ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 24
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 98 ბიბლია - ღვთისგან შთაგონებული წიგნი
რას ვსწავლობთ იაკობის წინასწარმეტყველებიდან (ნაწილი 1)
„შეგროვდით და გამცნობთ თქვენს მომავალს“ (ᲓᲐᲑ. 49:1).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან გავიგებთ, რისი სწავლა შეგვიძლია იაკობის წინასწარმეტყველებიდან, რომელიც სიკვდილის წინ რეუბენზე, სიმონზე, ლევისა და იუდაზე წარმოთქვა.
1, 2. რა გააკეთა სიკვდილის პირას მყოფმა იაკობმა და რატომ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
ᲛᲐᲡ ᲨᲔᲛᲓᲔᲒ, რაც პატრიარქი იაკობი ქანაანიდან ეგვიპტეში გადავიდა თავის სახლეულობასთან ერთად, 17 წელი გავიდა (დაბ. 47:28). ეს მისთვის უდიდესი სიხარულის წლები იყო, რადგან თავისი საყვარელი ვაჟი იოსები გვერდით ჰყავდა და მთელი ოჯახი გაერთიანებული იყო. მაგრამ ერთ დღესაც ღრმად მოხუცებულმა იაკობმა სიკვდილის მოახლოება იგრძნო. ამიტომ თავისთან იხმო ყველა ვაჟი (დაბ. 49:28).
2 იმ ეპოქაში, ჩვეულებრივ, მომაკვდავი ოჯახისთავი ერთად კრებდა შინაურებს, რომ ბოლო მითითებები მიეცა (ეს. 38:1). ხშირ შემთხვევაში, სწორედ ამ დროს ირკვეოდა, ვინ გახდებოდა მის ნაცვლად ოჯახის მეთაური.
სიკვდილის წინ იაკობი თავის 12 ვაჟზე წინასწარმეტყველებას წარმოთქვამს (იხილეთ აბზაცები 1, 2).
3. რით არის საყურადღებო იაკობის გამოსათხოვარი სიტყვები? (დაბადება 49:1, 2).
3 წაიკითხეთ დაბადების 49:1, 2. იაკობის ოჯახისთვის ამ შეკრებას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა. იაკობის გამოსათხოვარი სიტყვები ღვთივშთაგონებით იყო წარმოთქმული და მისი ვაჟებისა და მათი შთამომავლების მომავალს ეხებოდა.
4. რატომ არის ჩვენთვის საინტერესო იაკობის წინასწარმეტყველება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „იაკობის ოჯახი“).
4 ამ სტატიაში განვიხილავთ, რა უთხრა იაკობმა თავის ოთხ ვაჟს: რეუბენს, სიმონს, ლევისა და იუდას. მომდევნო სტატიაში კი დანარჩენი რვა ვაჟისთვის ნათქვამ სიტყვებს განვიხილავთ. იაკობის წინასწარმეტყველური სიტყვები მხოლოდ მის ვაჟებს კი არა, მათ შთამომავლებსაც და, შესაბამისად, მათგან წარმოშობილ ისრაელ ერსაც ეხებოდა. ამ ერის ისტორიიდან ჩანს, როგორ შესრულდა იაკობის წინასწარმეტყველება. მისი სიტყვები ჩვენთვისაც საინტერესოა, რადგან უკეთ დაგვანახვებს პრინციპებს, რომლებიც ჩვენს ზეციერ მამასთან, იეჰოვასთან, ურთიერთობაში დაგვეხმარება.
ᲠᲔᲣᲑᲔᲜᲘ
5. რისი მოლოდინი შეიძლება ჰქონოდა რეუბენს?
5 თავდაპირველად იაკობმა რეუბენს მიმართა და ასეთი სიტყვები უთხრა: „შენა ხარ ჩემი პირმშო“ (დაბ. 49:3). რეუბენს, როგორც პირმშოს, შეიძლება იმის მოლოდინი ჰქონდა, რომ მამის მემკვიდრეობის ორმაგ წილს მიიღებდა და მისი სიკვდილის შემდეგ ოჯახის მეთაური გახდებოდა. შესაბამისად, მის შთამომავლებსაც წამყვანი როლი დაეკისრებოდათ.
6. რატომ დაკარგა რეუბენმა პირმშოობა? (დაბადება 49:3, 4).
