ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 45
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 111 ჩვენი სიხარულის მიზეზი
რა დაგეხმარებათ სიხარულის შენარჩუნებაში, თუ ახლობელს უვლით
„ცრემლით მთესველნი სიხარულის ყიჟინით მოიმკიან“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 126:5).
ᲛᲘᲖᲐᲜᲘ
ამ სტატიაში მოცემული რჩევები სიხარულის შენარჩუნებაში დაეხმარება მათ, ვინც ოჯახის წევრს ან ახლობელს უვლის.
1, 2. რა დამოკიდებულება აქვს იეჰოვას მათ მიმართ, ვინც ასაკოვანს ან ავადმყოფს უვლის? (იგავები 19:17; იხილეთ აგრეთვე სურათები).
„ᲣᲙᲕᲔ 32 წელია, რაც მე და ჩემი მეუღლე დაქორწინებული ვართ. ჩემს ცოლს პარკინსონის დაავადება აქვს და მოძრაობა უჭირს. 5 წელია, განსაკუთრებულ ზრუნვას საჭიროებს. სამედიცინო საწოლზე სძინავს. მეც ახლოს ვწევარ და მთელი ღამე ხელი მაქვს ჩაკიდებული. ძალიან მიყვარს ჩემი მეუღლე და მასზე სიამოვნებით ვზრუნავ“, – გვიყვება ერთი კორეელი ძმა ჯინ-იელი.
2 შეიძლება თქვენც უვლით მეუღლეს, მშობელს, შვილს ან მეგობარს. ცხადია, საყვარელ ადამიანზე ზრუნვა გსიამოვნებთ. ამასთანავე, ამით იეჰოვასაც უმტკიცებთ ერთგულებას (1 ტიმ. 5:4, 8; იაკ. 1:27). თუმცა, ისიც უნდა ითქვას, რომ ამ დროს გარკვეულ სირთულეებსაც ხვდებით, რასაც ალბათ სხვები ვერ ამჩნევენ. ზოგჯერ ისეთი გრძნობა გიჩნდებათ, თითქოს არავის ესმის თქვენი. შეიძლება ადამიანების გარემოცვაში იღიმით კიდეც, მაგრამ, როცა მარტო რჩებით, ცრემლებს ვერ იკავებთ (ფსალმ. 6:6). გახსოვდეთ, სხვებმა რომც ვერ შენიშნონ, იეჰოვას არასდროს დარჩება შეუმჩნეველი, რას განიცდით (შეადარეთ გამოსვლის 3:7). ავადმყოფის მოვლა შეიძლება ცრემლების ფასად გიჯდებათ, მაგრამ იცოდეთ, რომ იეჰოვა გიფასებთ გაღებულ მსხვერპლს (ფსალმ. 56:8; 126:5). ის თავს მოვალედ თვლის, რომ გაწეული შრომისთვის „გადაგიხადოთ“ (წაიკითხეთ იგავების 19:17).
თქვენც ხომ არ უვლით ოჯახის წევრს ან ახლობელს? (იხილეთ აბზაცი 2)
3. რა სირთულეებს შეხვდებოდნენ აბრაამი და სარა თერახზე ზრუნვისას?
3 ძველ დროშიც არაერთ ღვთის მსახურს უწევდა ახლობელზე ზრუნვა, მათ შორის აბრაამს და სარას. როცა ქალაქი ური დატოვეს, მათი მამა თერახი დაახლოებით 200 წლის იყო. ისიც გაჰყვა მათ და ხარანამდე სადღაც 960 კილომეტრი იარა (დაბ. 11:31, 32). ეჭვგარეშეა, აბრაამი და სარა სიყვარულით ზრუნავდნენ მამაზე, მაგრამ ამხელა გზაზე მოხუცი კაცის მოვლა იოლი არ იქნებოდა. მათ ხომ, დიდი ალბათობით, აქლემით ან ვირით მოუწევდათ მგზავრობა, რაც განსაკუთრებით ხანში შესულ თერახს გაუჭირდებოდა. ბუნებრივია, თუ დროდადრო ეს ღვთისმოშიში ცოლ-ქმარი თავს გამოფიტულად იგრძნობდა. როგორც არ უნდა ყოფილიყო, იეჰოვა ძალებით აავსებდა მათ. ეჭვი არ შეგეპაროთ, რომ ის თქვენს შემთხვევაშიც იმავეს გააკეთებს (ფსალმ. 55:22).
4. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
4 დადებითი განწყობა ადამიანს ეხმარება, ნებისმიერ სიტუაციაში შეინარჩუნოს სიხარული (იაკ. 1:2, 3). ასეთი განწყობა სხვაზე ზრუნვის ტვირთსაც უმსუბუქებს (იგავ. 15:13). რა დაგეხმარებათ, დადებითზე იყოთ კონცენტრირებული და არ დაკარგოთ სიხარული, თუ ახლობელს უვლით? ერთ-ერთია ლოცვა. შეგიძლიათ იეჰოვას სთხოვოთ, რომ ყურადღება უარყოფითზე კი არა, დადებითზე გადაიტანოთ. ამ სტატიაში სხვა რჩევებსაც განვიხილავთ, რაც სიხარულის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ. იმაზეც ვისაუბრებთ, სხვებს როგორ შეუძლიათ მხარში ამოდგომა. თუმცა თავიდან გავიგოთ, რატომაა მნიშვნელოვანი სიხარულის შენარჩუნება ასეთ დროს და რამ შეიძლება ხელი შეგიშალოთ.
ᲠᲐᲛ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ ᲓᲐᲒᲐᲙᲐᲠᲒᲕᲘᲜᲝᲗ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ
5. რატომაა მნიშვნელოვანი სიხარულის შენარჩუნება?
5 თუ სიხარული დაკარგეთ, დიდი ალბათობით, გამოიფიტებით და ძალა გამოგეცლებათ (იგავ. 24:10). ეს კი შეიძლება იმაზე აისახოს, თუ როგორ ეპყრობით მას, ვისაც უვლით. ქვემოთ განხილულია რამდენიმე მიზეზი, თუ რატომ შეიძლება დაკარგოთ სიხარული.
6. რა იწვევს ემოციურ გადაწვას?
6 ემოციური გადაწვა. ერთი და ლია ამბობს: „არაფერი განსაკუთრებული რომც არ მოხდეს, სხვაზე ზრუნვა ემოციურად მაინც დამღლელია. დღის ბოლოს აღარაფრის თავი აღარ მაქვს ხოლმე. ზოგჯერ ისე ვიფიტები, რომ ეს-ემ-ესსაც ვერ ვპასუხობ“. ბევრს, ვინც ახლობელს უვლის, ძილი არ ჰყოფნის ან დასვენებისთვის არ რჩება დრო. ასეა ერთი დის, ინესის შემთხვევაშიც. ის ამბობს: „საკმარისად არ მძინავს. ზოგჯერ ყოველ ორ საათში ვიღვიძებ, რომ დედამთილს დავხედო. უკვე წლებია, მე და ჩემი მეუღლე დასასვენებლად არ ვყოფილვართ“. ბევრს უარის თქმა უწევს მეგობრებთან დროის გატარებაზე და სხვადასხვა თეოკრატიული დავალების შესრულებაზეც, რადგან მათ ახლობლებს 24-საათიანი მოვლა სჭირდებათ. ამის გამო ზოგ მათგანს მარტოობის გრძნობა ტანჯავს და ისეთი განცდა უჩნდება, თითქოს ხელ-ფეხი აქვს შეკრული.
7. რა გრძნობები უჩნდება ზოგს და რატომ?
7 დარდი და დანაშაულის გრძნობა. ერთი და ჯესიკა ამბობს: „სინდისი მაწუხებს იმის გამო, რომ მამისთვის იმდენს ვერ ვაკეთებ, რამდენსაც უნდა ვაკეთებდე. როცა საკუთარ თავს ვუთმობ ხოლმე დროს, მერე თავი ეგოისტი მგონია და დანაშაულის გრძნობა არ მასვენებს“. ზოგს სინდისი იმის გამო ქენჯნის, რომ არსებული მდგომარეობის გამო ღიზიანდება ან ჰგონია, რომ სათანადო ყურადღებას ვერ აქცევს საყვარელ ადამიანს. ზოგი კი იმას განიცდის, რომ დაღლილობის ფონზე თავი ვერ გააკონტროლა და გულსატკენი სიტყვები უთხრა მას, ვისზეც ზრუნავს (იაკ. 3:2). ზოგისთვის კი ძალიან რთულია იმასთან შეგუება, რომ ერთ დროს ჯან-ღონით სავსე ადამიანი, ახლა დაუძლურებულია და სხვებზეა დამოკიდებული. ერთი და ბარბარა აღნიშნავს: „ყველაზე რთული იმის ყურებაა, დღითი დღე როგორ უარესდება ჩემი მეგობრის მდგომარეობა“.
