„გამდიდრდით კეთილი საქმეებით“
1 თავისი გულმოდგინე მსახურების ბოლო წლებში მოციქული პავლე მჭიდროდ თანამშრომლობდა ტიმოთესა და ტიტესთან. თითოეულ მათგანს მსგავსი გამამხნევებელი სიტყვები მისწერა. ტიტეს უთხრა, რომ „ღვთის მორწმუნენი“ უნდა „ცდილობდნენ კეთილი საქმეების კეთებას“ (ტიტ. 3:8). ტიმოთეს კი უთხრა, რომ ისინი, ვინც ღმერთზე ამყარებენ იმედს, უნდა „გამდიდრდნენ კეთილი საქმეებით“ (1 ტიმ. 6:17, 18). შესანიშნავი რჩევაა ყოველი ჩვენგანისთვის! მაგრამ რა აღგვძრავს, რომ კეთილი საქმეები ვაკეთოთ? და რომელი განსაკუთრებული საქმეები უნდა გავაკეთოთ?
2 იეჰოვასადმი რწმენა და სიყვარული, აგრეთვე მისგან ბოძებული შესანიშნავი იმედი, აღგვძრავს, გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით (1 ტიმ. 6:19; ტიტ. 2:11). წლის ამ დროს კრების შეხვედრებზე განსაკუთრებით ესმება ხაზი იმას, რომ იეჰოვამ თავისი ძე, იესო, გამოგზავნა დედამიწაზე, რათა გაემართლებინა მამამისი და ღირსეულთათვის მარადიული სიცოცხლისკენ გაეხსნა გზა (მათ. 20:28; იოან. 3:16). ამას განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა 28 მარტს, ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოზე. ნუთუ მარადიული სიცოცხლის იმედი არ აღგვძრავს, შეძლებისდაგვარად ყველაფერი ვაკეთოთ, რათა „გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით“? რა თქმა უნდა, პასუხი დადებითია! მაგრამ რა საქმეების კეთება შეგვიძლია ამჟამად?
3 კეთილი საქმეების კეთება მარტსა და მომდევნო თვეებში. უეჭველია, დავესწრებით გახსენების საღამოს — მთელი მსოფლიოს იეჰოვას მოწმეებისთვის წლის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენას (ლუკ. 22:19). თუმცა გვსურს, რომ ამ მოვლენასთან დაკავშირებული სიხარული შეძლებისდაგვარად უფრო მეტ ადამიანს გავუზიაროთ. გადახედეთ 2002 წლის 1 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ მოცემულ სამსახურებრივ ანგარიშს და ყურადღება მიაქციეთ, რომ გასულ წელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გახსენების საღამოზე დამსწრეთა რიცხვმა სამჯერ, ოთხჯერ, ხუთჯერ და უფრო მეტჯერაც კი გადააჭარბა მაუწყებელთა რაოდენობას. რა თქმა უნდა, კრების თითოეული წევრის მხრიდან გულმოდგინებას მოითხოვს კრების ტერიტორიაზე გახსენების საღამოზე მოსაწვევების ინტენსიური გავრცელება. ამიტომ გვსურს, 28 მარტამდე შეძლებისდაგვარად მეტი დრო დავუთმოთ გახსენების საღამოზე ხალხის მოწვევას, რათა მათაც გაიგონ გადარჩენის იმედის შესახებ.
4 აპრილის მოახლოებასთან ერთად დღის ხანგრძლივობა მატულობს და ამინდიც ხელსაყრელი ხდება. როგორ გამოვიყენოთ ეს ფაქტორები ‘კეთილი საქმეებით გამდიდრებისთვის’? სასიხარულო ცნობა გულმოდგინებით უნდა ვიქადაგოთ და ‘კეთილი საქმეების მოშურნეები’ ვიყოთ (ტიტ. 2:14; მათ. 24:14). თუ დამხმარე პიონერობა მარტში ვერ შეძელი, ხომ ვერ შეძლებდი ამის გაკეთებას აპრილსა და/ან მაისში? თუ მარტში დამხმარე პიონერად მსახურობ, შეგიძლია შემდეგ თვეებშიც გააგრძელო?
5 მათ, ვისაც სამსახურში უწევთ სიარული, შენიშნეს, რომ საათს ან საათზე მეტს უთმობენ გზადაგზა ქადაგებას. ისინი ამოწმებენ ქუჩაში ან ესაუბრებიან ადამიანებს, რომლებსაც დილაადრიან უწევთ ქუჩაში სამუშაოდ გამოსვლა. ზოგიერთი ქადაგებისთვის სამუშაოზე შესვენებას იყენებს. ზოგიერთი დროის ამ მონაკვეთში თანამშრომელთან ბიბლიის შესწავლის ჩატარებას ახერხებს. მრავალმა დამ, რომლებიც დიასახლისები არიან, შეძლეს მსახურებისთვის დაეთმოთ ის დრო, როდესაც ბავშვები სკოლაში ჰყავთ. საოჯახო საქმეების გასაკეთებლად გარკვეულ დღეებში ადრე დგებიან და დღის მანძილზე მეტი დრო რჩებათ ქადაგებისთვის (ეფეს. 5:15, 16).
6 იმ შემთხვევაშიც კი, თუ დამხმარე პიონერად მსახურება არ შეგიძლია, იქნებ ისეთი განრიგი შეადგინო, რომ უფრო მეტი მონაწილეობა მიიღო მსახურებაში და ყველაფერი აკეთო იმისათვის, რომ ‘იყო ქველმოქმედი, გამდიდრდე კეთილი საქმეებით, იყო გულუხვი’ და ხალხს ჭეშმარიტება გაუზიარო (1 ტიმ. 6:18).
7 მოწაფეების მომზადებით აკეთე კეთილი საქმე. გახსენების საღამოზე დაინტერესებულები ყოველწლიურად მოდიან. კარგი იქნებოდა, ყურადღებას თუ მიაქცევდით დამსწრეებს, რომლებსაც ჯერ არ დაუწყიათ ბიბლიის შესწავლა. შემდეგ მიაკითხეთ, რათა დაეხმაროთ სულიერ წინსვლაში. ზოგიერთ შემთხვევაში მოწმეთა ნათესავები ესწრებიან გახსენების საღამოს. არიან ისეთებიც, რომლებიც ადრე სწავლობდნენ ბიბლიას და ახლა შესწავლის განახლებისა და კრების შეხვედრებზე რეგულარულად დასწრების მიზნით ბიძგის მიცემა სჭირდებათ. რაოდენ სასიხარულო იქნება ჩვენთვის იმის დანახვა, რომ ისინი ჩვენთან ერთად კვლავ აქტიურად ემსახურებიან იეჰოვას!
8 თუ უფრო მეტ მონაწილეობას მივიღებთ მსახურებაში მარტსა და მომდევნო თვეებში, ადვილი შესაძლებელია, რომ უფრო მეტი დაინტერესებული ადამიანი ვიპოვოთ და შემდეგ მოვინახულოთ. რაიმე კითხვის წამოჭრით და იმის დაპირებით, რომ შემდეგი მონახულებისას გავცემთ მასზე პასუხს, საფუძველს ჩავუყრით განმეორებით მონახულებას. და რაც უფრო მალე გავაკეთებთ ამას, მით უკეთესია. თუ ბიბლიის შესწავლის დაწყებას პირველივე მონახულებისას ვერ შევძლებთ, ვეცადოთ, რომ თუ შესაძლებელი იქნება, ეს შემდეგი მონახულებისას გავაკეთოთ.
9 ქუჩაში ქადაგებისას ხალხთან გასაუბრებას ნუ მოვერიდებით. მრავალ მაუწყებელს ქუჩაში ქადაგებისას დაინტერესებულმა ადამიანებმა თავიანთი სახელი, მისამართი და ტელეფონი ჩააწერინეს. თუ დაინტერესებული შენს ტერიტორიაზე არ ცხოვრობს, შეავსე მონახულების ბლანკი (S-70) და მიეცი კრების მდივანს, რომელიც მას იმ კრებას გადასცემს, რომლის ტერიტორიაზეც ეს ადამიანი ცხოვრობს. თუ მდივანს არ შეუძლია ამის გაკეთება, ამ ბლანკს ოფისს გადაუგზავნის. ამგვარად, დაინტერესებულ ადამიანს მიაკითხავენ.
