ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 30
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 97 ღვთის სიტყვას სიცოცხლე მოაქვს
რატომ ღირს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შეხსენება?
„ყოველთვის მზად ვარ, შეგახსენოთ ამის შესახებ, თუმცა იცით ეს და მტკიცედაც დგახართ ჭეშმარიტების გზაზე“ (2 ᲞᲔᲢ. 1:12).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიიდან დავინახავთ, რაში დაგვეხმარება თუნდაც ჩვენთვის კარგად ნაცნობ ბიბლიის ძირითად სწავლებებზე დაფიქრება.
1. როგორ იმოქმედა თქვენზე ჭეშმარიტების გაგებამ?
ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ძირითადმა სწავლებებმა ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ შეცვალა. მაგალითად, ღვთის სახელის გაგებამ უფრო გაგვიძლიერა მასთან დაახლოების სურვილი (ეს. 42:8). სიმშვიდე დაგვეუფლა, როცა გავიგეთ, რომ ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები არ იტანჯებიან (ეკლ. 9:10). ღვთის დაპირებამ სამოთხის შესახებ მომავლის შიში დაგვაძლევინა. ჩვენს ცხოვრებას აზრი შესძინა იმის ცოდნამ, რომ მხოლოდ ხანმოკლე სიცოცხლისთვის კი არა, მარადიულობისთვის ვართ შექმნილი (ფსალმ. 37:29; 90:10).
2. რატომაა კარგი, თუნდაც მოწიფული ქრისტიანებისთვის, ძირითადი ბიბლიური სწავლებების შეხსენება? (2 პეტრე 1:12, 13).
2 გვინდა, რომ წლების სვლასთან ერთად ბიბლიის ძირითადმა სწავლებებმა ჩვენთვის არ დაკარგოს აქტუალურობა. მოციქულმა პეტრემ მეორე წერილი გამოცდილ ქრისტიანებს მისწერა, რომლებიც მტკიცედ იდგნენ ჭეშმარიტების გზაზე (წაიკითხეთ 2 პეტრეს 1:12, 13). თუმცა, როგორც პეტრემ აღნიშნა, ისინი საფრთხის წინაშე აღმოჩნდნენ კრებაში შემოპარული ცრუმასწავლებლებისა და უზნეო ადამიანების გამო (2 პეტ. 2:1–3). ამ წერილით მოციქულს მათი დახმარება სურდა. ამიტომაც შეახსენა კარგად ნაცნობი სწავლებები, რომლებიც მათ ერთგულების შენარჩუნებაში დაეხმარებოდა.
3. რატომ არ უნდა შევწყვიტოთ ბიბლიის ძირითად სწავლებებზე ფიქრი? მოიყვანეთ მაგალითი.
3 რაც უფრო ვიზრდებით სულიერად, მით უფრო ადვილად ვამჩნევთ კარგად ნაცნობ ბიბლიურ სწავლებებში ახალ ნიუანსებს. მოვიყვანოთ პროფესიონალი მზარეულისა და ახალბედა მზარეულის მაგალითი. კერძის მოსამზადებლად მათ შეიძლება ერთნაირი ინგრედიენტები გამოიყენონ. მაგრამ განსხვავება ისაა, რომ გამოცდილმა მზარეულმა იცის, როგორ შექმნას ამ ინგრედიენტებით ახალი, განუმეორებელი გემოები. მსგავსად, მათ, ვინც დიდი ხანია იეჰოვას ემსახურება, შეიძლება ახალ-ახალი მხარეები დაინახონ ბიბლიის ძირითად სწავლებებში. რა განაპირობებს ამას? ნათლობის შემდეგ ბევრი რამ იცვლება ქრისტიანის ცხოვრებაში, რამაც შეიძლება სრულიად ახალი თვალით შეახედოს კარგად ნაცნობ საკითხებს. ქვემოთ შევეხებით სამ ბიბლიურ სწავლებას და გავიგებთ, რისი სწავლა შეუძლიათ მოწიფულ ქრისტიანებს.
ᲘᲔᲰᲝᲕᲐ ᲨᲔᲛᲝᲥᲛᲔᲓᲘᲐ
4. როგორ იმოქმედა ჩვენზე იმის გაგებამ, რომ იეჰოვა შემოქმედია?
