საგუშაგო კოშკის ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
საგუშაგო კოშკი
ᲝᲜᲚᲐᲘᲜ ᲑᲘᲑᲚᲘᲝᲗᲔᲙᲐ
ქართული
  • ᲑᲘᲑᲚᲘᲐ
  • ᲞᲣᲑᲚᲘᲙᲐᲪᲘᲔᲑᲘ
  • ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲘ
  • it „სიმონი“
  • სიმონი

ვიდეო არ არის ხელმისაწვდომი.

ბოდიშს გიხდით, ვიდეოს ჩამოტვირთვა ვერ მოხერხდა.

  • სიმონი
  • წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • მსგავსი მასალა
  • რას ვსწავლობთ იაკობის წინასწარმეტყველებიდან (ნაწილი 1)
    საგუშაგო კოშკი იუწყება იეჰოვას სამეფოს შესახებ – 2025
  • სიმონელები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • შემოსაზღვრული ქალაქები
    წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
  • აღთქმული ბავშვი
    იესო ქრისტე — გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე
იხილეთ მეტი
წმინდა წერილების საკვლევი ცნობარი
it „სიმონი“

სიმონი

ეს სახელი ბერძნულ და ებრაულ ენებზე სხვადასხვანაირად იწერება [ნაწარმოებია ებრ. ფუძიდან, რომელიც ნიშნავს სმენას].

1. იაკობის 12 ვაჟიდან მეორე; სიმონი იმიტომ დაარქვეს, რომ დედამისმა თქვა: „იეჰოვამ მომისმინა, რადგან მოძულებული ვიყავი, და ახლა ესეც მომცა“ (დბ. 29:32, 33; 35:23—26; 48:5; გმ. 1:1—4; 1მტ. 2:1, 2).

როცა მამამისი, იაკობი შექემთან ახლოს იყო დაბანაკებული, სიმონმა და მისმა მომდევნო ძმამ, ლევიმ, რისხვით იძიეს შური და ზედმეტი სიმკაცრე და სისასტიკე გამოავლინეს. მათ თვითნებურად, მამის დაუკითხავად გადაწყვიტეს, შური ეძიათ თავიანთი უმცროსი დის, დინას შეურაცხყოფისთვის, დახოცეს შექემელები და იაკობის მთელ ოჯახს უბედურება დაატეხეს (დბ. 34:1—31).

მოგვიანებით სიმონმა ბოროტება ჩაიდინა, როცა ძმებთან ერთად იოსების მოკვლა განიზრახა (დბ. 37:12—28, 36). მაგრამ ბიბლიიდან არ ჩანს, იყო თუ არა სიმონი, იაკობის მეორე ვაჟი, იოსების წინააღმდეგ მოწყობილი შეთქმულების მოთავე. წლების შემდეგ, როცა ეგვიპტეში საკვების გამნაწილებელმა იოსებმა თავისი ძმები გამოსცადა, მან სიმონი შებორკა და საპატიმროში ჩასვა, ვიდრე მისი ძმები ბენიამინს არ ჩაიყვანდნენ ეგვიპტეში (დბ. 42:14—24, 34—36; 43:15, 23).

სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე, თავისი ვაჟების კურთხევისას იაკობმა განსაჯა სიმონი და ლევი მრავალი წლის წინ შექემელების მიმართ გამოვლენილი სისასტიკისთვის და თქვა: „მათი მომაკვდინებელი მახვილი ძალადობის იარაღია. ნუ მიხვალ, ჩემო სულო, მათ სამეგობროში. ნუ გაერთიანდები, ჩემო გონებავ, მათ კრებულში, რადგან რისხვით დახოცეს კაცები და თვითნებურად გადაუჭრეს ხარებს მყესები. დაწყევლილი იყოს მათი რისხვა, რადგან სისასტიკეა, და მათი მრისხანება, ვინაიდან ულმობლობაა. დავანაწილებ მათ იაკობში და გავფანტავ ისრაელში“ (დბ. 49:5—7). ამგვარად, თუ სიმონს უფროსი ძმის, რეუბენის მიერ დაკარგული პირმშოობის მიღების რაიმე იმედი ჰქონდა, ამ სიტყვებით იაკობმა საბოლოოდ გადაუწურა ის. სიმონს ექვსი ვაჟი ჰყავდა, ერთ-ერთი მათგანი — ქანაანელი ქალისგან. წინასწარმეტყველების თანახმად, სიმონის ტომის საკუთრება და ლევის ტომის საკუთრება გვერდი-გვერდ არ იყო, ორივე გაიფანტა. სიმონის სამკვიდრო დაქუცმაცებული იყო შემოსაზღვრულ ქალაქებად და იუდას ტერიტორიაზე მდებარეობდა (დბ. 46:10; გმ. 6:15; 1მტ. 4:24; იეს. 19:1).

2. ისრაელის ერთ-ერთი ტომი, რომელიც წამოვიდა სიმონის ექვსი ვაჟისგან — იემუელის, იამინის, ოჰადის, იაქინის, ცოხარისა და შაულისგან (დბ. 46:10; გმ. 6:15). უდაბნოში ისრაელის ხეტიალის დროს სიმონის ტომი კარვის სამხრეთით იყო დაბანაკებული რეუბენისა და გადის ტომებთან ერთად. ამ სამტომიან დანაყოფს წინ მიუძღოდა რეუბენის ტომი. მსვლელობის დროს ტომების წყობა შენარჩუნებული იყო. სიმონის ბანაკის თავკაცი და ლაშქრის მეთაური იყო შელუმიელი (რც. 1:4, 6; 2:10—15; 10:18—20).

ტომის რიცხობრივად შემცირება. ეგვიპტის დატოვებიდან ერთ წელიწადში ჩატარებული პირველი აღრიცხვის დროს სიმონის ტომში 20 წლიდან ზემოთ ლაშქარში გამსვლელი მამაკაცების რიცხვი 59 300 იყო (რც. 1:1—3, 22, 23). მაგრამ 39 წლის შემდეგ მეორე აღრიცხვის დროს აღმოჩნდა, რომ ტომმა დიდი დანაკარგი განიცადა და იმავე კატეგორიის მამაკაცების რიცხვი მხოლოდ 22 200-ს შეადგენდა. ტომში მამაკაცების რიცხვი 62 პროცენტზე მეტით შემცირდა და ეს ბევრად აღემატებოდა სხვა ნებისმიერი ტომის დანაკარგს (რც. 26:1, 2, 12—14).

თავისი გამოსათხოვარი კურთხევის დროს მოსემ სიმონი ისრაელის ტომებს შორის არ მოიხსენია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ტომი კურთხეული არ იყო, რადგან ბოლოს წარმოთქმულ ზოგად კურთხევაში ისიც იგულისხმება (კნ. 33:6—24, 29). სიმონი პირველი მოიხსენიება იმ ტომებს შორის, რომლებიც კურთხევის გამოცხადების დროს გერიზიმის მთაზე უნდა მდგარიყვნენ (კნ. 27:11, 12).

აღთქმულ მიწაზე ტერიტორიის გამოყოფის დროს, უეჭველია, სიმონის რიცხობრივი კლება გათვალისწინებული იყო. ტომმა არ მიიღო იზოლირებული, მთლიანი ტერიტორია. მისი შემოსაზღვრული ქალაქები იუდას ტერიტორიაზე იყო. ამგვარად შესრულდა სიკვდილის წინ იაკობის მიერ 200 წელზე მეტი ხნით ადრე წარმოთქმული წინასწარმეტყველება (რც. 34:16—20; იეს. 19:1—9; შდრ. დბ. 49:5—7). ეს ტერიტორია სიმონმა იუდასთან ერთად გამოსტაცა ქანაანელებს ხელიდან (მსჯ. 1:1—3, 17). შემოსაზღვრული ქალაქები სიმონის სამკვიდროდან ლევის ტომსაც მისცეს (იეს. 21:4, 9, 10; 1მტ. 6:64, 65).