10 თუ მხოლოდ დაინტერესებულის ტელეფონი გაქვს, მაშინ ტელეფონით გააკეთე განმეორებითი მონახულება. წინასწარ მოემზადე, თუ რაზე ისაუბრებ. მრავალი წარმატებით ატარებს შესწავლებს ტელეფონით, მათთანაც კი, ვისაც ძნელად თუ დაიჭერ სახლში. კარდაკარ მსახურებისას ერთმა დამ ტელეფონის ნომერი სთხოვა ორ დაინტერესებულ ქალს და შეძლო კიდეც ტელეფონით მათთან ბიბლიის შესწავლების დაწყება.
11 ითანამშრომლეთ უხუცესებთან, რომ არააქტიურებს დაეხმაროთ. უხუცესები მთელი გულით ცდილობენ, ყურადღება გამოავლინონ არააქტიურების მიმართ. მრავალმა მათგანმა თავად გადადგა ნაბიჯები და კვლავ დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მიხვდნენ კიდეც, რომ ფსალმუნის 90 თავში აღწერილი სულიერი უსაფრთხოების მოსაპოვებლად ერთობ მნიშვნელოვანია იეჰოვას ორგანიზაციასთან მჭიდრო თანამშრომლობა. ზოგიერთი მათგანი მზად არის, კვლავ ჩაებას სამქადაგებლო მსახურებაში. თუ სხვა არააქტიურები დაესწრებიან ამ გახსენების საღამოს, შეიძლება ბიბლიის შესწავლა მოინდომონ. ამ შემთხვევაში უხუცესები შეეცდებიან, მათთან ვინმემ დაიწყოს შესწავლა. თუ შენ მოგმართეს, თანამშრომლობის სული გამოავლინე და გარჯა დაგიფასდება (რომ. 15:1, 2).
12 განაგრძეთ „კეთილი საქმეების კეთება“. მრავალმა, ვინც ერთი ან რამდენიმე თვეა, რაც დამხმარე პიონერად მსახურობს, შენიშნა, რომ ყოველ მომდევნო თვეში უფრო აქტიურად მონაწილეობს მსახურებაში. შეხვდნენ დაინტერესებულ ადამიანებს, რომლებიც კვლავ უნდა მოენახულებინათ. ამან აღძრა ისინი, რომ უფრო ხშირად ემსახურათ. ზოგიერთმა ბიბლიის შესწავლებიც დაიწყო, ეს კი დაეხმარა, უფრო მეტი მონაწილეობა მიეღო მსახურებაში.
13 ქადაგებასა და მოწაფეების მომზადებაში უფრო აქტიურმა მონაწილეობამ მრავალს ისეთი სიხარული მოჰგვარა, რომ გადაწყვიტეს, გაეანალიზებინათ, თუ რას აყენებდნენ ცხოვრებაში პირველ ადგილზე. შედეგად ზოგიერთმა შეძლო ნაკლები დრო დაეთმო სამსახურისთვის და ხანგრძლივად ემსახურა დამხმარე პიონერად. ზოგმა კი სრული დროით მსახურება დაიწყო. ამგვარად, უფრო მეტად ღმერთზე დაამყარეს იმედი და არა იმაზე, რასაც წუთისოფელი სთავაზობთ. დაინახეს, რომ ‘გულუხვობასა და გამზიარებლობას’ იეჰოვასგან უხვი კურთხევები სდევს თან და ის განუმტკიცებთ „ჭეშმარიტი სიცოცხლის“ იმედს (1 ტიმ. 6:18, 19). რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი იწყებს პიონერად მსახურებას, მით უფრო დადებით ზეგავლენას ახდენს ეს მთელს კრებაზე. პიონერები ხშირ შემთხვევაში თავიანთ გამოცდილებას უზიარებენ სხვებს და მსახურებაში იწვევენ; ეს კი კრებაში სულიერი ატმოსფეროს გაუმჯობესებას უწყობს ხელს.
14 დაე გაზაფხულზე, როდესაც გახსენების საღამო ტარდება და შემდეგაც, ქრისტიანულ მსახურებაში უფრო აქტიური მონაწილეობით, „გავმდიდრდეთ კეთილი საქმეებით“. მოდი მადლიერება გამოვავლინოთ იეჰოვასადმი იმისათვის, რომ სამართლიან ახალ ქვეყნიერებაში მარადიული ცხოვრების იმედი მოგვცა (2 პეტ. 3:13).