4 ბიბლიაში ნათქვამია: „ყველაფრის ამშენებელი ღმერთია“ (ებრ. 3:4). ჩვენ ვიცით, რომ სამყარო და სიცოცხლე ყოვლისმცოდნე და ყოვლისშემძლე ღმერთმა შექმნა. შესაბამისად, მან ყველაფერი იცის ჩვენ შესახებ. მეტიც, მას აღელვებს ჩვენი მდგომარეობა და ზრუნავს ჩვენზე. მან ყველაზე უკეთ იცის, რა არის საჭირო ჩვენი ბედნიერებისთვის. იმის ცოდნამ, რომ გვყავს მოსიყვარულე შემოქმედი, ჩვენს ცხოვრებას ნამდვილად შესძინა აზრი.
5. რაში გვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვაა შემოქმედი? (ესაია 45:9–12).
5 ის ფაქტი, რომ იეჰოვა ჩვენი შემოქმედია, თავმდაბლობას გვასწავლის. ერთხელ იეჰოვას იობისთვის იმის შეხსენება მოუწია, რომ ყოვლისშემძლე შემოქმედია. ეს იმიტომ, რომ იობი ზედმეტად იყო ორიენტირებული საკუთარ თავზე (იობ. 38:1–4). ის მიხვდა, რომ ადამიანისგან განსხვავებით ღმერთი არასდროს ცდება. მსგავსი აზრი წინასწარმეტყველმა ესაიამაც გამოთქვა: „განა თიხა თავის შემქმნელს უნდა ეუბნებოდეს, რას აკეთებო?!“ (წაიკითხეთ ესაიას 45:9–12).
6. რატომ არის კარგი იმაზე ფიქრი, რომ იეჰოვა ჩვენზე გაცილებით აღმატებულია? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
6 დროთა განმავლობაში ქრისტიანს შეიძლება იმის ცდუნება გაუჩნდეს, რომ საკუთარ გამოცდილებას დაეყრდნოს და იეჰოვას და მის სიტყვას არ მიმართოს ხელმძღვანელობისთვის (იობ. 37:23, 24). მაგრამ თუ ქრისტიანი იფიქრებს შემოქმედის შეუდარებელ სიბრძნესა და ძალაზე, საკუთარ შესაძლებლობებსა და შეხედულებებს თავმდაბლურად შეაფასებს (ეს. 40:22; 55:8, 9).
რა დაგვეხმარება საკუთარი შეხედულებების სწორად შეფასებაში? (იხილეთ აბზაცი 6)e
7. რა დაეხმარა ერთ დას, რომ შეგუებოდა ცვლილებას?
7 განვიხილოთ სლოვენიაში მცხოვრები ერთი დის, რაჰელას, მაგალითი. აი რას გვიზიარებს ის: „ზოგჯერ მიჭირს დავეთანხმო იმ გადაწყვეტილებებს, რომლებსაც ძმები იღებენ. მაშინაც კი, როცა ხელმძღვანელი საბჭოს ანგარიშშიa ითქვა, რომ ძმებს წვერის ტარება შეეძლოთ, თავიდან ვერაფრით შევეგუე ამ ცვლილებას. იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას, რომ დამოკიდებულება შემეცვალა“. რაჰელამ გააცნობიერა, რომ იეჰოვამ, როგორც ცისა და მიწის შემოქმედმა, ყველაზე კარგად იცის, რა მიმართულება მისცეს თავის ორგანიზაციას. თუ თქვენც გიჭირთ ახალი მითითებებისა თუ საკითხების ახლებური ახსნის მიღება, იფიქრეთ, რამდენად აღმატებულია შემოქმედის სიბრძნე და ძალა (რომ. 11:33–36).