6 რეუბენს არ მიეცა პირმშოობის უფლება (1 მატ. 5:1). რა გახდა ამის მიზეზი? წლებით ადრე იაკობის საყვარელი ცოლის, რახელის, სიკვდილის შემდეგ რეუბენი მის მოახლესთან, ბილჰასთან, დაწვა. ბილჰა იაკობის ხარჭაც იყო (დაბ. 35:19, 22). რატომ ჩაიდინა რეუბენმა ეს უზნეო საქციელი? შესაძლოა მას ბილჰას მიმართ ლტოლვა გაუჩნდა ან იფიქრა, რომ იაკობი ბილჰაზე გულს აიცრუებდა და დედამისს, ლეას, მეტოქე არ ეყოლებოდა. როგორც უნდა ყოფილიყო, რეუბენმა ღვთის თვალშიც და მამის თვალშიც დააშავა (წაიკითხეთ დაბადების 49:3, 4).
7. როგორ შესრულდა რეუბენსა და მის შთამომავლებზე იაკობის სიტყვები? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „იაკობის წინასწარმეტყველება“).
7 იაკობის წინასწარმეტყველებისამებრ, რეუბენი ვერ ამაღლდებოდა და ეს ასეც მოხდა. მის შთამომავალთაგან არავინ გამხდარა მეფე, მღვდელი ან წინასწარმეტყველი. თუმცა იაკობს არ უარყვია რეუბენი. რეუბენის შთამომავლებისგან ისრაელის დიდი ტომი წარმოიშვა (იეს. 12:6). ისიც უნდა ითქვას, რომ რეუბენი არაერთხელ მოიქცა ღირსეულად და, როგორც ჩანს, უზნეობა მეტად აღარ ჩაუდენია (დაბ. 37:20–22; 42:37).
8. რას გვასწავლის რეუბენის მაგალითი?
8 რას ვსწავლობთ? ყველანაირად უნდა ვეცადოთ, თავშეკავება გამოვიმუშაოთ და არ ავყვეთ უზნეობის ჩადენის ცდუნებას. თუ ცდუნების წინაშე აღმოვჩნდებით, იმაზე უნდა დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი საქციელი ღმერთთან, ოჯახთან თუ სხვებთან ურთიერთობაზე. უნდა გვახსოვდეს, რომ „კაცი, რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალ. 6:7). თუმცა რეუბენის შემთხვევა იეჰოვას გულმოწყალებაზეც მოწმობს. მართალია, ის ცოდვის შედეგებისგან არ გვიცავს, მაგრამ მზად არის, გვაპატიოს და დაგვეხმაროს, თუ შეცდომებზე ვსწავლობთ.
ᲡᲘᲛᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲚᲔᲕᲘ
9. რატომ დაგმო იაკობმა სიმონი და ლევი? (დაბადება 49:5–7).
9 წაიკითხეთ დაბადების 49:5–7. იაკობმა მკაცრად დაგმო სიმონი და ლევი. რა გახდა ამის მიზეზი? წლებით ადრე მათი და, დინა, ერთმა ქანაანელმა კაცმა, შექემმა გააუპატიურა. მომხდარმა დინას ყველა ძმა აღაშფოთა. მათ მზაკვრულ ხერხს მიმართეს. შექემელებს დაჰპირდნენ, რომ მათთან მშვიდობიანი ურთიერთობა ექნებოდათ, თუ ისინი წინადაიცვეთდნენ. შექემელებმა შეასრულეს პირობა. ვიდრე ისინი ჭრილობებს იშუშებდნენ, რისხვით ანთებულმა სიმონმა და ლევიმ „აიღეს მახვილები და ისე შევიდნენ იმ ქალაქში, რომ ეჭვი არავის აუღია, და ამოხოცეს ყველა კაცი“ (დაბ. 34:25–29).
10. როგორ შესრულდა სიმონსა და ლევიზე იაკობის წინასწარმეტყველება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „იაკობის წინასწარმეტყველება“).
10 იაკობი განარისხა სიმონისა და ლევის სისასტიკემ. ამიტომაც უწინასწარმეტყველა, რომ ისრაელის მიწაზე გაიფანტებოდნენ. ეს სიტყვები დაახლოებით 200 წლის შემდეგ, აღთქმულ მიწაზე ისრაელის დასახლების დროს, შესრულდა. სიმონის ტომს სამკვიდროდ იუდას ტერიტორიაზე აქა-იქ გაფანტული ქალაქები ერგო (იეს. 19:1). ლევის ტომს კი მთელი ისრაელის მიწაზე 48 ქალაქი შეხვდა (იეს. 21:41).
11. როგორები გამოდგნენ სიმონისა და ლევის შთამომავლები?
