იმსახურებ დამხმარე პიონერად?
1. რატომ არის გახსენების საღამოს პერიოდი მსახურების გასაფართოებლად საუკეთესო დრო?
1 გახსენების საღამოს პერიოდი მსახურების გასაფართოებლად საუკეთესო დროა. ამ დროს ჩვენ ვფიქრობთ იეჰოვას უდიდეს სიყვარულზე, რომელიც თავისი ძის შეწირვით გამოავლინა (იოან. 3:16). ეს ჩვენში მადლიერების გრძნობას იწვევს და გვიღრმავებს სურვილს, რომ სხვებს ვესაუბროთ იეჰოვას შესახებ და იმის შესახებ, რასაც ის ადამიანებისთვის აკეთებს (ეს. 12:4, 5; ლუკ. 6:45). გარდა ამისა, სიხარულით ვმონაწილეობთ სპეციალურ კამპანიაში და ვეპატიჟებით ნაცნობებსა თუ სხვებს, ჩვენთან ერთად დაესწრონ გახსენების საღამოს. ამის შემდეგ ვცდილობთ ინტერესი გავუღვივოთ მათ, ვინც ამ საღამოს დაესწრო. გააფართოებ მსახურებას და იმსახურებ დამხმარე პიონერად მარტში, აპრილში ან მაისში?
2. რატომ არის მარტი შესანიშნავი თვე დამხმარე პიონერად მსახურებისთვის?
2 მარტი — განსაკუთრებული თვე. მარტი შესანიშნავი თვეა დამხმარე პიონერად მსახურებისთვის. მათ, ვინც გადაწყვეტენ, იმსახურონ დამხმარე პიონერად, შეუძლიათ იქადაგონ 30 ან 50 საათი. თუ მარტის თვეში კრებას მოინახულებს სარაიონო ზედამხედველი, დამხმარე პიონერებს შეუძლიათ დაესწრონ პიონერებისა და სპეციალური პიონერებისთვის განკუთვნილ მთლიან შეხვედრას. გახსენების საღამო ჩატარდება სამშაბათს 2013 წლის 26 მარტს. წინა წლებთან შედარებით მოსაწვევების გავრცელების კამპანიის დრო გაიზარდა და ის დაიწყება 1 მარტს. გარდა ამისა, მარტში ხუთი შაბათ-კვირაა. კარგი იქნება, იფიქროთ იმაზე, შეგიძლიათ თუ არა ამ განსაკუთრებულ თვეს მეტი იმსახუროთ.
3. როგორ დავგეგმოთ, რომ მეტი ვიმსახუროთ?
3 დაგეგმე. შეგიძლია დღეიდანვე გადახედო შენს გეგმებს და გააკეთო საჭირო ცვლილებები პიონერად მსახურებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ოჯახის წევრებმა ერთმანეთთან ითანამშრომლონ. ოჯახთან ერთად თაყვანისცემის საღამოს განიხილეთ თქვენი მიზნები და შეადგინეთ განრიგი (იგავ. 15:22). გული არ გაიტეხო, თუ ვერ შეძლებ დამხმარე პიონერად მსახურებას. შეგიძლია ისე დაგეგმო, რომ, როცა მსახურებაში წახვალ, მეტხანს იმსახურო? შეგიძლია კვირის განმავლობაში კიდევ სხვა დღეს გახვიდე მსახურებაში?
4. რა კურთხევებს მიიღებ, თუ მეტ დროს დაუთმობ მსახურებას მარტში, აპრილსა და მაისში?
4 თუ მარტში, აპრილსა და მაისში მეტ დროს დაუთმობ მსახურებას, უფრო მეტად იგრძნობ სიხარულსა და კმაყოფილებას, რომელიც იეჰოვას მსახურებასა და გაცემას მოაქვს (იოან. 4:34; საქ. 20:35). რაც მთავარია, ასეთი მუხლჩაუხრელი მსახურებით გაახარებ იეჰოვას (იგავ. 27:11).