ᲠᲐᲢᲝᲛ ᲣᲨᲕᲔᲑᲡ ᲦᲛᲔᲠᲗᲘ ᲢᲐᲜᲯᲕᲐᲡ
8. როგორ მოქმედებს ჩვენზე იმის ცოდნა, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
8 დღეს ბევრმა არ იცის, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას. ამის გამო ზოგი ღმერთზე ბრაზობს ან საერთოდ უარყოფს მის არსებობას (იგავ. 19:3). ჩვენ კი ვიცით, რომ ტანჯვას იეჰოვა კი არა, ცოდვა და არასრულყოფილება იწვევს. ჩვენ ისიც გვესმის, რომ იეჰოვას მოთმინების წყალობით მილიონებს მიეცათ მისი გაცნობისა და იმის გაგების საშუალება, თუ როგორ მოუღებს ის ბოლოს ყოველგვარ ტანჯვას (2 პეტ. 3:9, 15). ამის ცოდნა ჩვენ გვანუგეშებს და უფრო გვაახლოებს ღმერთთან.
9. როდის შეიძლება დაგვჭირდეს იმის შეხსენება, თუ რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
9 ჩვენ გვესმის, რომ მოთმინებით უნდა დაველოდოთ იმ დროს, როცა იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ტანჯვას. თუმცა, როცა ჩვენ ან ჩვენი ახლობლები რაიმე გასაჭირს ან უსამართლობას ვხვდებით, იმის სურვილი გვიჩნდება, რომ იეჰოვამ მაშინვე იმოქმედოს (აბაკ. 1:2, 3). ასეთ დროს კარგი იქნება, თუ შევახსენებთ საკუთარ თავს, რატომ უშვებს ღმერთი მართალთა ტანჯვასb (ფსალმ. 34:19). არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ ეს ყველაფერი დროებითია და იეჰოვა ერთხელ და სამუდამოდ მოუღებს ბოლოს ყველანაირ უბედურებას.
10. რა ანუგეშებს ერთ დას?
10 იმის ცოდნა, თუ რა იწვევს ტანჯვას, მოთმინების ძალასაც გვაძლევს. მოვიყვანოთ ერთი დის, ენის, მაგალითი, რომელიც კუნძულ მაიოტაზე ცხოვრობს: „რამდენიმე წლის წინ დედა დამეღუპა, რასაც დღემდე ძალიან განვიცდი. საკუთარ თავს ხშირად ვახსენებ, რომ იეჰოვა არაფერ შუაშია. მას უნდა, რომ ყველანაირ ტანჯვას წერტილი დაუსვას და ჩვენი გარდაცვლილი ახლობლები დაგვიბრუნოს. როცა ამაზე ვფიქრობ, მე თვითონ მიკვირს, ისეთი სიმშვიდე მეუფლება“.
11. რაში გვეხმარება იმის ცოდნა, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას?
11 როცა გვახსოვს, რატომ უშვებს ღმერთი ტანჯვას, ქადაგების სურვილიც არ გვინელდება. პეტრემ ახსნა, რომ ღვთის სულგრძელობა მომნანიებელ ადამიანებს ხსნის შესაძლებლობას აძლევს, შემდეგ კი დასძინა: „დაფიქრდით, როგორი ადამიანები უნდა იყოთ! სიწმინდე უნდა დაიცვათ და ღვთისმოსაწონად მოიქცეთ“ (2 პეტ. 3:11). ღვთისმოსაწონად მოქცევა ქადაგებასაც გულისხმობს. ჩვენ გვინდა, მივბაძოთ იეჰოვას, რომელსაც უყვარს ადამიანები და საშუალებას აძლევს, რომ მისი მსახურები გახდნენ და ახალ ქვეყნიერებაში იცხოვრონ. ამიტომ ჩვენთვის დიდი პატივია, რომ შეგვიძლია მასთან ვითანამშრომლოთ და რაც შეიძლება მეტ ადამიანს დავეხმაროთ აღსასრულის დადგომამდე (1 კორ. 3:9).
ᲩᲕᲔᲜ „ᲑᲝᲚᲝ ᲓᲦᲔᲔᲑᲨᲘ“ ᲕᲪᲮᲝᲕᲠᲝᲑᲗ
12. რაში გვეხმარება იმის ცოდნა, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ?
12 ბიბლიაში ზუსტად იყო აღწერილი, როგორები იქნებოდნენ ადამიანები „ბოლო დღეებში“ (2 ტიმ. 3:1–5). ჩვენ დღეს საკუთარი თვალით ვხედავთ ამ სიტყვების შესრულებას. რაც უფრო დეგრადირდება საზოგადოება, მით უფრო მეტად ვრწმუნდებით ღვთის სიტყვის უტყუარობაში (2 ტიმ. 3:13–15).
13. რაზე უნდა დაგვაფიქროს ლუკას 12:15–21-ში ჩაწერილმა მაგალითმა?
13 რახან „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, ვცდილობთ, დარჩენილი დრო გონივრულად გამოვიყენოთ. რისი დანახვა შეგვიძლია ამ კუთხით იესოს მოყვანილი მაგალითიდან, რომელიც ჩაწერილია ლუკას 12:15–21-ში? (წაიკითხეთ). რატომ ეწოდა ამ იგავში მდიდარ კაცს უგუნური? იმიტომ არა, რომ მდიდარი იყო, არამედ იმიტომ, რომ თავისთვის აგროვებდა განძს და ღვთის თვალში არ მდიდრდებოდა ანუ პრიორიტეტები სწორად არ ჰქონდა დადგენილი. თანაც მისი დღეები დათვლილი იყო. ჩვენ, ვინც „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ, უნდა დავფიქრდეთ: აჩვენებს ჩემი მიზნები, რომ დროს გონივრულად ვიყენებ? რა მიზნებს ვუსახავ შვილებს? მხოლოდ საკუთარ ინტერესებს ვახმარ ჩემს დროს, ენერგიას და ფინანსებს თუ ვცდილობ, ზეცაში მოვაგროვო განძი?
14. რას ვსწავლობთ მიკის მაგალითიდან?
14 თუ ვაცნობიერებთ, რა დროში ვცხოვრობთ, ეს ჩვენს სამომავლო გეგმებზეც აისახება. ამ მხრივ საინტერესოა ერთი დის, მიკის მაგალითი. ის გვიყვება: „სკოლის დამთავრების შემდეგ ზოოლოგიის შესწავლა მინდოდა. თან პიონერობასაც ვაპირებდი და იქ მსახურებასაც, სადაც მქადაგებლების საჭიროება იყო. მაგრამ მოწიფულმა თანაქრისტიანებმა იმაზე დამაფიქრეს, რამდენად შევძლებდი, რომ სწავლა-განათლების პარალელურად სულიერი მიზნებისთვისაც მიმეღწია. მათ იმაზე გამიმახვილეს ყურადღება, რომ ამ ქვეყნიერების დრო იწურება, ახალ ქვეყნიერებაში კი დროში არ ვიქნები შეზღუდული, რომ ცხოველთა სამყარო ვიკვლიო. ამიტომ გადავწყვიტე, მოკლე სასწავლო კურსი გამევლო. ისეთი სამსახური ვიშოვე, რომ პიონერობაც დავიწყე და მოგვიანებით ეკვადორშიც გადავედი მსახურების გასაფართოებლად“. დღეს მიკი და მისი მეუღლე ეკვადორში სარაიონო მსახურებას ეწევიან.
15. რაში გვარწმუნებს იაკობის მაგალითი? (იხილეთ აგრეთვე სურათები).