11 სიმონისა და ლევის შთამომავლებს არ გაუმეორებიათ წინაპრების შეცდომები. ლევისტომელებმა დიდი ერთგულება გამოიჩინეს იეჰოვას მიმართ. როცა მოსე სინაის მთაზე იყო ღვთისგან კანონის მისაღებად, ხალხმა ხბოს კერპს დაუწყო თაყვანისცემა. სწორედ ლევისტომელები ამოუდგნენ მოსეს მხარში, რომ აღმოეფხვრათ ეს ბოროტება (გამ. 32:26–29). იეჰოვამ მღვდელმსახურების პატივი ლევის ტომს არგუნა (გამ. 40:12–15; რიცხ. 3:11, 12). რაც შეეხება სიმონისტომელებს, ისინი აღთქმული მიწის დაპყრობის დროს იუდასტომელების მხარდამხარ იბრძოდნენ და ასე უწყობდნენ ხელს ღვთის ნების შესრულებას (მსაჯ. 1:3, 17).
12. რას გვასწავლის სიმონისა და ლევის მაგალითი?
12 რას ვსწავლობთ? ცხელ გულზე არ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილებები. თუ ჩვენ ან ჩვენს ახლობელს უსამართლოდ მოექცევიან, ბუნებრივია, ეს გაგვაბრაზებს (ფსალმ. 4:4). თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვასთვის მიუღებელია, როცა ადამიანის რეაქციას სიბრაზე მართავს (იაკ. 1:20). სადაც არ უნდა შევხვდეთ უსამართლობას, იქნება ეს კრებაში თუ კრების გარეთ, ბიბლიური პრინციპებით უნდა ვიხელმძღვანელოთ და ჩვენი უმართავი ემოციებით სიტუაცია არ გავამწვავოთ (რომ. 12:17, 19; 1 პეტ. 3:9). სიმონისა და ლევის მაგალითიდან ახალგაზრდებსაც შეუძლიათ რაღაც ისწავლონ. თუ მშობლები არ გაძლევენ კარგ მაგალითს, ეს იმას არ ნიშნავს, რომ თქვენც ავტომატურად მათი შეცდომები უნდა გაიმეოროთ. გახსოვდეთ, თქვენი მომავალი თქვენს ხელშია. მთავარია, თქვენ მოინდომოთ და იეჰოვა აუცილებლად დაგიფასებთ მცდელობას.
ᲘᲣᲓᲐ
13. რას შეიძლება აეფორიაქებინა იუდა?
13 ახლა ჯერი იუდაზე მიდგა. იუდა ალბათ ააფორიაქა იმან, რაც იაკობმა მის უფროს ძმებს უთხრა. მან კარგად იცოდა, რომ თავადაც ბევრი რამ შეეშალა. შექემის გაძარცვაში, როგორც ჩანს, ისიც მონაწილეობდა (დაბ. 34:27). სწორედ იუდამ წამოაყენა იდეა იოსების მონად გაყიდვის შესახებ, მოგვიანებით კი ძმებთან ერთად მანაც შეცდომაში შეიყვანა მამა (დაბ. 37:27, 31–33). ალბათ ისიც გაახსენდა, როგორ დაიჭირა საქმე თავის დაქვრივებულ რძალთან, თამართან, რომელიც მეძავი ეგონა (დაბ. 38:15–18).
14. რა ღირსებები ჰქონდა იუდას და რა უწინასწარმეტყველა მამამ? (დაბადება 49:8, 9).
14 მართალია, იუდა უშეცდომო არ ყოფილა, მაგრამ იაკობმა ღვთის შთაგონებით მასზე კურთხევა წარმოთქვა (წაიკითხეთ დაბადების 49:8, 9). იუდა უღირსი კაცი ნამდვილად არ ყოფილა. ეს მაშინაც გამოჩნდა, როცა რთულ სიტუაციაში მოხუც მამაზე უფრო დარდობდა, ვიდრე საკუთარ თავზე. გარდა ამისა, მზად იყო, თავისი უმცროსი ძმის, ბენიამინის ნაცვლად მონა გამხდარიყო (დაბ. 44:18, 30–34).
15. როგორ შესრულდა იუდაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველება?
