გახსენების საღამო მსახურებაში უფრო მეტი მონაწილეობისკენ აღგვძრავს
1. რა გავლენას ახდენდა ღვთისმოშიშ ისრაელებზე „უფლის დღესასწაულები“?
1 ძველ ისრაელში წლის გარკვეულ პერიოდებში „უფლის დღესასწაულებს“ აღნიშნავდნენ (ლევ. 23:2). თავიანთი ღმერთის სიკეთეზე დასაფიქრებლად დროის გამოყოფა მათთვის სიხარულის მომტანი იყო და მრავალ მათგანს წმინდა თაყვანისმცემლობაში მეტი გულმოდგინების გამოვლენისკენ აღძრავდა (2 ნეშტ. 30:21—31:2).
2, 3. რატომ არის მართებული გახსენების საღამოსთან დაკავშირებით სულიერ საქმიანობაში მეტი აქტიურობის გამოვლენა და როდის აღვნიშნავთ გახსენების საღამოს?
2 დღესაც, უფლის საღამოსთან დაკავშირებით ყოველწლიურად ჩვენც უფრო მეტს ვმსახურობთ სიხარულით. ამ დროს უფრო ღრმად ვუფიქრდებით, თუ რა ფასდაუდებელი ძღვენი მოგვცა იეჰოვამ — ჩვენს გამოსასყიდად თავისი მხოლოდშობილი ძის სიცოცხლე გაიღო (იოან. 3:16; 1 პეტ. 1:18, 19). იეჰოვასა და მისი ძის მიერ გამოვლენილ სიყვარულზე დაფიქრება აღგვძრავს, განვადიდოთ იეჰოვა და მაქსიმალური ძალისხმევა მოვახმაროთ მისი ნების შესრულებას (2 კორ. 5:14, 15).
3 წელს უფლის გახსენების საღამო ჩატარდება 24 მარტს, ხუთშაბათს, მზის ჩასვლის შემდეგ. როგორ შეგვიძლია მსახურებაში მეტი მონაწილეობის მიღება მარტში, აპრილსა და მაისში?
4, 5. ა) რა ეხმარება ზოგიერთს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს გაუზიაროს სასიხარულო ცნობა? ბ) რა დროს არის თქვენს ტერიტორიაზე ქადაგება ეფექტური?
4 ვუქადაგოთ, რაც შეიძლება მეტ ადამიანს. ეცადე, გამონახო ისეთი საშუალებები, რომ მსახურებაში რაც შეიძლება მეტ ადამიანს უქადაგო. შეგიძლია მაშინ მიიღო კარდაკარ მსახურებაში მონაწილეობა, როდესაც სახლში მეტი მობინადრის ნახვაა შესაძლებელი? (მაგალითად საღამოს). თუ თქვენი წიგნის შესწავლიდან ვინმეს სურს, წიგნის შესწავლამდე მიიღოს მსახურებაში მონაწილეობა, წიგნის შესწავლის ზედამხედველმა შეიძლება მსახურების წინ მოკლე შეხვედრის ჩატარება დაგეგმოს, რათა მიმდებარე ტერიტორიაზე იქადაგოთ.
5 ბიბლიური ცნობის მრავალი ადამიანისთვის მიწოდების სხვა საშუალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ქადაგებაა. ერთ იაპონელ დას სურდა, დამხმარე პიონერად ემსახურა, თუმცა ის სრულ განაკვეთზე მუშაობდა. უხუცესმა ურჩია, რომ მას შეეძლო ყოველდღე სამსახურში წასვლის წინ მატარებლის სადგურის მახლობლად ექადაგა. ამ დამ სძლია სიმორცხვეს და გაუძლო ზოგიერთის დაცინვას, რის შედეგადაც დაახლოებით 40 ადამიანთან გაუჩნდა ჟურნალების დატარების მარშრუტი. ესენი იყვნენ სადგურის თანამშრომლები და მახლობლად მდებარე მაღაზიების მესაკუთრეები. ის თვეში საშუალოდ 235 ჟურნალს ავრცელებდა. ყოველდღიურად ხალხთან ბიბლიურ საკითხებზე მოკლე საუბრებით მან ექვს ადამიანთან დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
6. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდებს მეტი მონაწილეობა მიიღონ სულიერ საქმიანობაში?
