ჩაატარე ნაყოფიერი ბიბლიის შესწავლები
ნაწილი 3: ეფექტურად გამოიყენე ბიბლია
1. ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას რატომ უნდა გავამახვილოთ ყურადღება წმინდა წერილებზე?
1 ბიბლიის შესწავლების ჩატარებისას ჩვენი მიზანია, ‘მოწაფეებად მოვამზადოთ’ ხალხი. ამ მიზნის მისაღწევად ადამიანებს ვეხმარებით, გაიგონ და მიიღონ ღვთის სწავლებები და ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენონ (მათ. 28:19, 20; 1 თეს. 2:13). ამიტომ შესწავლისას მთავარი ყურადღება ბიბლიას უნდა დაეთმოს. თავიდან კარგი იქნებოდა, შემსწავლელისთვის დაგვენახვებინა, როგორ იპოვოს ესა თუ ის მუხლი თავის ბიბლიაში. თავად ჩვენ როგორ შეგვიძლია ბიბლიის ისე გამოყენება, რომ ბიბლიის შემსწავლელებს სულიერ წინსვლაში დავეხმაროთ?
2. როგორ გადავწყვიტოთ, რომელი ბიბლიური მუხლი წავიკითხოთ და გავარჩიოთ?
2 წინასწარ შეარჩიე, რომელ მუხლს წაიკითხავთ. მომზადებისას დაადგინე, როგორ უკავშირდება გაკვეთილში მოყვანილი თითოეული მუხლი განსახილველ საკითხს და გადაწყვიტე, რომელ მათგანს წაიკითხავთ და გაარჩევთ შესწავლაზე. საერთოდ კარგია იმ მუხლების წაკითხვა, რომლებზედაც დაფუძნებულია ჩვენი რწმენა. მუხლებში მოცემული დამატებითი აზრების განხილვა, შესაძლოა, საჭირო არ იყოს. თითოეულ შემსწავლელთან მხედველობაში მიიღეთ მათი მოთხოვნილებები და მდგომარეობა.
3. რა სარგებლობა მოაქვს კითხვების გამოყენებას და როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება?
3 გამოიყენე კითხვები. შემსწავლელს ბიბლიურ მუხლებს შენ კი ნუ აუხსნი, არამედ თავად მას მიეცი ახსნის საშუალება. შეგიძლია ამისკენ ოსტატურად შერჩეული კითხვების დასმით აღძრა. როდესაც ადვილია იმის დანახვა, როგორ შეიძლება მუხლში მოყვანილი აზრის გამოყენება, უბრალოდ, დასვი კითხვა იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ უჭერს მხარს ამ მუხლის სიტყვები აბზაცში მოცემულ აზრს. სხვა შემთხვევებში, უფრო კონკრეტული კითხვა ან კითხვები შეიძლება დაგჭირდეს იმისათვის, რომ შემსწავლელი სათანადო დასკვნამდე მიიყვანო. თუ დამატებითი ახსნა-განმარტებაა საჭირო, გააკეთე ეს მას შემდეგ, რაც შემსწავლელი კითხვაზე გიპასუხებს.
4. რამდენად დაწვრილებით უნდა ავხსნათ ბიბლიური მუხლები, რომლებსაც ვკითხულობთ?
4 ილაპარაკე მარტივად. დახელოვნებული მშვილდოსანი ხშირად პირველი გასროლისთანავე არტყამს მიზანში. მსგავსად ამისა, დახელოვნებულ მასწავლებელსაც არ სჭირდება მრავალსიტყვაობა იმისათვის, რომ აზრი ნათლად გადმოსცეს. მას შეუძლია ინფორმაცია მარტივად, ნათლად და ზუსტად გამოხატოს. ზოგჯერ შეიძლება ქრისტიანული პუბლიკაციების გამოკვლევა დაგჭირდეს, რათა ესა თუ ის მუხლი გაიგო და სწორად აუხსნა დაინტერესებულს (2 ტიმ. 2:15). მაგრამ ნუ ეცდები, შესწავლის დროს ახსნა თითოეული მუხლის ყველა დეტალი. მოიხსენიე მხოლოდ ის, რაც განსახილველი საკითხისთვის არის საჭირო.
5, 6. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ შემსწავლელებს, რომ ღვთის სიტყვიდან ნასწავლი ცხოვრებაში გამოიყენოს, მაგრამ რას უნდა მოვერიდოთ?
5 შემსწავლელს დაანახე, როგორ შეიძლება მუხლის ცხოვრებაში გამოყენება. როდესაც მართებულია, შემსწავლელს დაეხმარე იმის დანახვაში, თუ როგორ შეუძლია პირად ცხოვრებაში გამოიყენოს ბიბლიურ მუხლში მოყვანილი აზრი. მაგალითად, ებრაელების 10:24, 25-ის ისეთ შემსწავლელთან განხილვისას, რომელიც ჯერ არ ესწრება ქრისტიანულ შეხვედრებს, კარგი იქნებოდა აგეხსნა, თუ რა ხდება შეხვედრაზე და მასზე დასასწრებად მიგეწვია. მაგრამ მოერიდე დაძალებას. ღვთის სიტყვამ აღძრას შემსწავლელი, გააკეთოს ის, რაც იეჰოვას მოსაწონია (ებრ. 4:12).
6 როდესაც ხალხის მოწაფეებად გახდის დავალებას ვასრულებთ, მოდი ბიბლიური მუხლების ეფექტურად გამოყენებით ვეცადოთ, რომ ადამიანებმა ‘რწმენით გამოავლინონ მორჩილება’ (რომ. 16:26).