დააფასე მსახურების პატივი
1. როგორი თვალსაზრისი აქვს ბევრს ჩვენს სამქადაგებლო საქმიანობაზე?
1 სატანის ქვეყნიერებაში სამქადაგებლო საქმიანობას ბევრი უგუნურებად მიიჩნევს (1 კორ. 1:18—21). თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ასეთმა დამახინჯებულმა თვალსაზრისმა შეიძლება გული გაგვიტეხოს და მსახურებაში ენთუზიაზმი დაგვაკარგვინოს (იგავ. 24:10; ეს. 5:20). რა მიზეზების გამო ვაფასებთ იმას, რომ იეჰოვას მოწმეებად ვიწოდებით? (ეს. 43:10).
2. რატომ შეიძლება ეწოდოს სამქადაგებლო მსახურებას „წმინდა საქმე“?
2 „წმინდა საქმე“: მოციქულმა პავლემ მსახურებას „წმინდა საქმე“ უწოდა (რომ. 15:15, 16). როგორ არის მსახურება „წმინდა საქმე“? სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობით ჩვენ „ღვთის თანამშრომლები“ ვხდებით და მისი სახელის განწმენდაში შეგვაქვს წვლილი (1 კორ. 3:9; 1 პეტ. 1:15). იეჰოვა სამქადაგებლო საქმიანობას „ქების მსხვერპლად“ მიიჩნევს, ამიტომ ეს საქმე თაყვანისმცემლობის ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილია (ებრ. 13:15).
3. რატომ არის სასიხარულო ცნობის ქადაგება უდიდესი პატივი?
3 სასიხარულო ცნობის ქადაგება უდიდესი პატივია, რომლის გაცხადების უპირატესობა შედარებით ცოტას თუ ხვდა წილად. ანგელოზები დიდი სიხარულით შეასრულებდნენ ამ დავალებას და, უეჭველია, საუკეთესოდ გაართმევდნენ ამ საქმეს თავს (1 პეტ. 1:12). მაგრამ იეჰოვამ არასრულყოფილი ადამიანები, „თიხის ჭურჭლები“, ამოირჩია ამ შესანიშნავი დავალების შესასრულებლად (2 კორ. 4:7).
4. როგორ ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ მსახურებას?
4 ყველაზე მნიშვნელოვანი: ჩვენ ნამდვილად ვაფასებთ სამქადაგებლო საქმიანობაში მონაწილეობის პატივს, ამიტომ ის ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეა ჩვენს ცხოვრებაში (ფილ. 1:10). სწორედ ამის გამო გამოვყოფთ ყოველკვირა დროს ამ საქმიანობაში მონაწილეობისთვის. მუსიკოსი, რომელიც მსოფლიოში განთქმულ ორკესტრში უკრავს, თუ აფასებს ამ დიდ პატივს, ყოველი გამოსვლისთვის მოემზადება, იმუშავებს თავის თავზე, რომ უფრო და უფრო დაიხვეწოს. მსგავსად ამისა, სამქადაგებლო მსახურებაში წასვლამდე წინასწარ უნდა მოვემზადოთ, რათა „სწორად გადავცეთ ჭეშმარიტების სიტყვა“ და უფრო და უფრო დავიხვეწოთ „სწავლების ხელოვნების გამოყენებაში“ (2 ტიმ. 2:15; 4:2).
5. ვინ აფასებს ჩვენს მსახურებას?
5 არ მისცე ნება, სხვების თვალსაზრისმა გული გაგიტეხოს. გახსოვდეს, რომ ჯერ კიდევ ბევრია ჩვენს ტერიტორიაზე ისეთი, ვისაც მოსმენა სურს. ჩვენ ადამიანების მოწონებას არ ვეძებთ. ბევრად უფრო მნიშვნელოვანია, თუ რას ფიქრობს იეჰოვა; ის კი დიდად აფასებს ჩვენს გულმოდგინებას (ეს. 52:7).