იყავი კარგი თანამოსაუბრე!
1 ქადაგებისა და მოწაფეების მომზადების დავალების შესასრულებლად სხვებისთვის ინფორმაციის გაზიარებაა საჭირო (მათ. 24:14; 28:19, 20). მაგრამ აზრთა გაზიარება ზოგჯერ, შესაძლოა, მეგობრებს შორისაც კი რთული იყოს. მაშ, რა დაგვეხმარება ჩვენთვის უცნობი ადამიანებისთვის სასიხარულო ცნობის მიწოდებაში?
2 გავხდეთ მათი მეგობრები. შევეცადოთ, თავი მობინადრის ადგილზე წარმოვიდგინოთ. დღევანდელ მსოფლიოს თუ გადავხედავთ, გასაგებია, რატომ უყურებენ უცნობებს ეჭვის თვალითა და შიშითაც კი. ეს ხელს უშლის ურთიერთობას. როგორ შეგვიძლია გავუქარვოთ შიში მათ, ვისაც ვხვდებით? სანამ სიტყვის თქმას მოვასწრებდეთ, ურთიერთობას ჩვენი მოკრძალებული გარეგნობით ვიწყებთ. მოწესრიგებული ჩაცმულობა და თავის ღირსეულად დაჭერა აქარვებს მათ შიშს (1 ტიმ. 2:9, 10).
3 კარგი ურთიერთობის დამყარებას თბილი და მეგობრული დამოკიდებულებაც უწყობს ხელს. ეს თავისუფალ ატმოსფეროს ქმნის და მობინადრეს მოსასმენად განაწყობს. ამისათვის კარგი მომზადებაა საჭირო. თუ ზუსტად ვიცით, რის თქმას ვაპირებთ, უფრო მშვიდად ვიქნებით. ამ სიმშვიდემ კი შეიძლება სხვები ჩვენი ცნობის მოსასმენად განაწყოს. ერთმა ქალმა გაიხსენა, თუ როგორ მიაკითხა მას მოწმემ: „კარებთან მომღიმარი ქალი იდგა, რომელსაც სახეზე სიმშვიდე აღბეჭდოდა. ამან ჩემში ცნობისწადილი გააღვივა“. დიახ, სწორედ ამან აღძრა მობინადრე სასიხარულო ცნობის მოსასმენად.
4 მიმზიდველი თვისებები. ჩვენ გვმართებს სხვებით გულწრფელად დაინტერესება (ფილ. 2:4). ამის ერთ-ერთი საშუალება ისაა, თუკი მხოლოდ ჩვენ არ ვილაპარაკებთ. ბოლოს და ბოლოს, ურთიერთობაში მოსმენაც იგულისხმება. როდესაც მოსაუბრეებს ვთხოვთ, გამოთქვან თავიანთი აზრი, ჩვენ კი ყურადღებით ვუსმენთ, ისინი გრძნობენ, რომ გულწრფელად ვართ მათით დაინტერესებული. ამიტომ, როდესაც მსმენელი გვესაუბრება, ნუ ვიჩქარებთ, მომზადებული შეთავაზების წარმოთქმას. ჯობია, შევაქოთ ის, თუ ამის გულწრფელად გაკეთება შეიძლება, და შევეცადოთ, ეს შექება მის ნალაპარაკებზე დავაფუძნოთ. თუ მობინადრე გულახდილად საუბრობს, უკეთესია შეთავაზება იმის მიხედვით შევცვალოთ, რაც მას აინტერესებს.
5 მოკრძალებულობა და თავმდაბლობა ხელს უწყობს კარგ ურთიერთობას (იგავ. 11:2, აქ; საქ. 20:19). ხალხი ილტვოდა იესოსკენ, ვინაიდან ის ‘მშვიდი [„რბილი ხასიათის“, აქ] და თავმდაბალი იყო’ (მათ. 11:29). ამის საპირისპიროდ, საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის ქონა ადამიანებს ჩვენთან ურთიერთობის სურვილს გაუქრობს. ამიტომ, თუმცა მტკიცედ ვართ დარწმუნებული, რომ გვაქვს ჭეშმარიტება, გონივრული იქნებოდა, საუბრებისას შეუვალი ტონისგან თავი შეგვეკავებინა.
6 როგორ მოვიქცეთ მაშინ, თუკი მოსაუბრის სიტყვებიდან ჩანს, რომ მისი მრწამსი ბიბლიის სწავლებებს არ შეესაბამება? ვალდებული ვართ, რომ შევუსწოროთ? დიახ, მაგრამ დროთა განმავლობაში და არა მაშინვე, პირველივე მონახულებისას. ხშირად, სანამ მსმენელისთვის შედარებით რთულად მისაღებ ბიბლიურ სწავლებებს განვიხილავდეთ, უმჯობესია იმ თემებზე ვისაუბროთ, რომლებზეც მასთან საერთო ენის გამონახვა შეიძლება. ამისათვის მოთმინება და ტაქტია საჭირო. პავლემ ამის ბრწყინვალე მაგალითი მოგვცა, როდესაც არეოპაგში მოსამართლეებს უქადაგებდა (საქ. 17:18, 22—31).
7 და რაც ყველაზე მთავარია, კარგი ურთიერთობის დასამყარებლად, უანგარო სიყვარულია საჭირო. ისევე, როგორც იესოს, ჩვენც უნდა გვებრალებოდეს ხალხი, ვინაიდან ისინი „დაუძლურებულნი და დაფანტულნი“ არიან „როგორც უმწყემსო ცხვარი“ (მათ. 9:36). ეს აღგვძრავს, სასიხარულო ცნობა გავუზიაროთ სხვებს და სიცოცხლის გზაზე დავაყენოთ ისინი. ჩვენი ცნობა სიყვარულზეა დაფუძნებული და მოდი სიყვარულითვე ვისაუბროთ ამის შესახებ. ამგვარად მოქმედებით, მივბაძავთ იეჰოვა ღმერთსა და იესო ქრისტეს — მთელ სამყაროში ურთიერთობის დამყარების საუკეთესო მაგალითებს.