8. როგორ მოქმედებს მადლიერების სიტყვები მათზე, ვინც ოჯახის წევრს ან ახლობელს უვლის? მოიყვანეთ მაგალითი.
8 დაუფასებლობის განცდა. ზოგს ასეთი განცდა იმიტომ ეუფლება, რომ იშვიათად ისმენს შექების ან მადლიერების სიტყვებს. არადა ზოგჯერ უბრალო სიტყვებიც ძალიან ბევრს ნიშნავს (1 თეს. 5:18). ერთი და მელისა, რომელიც მომვლელად მუშაობს, ამბობს: „ზოგჯერ ისე ვმწარდები, ცხარე ცრემლებით ვტირი ხოლმე. მაგრამ, როცა მეუბნებიან: მადლობა ყველაფრისთვის, რასაც ჩემთვის აკეთებო, მაშინვე კარგ ხასიათზე ვდგები. ასეთი რამის მოსმენა სტიმულს მაძლევს, განახლებული ძალებით გავაგრძელო მათზე ზრუნვა“. ერთი ძმა ამადუ ცოლს პატარა დისშვილის მოვლაში ეხმარება, რომელსაც ეპილეფსიური გულყრები აქვს. ამადუ ამბობს: „ის ალბათ ვერც კი ხვდება, მასზე ზრუნვა რამხელა მსხვერპლს მოითხოვს ჩვენგან. თუმცა ძალიან გვახარებს, როცა მადლიერებას გამოხატავს ან ფურცელზე გვიწერს, რომ ვუყვარვართ“.
ᲠᲐ ᲓᲐᲒᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐᲗ, ᲐᲠ ᲓᲐᲙᲐᲠᲒᲝᲗ ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘ
9. რას ნიშნავს საკუთარი თავის რეალისტურად შეფასება?
9 რეალისტურად შეაფასეთ საკუთარი თავი (იგავ. 11:2). შეუძლებელია, ყველაფრისთვის გვეყოს დროც და ენერგიაც. ასე რომ, უნდა განსაზღვროთ, რის გაკეთებას შეძლებთ და ზოგჯერ უარის თქმაც არ მოგერიდოთ. ამის გამო თავს ცუდად ნუ იგრძნობთ. ეს იმის მაჩვენებელია, რომ აცნობიერებთ თქვენი შესაძლებლობების ზღვარს. და თუ სხვები დახმარებას შემოგთავაზებენ, უარი არ თქვათ. ერთი ძმა ჯეი ამბობს: „ყველაფერს ერთბაშად ვერ გააკეთებ. როცა იმაზე მეტს არ ეჭიდები, ვიდრე შეგიძლია, სიხარულსაც ინარჩუნებ“.
10. როგორ დაგეხმარებათ გონიერება?
10 იყავით გონიერი (წაიკითხეთ იგავების 19:11). ზოგჯერ ის, ვისაც უვლით, შეიძლება უხეშად მოგექცეთ. ამ დროს გონიერება დაგეხმარებათ, სიმშვიდე არ დაკარგოთ. გონიერი ადამიანი ცდილობს, ჩასწვდეს, რა დგას ამა თუ იმ საქციელის მიღმა. მაგალითად, ადამიანი შეიძლება ქრონიკული დაავადების გამო მოიქცეს არაადეკვატურად (ეკლ. 7:7). შეიძლება ადრე თავაზიანი და ყურადღებიანი იყო, მაგრამ ფიცხი და შარიანი გახდა ან ძალიან მომთხოვნი, კრიტიკული და ჭირვეული ხასიათი ჩამოუყალიბდა. კარგი იქნება, თუ მისი დაავადების შესახებ მეტს შეიტყობთ. შეიძლება აღმოაჩინოთ, რომ მის საქციელს მდგომარეობა განაპირობებს და არა ხასიათი. ეს კი მის გაგებას უფრო გაგიადვილებთ (იგავ. 14:29).
11. რისთვის უნდა გამოყოთ დრო ყოველდღე? (ფსალმუნი 132:4, 5).
