტ მიმდევრებზე წიგნში „ესაიას წინასწარმეტყველება II“, 141-ე გვერდზე: „ზოგან მათი მსახურების შედეგები უმნიშვნელო ჩანს შესრულებულ სამუშაოსა და ძალისხმევასთან შედარებით. მიუხედავად ამისა, ისინი გულს არ იტეხენ“. მაშ, რატომ უნდა განვაგრძოთ ქადაგება?
2 გახსოვდეთ იერემია. სამქადაგებლო საქმიანობაში ჩვენი გულმოდგინება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმაზე, გვისმენს თუ არა ხალხი. მიუხედავად იმისა, რომ მცირედი უსმენდა და მრავალი ეწინააღმდეგებოდა მის ცნობას, იერემია 40 წელი ქადაგებდა ერთსა და იმავე ტერიტორიაზე. რატომ განაგრძობდა იერემია ქადაგებას? ის ასრულებდა ღვთის მიერ დავალებულ სამუშაოს და იცოდა, თუ რა უნდა მომხდარიყო მომავალში. ამიტომ განაგრძობდა იერემია გაბედულად საუბარს (იერ. 1:17; 20:9).
3 ჩვენც მსგავს მდგომარეობაში ვართ. იესომ „გვიბრძანა, ვუქადაგოთ ხალხს და ვუმოწმოთ, რომ ის არის ღვთისგან დანიშნული ცოცხალთა და მკვდართა მსაჯულად“ (საქ. 10:42). ის, რასაც ჩვენ ვქადაგებთ, ჩვენი მსმენელების სიკვდილ-სიცოცხლეს ეხება. ადამიანები იმის მიხედვით განისჯებიან, თუ როგორ გამოეხმაურებიან სასიხარულო ცნობას. ამიტომ ჩვენი პასუხისმგებლობაა, ზუსტად შევასრულოთ ის, რაც დავალებული გვაქვს. მაშინაც კი, თუ ადამიანები არ გვისმენენ, მაგრამ მაინც განვაგრძობთ იმის კეთებას, რაც გვევალება, მათდამი სიყვარულსა და იეჰოვასადმი ერთგულებას ვამტკიცებთ. მაგრამ ეს უფრო მეტს მოიცავს.
4 ეს სასარგებლოა ჩვენთვის. ღვთის ნების შესრულება, მიუხედავად იმისა, თუ როგორი გამოხმაურებაა ჩვენს ტერიტორიაზე, შინაგან მშვიდობას, კმაყოფილებასა და ბედნიერებას გვანიჭებს, რომელთა მიღწევაც სხვა მხრივ შეუძლებელია (ფსალმ. 39:9). ჩვენი ცხოვრება ნამდვილ აზრს იძენს. რაც უფრო მეტად ვმონაწილეობთ მსახურებაში, გული და გონება მით უფრო მეტად გვაქვს კონცენტრირებული ღვთის ახალ ქვეყნიერებაში ცხოვრების იმედზე. თუ ყოველთვის მხედველობაში გვექნება ეს ბიბლიური დანაპირები, სულიერად გავიზრდებით და იეჰოვასთან ურთიერთობა განგვიმტკიცდება.
5 იმ შემთხვევაშიც კი, თუ ჩვენი სამქადაგებლო საქმიანობის შედეგებს მაშინვე ვერ ვხედავთ, შეიძლება ჭეშმარიტების თესლი ჩაითესოს ადამიანის გულში, რომელსაც იეჰოვა სათანადო დროს აღმოაცენებს (იოან. 6:44; 1 კორ. 3:6). არცერთმა არ ვიცით, თუ იეჰოვას ხალხის მეშვეობით კიდევ რამდენი ადამიანი გაეცნობა ღვთის სამეფოს ჩვენს ტერიტორიაზე თუ მსოფლიოს მასშტაბით.
6 ახლა უფრო მეტად გვმართებს, ყურადღება მივაქციოთ იესოს მითითებას: „გაფრთხილდით, იფხიზლეთ, ილოცეთ, ვინაიდან არ იცით, როდის დადგება ის ჟამი. რასაც თქვენ გეუბნებით, ყველას ვეუბნები: იფხიზლეთ“ (მარ. 13:33, 37). მაშ, მოდი განვაგრძოთ სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგება და იეჰოვას დიდებული და წმინდა სახელის კიდევ უფრო განწმენდით მისი გულის გახარება.