15 გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ ვინმე დადებითად არ ეხმაურება სასიხარულო ცნობას. უნდა გვახსოვდეს, რომ ადამიანები იცვლებიან. ამას ადასტურებს იესოს ნახევარძმის, იაკობის მაგალითი. ის იესოს გვერდით ერთ ოჯახში იზრდებოდა, ხედავდა, როგორ სრულდებოდა მასზე მესიაზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები, რა სასწაულებს ახდენდა და რა გასაოცრად ასწავლიდა ხალხს. მიუხედავად ამისა, იაკობი იესოს მოწაფე მაშინვე არ გამხდარა. ეს ნაბიჯი მხოლოდ მას შემდეგ გადადგა, რაც მკვდრეთით აღმდგარი იესო გამოეცხადა.c იმ დღიდან მოყოლებული იაკობი მისი გულანთებული მიმდევარი იყო (იოან. 7:5; გალ. 2:9). არც ჩვენ უნდა გადავიწუროთ იმედი და არ უნდა შევწყვიტოთ სასიხარულო ცნობის გაზიარება ახლობლებისა თუ სხვებისთვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ქადაგებისთვის დრო ცოტაღა დარჩა. ჩვენმა ნათქვამმა შედეგი შეიძლება მოგვიანებით, „დიდი გასაჭირის“ დაწყების შემდეგაც კი გამოიღოს.d
რა დაგვეხმარება, ხელი არ ჩავიქნიოთ ნათესავებზე, რომლებსაც ჭეშმარიტება არ აინტერესებთ? (იხილეთ აბზაცი 15)f
ᲧᲝᲕᲔᲚᲗᲕᲘᲡ ᲓᲐᲐᲤᲐᲡᲔᲗ ᲑᲘᲑᲚᲘᲘᲡ ᲫᲘᲠᲘᲗᲐᲓᲘ ᲡᲬᲐᲕᲚᲔᲑᲔᲑᲘ
16. რაში გვეხმარება ძირითადი ბიბლიური სწავლებების შეხსენება? (იხილეთ აგრეთვე ჩარჩო „როგორ დავეხმაროთ სხვებს“).
16 ყოველკვირეული საჯარო მოხსენებები, ზოგი სტატია და ვიდეო ჩვენს ვებსაიტზე jw.org და ფართო მკითხველისთვის განკუთვნილი ჟურნალები ძირითადად მათთვის მზადდება, ვინც არ არის იეჰოვას მოწმე და არა აქვს ბიბლიის საბაზისო ცოდნა. თუმცა ეს მასალა ჩვენც გვადგება. მაგალითად, უფრო გვაყვარებს იეჰოვას, უფრო მეტად გვარწმუნებს ღვთის სიტყვის სანდოობაში და გვეხმარება, უკეთ ავუხსნათ სხვებს ბიბლიის ძირითადი სწავლებები (ფსალმ. 19:7).
17. როდის ღირს ძირითადი ბიბლიური სწავლებების შეხსენება?
17 ყველას გვახარებს, როცა მეტი ნათელი ეფინება რომელიმე ბიბლიურ საკითხს. ამავე დროს ჩვენთვის კვლავაც ძვირფასია ის ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რომლებმაც ჭეშმარიტებისკენ მიგვიზიდა. ასე რომ, თუ გაგვიჩნდება იმის ცდუნება, რომ საკუთარ გამოცდილებას დავეყრდნოთ და არა იეჰოვას ორგანიზაციისგან მიღებულ ხელმძღვანელობას, უნდა შევიხსენოთ, რომ სინამდვილეში ამ ორგანიზაციის უკან ყოვლისშემძლე და ყოვლისმცოდნე შემოქმედი დგას. თუ ჩვენ ან ჩვენი ახლობლები რაიმე გასაჭირს ვხვდებით, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, რატომ უშვებს იეჰოვა ტანჯვას. როცა მიზნებს ვისახავთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რა დროში გვიწევს ცხოვრება. მოდი კვლავაც შევიხსენოთ ძირითადი ბიბლიური სწავლებები, რომ განვიმტკიცოთ ნდობა, გავიძლიეროთ მსახურების სურვილი და გონივრულად დავისახოთ მიზნები.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება
b იხილეთ 2007 წლის 15 მაისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „მალე ყველანაირ ტანჯვას ბოლო მოეღება!“, გვ. 21–25.
e ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესთა საბჭო არ იწონებს ერთი უხუცესის აზრს. მოგვიანებით ის ზეცას შეჰყურებს და ფიქრობს იეჰოვას აღმატებულობაზე, რაც საკუთარი შეხედულებების სწორად შეფასებაში ეხმარება.
f ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: პირადი შესწავლის დროს ერთი და იკვლევს იმის დამადასტურებელ ფაქტებს, რომ „ბოლო დღეებში“ ვცხოვრობთ. მას სურვილი უჩნდება, რომ დაურეკოს და ამ საკითხზე ესაუბროს თავის დას, რომელიც არაა იეჰოვას მოწმე.