დაგეგმე, როგორ გააფართოებ მსახურებას
1. რით არის განსაკუთრებული გახსენების საღამოს აღნიშვნის პერიოდი და როგორ შეგვიძლია მოვემზადოთ?
1 ყოველწლიურად, გახსენების საღამოს პერიოდი გვაძლევს ახალ შესაძლებლობას, „ხოტბა შევასხათ იეჰოვას“ (ფსალმ. 109:30). გამოსასყიდის გაღებისთვის ღვთისადმი მადლიერების გამოსახატავად აპირებ მარტში მსახურების გაფართოებას? სწორედ ახლაა ამის დაგეგმვის დრო (იგავ. 21:5).
2. როგორ გამოეხმაურა ზოგი გასულ წელს აპრილში დამხმარე პიონერად მსახურების საათების ნორმის შემცირებას და როგორ გამოეხმაურე შენ?
2 დამხმარე პიონერად მსახურება. გასულ წელს და-ძმებს ძალიან გაუხარდათ, როდესაც გაიგეს, რომ აპრილში დამხმარე პიონერად მსახურების საათების ნორმა შემცირდა. ერთმა ძმამ დაწერა: „ჯერ სკოლის მოსწავლე ვარ და არ მაქვს იმის შესაძლებლობა, რომ პიონერად ვიმსახურო. გადავწყვიტე ბლანკზე მივუთითო 30 საათი, თუმცა ვეცდები 50 საათი ვიქადაგო“. ერთმა დამ, რომელიც სამსახურში სრულ განაკვეთზე მუშაობს, დაწერა: „30 საათი ქადაგება ჩემთვის სავსებით რეალურია“. როდესაც საათების შემცირების შესახებ განცხადება გაკეთდა, ერთმა 80 წელს გადაცილებულმა ყოფილმა პიონერმა დამ თქვა: „სწორედ ამას ველოდი! იეჰოვამ იცოდა, რომ პიონერად მსახურების წლები ჩემი ცხოვრების საუკეთესო პერიოდი იყო!“ სხვებმა, რომლებმაც ვერ შეძლეს დამხმარე პიონერად მსახურება, მიზნად დაისახეს, მეტი ექადაგათ.
3. რა მიზეზები არსებობს იმისათვის, რომ მარტში, აპრილსა და მაისში დამხმარე პიონერად იმსახურო?
3 მარტი შესანიშნავი თვეა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის, ვინაიდან კვლავ გვექნება არჩევანი, ვიქადაგოთ 30 ან 50 საათი. გარდა ამისა, შაბათს, 17 მარტს იწყება სპეციალური კამპანია, რომლის დროსაც მოვიწვევთ ყველას 5 აპრილს ჩვენთან ერთად დაესწრონ გახსენების საღამოს. მრავალს ისე მოეწონება მსახურების გაფართოება, რომ აპრილსა და მაისშიც იმსახურებენ დამხმარე პიონერად და 50-50 საათს იქადაგებენ.
4. როგორ გავაფართოოთ მსახურება და რას მოგვიტანს ეს შედეგად?
4 კარგი იქნებოდა, ოჯახთან ერთად თაყვანისცემის მომდევნო საღამოზე გემსჯელათ, ოჯახის თითოეულ წევრს როგორ შეგეძლოთ გაგეფართოებინათ მსახურება გახსენების საღამოს პერიოდში (იგავ. 15:22). სთხოვეთ იეჰოვას, რომ აკურთხოს თქვენი ძალისხმევა (1 იოან. 3:22). მსახურების გაფართოებით არა მხოლოდ იეჰოვას განადიდებთ მეტად, არამედ თქვენც უფრო მეტ სიხარულს მიიღებთ (2 კორ. 9:6).