მოგვიანებითაც მოიხსენიება ბიბლიაში. სიმონელები მოგვიანებით დროდადრო მოხსენიებულნი არიან ისრაელის ისტორიაში — დავითის (1მტ. 4:24—31; 12:23, 25; 27:16), ასას (2მტ. 15:8, 9) და იოშიას დღეებში (2მტ. 34:1—3, 6, 7). იოშიას რეფორმების შესახებ ჩანაწერიდან ჩანს, რომ სიმონის ტომი პოლიტიკურად და რელიგიურად ჩრდილოეთ სამეფოს ემხრობოდა, მიუხედავად იმისა, რომ გეოგრაფიულად იუდას ტერიტორიაზე იყო. როგორც ჩანს, ხიზკიას დროს 500-მა სიმონელმა მოსპო ამალეკელთა დარჩენილი ნაწილი და მათ მიწებზე დასახლდა (1მტ. 4:41—43).

„ეზეკიელსა“ და „გამოცხადებაში“ სიმონი ისრაელის სხვა ტომებს შორის მოიხსენიება. ეზეკიელის ხილვიდან ჩანს, რომ აღთქმული მიწის გეგმაში სიმონისთვის გამოყოფილი ტერიტორია მდებარეობს „წმინდა შესაწირავის“ სამხრეთით, ბენიამინისა და ისაქარის ტერიტორიებს შორის. მაგრამ სიმონის სახელით წოდებული კარიბჭე, რომელიც წმინდა ქალაქის სამხრეთითაა, ისაქარისა და ზებულონის წინ მოიხსენიება (ეზკ. 48:21—25, 28, 33). გამოცხადების მე-7 თავში 144 000 ბეჭედდასმულთა შესახებ ჩაწერილ ხილვაში სიმონი ტომებს შორის მეშვიდეა (გმც. 7:7).

3. იესოს დედის, მარიამის წინაპარი (ლკ. 3:30).

4. მართალი, ღვთისმოშიში ხანდაზმული მამაკაცი, რომელიც ზუსტად იმ დროს მივიდა ტაძარში, როცა იოსებმა და მარიამმა იქ ჩვილი იესო მიიყვანეს. სიმონს ღვთისგან ეუწყა, რომ სიკვდილის წინ ქრისტეს იხილავდა. მან ხელში აიყვანა ჩვილი, აკურთხა იეჰოვა და წმინდა სულით აღძრულმა ბავშვის დედას განუცხადა: „ეს დაყენებულია ისრაელში მრავალთა დასამხობად და აღსადგენად“. სიმონმა აგრეთვე იწინასწარმეტყველა, რომ მარიამს შვილის წამებით სიკვდილი იმდენად დაამწუხრებდა, თითქოს მახვილმა გაუარაო სულში (ლკ. 2:22, 25—35).

5. სიმონ ისკარიოტელი, იესოს გამცემის, იუდას მამა (ინ. 6:71; 13:2, 26).

6. პეტრე მოციქულის სხვა სახელი (მრ. 3:16; იხ. პეტრე).

7. იესო ქრისტეს მოციქული, რომელიც სიმონ-პეტრესგან განსასხვავებლად კანანელად მოიხსენიება (მთ. 10:4; მრ. 3:18). შესაძლებელია სიმონს მოშურნე ან ზელოტი (ზელოტე) იმის გამო ეწოდა, რომ ერთ დროს რომის მოწინააღმდეგე იუდეველთა პარტიას, ზელოტებს მიეკუთვნებოდა ან ღვთის თაყვანისცემაში მოშურნე იყო (ლკ. 6:15; სქ. 1:13, იხ. აგრეთვე სსგ).

