„იყავით წმიდები ყოველ საქციელში“
1. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიყოთ „წმიდები ყოველ საქციელში“?
1 როგორც წმინდა ღვთის, იეჰოვას, მსახურები, ვცდილობთ ყოველმხრივ წმინდა საქციელი გვქონდეს (1 პეტ. 1:15, 16). ამით ვაჩვენებთ, რომ მხარს ვუჭერთ იეჰოვას ნორმებს ცხოვრების ყველა სფეროში. წლევანდელი საოლქო კონგრესი წმინდა საქციელის გამოსავლენად შესანიშნავ შესაძლებლობას გვაძლევს.
2, 3. როგორ შეგვიძლია კარგი შთაბეჭდილება მოვახდინოთ სხვებზე, მათ შორის ბავშვებმა?
2 ღამის გასათევ ადგილებზე. ერთ-ერთი სასტუმროს მენეჯერმა, რომელიც გასულ წელს კონგრესის დელეგატებს მასპინძლობდა, თქვა: „იეჰოვას მოწმეები სასიამოვნო ხალხია . . . ნეტა ყოველთვის ასეთი ხალხი მოდიოდეს ჩვენს სასტუმროში!“
3 შესაფერისი მანერების გამოვლენით ხალხს კარგ დამოწმებას მივცემთ. გასულ წელს ახალგაზრდა მოწმემ თავაზიანად სთხოვა სასტუმროს თანამშრომელს რამდენიმე საკანცელარიო ნივთი და შემდეგ მადლობა გადაუხადა. ამ მოქმედებამ სასტუმროს თანამშრომელზე შთაბეჭდილება მოახდინა. მან თქვა: „მეგონა აღარ არსებობდნენ ასეთი თავაზიანი ახალგაზრდები“. მაგრამ, იყო შემთხვევები, როცა მეთვალყურეობის გარეშე დარჩენილი ბავშვები ლიფტით თამაშობდნენ, ხმაურობდნენ და დარბოდნენ დერეფნებში. მშობლებმა არ უნდა დატოვონ ბავშვები უმეთვალყურეოდ და ყურადღება უნდა მიაქციონ, რომ მათმა საქციელმა სირცხვილი არ მოუტანოს იეჰოვას სახელს (იგავ. 29:15).
4. როგორ შეგვიძლია გამოვავლინოთ ყურადღება სხვების მიმართ, როდესაც საზოგადოებრივ ადგილებში ვსადილობთ?
4 სასადილოებსა და კაფეებში. გასულ წელს ერთ-ერთ სასადილოში, რომლის მახლობლადაც კონგრესი ტარდებოდა, ერთმა ოფიციანტმა აღნიშნა: „იეჰოვას მოწმეები განსხვავებული ხალხია. ისინი სხვებს პატივისცემით ეპყრობიან“. კარგ ქცევაში ისიც შედის, რომ მოერიდო ხმამაღალ ლაპარაკსა და სიცილს, რითაც შეიძლება შეაწუხო სხვები, რომლებიც თქვენს მახლობლად სადილობენ. მაშინაც კი, როდესაც ვჭამთ და ვსვამთ, ვცდილობთ ყველაფერში ღმერთს მივაგოთ დიდება (1 კორ. 10:31).
5. რა შედის კარგ ქცევაში კონგრესის ჩატარების ადგილას?
5 კონგრესზე. კარგი ქცევა განსაკუთრებით კონგრესზე უნდა გამოვავლინოთ. გთხოვთ, ითანამშრომლეთ მომსახურეებთან, იქნება ეს მანქანების სადგომზე თუ აუდიტორიაში (ებრ. 13:17). ოჯახის წევრებს მართებთ ერთად დასხდნენ, ნაცვლად იმისა, რომ შვილები, მოზარდების ჩათვლით, სხვა თანატოლებთან ერთად ცალკე ისხდნენ. არანაირი აუდიოჩამწერი არ უნდა იყოს შეერთებული საკონგრესო ელექტრომოწყობილობასთან ან ხმის გამაძლიერებელ სისტემასთან და მხოლოდ იმ შემთხვევაში შეგიძლიათ გამოყენება, თუ სხვებს არ შეუშლით ხელს. სურათის გადაღება თუ გსურთ, პროგრამის მსვლელობის დროს შეიძლება, მაგრამ განათების გარეშე. პეიჯერები და მობილური ტელეფონები ისე დაარეგულირეთ, რომ სხვებს ხელი არ შეეშალოთ. თუ ვინმე დაშავდა კონგრესის დროს, გთხოვთ ამის შესახებ შეატყობინოთ მომსახურეს ან მედპუნქტს. საჭიროების შემთხვევაში, შესაძლებელია სათანადო სამედიცინო დახმარების მიღება.
6. როგორ მივაგებთ ღმერთს დიდებას კონგრესზე ჩვენი საქციელით?
6 ჩვენი ქცევით განვსხვავდებით ამ ქვეყნიერებისგან და დიდებას მივაგებთ ღმერთს (1 პეტ. 2:12). კონგრესის ჩატარების დროს ბევრი გარეშე თვალი აკვირდება ჩვენს, იეჰოვას მოწმეების, ქცევას. ამიტომ, იყავით გადაწყვეტილებით აღსავსე, რომ იყოთ „წმიდები ყოველ საქციელში“.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
გქონდეს წმინდა საქციელი
◼ კარგი მანერები გამოავლინე ღამის გასათევ ადგილას
◼ უყურადღებოდ არ დატოვო ბავშვები
◼ სხვების მიმართ თავაზიანი იყავი