11 განიმტკიცეთ იეჰოვასთან მეგობრობა. ზოგჯერ რაღაც საქმეები გვერდზე უნდა გადადოთ, რომ უფრო მნიშვნელოვანისთვის მოიცალოთ (ფილ. 1:10). ამაში შედის იეჰოვასთან მეგობრობის განმტკიცება. ამ მხრივ კარგ მაგალითს მეფე დავითი გვაძლევს (წაიკითხეთ ფსალმუნის 132:4, 5). მნიშვნელოვანია, რომ გადატვირთული დღის მიუხედავად დრო გამოყოთ ბიბლიის კითხვისა და ლოცვისთვის. ერთი და ელიშა ამბობს: „როცა ვლოცულობ და ფსალმუნებში ჩაწერილ გამამხნევებელ აზრებზე ვფიქრობ, ვმშვიდდები. ლოცვა ჩემთვის ყველაფერია. ის ძალას მაძლევს, რომ სიხარული არ დავკარგო. დღის განმავლობაში ხშირად ვთხოვ იეჰოვას სიმშვიდეს“.
12. რატომაა მნიშვნელოვანი, საკუთარ ჯანმრთელობაზე იზრუნოთ?
12 იზრუნეთ ჯანმრთელობაზე. მათ, ვინც სხვისი მოვლითაა დაკავებული, ხშირად დრო აღარ რჩებათ, რომ იყიდონ პროდუქტები და ჯანსაღი კერძები მოამზადონ. არადა სწორი კვება და რეგულარული ვარჯიში ძალიან მნიშვნელოვანია ფიზიკური და მენტალური ჯანმრთელობისთვის. ამიტომ შეეცადეთ, დრო გამოყოთ ამისთვის (ეფეს. 5:15, 16). არანაკლებ მნიშვნელოვანია საკმარისი ძილიც (ეკლ. 4:6). როგორც კვლევები აჩვენებს, ძილის დროს ტვინიდან ტოქსინები გამოიდევნება. აშშ-ში გამოქვეყნებულ ერთ სამედიცინო სტატიაში „როგორ მოქმედებს ძილი სტრესზე“ აღნიშნული იყო, რომ საკმარისი ძილი ადამიანში შფოთვის დონეს ამცირებს და სტრესთან გამკლავებას უადვილებს. დროდადრო ისეთი რაღაცებისთვისაც გამოყავით დრო, რაც გსიამოვნებთ (ეკლ. 8:15). ერთი და, რომელიც ახლობელს უვლის, გვიზიარებს, რა ეხმარება დადებითი განწყობის შენარჩუნებაში: „როცა კარგი ამინდია, გარეთ გავდივარ ხოლმე მზეზე. გარდა ამისა, ვცდილობ, თვეში ერთხელ მაინც დავგეგმო რამე მეგობართან ერთად და მთელი დღე სასიამოვნოდ გავატარო“.
13. რაში გვეხმარება იუმორი? (იგავები 17:22).
13 რაღაცებს იუმორით შეხედეთ (წაიკითხეთ იგავების 17:22; ეკლ. 3:1, 4). სიცილი დადებითად მოქმედებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. ხშირად, როცა ვიღაცას უვლით, გაუთვალისწინებელი ფაქტორები იჩენს ხოლმე თავს და შეიძლება ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც გეგმავდით. თუმცა, თუ ასეთ მომენტებს იუმორით შეხედავთ, ნაკლებად დაისტრესებით. და თუ იმ ადამიანთან ერთად იცინებთ, ვისაც უვლით, უფრო დაუახლოვდებით მას.
14. როგორ დაგეხმარებათ მეგობართან საუბარი?
14 დაელაპარაკეთ მეგობარს. როგორც არ უნდა ეცადოთ, დროდადრო მაინც გექნებათ ისეთი მომენტები, როცა თავს გამოფიტულად იგრძნობთ. ასეთ დროს კარგი იქნება, თუ თქვენს გრძნობებს სანდო მეგობარს გაუზიარებთ – მას, ვინც გაგიგებთ და თავს დამნაშავედ არ გაგრძნობინებთ (იგავ. 17:17). მეგობრისთვის გულის გადაშლა და მისი თბილი სიტყვების მოსმენა დაგეხმარებათ, სიხარული დაიბრუნოთ (იგავ. 12:25).
15. რაში დაგეხმარებათ მომავლის იმედზე ფიქრი?