8. იესოს უმცროსი ნახევარძმა (მთ. 13:55; მრ. 6:3). ახ. წ. 32 წლის კარვობის დღესასწაულამდე ის ჯერ კიდევ არ იყო იესოს მოწაფე (ინ. 7:2—8), მაგრამ შესაძლოა მოგვიანებით გახდა. ახ. წ. 33 წლის ორმოცდამეათე დღის დღესასწაულზე იერუსალიმში შეკრებილ დაახლოებით 120 მოწაფეს შორის იესოს ნახევარძმებიც იყვნენ, თუმცა კონკრეტულად სიმონი სახელით არ არის მოხსენიებული (სქ. 1:14, 15).

9. ფარისეველი, ვის სახლშიც იესომ ისადილა. სწორედ მის სახლში ცოდვილმა ქალმა იესოს მიმართ სიკეთე და პატივისცემა გამოავლინა და ფეხებზე ნელსაცხებელი სცხო (ლკ. 7:36—50).

10. ბეთანიის მკვიდრი, რომელსაც კეთროვნადაც მოიხსენიებდნენ (შესაძლოა, იესომ განკურნა). მის სახლში ქრისტემ თავის მოწაფეებთან, მკვდრეთით აღმდგარ ლაზარესა და მის დებთან, მარიამსა და მართასთან ერთად ივახშმა. იქ მარიამმა იესოს ძვირფასი ნელსაცხებელი მოასხა თავზე (მთ. 26:6—13; მრ. 14:3—9; ინ. 12:2—8).

11. კირენელი კაცი, ალექსანდრესა და რუფუსის მამა. მინდვრიდან მომავალი სიმონი დაიჭირეს და აიძულეს, იესოს წამების ბოძი ეტარებინა (მთ. 27:32; მრ. 15:21; ლკ. 23:26; იხ. კირენე, კირენელი ).

12. ჯადოქარი ქალაქ სამარიიდან, რომელიც თავისი ჯადოქრობით ისე აოცებდა სამარიელებს, რომ ისინი ამბობდნენ: „ეს კაცი ღვთის ძალაა, რომელსაც შეიძლება დიდი ეწოდოს“. ფილიპეს ქადაგების შედეგად, „სიმონმაც ირწმუნა“ და მოინათლა. მოგვიანებით, როცა მორწმუნეებმა პეტრე და იოანე მოციქულების ხელდადებით წმინდა სული მიიღეს, სიმონმა არასწორი მოტივით ფული შესთავაზა მოციქულებს, რომ მათსავით შესძლებოდა ხელის დადებით სხვებისთვის წმინდა სულის მიცემა. პეტრემ გაკიცხა სიმონი და უთხრა, რომ ღვთის წინაშე ის გულწრფელი არ იყო და მოუწოდა, მოენანიებინა და პატიებისთვის ელოცა. მაშინ სიმონმა მოციქულებს სთხოვა, ისინი შევედრებოდნენ იეჰოვას მისთვის (სქ. 8:9—24).

13. იოპეში ზღვის პირას მცხოვრები მეტყავე, რომლის სახლშიც ახ. წ. 36 წელს მოციქული პეტრე დიდხანს დარჩა (სქ. 9:43; 10:6, 17, 32).

14. სირიის ანტიოქიის კრების წინასწარმეტყველებიდან და მასწავლებლებიდან ერთ-ერთი. მათ ხელი დაადეს ბარნაბასა და პავლეს მას შემდეგ, რაც წმინდა სულმა ისინი მისიონერული მსახურებისთვის გამოყო. სიმონის ლათინური სახელი იყო ნიგერი (სქ. 13:1—3).

    ქართული პუბლიკაციები (1992—2026)
    გამოსვლა
    შესვლა
    • ქართული
    • გაზიარება
    • პარამეტრები
    • Copyright © 2025 Watch Tower Bible and Tract Society of Pennsylvania
    • ვებგვერდით სარგებლობის წესები
    • კონფიდენციალურობის პოლიტიკა
    • უსაფრთხოების პარამეტრები
    • JW.ORG
    • შესვლა
    გაზიარება