ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 2: მოემზადე ბიბლიის შესწავლების ჩასატარებლად
1 ბიბლიის შესწავლების ნაყოფიერად ჩატარებაში გაცილებით ბევრი რამ იგულისხმება, ვიდრე მხოლოდ მასალის განხილვა და მითითებული ბიბლიური მუხლების წაკითხვა. მასალა ისე უნდა გადავცეთ, რომ შემსწავლელის გულს შეეხოს. ამისათვის საჭიროა გულდასმით მომზადება და იმაზე ფიქრი, თუ როგორ მივუდგეთ თითოეულ შემსწავლელს (იგავ. 15:28).
2 როგორ უნდა მოემზადო? მომზადებისას კონკრეტულად ილოცე შემსწავლელზე, იმაზე, რაშიც დახმარებას საჭიროებს. სთხოვე იეჰოვას, დაგეხმაროს, ჩასწვდე მის გულს (კოლ. 1:9, 10). მასალის კარგად გასაგებად დრო გამოყავი სათაურზე, ქვესათაურებსა და სურათებზე დასაფიქრებლად. ჰკითხე საკუთარ თავს: „რა არის ამ მასალის მიზანი?“ ეს დაგეხმარება, ბიბლიის შესწავლის დროს კონცენტრირება მოახდინო მნიშვნელოვან აზრებზე.
3 ყურადღებით წაიკითხე მასალის ყოველი აბზაცი. მოძებნე პასუხები აბზაცის ბოლოს დასმულ შეკითხვებზე, გახაზე ძირითადი სიტყვები და ფრაზები. იფიქრე, როგორ უკავშირდება მითითებული მუხლები მთავარ აზრებს და განსაზღვრე, რომელ ბიბლიურ მუხლებს წაიკითხავ შესწავლის პროცესში. შეიძლება პუბლიკაციის მინდორზე გაკეთებული მოკლე ჩანაწერებიც სასარგებლო აღმოჩნდეს. მოსწავლეს კარგად უნდა ესმოდეს, რომ, რასაც ის სწავლობს, ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული (1 თეს. 2:13).
4 ინდივიდუალური მიდგომა. მასალის განხილვისას გაითვალისწინე თითოეული შემსწავლელის მოთხოვნილებები. ეცადე, წინასწარ განჭვრიტო, რა კითხვები შეიძლება დაებადოს მას და რომელი აზრების გაგება ან მიღება შეიძლება გაუჭირდეს. ჰკითხე საკუთარ თავს: „რისი გაგება ესაჭიროება ან რაში საჭიროებს გაუმჯობესებას, რათა სულიერ პროგრესს მიაღწიოს? როგორ შემიძლია მის გულს ჩავწვდე?“ შესწავლა ამ ყველაფრის გათვალისწინებით ჩაატარე. დროდადრო, შემსწავლელმა რომ უკეთ გაიგოს ესა თუ ის საკითხი ან გარკვეული ბიბლიური მუხლი, შეიძლება საჭირო გახდეს თვალსაჩინო მაგალითის მოშველიება, დამატებითი ახსნა–განმარტება ან რამდენიმე შეკითხვის დასმა (ნეემ. 8:8). მოერიდე ისეთი დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას, რომელიც თემიდან უხვევს. შესწავლის დამთავრებისას მოკლე გამეორება მას მთავარი აზრების დამახსოვრებაში დაეხმარება.
5 რა სისიხარულოა, როდესაც იეჰოვას განსადიდებლად ახლებს სიმართლის ნაყოფი გამოაქვთ! (ფილ. 1:11). მათ ამ მიზნის მიღწევაში რომ დავეხმაროთ, ბიბლიის შესწავლისთვის ყოველთვის კარგად უნდა მოვემზადოთ.