გახსოვდეს, რომ დრო არ ითმენს!
1 იესომ იცოდა, რომ დრო, რომელიც მას დედამიწაზე მამის განზრახვის შესასრულებლად ჰქონდა მიცემული, შეზღუდული იყო (იოან. 9:4). ამიტომ ის დიდი სერიოზულობით ეკიდებოდა მსახურებას და თავის მოწაფეებსაც იმავეს კეთებისკენ მოუწოდებდა (ლუკ. 4:42—44; 8:1; 10:2—4). მატერიალური კეთილდღეობა მისთვის მეორეხარისხოვანი იყო (მათ. 8:20). შედეგად, მან შეძლო იეჰოვას მიერ მიცემული დავალების ბოლომდე შესრულება (იოან. 17:4).
2 დრო შეზღუდულია. შეზღუდულია ასევე ის დროც, რომელიც „მთელ მსოფლიოში“ სასიხარულო ცნობის ქადაგებას უნდა დაეთმოს (მათ. 24:14). ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ჩანს, რომ ჩვენ სწორედ უკანასკნელი ჟამის მიწურულს ვცხოვრობთ. მალე ‘ისინი, რომლებიც არ იცნობენ ღმერთს, და ისინი, რომლებიც არ ემორჩილებიან სასიხარულო ცნობას ჩვენი უფლის იესოს შესახებ, სასჯელად მარადიულ განადგურებას მიიღებენ’ (2 თეს. 1:6—9). ეს სამსჯავრო ადამიანებს სრულიად მოულოდნელად დაატყდებათ თავს (ლუკ. 21:34, 35; 1 თეს. 5:2, 3). ხალხი სახიფათო მდგომარეობაშია; მათ გამოფხიზლება ესაჭიროება. ჩვენი მოვალეობაა, სანამ ჯერ კიდევ არის დრო, დავეხმაროთ მათ იეჰოვას კეთილგანწყობილების მოპოვებაში (სოფ. 2:2, 3).
3 გააკეთე მაქსიმუმი. ღვთის მსახურებს ესმით, რომ „დრო ცოტაღა დარჩა“ და, ამიტომ, მთავარ ყურადღებას სამქადაგებლო საქმიანობას უთმობენ (1 კორ. 7:29—31; მათ. 6:33). მსახურების გასაფართოებლად ზოგი თავს იკავებს მომგებიანი საქმის წამოწყებისგან ან სხვა პირადი მიზნების განხორციელებისგან (მარ. 10:29, 30). სხვები — მიუხედავად იმისა, რომ ხანგრძლივი დროის მანძილზე სხვადასხვა განსაცდელებს უმკლავდებიან — კვლავაც ‘ბევრს შრომობენ უფლის საქმეში’ (1 კორ. 15:58). უკვე ათწლეულებია, რაც ღვთის მრავალი მსახური შეუპოვრად განაგრძობს სასიხარულო ცნობის ქადაგებას (ებრ. 10:23). იეჰოვა ძალიან აფასებს სამეფოს ინტერესების მხარდასაჭერად გაღებულ ნებისმიერ ასეთ მსხვერპლს (ებრ. 6:10).
4 როდესაც ცხოვრებაში მთავარ ადგილს ვუთმობთ იეჰოვასადმი თაყვანისცემას, რაც ქადაგებასაც მოიცავს, ეს გვეხმარება, ყოველთვის გვახსოვდეს იეჰოვას დღე. ამასთან, ეს გვიცავს სატანის ქვეყნიერების გავლენისგან და უფრო გვიძლიერებს სიწმინდის შენარჩუნების სურვილს (2 პეტ. 3:11—14). თუ ყოველთვის გვახსოვს, რომ დრო არ ითმენს და დიდი სერიოზულობით ვეკიდებით მსახურებას, ამის წყალობით საკუთარ თავსაც ვიხსნით და — ჩვენს მსმენელსაც (1 ტიმ. 4:16).