‘ყველაფერი აკეთეთ სასიხარულო ცნობისთვის’
1. რა აღგვძრავს სასიხარულო ცნობის ქადაგებისკენ?
1 პავლე მოციქული სხვებისთვის სასიხარულო ცნობის ქადაგებას პირად პასუხისმგებლობად თვლიდა (1 კორ. 9:16, 19, 23). პავლეს მსგავსად ჩვენც დაინტერესებული ვართ ხალხის მარადიული კეთილდღეობით, რაც აღგვძრავს, მათ სასიხარულო ცნობა ვუქადაგოთ.
2. რა ცვლილებები უნდა შევიტანოთ განრიგში და რატომ?
2 შეარჩიე დრო და ადგილი: გამოცდილი მეთევზე მაშინ კი არ თევზაობს, როცა თვითონ სურს, ან იქ კი არ თევზაობს, სადაც მისთვის მოსახერხებელი ადგილია, არამედ სათევზაოდ შესაფერის ადგილსა და დროს არჩევს. ზოგჯერ შეიძლება საჭირო იყოს, რომ ჩვენც, როგორც „მებადურებმა“, ცვლილებები შევიტანოთ განრიგში, რათა ჩვენს ტერიტორიაზე მეტ ადამიანს ვუქადაგოთ და სრულად განვიცადოთ ის სიხარული, რაც „ყველანაირი ჯიშის თევზის“ დაჭერას მოაქვს (მათ. 4:19; 13:47). შეგვიძლია ქუჩაში მაშინ ვიქადაგოთ, როცა ხალხი სამსახურში მიდის, ან კარდაკარ მაშინ მივიდეთ, როცა ისინი სამსახურიდან უკვე დაბრუნებულები იქნებიან? პავლეს მიზნად ჰქონდა, ‘საფუძვლიანად დაემოწმებინა სასიხარულო ცნობა’ და ამ მიზნის მისაღწევად ყველა შესაძლებლობას იყენებდა (საქ. 17:17; 20:20, 24).
3, 4. რის მიხედვით შეგვიძლია შევცვალოთ შეთავაზებები და რატომ?
3 შეთავაზებები საჭიროებისამებრ შეცვალე: მეთევზე ხშირად ამა თუ იმ ჯიშის თევზის დასაჭერად სხვადასხვა მეთოდს მიმართავს. როგორი მეთოდები შეგვიძლია გამოვიყენოთ, რომ ჩვენს უბნებზე მცხოვრები ადამიანები სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობით დავაინტერესოთ? ჩვენ ტაქტიანად უნდა დავიწყოთ საუბარი ხალხთან იმაზე, რაც მათ აღელვებთ და შემდეგ ყურადღებით მოვუსმინოთ (იაკ. 1:19). შეგვიძლია დავუსვათ კითხვა, რომ მათი თვალსაზრისი გავიგოთ (იგავ. 20:5). ამგვარად, შევძლებთ, ისე გადავცეთ ხალხს სასიხარულო ცნობა, რომ მათ ცხოვრებაზე იმოქმედოს. პავლე მოციქული ‘ყველასთვის ყველაფერი გახდა’ (1 კორ. 9:22). სასიხარულო ცნობა რომ ყველა ადამიანის გულამდე მივიტანოთ, საჭიროა შეთავაზებები სიტუაციის მიხედვით შევცვალოთ.
4 გვიხარია, რომ სასიხარულო ცნობის მახარობლები ვართ (ეს. 52:7). დაე ‘ყველაფერი გავაკეთოთ სასიხარულო ცნობისთვის’ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ (1 კორ. 9:23).