მზად ხარ, მოერგო ცვლილებებს?
1. როგორ უნდა მოვერგოთ სიტუაციას მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე?
1 ბიბლიაში, კერძოდ 1 კორინთელების 7:31-ში ნათქვამია, რომ „ცვალებადია ეს ქვეყნიერება“. მსოფლიოში მიმდინარე ცვლილებებიდან გამომდინარე, ჩვენგანაც მოითხოვება გარკვეული ცვლილებების შეტანა ქადაგების მეთოდებში, გრაფიკსა და მიდგომებში. მზად ხარ, მოერგო ამ ცვლილებებს?
2. რატომ უნდა მოვახდინოთ ცვლილებები, რათა ფეხდაფეხ მივყვეთ ორგანიზაციას?
2 შენი ქადაგების მეთოდები. ისტორიულად, ქრისტიანული კრება ყოველთვის ახდენდა ცვლილებებს საჭიროებისდა მიხედვით. როდესაც იესომ თავისი მოწაფეები პირველად გაგზავნა საქადაგებლად, უთხრა, რომ არ წაეღოთ არც საგზალი და არც ფული (მათ. 10:9, 10). თუმცა მოგვიანებით მან მოწაფეებისთვის მიცემული მითითებები შეცვალა, რადგან მათ ქადაგება უფრო ვრცელ ტერიტორიაზე მოუწევდათ, თანაც მტრულად განწყობილ ხალხში (ლუკ. 22:36). გასულ საუკუნეში იეჰოვას ორგანიზაცია, საჭიროებიდან გამომდინარე, სხვადასხვა მეთოდს იყენებდა ქადაგებისთვის, მაგალითად, ქადაგებდნენ სამქადაგებლო ბარათებით, რადიოგადაცემებისა და ხმის გამაძლიერებლებით აღჭურვილი ავტომანქანების მეშვეობით. ზოგან ხალხი დღის განმავლობაში არ არის სახლში, ამიტომ კარდაკარ მსახურებასთან ერთად განსაკუთრებული აქტიურობით უნდა ვიქადაგოთ არაფორმალურად და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში. ჩვენ ასევე გვირჩიეს, რომ კარდაკარ საღამოს საათებში ვიქადაგოთ იმ შემთხვევაში, თუ ხალხი დღის განმავლობაში მუშაობს. იეჰოვას ზეციერი ეტლი დროდადრო მიმართულებას იცვლის. უწყობ მას ფეხს? (ეზეკ. 1:20, 21).
3. როგორ ვხდებით ეფექტური მქადაგებლები, როცა ცვლილებებს ვახდენთ?
3 შენი შეთავაზება. რა აწუხებს თქვენს ტერიტორიაზე მცხოვრებ ხალხს? ეკონომიკური პრობლემები? ოჯახური პრობლემები? დამნაშავეობა? კარგი იქნება, თუ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში იქნები და გეცოდინება, თუ რა ხდება თქვენს ტერიტორიაზე, რათა შესაბამისად მოამზადო შეთავაზებები (1 კორ. 9:20—23). როცა მობინადრე გამოთქვამს აზრს, ნაცვლად იმისა, რომ სტანდარტული პასუხი გასცე და გააგრძელო მომზადებული შეთავაზება, უმჯობესი იქნება, მოერგო სიტუაციას და საუბარი იმაზე გადაიტანო, რაზედაც მას სურს.
4. რატომ უნდა მოვერგოთ ცვლილებებს სწრაფადვე?
4 დიდი გასაჭირის დაწყებამდე ძალიან ცოტა დროა დარჩენილი. „დრო ცოტაღა დარჩა“, — ამბობს ბიბლია (1 კორ. 7:29). ჩვენ ძალიან კარგად გვესმის, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია, დაუყოვნებლივ ვახდენდეთ ცვლილებებს, რომ დარჩენილ მცირე დროში, რაც შეიძლება მეტი გავაკეთოთ!