15 იფიქრეთ ახალ ქვეყნიერებაზე. გახსოვდეთ, რომ მომვლელის როლში ყოფნა დიდხანს არ მოგიწევთ. ეს ნამდვილად არ ჰქონია იეჰოვას თქვენთვის ჩაფიქრებული (2 კორ. 4:16–18). ყველაფერი საუკეთესო წინ გაქვთ (1 ტიმ. 6:19). ესაუბრეთ თქვენს საყვარელ ადამიანს სამომავლო გეგმებზე, თუ რას გააკეთებთ ერთად ახალ ქვეყნიერებაში. ეს განწყობას აგიმაღლებთ (ეს. 33:24; 65:21). ერთი და ჰეზერი ამბობს: „ხშირად ვეუბნები მათ, ვისაც ვუვლი, რომ მალე ერთად სხვადასხვა სასიამოვნო საქმეს გავაკეთებთ: შევკერავთ, ვირბენთ, ველოსიპედებით ვისეირნებთ; მკვდრეთით აღმდგარ ახლობლებს ახლად გამომცხვარი პურით და გემრიელი კერძებით გავუმასპინძლდებით. მადლიერი ვართ იეჰოვასი ასეთი შესანიშნავი იმედისთვის“.
ᲗᲐᲜᲐᲥᲠᲘᲡᲢᲘᲐᲜᲔᲑᲘᲡ ᲠᲝᲚᲘ
16. რით შეგვიძლია დავეხმაროთ მას, ვინც ახლობელს უვლის? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
16 დაეხმარეთ, საკუთარ თავსაც დაუთმოს დრო. თანაქრისტიანს, რომელიც ოჯახის წევრს ან ახლობელს უვლის, შეგვიძლია შევთავაზოთ, რომ სახლში მის ნაცვლად დავრჩებით რაღაც დროით. ასე საშუალებას მივცემთ, რომ ცოტა ხნით სხვა რამეზე გადაერთოს და პირადი საქმეებისთვისაც მოიცალოს (გალ. 6:2). მაგალითად, ზოგმა ამ მიზნით ყოველკვირეული მორიგეობაც კი შეადგინა. ნატალია, რომელიც დახეიბრებულ ქმარს უვლის, ამბობს: „ჩვენი კრებიდან ერთი ძმა კვირაში ერთხელ ან ორჯერ მოდის ხოლმე და ჩემს ქმარს ინახულებს. ისინი საუბრობენ, ქადაგებენ და ზოგჯერ ფილმებსაც უყურებენ ერთად. ჩემს ქმარს ძალიან უხარია მისი მოსვლა. მეც საშუალება მეძლევა, პირად საქმეებს მივხედო და სასეირნოდაც გავიდე“. ზოგ შემთხვევაში შეიძლება ისიც პრაქტიკული აღმოჩნდეს, თუ ასეთ თანაქრისტიანთან ღამით დავრჩებით და ჩვენ ვიზრუნებთ მის ახლობელზე, რომ მან გამოძინება შეძლოს.
რით შეგიძლიათ დაეხმაროთ მათ, ვინც ოჯახის წევრს ან ახლობელს უვლის? (იხილეთ აბზაცი 16)a
17. რით შეგვიძლია დავეხმაროთ, რომ სულიერი პროგრამის მოსმენა შეძლოს?
17 დაეხმარეთ, რომ სულიერი პროგრამის მოსმენა შეძლოს. ზოგი ვერ ახერხებს კრების ან კონგრესის პროგრამის სრულფასოვნად მოსმენას, რადგან პარალელურად ახლობელზე ზრუნვაც უწევს. კარგი იქნება, თუ კრებელები შესთავაზებენ, რაღაც დროით შეენაცვლონ, რომ პროგრამა მთლიანად ან ნაწილობრივ მაინც მოისმინონ. იმ შემთხვევაში კი, თუ მხოლოდ დისტანციურად ესწრება შეხვედრებს, შესთავაზეთ, ზოგჯერ მის ნაცვლად დარჩეთ სახლში, რომ ფიზიკურად შეძლოს დარბაზში მისვლა.
18. კიდევ რა შეგვიძლია გავაკეთოთ მათთვის?
18 შეაქეთ და ილოცეთ. უხუცესებმა რეგულარულად უნდა მოიკითხონ და მოინახულონ ის და-ძმები, რომლებიც ოჯახის წევრს ან ახლობელს უვლიან (იგავ. 27:23). კრებაში ყველას შეუძლია საქებარი სიტყვებით გაამხნეოს ასეთი და-ძმები. გარდა ამისა, შეგვიძლია იეჰოვას ვთხოვოთ, ძალები მისცეს და სიხარულის შენარჩუნებაში დაეხმაროს მათ (2 კორ. 1:11).
19. რისი მოლოდინით უნდა ვიცხოვროთ?
19 მალე იეჰოვა ტკივილისა და მწუხარების ყოველგვარ კვალს წაშლის. ავადმყოფობა და სიკვდილიც აღარ იარსებებს (გამოცხ. 21:3, 4). „კოