დიდია თქვენი კრების ტერიტორია?
1 იუდეის ქალაქებიდან გალილეის სოფლებამდე იესო აქტიურად ქადაგებდა და ძველი ისრაელის დიდი ტერიტორია სულ შემოიარა (მარ. 1:38, 39; ლუკ. 23:5). ჩვენც, რაც შეიძლება მეტ ადამიანს უნდა ვამცნოთ სასიხარულო ცნობა (მარკ. 13:10). მაგრამ ეს შეიძლება საკმაოდ რთული აღმოჩნდეს. რატომ?
2 საქართველოში ზოგი კრების ტერიტორია მრავალ კვადრატულ კილომეტრს მოიცავს. უცხოენოვანი კრებები და მათ შორის ყრუ-მუნჯთა კრებები შეიძლება დიდი ქალაქის მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიებზე ქადაგებდნენ და თავიანთ ენაზე მოლაპარაკე ხალხს ეძებდნენ. რის გაკეთება შეგვიძლია ასეთ ვრცელ ტერიტორიებზე მცხოვრებ ადამიანთათვის იეჰოვას, იესოსა და სამეფოს შესახებ ჭეშმარიტების მისაწოდებლად?
3 ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ: სამსახურებრივმა ზედამხედველმა და უბნებზე პასუხისმგებელმა ძმამ უნდა იზრუნონ, რომ კრებამ თავისი შესაძლებლობის მაქსიმუმის გამოყენება შეძლოს. შეიძლება გამოიყოს ერთი შაბათი დღე, როდესაც უმეტესობას შეუძლია მთელი დღე დაუთმოს ამ საქმეს. როდესაც საქადაგოდ შორ ტერიტორიებზე მიდიხართ, ისე დაგეგმეთ, რომ მსახურებაში დიდხანს დარჩეთ და, თუ შესაძლებელია, თან წაიღეთ საჭმელიც, რათა იქვე ისადილოთ. დილით შედარებით ადრე ადექით იმისათვის, რომ დანიშნულ ტერიტორიამდე მიხვიდეთ ან დასამუშავებელი ტერიტორიის მახლობლად დაესწროთ სამქადაგებლო მსახურების შეხვედრას. სოფლებში ქადაგება ისეთ დროს დაგეგმეთ, როდესაც ამინდი და გზების მდგომარეობა ქადაგებისთვის ხელსაყრელია.
4 უცხოენოვან ტერიტორიებზე მქადაგებლებს შეუძლიათ დაზოგონ ძვირფასი დრო, თუ თან ექნებათ მისამართების უახლესი სია და იმ ტერიტორიის რუკა. ისე მოაგვარეთ ყველაფერი, რომ ჯგუფმა შეძლოს კონკრეტული ტერიტორიის ყველა მისამართზე მისვლა.
5 აუცილებლად წაიღეთ თან საკმარისი რაოდენობით ლიტერატურა. თუ აღნიშნული ტერიტორია იშვიათად მუშავდება, კარგი იქნებოდა ტრაქტატი ან ჟურნალების ძველი ნომრები დაგეტოვებინათ მათთვის, ვინც სახლში არ დაგხვდებათ. ყველას შესთავაზეთ ტრაქტატი „გსურთ უკეთ გაეცნოთ ბიბლიას?“, ხოლო, ვინც სახლში არ იქნება, მათთვისაც დატოვეთ თითო ეგზემპლარი.
6 რაც შეიძლება კარგად ითანამშრომლეთ: კრების დიდ ტერიტორიებზე ქადაგებისთვის თითოეულისგან თანამშრომლობის სულის გამოვლენაა საჭირო. როდესაც მანქანით ბევრია სასიარულო, ერთ მანქანაში მყოფთაგან თითოეულს შეუძლია ბენზინის საფასურის გადახდაში თავისი წვლილის შეტანა. გონიერების გამოვლენაა საჭირო, როდესაც შეხვდებით მობინადრეს, რომელიც სიამოვნებით გესაუბრებათ ბიბლიურ თემებზე. არ უნდა დაგავიწყდეთ, რომ საჭიროა, ამ ტერიტორიაზე ყველასთან მიხვიდეთ.
7 მაქსიმალურად იზრუნეთ იმაზე, რომ კვლავ მიაკითხოთ ყველას, ვინც დაინტერესდა. მისამართის გარდა დაინტერესებულთ გამოართვით ტელეფონის ნომერიც, რათა მათთან ტელეფონით დაკავშირება და ქადაგება შეძლოთ. თუ სოფლებში ქუჩებს არა აქვს სახელწოდება და სახლებს — ნომრები, დიდი ყურადღებით შეიდგინეთ რუკა ან ჩაიწერეთ ადგილის აღწერილობა, რის დახმარებითაც დაინტერესებულთან განმეორებით მონახულებაზე მისვლას შეძლებთ.
8 ჩვენთვის დიდი პატივია, შევასრულოთ იესოს დარიგება: „რომელ ქალაქში ან სოფელშიც არ უნდა შეხვიდეთ, გამოიკითხეთ, ვინ არის იქ ღირსეული“ (მათ. 10:11). იეჰოვა აუცილებლად აკურთხებს ჩვენს მცდელობას, თუ მაქსიმალურ ძალისხმევას ვახმართ ყველაზე მეტად ღირებულ საქმიანობაში მონაწილეობას!