რატომ ვაკითხავთ ადამიანებს სახლში კვლავ და კვლავ?
1. რა კითხვა წამოიჭრება ჩვენს სამქადაგებლო მსახურებასთან დაკავშირებით?
1 მრავალ ადგილას ჩვენს სამქადაგებლო უბნებს საკმაოდ ხშირად ვამუშავებთ. მიუხედავად იმისა, რომ მობინადრეებს შეიძლება არ აინტერესებდეთ სასიხარულო ცნობა, ჩვენ კვლავაც ვაკითხავთ მათ. რატომ მივდივართ მათთან, ვინც ადრე დადებითად არ გამოეხმაურა სამეფოს ცნობას?
2. რა არის იმის უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ არ ვწყვეტთ მსახურებას?
2 იეჰოვასა და ხალხის მიმართ სიყვარული: უმთავრესი მიზეზი, თუ რატომ არ ვწყვეტთ ქადაგებას ხალხის გულგრილობის მიუხედავად, იეჰოვასადმი ჩვენი სიყვარულია. ჩვენ გული გვიბიძგებს იმისკენ, რომ დიდებული ღმერთის შესახებ ვესაუბროთ სხვებს (ლუკ. 6:45). იეჰოვასადმი სიყვარული აღგვძრავს, რომ დავემორჩილოთ მის მითითებებს და სხვებსაც დავეხმაროთ, იგივე გააკეთონ (იგავ. 27:11; 1 იოან. 5:3). ხალხი გვეხმაურება თუ არა, ჩვენ მაინც ერთგულად ვმონაწილეობთ სამქადაგებლო საქმეში. მაშინაც კი, როცა პირველი საუკუნის ქრისტიანები იდევნებოდნენ, ისინი მაინც „დაუღალავად“ ქადაგებდნენ (საქ. 5:42). როდესაც ხალხი არ გვისმენს, ნაცვლად იმისა, რომ ხალისი დავკარგოთ, ჩვენ სიმტკიცეს ვინარჩუნებთ და ღვთისადმი დიდ სიყვარულსა და ერთგულებას ვავლენთ.
3. როგორ გვეხმარება ხალხისადმი სიყვარული, რომ განვაგრძოთ ქადაგება?
3 ჩვენ კიდევ იმიტომ არ ვწყვეტთ ქადაგებას, რომ მოყვასიც გვიყვარს (ლუკ. 10:27). იეჰოვას არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს (2 პეტ. 3:9). მიუხედავად იმისა, რომ უბნები ხშირად მუშავდება, ჩვენ მაინც ვპოულობთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც სურთ იეჰოვასადმი მსახურება. მაგალითად, გვადელუპაში, სადაც ყოველი 56-ე იეჰოვას მოწმეა, გასულ წელს 214 ადამიანი მოინათლა. აქ გახსენების საღამოს თითქმის 20 000 დაესწრო, ანუ დაახლოებით ყოველი 22-ე ადამიანი.
4. რა ცვლილებები ხდება უბნებზე?
4 ცვლილებები უბანზე: ჩვენს სამქადაგებლო უბნებზე ხშირად სხვადასხვა ადამიანს ვხვდებით. როდესაც კვლავ მივდივართ იმ კართან, სადაც ადრე მობინადრემ ინტერესი არ გამოავლინა, შეიძლება ამ ჯერზე შევხვდეთ ოჯახის იმ წევრს, რომელსაც შესაძლოა არასოდეს მოუსმენია მოწმეებისთვის, და რომელიც შეიძლება დადებითად გამოეხმაუროს სასიხარულო ცნობას. აგრეთვე, ჩვენ შეიძლება შევხვდეთ ახალ მაცხოვრებლებს, რომლებიც დაინტერესდებიან. ბავშვები, რომელთა მშობლები მოწინააღმდეგეები იყვნენ, იზრდებიან და საცხოვრებელს იცვლიან. ასეთებმა შეიძლება მოისმინონ სამეფოს შესახებ ცნობა.
5. რამ შეიძლება აღძრას ზოგი მოსასმენად?
5 გარდა ამისა, ხალხიც იცვლება. მოციქული პავლე ერთ-ერთი მათგანი იყო, ვინც „წინათ ღვთისმგმობელი, მდევნელი და შეურაცხმყოფელი“ იყო (1 ტიმ. 1:13). პავლეს მსგავსად, მრავალს, ვინც დღეს იეჰოვას ემსახურება, ერთ დროს არ აინტერესებდა ჭეშმარიტება. ზოგი მათგანი ეწინააღმდეგებოდა კიდეც სასიხარულო ცნობას. მაგრამ, მსოფლიოში მდგომარეობა იცვლება, რის გამოც ზოგიერთები, რომლებიც გვეწინააღმდეგებოდნენ ან არ აინტერესებდათ ჭეშმარიტება, შეიძლება მოსასმენად განეწყონ. სხვებზე შეიძლება მათ ცხოვრებაში მომხდარმა უბედურებამ იმოქმედოს, მაგალითად ოჯახის წევრის სიკვდილმა. გარდა ამისა, ზოგი მოსასმენად შეიძლება აღძრას სამსახურის დაკარგვამ, ეკონომიკურმა სიდუხჭირემ ან ჯანმრთელობის გაუარესებამ.
6. რატომ უნდა განვაგრძოთ გულმოდგინედ ქადაგება?
6 ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოვდება, მაგრამ ქადაგებისა და სწავლების საქმე, რომელსაც ჩვენ ვეწევით, უფრო ჩქარდება (ეს. 60:22). ამიტომ, ჩვენ გულმოდგინედ განვაგრძობთ ქადაგებას და ვცდილობთ, დადებითი განწყობა შევინარჩუნოთ. თუ ერთი არ მოგვისმენს, შეიძლება მეორემ მოგვისმინოს. მთავარია, ქადაგება არ შევწყვიტოთ. ‘ასე მოქცევით ჩვენს თავსაც ვიხსნით და მსმენელებსაც’ (1 ტიმ. 4:16).