გონივრულად გამოიყენეთ ბიბლიური ლიტერატურა
1 „თქვენს პუბლიკაციებს 1965 წლიდან ვკითხულობ. მათში მითითებულ მუხლებს ბიბლიასთან ვადარებ და ვრწმუნდები, რომ ყველაფერი ბიბლიას შეესაბამება. ყოველთვის მსურდა ჭეშმარიტება გამეგო ღმერთსა და იესოზე. გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს კითხვებზე სრული პასუხები თქვენი პუბლიკაციებისა და ბიბლიის საშუალებით მივიღე“. ასეთი შინაარსის წერილი მისწერა ერთმა მამაკაცმა იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოს. იმავე წერილში ის ბიბლიის შესწავლას ითხოვდა.
2 ამ მადლიერი მამაკაცის მსგავსად, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი დიდად აფასებს ბიბლიის შესწავლაში დამხმარე პუბლიკაციებს, რომლებსაც „ერთგული და გონიერი მონა“ გვაწვდის (მათ. 24:45). ყოველ წელს იმისათვის, რომ გულწრფელმა ადამიანებმა „ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ“, უზომოდ დიდი რაოდენობის ლიტერატურა გამოიცემა (1 ტიმ. 2:4). როგორ შეგვიძლია ბიბლიური ლიტერატურის გონივრულად გამოყენება?
3 ნუ დააგროვებთ ზედმეტს: დროთა განმავლობაში შესაძლოა იმაზე მეტი ლიტერატურა დაგვიგროვდეს, ვიდრე სინამდვილეში გავავრცელებთ. რა შეიძლება გავაკეთოთ ამის თავიდან ასაცილებლად? გამჭრიახობა უნდა გამოვავლინოთ, როდესაც გასავრცელებელ ლიტერატურას ვიღებთ. ნაცვლად იმისა, რომ იმაზე მეტი ავიღოთ, ვიდრე გავავრცელებთ, უკეთესია, თავდაპირველად ერთი ან ორი ეგზემპლარი ავიღოთ; ხოლო როცა გავავრცელებთ, მერე კიდევ ავიღოთ. ასეთნაირად, თავიდან ავიცილებთ სახლში ზედმეტი ლიტერატურის დაგროვებას. ასევე თუ შევამჩნევთ, რომ ბევრი ჟურნალი გვაქვს და ვერ ვავრცელებთ, კარგი იქნება, თუ შეკვეთას შევამცირებთ.
4 როცა კრებაში ლიტერატურის ზედმეტი მარაგია: თუ კრებაში ზოგიერთი პუბლიკაცია დაგროვდა, კარგი იქნება, ლიტერატურაზე პასუხისმგებელმა ძმამ იმავე ტერიტორიაზე მდებარე სხვა კრებებში გაარკვიოს, ხომ არ სურთ მათი გამოყენება. მაუწყებლებმა ძველი ჟურნალები შეიძლება შესთავაზონ ახლო ნათესავებს, რომლებიც არ არიან იეჰოვას მოწმეები, ასევე ბიბლიის შემსწავლელებსა და სხვებს. მათ, რომლებმაც ახლახან დაიწყეს კრების შეხვედრებზე დასწრება, შესაძლოა სიხარულით აიღონ ძველი ნომრები პირადი თეოკრატიული ბიბლიოთეკის შესავსებად.
5 გვინდა, რომ ჩვენმა პუბლიკაციებმა თავის მიზანს მიაღწიოს, კერძოდ, დაეხმაროს გულწრფელ ადამიანებს უფრო მეტი გაიგონ იეჰოვას საოცარი განზრახვების შესახებ. იესომ ათასობით ადამიანის სასწაულებრივი გამოკვების შემდეგ არ გადაყარა დარჩენილი საკვები. მიზნად უნდა დავისახოთ, რომ ჩვენი ფასდაუდებელი ბიბლიური ლიტერატურა საუკეთესოდ გამოვიყენოთ (იოან. 6:11—13). სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ცნობა ვერ შეეხება სწორად განწყობილ ადამიანთა გულებს, თუ ჟურნალები თაროზე ან ჩანთაში გვედება. ამიტომ გასავრცელებელი ლიტერატურის აღებისას გონიერება გამოვავლინოთ და ბრძნულად გამოვიყენოთ სხვების დასახმარებლად (ფილ. 4:5).
[სასწავლო კითხვები]
1, 2. როგორ აფასებს ბევრი ჩვენს ლიტერატურას და რა კითხვაზე შეიძლება დაგვაფიქროს ამან?
3. როგორ ავიცილებთ ზედმეტი ლიტერატურის სახლში დაგროვებას?
4. რისი გაკეთება შეიძლება, თუ კრებაში ლიტერატურის ზედმეტი მარაგია?
5. რით ცხადვყოფთ, რომ ვაფასებთ ჩვენს ლიტერატურას?