წმინდა და სანაქებო ჩაცმულობა
1. რატომ უნდა მივაქციოთ ყურადღება ჩვენს გარეგნობას საოლქო კონგრესისთვის მზადების დროს?
1 „იეჰოვას მოწმეები ძალიან კარგი ადამიანები არიან! თქვენი ხალხი გამოირჩევა სიკეთითა და სასიამოვნო ჩაცმულობით და ღრმა პატივისცემას ავლენენ სხვების მიმართ“, — ასე დაახასიათა ერთ-ერთი სასტუმროს წარმომადგენელმა ჩვენი და-ძმები გასული წლის საოლქო კონგრესის მსვლელობისას. სხვა კონგრესის დროს სასტუმროს თანამშრომელმა აღნიშნა: „აშკარაა, თქვენი ხალხი ისე იცვამს, რომ ღმერთს ასიამოვნონ“. დიახ, კონგრესის დელეგატები სხვების ყურადღების ცენტრში არიან. ამიტომაც გვსურს ჩვენი ჩაცმულობა იყოს „სახარების ღირსად“. ამის გამო ხშირად გარეშეების მხრიდან შექებას ვღებულობთ, ეს კი ცხადს ხდის, რომ ღვთის მსახურები ვართ (ფილ. 1:27). ახლა მომდევნო კონგრესისთვის ვემზადებით, ამიტომ კარგი იქნება, წინასწარ დავფიქრდეთ, თუ როგორ ჩავიცვამთ.
2. რატომ არის რთული ჩაცმულობასა და გარეგნობაში სიწმინდის არეკვლა?
2 „მაღლიდან გარდმომავალი სიბრძნე, პირველყოვლისა, წმიდაა“, — დაწერა მოწაფე იაკობმა (იაკ. 3:17). სიწმინდის არეკვლა ჩაცმულობაში შეიძლება რთული იყოს. სატანის ამორალური ქვეყნიერება გავლენას ახდენს ადამიანებზე, რომ მათთვის ნორმალური იყოს გამომწვევი, აღმგზნები და ექსტრავაგანტური სტილი, რაც შეუფერებელია (1 იოან. 2:15—17). მაშასადამე, როდესაც ვიღებთ გადაწყვეტილებას ჩაცმულობასთან და, საერთოდ, გარეგნულ იერთან დაკავშირებით, ყურადღება უნდა მივაქციოთ ბიბლიურ რჩევას: „უარვყოთ უღვთოება და ამქვეყნიური გულისთქმანი, და ვიცხოვროთ ამ წუთისოფელში აზრიანად“ (ტიტ. 2:12). არ გვსურს, რომ ჩვენი გარეგნობით დავაბრკოლოთ სხვები, იქნებიან ესენი ჩვენი ძმები, სასტუმროების ან რესტორნების მომსახურე პერსონალი თუ სხვები (1 კორ. 10:32, 33).
3. რა კითხვები დაგვეხმარება, რომ გადავამოწმოთ ჩვენი პირადი ჩაცმულობა?
3 მოკრძალებული, მოხდენილი ჩაცმულობა. როდესაც კონგრესისთვის ემზადები, ჰკითხე საკუთარ თავს: „არის ჩემი ტანსაცმელი მოკრძალებული? თუ ზედმეტ ყურადღებას ვიპყრობ? მოწმობს ჩემი ჩაცმულობა, რომ პატივს ვცემ სხვების გრძნობებს? ჩემს ბლუზას გული ძალიან ღრმად ხომ არ აქვს ამოჭრილი ან ძალიან მოკლე ხომ არ არის? ტანზე შემოტმასნული ხომ არ არის ჩემი კაბა? საკმარისად ფარავს სხეულს? სუფთაა ჩემი ტანსაცმელი და არასასიამოვნო სუნი ხომ არ ასდის? როდესაც ვისაუზმებ იქ, სადაც ღამეს გავათევ ან დავისვენებ პროგრამის შემდეგ, იქნება ჩემი გარეგნობა სუფთა და მოწესრიგებული, როგორც ეს ღვთის მსახურს შეეფერება? ხომ არ იქნება მოუწესრიგებელი, ექსტრავაგანტური, ზედმეტად თავისუფალი და შეუფერებელი კონგრესის დელეგატისთვის, რომელიც სამკერდე ნიშანს ატარებს? ტანსაცმელი, რომელსაც თავისუფალ დროს ჩავიცვამ, უხერხულ მდგომარეობაში ხომ არ ჩამაგდებს, თუ არაფორმალურად ქადაგებას დავაპირებ?“ (რომ. 15:2, 3; 1 ტიმ. 2:9).
4. როგორ შეუძლიათ სხვებს დაგვეხმარონ, რომ მოკრძალებულად ვიცვამდეთ?
4 მოწიფული ქრისტიანების რჩევები კარგ სამსახურს გაგვიწევს. ცოლებმა უნდა ჰკითხონ თავიანთ ქმრებს, თუ რა შთაბეჭდილებას ტოვებს მათი ჩაცმულობა სხვებზე. ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ დაეხმარონ მოზარდებს ტანსაცმლის შერჩევასთან დაკავშირებით. გარდა ამისა, ღვთისმოშიშ ასაკოვან დებს შეუძლიათ, „ასწავლონ ყმაწვილქალებს . . . იყვნენ აზრიანნი“ ჩაცმულობასთან დაკავშირებით, „რათა არ იგმობოდეს ღვთის სიტყვა“ (ტიტ. 2:3—5). ჩვენს პუბლიკაციებში მოცემული სურათები დაგვეხმარება გავერკვეთ, თუ რა იგულისხმება მოკრძალებულ და მოწესრიგებულ ჩაცმულობაში.
5. როგორ შეგვიძლია ყველას დიდება მივაგოთ იეჰოვას კონგრესის დროს?
5 დიდება მიაგე იეჰოვას. საოლქო კონგრესები იეჰოვას განდიდების შესანიშნავ საშუალებას გვაძლევს. ამის შესაძლებლობა გვაქვს ყველას, არა მარტო პროგრამის მონაწილეებს. რა თქმა უნდა, ჩვენი წმინდა საქციელით და მეტყველებით პატივს მივაგებთ იეჰოვას. მაგრამ, რაც უპირველესად მოხვდება თვალში ხალხს, იქნება ის, თუ როგორ გამოვიყურებით. დაე, თითოეულმა დიდება მივაგოთ იეჰოვას წმინდა და სანაქებო გარეგნობით (ფსალმ. 148:12, 13).
[ჩარჩო 6 გვერდზე]
რა დაგვეხმარება, რომ სანაქებოდ გამოვიყურებოდეთ
◼ ღვთის სიტყვა
◼ თვითშემოწმება
◼ სხვების თვალსაზრისი
◼ ქრისტიანული პუბლიკაციები