15 იაკობის წინასწარმეტყველების თანახმად, იუდა თავის ძმებს შორის გამორჩეული იქნებოდა. თავდაპირველად ეს წინასწარმეტყველება დაახლოებით 200 წლის შემდეგ შესრულდა. როცა ისრაელი ეგვიპტიდან გამოვიდა, აღთქმული მიწისკენ მიმავალ გზაზე სწორედ იუდას ტომი მიუძღოდა სხვა ტომებს (რიცხ. 10:14). აღთქმული მიწის დაპყრობასაც პირველები იუდასტომელები შეუდგნენ (მსაჯ. 1:1, 2). სამეფო დინასტიის დამფუძნებელიც იუდას ერთ-ერთი შთამომავალი, დავითი, გახდა. თუმცა იაკობის სიტყვები კიდევ უფრო შორეულ მომავალს ეხებოდა.
16. როგორ შესრულდა დაბადების 49:10-ში ჩაწერილი წინასწარმეტყველება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „იაკობის წინასწარმეტყველება“).
16 იაკობმა ისიც იწინასწარმეტყველა, რომ იუდას ერთ-ერთი შთამომავალი მთელი კაცობრიობის მმართველი გახდებოდა და მარადიულად იმმართველებდა (წაიკითხეთ დაბადების 49:10 და სქოლიო). ეს მმართველი, რომელსაც იაკობმა „შილო“ უწოდა, იესო ქრისტეა. მის შესახებ ანგელოზმა თქვა: „იეჰოვა ღმერთი მას დავითის, თავისი წინაპრის, ტახტს მისცემს“ (ლუკ. 1:32, 33). მას აგრეთვე ეწოდება „ლომი იუდას ტომიდან“ (გამოცხ. 5:5).
17. რაში შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას?
17 რას ვსწავლობთ? მიუხედავად იმისა, რომ იუდამ არაერთი სერიოზული შეცდომა დაუშვა, იეჰოვამ მაინც აკურთხა. შესაძლოა იუდას ძმები ამან გააკვირვა კიდეც. ფაქტია, იეჰოვამ მასში რაღაც კარგი დაინახა და დაუფასა. როგორ შეგვიძლია მივბაძოთ იეჰოვას? როცა თანაქრისტიანი რაიმე პასუხისმგებლობას ან განსაკუთრებულ დავალებას იღებს, შეიძლება გაგვიჩნდეს იმის ცდუნება, რომ მის ნაკლოვანებებზე გავაკეთოთ აქცენტი. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა მასში კარგს ხედავს და ამიტომაც ანდობს საქმეს. ის ყოველთვის თავისი მსახურების დადებით მხარეებზე ამახვილებს ყურადღებას. გვინდა, ჩვენც მსგავსი განწყობა გვქონდეს სხვების მიმართ.
18. რაში შეგვიძლია მივბაძოთ იუდას შთამომავლებს?
18 იუდას მაგალითიდან იმასაც ვსწავლობთ, თუ რამდენად მნიშვნელოვანია მოთმინება. იეჰოვა ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს, მაგრამ ზოგჯერ ჩვენს მოლოდინს არ ემთხვევა ის, თუ როგორ და როდის გააკეთებს ამას. იუდას ტომს მეთაურის როლი ერის ჩამოყალიბებისთანავე არ დაკისრებია. ამის მიუხედავად იუდასტომელები მხარში ედგნენ იეჰოვას არჩეულ წინამძღოლებს – ჯერ ლევიან მოსეს, შემდეგ ეფრემელ იესო ნავეს ძეს, ბოლოს კი ბენიამინელ საულს. ჩვენც უნდა დავუჭიროთ მხარი მათ, ვისაც იეჰოვა აკისრებს ჩვენ შორის ხელმძღვანელობას (ებრ. 6:12).
19. რას გვასწავლის იეჰოვას შესახებ იაკობის წინასწარმეტყველება?
19 რა დაგვანახა იაკობის წინასწარმეტყველების განხილვამ? ის, რომ იეჰოვას ჩვენგან განსხვავებული ხედვა აქვს (1 სამ. 16:7). ის სულგრძელი და მიმტევებელია. მართალია, თვალს არ ხუჭავს სერიოზულ შეცდომებზე, მაგრამ არც სრულყოფილებას მოელის თავისი მსახურებისგან. თუ ადამიანი გულწრფელად ნანობს ჩადენილ დანაშაულს და გამოსწორების გზას ადგება, იეჰოვა დააჯილდოებს კიდეც. კიდევ რისი სწავლა შეგვიძლია იქიდან, რაც იაკობმა თავის დანარჩენ რვა ვაჟს უთხრა? ამას მომდევნო სტატიიდან გავიგებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 124 მუდამ ერთგულები