6 ქადაგების შესაძლებლობები. მრავალ მაუწყებელს, რომლებიც სკოლაში სწავლობენ, წლის განმავლობაში რამდენჯერმე აქვს არდადეგები. ეს პერიოდი შეიძლება მოსწავლემ დამხმარე პიონერად მსახურებისთვის გამოიყენოს. გარდა ამისა, ქრისტიან ახალგაზრდებს სკოლაში ქადაგებითაც შეუძლიათ მეტი მონაწილეობა მიიღონ მსახურებაში. შეიძლება გაგაოცოს კლასელების მხრიდან შენი რწმენისადმი გამოვლენილმა ინტერესმა. შეიძლება გაკვეთილებზე მსჯელობების ან თემების წერისას მოგეცეს ქადაგების შესაძლებლობა. ზოგს ამის საშუალება ვიდეოფილმების ჩვენებით მიეცა. ზოგმა თანაკლასელებთან ბიბლიის შესწავლა დაიწყო; შედეგად კი მათ სულიერად წინ წაიწიეს, თავი მიუძღვნეს ღმერთს და მოინათლნენ. ეს ‘უფლის სახელის განდიდების’ შესანიშნავი შესაძლებლობაა (ფსალმ. 148:12, 13).
7. ა) როგორ გამოიყენა ერთმა ძმამ სხვებთან ქადაგების შესაძლებლობა? ბ) გქონიათ ოდესმე მსგავსი შემთხვევა?
7 დღის განმავლობაში ეძებე საშუალებები, რომ ხალხს დიდებული ღვთისა და მისი საოცარი აღთქმების შესახებ ესაუბრო. ერთი ძმა, რომელსაც ყოველდღე ერთი და იმავე მატარებლით უწევს მგზავრობა, როგორც კი შესაძლებლობა ეძლევა, თანამგზავრებთან ქადაგებს. მაგალითად, სადგურში მომდევნო მატარებლის მოლოდინში ის ყოველდღე ხუთი წუთით საუბრობს ერთ ახალგაზრდა კაცთან. შედეგად იმ ახალგაზრდამ და მისმა თანამშრომელმა ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. ბიბლიის შესწავლას ისინი მატარებლით მგზავრობის პერიოდში ატარებდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ერთი ხანდაზმული მანდილოსანი, რომელიც მათ საუბარს ისმენდა, მივიდა ძმასთან და სთხოვა, მასთანაც დაეწყო ბიბლიის შესწავლა. ახლა ისიც სწავლობს ბიბლიას მატარებლით მგზავრობისას. ამგვარად ამ ძმამ მატარებელში ათ ადამიანთან დაიწყო შესწავლა.
8. ქადაგების რომელი მეთოდი შეუძლიათ გამოიყენონ მათ, ვისაც უფრო მეტად სურთ მსახურება, მაგრამ ასაკის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეზღუდული შესაძლებლობები აქვთ?
8 რისი გაკეთება შეგიძლიათ, თუ თქვენი შესაძლებლობები ასაკის ან ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამო შეზღუდულია? შეიძლება გამოინახოს საშუალებები იმისათვის, რომ განადიდოთ იეჰოვა. გიცდიათ ტელეფონით ქადაგება? თუ არ იცით, როგორ იქადაგოთ ტელეფონით, დაელაპარაკეთ ამის შესახებ წიგნის შესწავლის ზედამხედველს. მან შეიძლება დაგახმაროთ ის მქადაგებლები, რომლებსაც ტელეფონით ქადაგების გამოცდილება აქვთ. თანამშრომლობისას შეგიძლიათ ერთმანეთისგან ისწავლოთ და ერთმანეთს ეფექტურად ქადაგებაში დაეხმაროთ. ტელეფონით ეფექტურად ქადაგებასთან დაკავშირებით რჩევები შეგიძლიათ ნახოთ 2001 წლის თებერვლის „ჩვენს სამეფო მსახურებაში“, გვერდი 6.
9. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბიბლიის შემსწავლელებს, გახდნენ კრებასთან ერთად მსახურებაში მონაწილეობისთვის შესაფერისნი?
9 გახსენების საღამოზე დასწრებამ შეიძლება ახლები აღძრას, უფრო მეტად მიიღონ მონაწილეობა იეჰოვას განდიდებაში. შენ შეგიძლია დაეხმარო მათ, დასძლიონ ნებისმიერი შიში, რომელიც შეიძლება ქადაგებასთან დაკავშირებით აქვთ. ამის გაკეთება შეგიძლია სამქადაგებლო მსახურებიდან გამამხნევებელი შემთხვევების მოყოლითა და იმის სწავლებით, თუ როგორ აუხსნან სხვებს ბიბლიური სწავლებები და როგორ დაიცვან მათ წინაშე საკუთარი რწმენა (1 პეტ. 3:15). თუ ბიბლიის შემსწავლელი გამოთქვამს სურვილს, დაიწყოს სასიხარულო ცნობის ქადაგება, ამის შესახებ დაელაპარაკე თავმჯდომარე ზედამხედველს. ის იზრუნებს, რომ შეხვდეს ამ შემსწავლელს, რათა განსაზღვროს, შეესაბამება თუ არა იგი მოთხოვნებს, იყოს მქადაგებელი და კრებასთან ერთად მიიღოს მსახურებაში მონაწილეობა. იეჰოვას ნამდვილად გულს უხარებს იმ ახალ მქადაგებელთა დანახვა, რომლებიც უზენაესობის საკითხში მის მხარეს იკავებენ (იგავ. 27:11).
