სამეფოს შესახებ ქადაგება — შესანიშნავი დავალება
1 ყოველდღიურად დედამიწაზე მილიარდობით ადამიანი სარგებლობს იეჰოვას სიკეთით (მათ. 5:45). მაგრამ ძალიან ცოტა თუ იყენებს შესაძლებლობას, გამოავლინოს მადლიერება და ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობა იქადაგოს (მათ. 24:14). შენ რამდენად აფასებ ამ შესანიშნავ შესაძლებლობას?
2 სამეფოს შესახებ ქადაგება პატივს მიაგებს ღმერთს. გარდა ამისა, ამას იმედი და სულის სიმშვიდე მოაქვს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც შეშფოთებულნი არიან დღეს არსებული მძიმე ვითარების გამო (ებრ. 13:15). მათთვის კი, ვინც ეხმაურება ქადაგებას, სამეფოს შესახებ ცნობას მარადიული სიცოცხლის იმედი მოაქვს (იოან. 17:3). რომელი ქვეყნიური კარიერა ან პროფესია შემოგვთავაზებს ასეთ შესაძლებლობას? მოციქული პავლე მადლიერებას მსახურებისადმი თავისი დამოკიდებულებით ავლენდა. ის მსახურებას განძად მიიჩნევდა (საქ. 20:20, 21, 24; 2 კორ. 4:1, 7).
3 დავაფასოთ ჩვენი შესანიშნავი დავალება: ქადაგების შესაძლებლობისთვის მადლიერება რომ გამოვავლინოთ, ერთ-ერთი საშუალებაა, ყურადღება მივაქციოთ ჩვენი მსახურების ხარისხს. ვუთმობთ დროს ისეთი შეთავაზების მომზადებას, რომელიც შეეხება ჩვენს მსმენელთა გულებს? რისი გაკეთება შეგვიძლია იმისათვის, რომ უფრო ეფექტურნი ვიყოთ ბიბლიის გამოყენებისას და ხალხთან საუბრისას? საფუძვლიანად ვამუშავებთ ჩვენს სამქადაგებლო უბანს? შეგვიძლია ბიბლიის შესწავლის დაწყება და ჩატარება? ძველი დროის თუ თანამედროვე ერთგული ქრისტიანების მსგავსად, ჩვენ მსახურებისადმი სათანადო დამოკიდებულება გვაქვს და ძალიან ვაფასებთ ამ შესაძლებლობას, რაც მოქმედებისკენ აღგვძრავს (მათ. 25:14—23).
4 როდესაც ასაკით, სუსტი ჯანმრთელობით ან სხვა ვითარებებით გამოწვეულ სირთულეებს ვხვდებით, მანუგეშებელია იმის ცოდნა, რომ საქადაგებლად გამოვლენილი ჩვენი ძალისხმევა დიდად ფასობს. ღვთის სიტყვა გვარწმუნებს, რომ იეჰოვა აფასებს ასეთ ძალისხმევას, მაშინაც კი, როცა ეს სხვებისთვის უმნიშვნელოა (ლუკ. 21:1—4).
5 სამეფოს შესახებ ქადაგება დიდი კმაყოფილების მომგვრელია. 92 წლის და ამბობს: „გული სიხარულით მევსება, როდესაც გადავხედავ განვლილ 80 წელს, რომელიც იეჰოვასადმი მსახურებაში გავატარე! არავითარი სინანულის გრძნობა! ცხოვრების ახლიდან დაწყება რომ შემეძლოს, კვლავაც ამ გზით წავიდოდი, რადგან ‘ღვთის წყალობა სიცოცხლეზე მეტია’“ (ფსალმ. 62:4). მოდი ჩვენც დავაფასოთ ღვთისგან მიღებული ეს შესანიშნავი დავალება — სამეფოს შესახებ ქადაგება.