საქმიანობა, რომელსაც ღმერთი უჭერს მხარს
1 ამ სისტემაში ღვთის ხალხს შორის ცოტა თუ არის განათლებით, სიმდიდრით ან საზოგადოებრივი მდგომარეობით გამოჩენილი. ამ მიზეზის გამო, ზოგიერთი ჩვენს მსახურებას უმნიშვნელოდ მიიჩნევს (ეს. 53:3). ამის მიუხედავად, ჩვენს ბიბლიურ საგანმანათლებლო საქმიანობას მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანისთვის მოაქვს ნუგეში და იმედი. როგორ აღწევენ ჩვეულებრივი ადამიანები ასეთ განსაკუთრებულ შედეგებს? მხოლოდ ღვთის მხარდაჭერით (მათ. 28:19, 20; საქ. 1:8). „წუთისოფლის უმეცარნი ამოარჩია ღმერთმა, — განმარტა მოციქულმა პავლემ, — რათა შეარცხვინოს ბრძენები“ (1 კორ. 1:26—29).
2 მოციქულები და პირველი საუკუნის სხვა ქრისტიანები, უმთავრესად, „უსწავლელი და უბრალო ადამიანები“ იყვნენ (საქ. 4:13, აქ). მიუხედავად ამისა, ისინი თამამად განაგრძობდნენ სასიხარულო ცნობის ქადაგებას და იეჰოვაც აკურთხებდა მათ ძალისხმევას. დაბრკოლებებისა და წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას სიტყვა ‘იზრდებოდა და ძალას იკრებდა’. ეს საქმიანობა ვერაფერმა შეაჩერა, იმიტომ რომ მას ღმერთი უჭერდა მხარს (საქ. 5:38, 39; 19:20). იგივე მდგომარეობაა დღესაც. ამა ქვეყნის ძლიერთა მხრიდან წინააღმდეგობის მიუხედავადაც კი, სასიხარულო ცნობა ‘იზრდება და ძალას იკრებს’ (ეს. 54:17).
3 მთელი დიდება ღმერთს ეკუთვნის. მართალია, როგორც ღვთის მსახურებს, განსაკუთრებული პატივი გვაქვს, მაგრამ გვაძლევს ეს გაამაყების მიზეზს? რა თქმა უნდა, არა. პავლე ქრისტიანული მსახურების შესახებ წერდა: „ეს განძი ჩვენ გვაქვს თიხის ჭურჭლებში, რათა აღმატებული ძლიერება ღვთისა იყოს და არა ჩვენგან“ (2 კორ. 4:7). პავლეს ესმოდა, რომ მას მხოლოდ ღვთის ძალის წყალობით შეეძლო მსახურება (ეფეს. 6:19, 20; ფილ. 4:13).
4 მსგავსად, ჩვენც გვესმის, რომ მხოლოდ „ღვთის შეწევნით“ სრულდება სამქადაგებლო საქმიანობა (საქ. 26:22). ამ საქმეში, რომელიც მსოფლიო მასშტაბით სრულდება, იეჰოვა დიდებული სახით გვიყენებს — ის არყევს ერებს და აფრთხილებს მათ მოახლოებული განადგურების შესახებ (ანგ. 2:7). უდიდესი პატივია, რომ „ღვთის თანამშრომელნი ვართ“ ამ უმნიშვნელოვანეს სულიერ მკაში! (1 კორ. 3:6—9).