მიჰბაძე წინასწარმეტყველებს — ნაუმი
1. რას ვსწავლობთ ბიბლიის წიგნ „ნაუმიდან“?
1 ნაუმის წინასწარმეტყველების თანახმად, იეჰოვა დაუსჯელს არ ტოვებს თავის მტრებს და მის წინაშე ყველაზე სასტიკი მტერიც კი უძლურია; სწორედ ამაზე მოწმობს ქალაქ ნინევეს ნანგრევები (ნაუმ. 1:2, 6). მოდი, უკეთ გავეცნოთ ნაუმის წინასწარმეტყველებას და ვიმსჯელოთ იმაზე, თუ რა მხრივ არის ბიბლიის ეს წიგნი მსახურებაში გამოსადეგი.
2. რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი ქადაგება ყოველთვის გამამხნევებელი იყოს?
2 ანუგეშე და დააიმედე სხვები. ბიბლიის წიგნ „ნაუმში“, ერთი შეხედვით, მხოლოდ ასურეთის იმპერიის დედაქალაქისთვის, ნინევესთვის, ღვთის მიერ გამოტანილი განაჩენია ჩაწერილი (ნაუმ. 1:1; 3:7). თუმცა ეს ცნობა იეჰოვას ხალხისთვის ნუგეშის მომგვრელი იქნებოდა. წინასწარმეტყველი ნაუმი, რომლის სახელიც შესაძლოა „ნუგეშად“ ან „ნუგეშისმცემლად“ ითარგმნოს, თავის თანამემამულეებს არწმუნებდა, რომ მტერი ცოტა ხანში გაცამტვერდებოდა. უფრო მეტიც, ნაუმმა დასძინა, რომ იეჰოვა „ციხესიმაგრეა გაჭირვების დღეს“ (ნაუმ. 1:7). როცა ვქადაგებთ, ნაუმის მსგავსად, სასიხარულო ცნობას ვუზიარებთ ადამიანებს და მოვუწოდებთ მათ, რომ თავშესაფარი იეჰოვასთან ეძიონ (ნაუმ. 1:15).
3. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ ნაუმს თვალსაჩინო მაგალითების გამოყენებაში?
3 გამოიყენე თვალსაჩინო მაგალითები. იეჰოვას შთაგონებით ნაუმმა დაწერა, რომ ნინევესაც იგივე ბედი ეწეოდა, რაც ეგვიპტის ქალაქ თებეს (ნო-ამონი), რომელიც თავად ასურეთმა გაანადგურა (ნაუმ. 3:8—10). როდესაც მსახურებაში ადამიანებს ღვთის მიერ ბოროტი ქვეყნიერებისთვის გამოტანილ განაჩენს ვუცხადებთ, შეგვიძლია მათი ყურადღება იმ ბიბლიური წინასწარმეტყველებებისკენ მივმართოთ, რომელიც ადასტურებს, რომ იეჰოვას თითოეული სიტყვა ზედმიწევნით სრულდება. მაგალითად, როდესაც ძვ. წ. 632 წელს ბაბილონელებმა და მიდიელებმა ნინევეს წინააღმდეგ გაილაშქრეს, ძლიერ წვიმებს მდინარე ტიგროსი აედიდებინა და ქალაქის, ერთი შეხედვით, აუღებელი გალავნის ცალი მხარე ჩამოექცია. შედეგად, მტერმა ნინევე თვალის დახამხამებაში აიღო. ყველაფერი ისე მოხდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები (ნაუმ. 1:8; 2:6).
4. როგორ შეგვიძლია ვიქადაგოთ ნათლად და გასაგებად?
4 ისაუბრე ნათლად და გასაგებად. მართალია, ნაუმი ხატოვანი ენით აღგვიწერს დრამატულ მოვლენებს, მაგრამ მიუხედავად ამისა, მისი ცნობა ნათელი და გასაგებია (ნაუმ. 1:14; 3:1). ჩვენც გვსურს, რომ ნაუმის მსგავსად, მარტივი და გასაგები ენით ვიქადაგოთ (1 კორ. 14:9). მობინადრეს პირველივე ვიზიტის დროს ნათლად აუხსენი შენი მისვლის მიზანი. როცა დაინტერესებულს ბიბლიას ასწავლი, დაეხმარე მას, განივითაროს რწმენა იეჰოვასა და მისი სიტყვისადმი; აგრეთვე დაეხმარე მას, რომ უკეთ დაინახოს, პირადად მას როგორ ეხება ნასწავლი (რომ. 10:14).
5. რაში გვარწმუნებს ნაუმის წინასწარმეტყველება?
5 წიგნ „ნაუმიდან“ წინასწარმეტყველის რწმენა გამოსჭვივის — მას წამითაც არ ეპარებოდა ეჭვი იმაში, რომ იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის სიტყვას. და დღეს, როცა სატანის ქვეყნიერება თავისი არსებობის უკანასკნელ წუთებს ითვლის, ჩვენს სულს მართლაც ესალბუნება ღვთის განაცხადი: „მეტად აღარ განმეორდება გასაჭირი“ (ნაუმ. 1:9).