მთელი ოჯახით თაყვანი ეცით იეჰოვას!
1 ბიბლიურ დროში ოჯახის წევრები ბევრ რამეს ერთად აკეთებდნენ. ისინი ყოველდღიურ საქმეებს ასრულებდნენ და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო, მთელი ოჯახი გაერთიანებულად სცემდა თაყვანს იეჰოვას (ლევ. 10:12—14; კან. 31:12). ბევრ ქვეყანაში დღეს ოჯახები ძალიან ცოტა დროს ატარებენ ერთად. მაგრამ ქრისტიანებს ესმით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ოჯახთან ერთად სხვადასხვა საქმეში მონაწილეობა, განსაკუთრებით კი მაშინ, როცა საქმე ეხება თაყვანისმცემლობას. რამდენად სასიამოვნო უნდა იყოს ოჯახის დამაარსებლისთვის იმის დანახვა, რომ ოჯახები გაერთიანებულად სცემენ მას თაყვანს!
2 ერთად იქადაგეთ: სასიხარულო ცნობის ერთად ქადაგება აერთიანებს ოჯახს. ამიტომ, გარდა იმისა, რომ უხუცესი კრების წევრებთან ერთად ქადაგებს, თავის ცოლ-შვილთანაც რეგულარულად უნდა მსახურობდეს (1 ტიმ. 3:4, 5). მიმომსვლელი ზედამხედველებიც კი, რომლებსაც დატვირთული გრაფიკი აქვთ, დროს გამოყოფენ, რომ თავიანთ მეუღლესთან ერთად იმსახურონ.
3 მშობლები, რომლებიც თავიანთ შვილებთან ერთად ქადაგებენ, ეხმარებიან მათ, კარგი მქადაგებლები გახდნენ. ბავშვები არა მხოლოდ იმას დაინახავენ, რომ მათ მშობლებს მსახურება სიხარულსა და კმაყოფილებას ანიჭებთ, არამედ იმასაც, რომ მშობლები იეჰოვასა და მოყვასისადმი სიყვარულს გამოხატავენ (კან. 6:5—7). ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მშობლებმა არც მაშინ შეწყვიტონ შვილებთან ერთად ქადაგება, როცა ისინი გაიზრდებიან. ერთი წყვილი, რომელსაც 15—21 წლამდე ასაკის სამი ვაჟი ჰყავს, კვლავაც სისტემატურად ქადაგებს შვილებთან ერთად. მამა ამბობს: „ჩვენ ყოველთვის რაღაცას ვასწავლით მათ. ვცდილობთ, რომ შვილებისთვის ჩვენი ერთობლივი მსახურება სასიამოვნო და გამამხნევებელი იყოს“.
4 ერთად მოემზადეთ: მრავალი ოჯახი ხედავს, რომ მათთვის სასარგებლოა მსახურებისთვის ერთად მომზადება. შვილებს მოსწონთ ხოლმე ისეთი სიტუაციების გათამაშება, როდესაც ოჯახის წევრები რიგრიგობით შეთავაზებას აკეთებენ ან მობინადრის როლში გამოდიან. ასეთი სიტუაციების გასათამაშებლად ზოგი ოჯახი რამდენიმე წუთს გამოყოფს ხოლმე ოჯახური შესწავლის ბოლოს.
5 ჩვენი სიხარული იზრდება, როდესაც საყვარელ ადამიანებთან ერთად ვმონაწილეობთ მნიშვნელოვან და კმაყოფილების მომტან საქმეში. მართლაც ძალიან სასიხარულოა, როდესაც ოჯახის წევრები ერთად მსახურობენ — კარდაკარ ქადაგებენ, განმეორებით მონახულებებს აკეთებენ და ბიბლიის შესწავლებსაც ატარებენ! თუ მთელი ოჯახით სცემთ თაყვანს იეჰოვას, თქვენც შეგიძლიათ სიხარულით თქვათ: „მე და ჩემი სახლეულობა იეჰოვას ვემსახურებით“ (იესო. 24:15).