10. ა) როგორ შეიძლება კარგად შედგენილი გეგმა დამხმარე პიონერად მსახურებაში დაგვეხმაროს? ბ) იმსახურე თუ არა გასულ წელს გახსენების საღამოსთან დაკავშირებით დამხმარე პიონერად? როგორ შეძელი ამის გაკეთება?
10 შეგიძლია დამხმარე პიონერად იმსახურო? ადამიანი სერიოზულად უნდა მოეკიდოს დამხმარე პიონერად მსახურების მოთხოვნას, იქადაგოს თვეში 50 საათი (მათ. 5:37). ეს იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, მქადაგებელმა დაგეგმოს, რათა ყოველკვირეულად საშუალოდ 12 საათი იქადაგოს. არის შენთვის მოსახერხებელი მე-5 გვერდზე მოცემული გეგმის ნიმუშებიდან რომელიმე? თუ არა, შეგიძლია თავად შეადგინოთ ისეთი გეგმა, რომელიც მარტში, აპრილსა და მაისში დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობას მოგცემს? სთხოვე იეჰოვას, აკურთხოს შენი მცდელობა, მეტი მონაწილეობა მიიღო მსახურებაში (იგავ. 16:3).
11. როგორ შეუძლიათ უხუცესებსა და მომსახურეებს მხარში ამოუდგნენ მათ, ვინც დამხმარე პიონერად იმსახურებს?
11 უხუცესები და მომსახურეები მხარში ამოგიდგებიან, რათა ამ პერიოდში განსაკუთრებით განადიდო იეჰოვა. შესაძლოა, მრავალმა მათგანმა დამხმარე პიონერად იმსახუროს. უხუცესები დაგეგმავენ სამქადაგებლო მსახურების დამატებით შეხვედრებს, მაგალითად სამუშაო დღეებში გვიან საღამოს და გამოსასვლელ დღეებში — საჭიროების მიხედვით. უხუცესები შეიძლება დაელაპარაკონ მათ, ვისაც საბოლოოდ აქვთ გადაწყვეტილი ამ პერიოდში დამხმარე პიონერად მსახურება ან ვინც ფიქრობს ამ თვეებში ასეთ მსახურებაზე, რათა განსაზღვრონ, სად, როდის და ვინ ჩაატარებს ასეთ შეხვედრებს. უხუცესები ეცდებიან, რომ შეძლო გეგმით შენ მიერ დანიშნულ დღესა და დროს თანამშრომლის პოვნა. ამგვარად, გექნება მყარად დადგენილი გეგმები და ბევრის გაკეთება იქნება შესაძლებელი (იგავ. 20:18, სსგ).
12. რა აღგვძრავს, მარადის განვადიდოთ იეჰოვა?
12 მოახმარე მაქსიმალური ძალიხმევა. თუ მდგომარეობა დამხმარე პიონერად მსახურების შესაძლებლობას არ გაძლევს, გახსოვდეს, რომ იეჰოვა აფასებს ჩვენს ძალისხმევასა და მსხვერპლს ‘იმის მიხედვით, რაც გვაქვს და არა იმის მიხედვით, რაც არა გვაქვს’ (2 კორ. 8:12). ჩვენ ბევრი რამისთვის შეგვიძლია მადლობა შევწიროთ იეჰოვას. დავითს საფუძვლიანი მიზეზი ჰქონდა, დაეწერა: „განვადიდებ უფალს ყოველ ჟამს, მარადისია მისი ქება ჩემს ბაგეებზე“ (ფსალმ. 33:2). დაე ამ სულისკეთებით ვიმსახუროთ მთელი ამ თვეების განმავლობაში!
[ჩარჩო 3 გვერდზე]
როგორ მიიღებ უფრო მეტ მონაწილეობას მსახურებაში?
◼ იქადაგე მაშინ, როდესაც ხალხი სახლშია.
◼ იქადაგე საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში.
◼ იქადაგე სამსახურსა თუ სკოლაში.
◼ იქადაგე ტელეფონით.
◼ იმსახურე დამხმარე პიონერად.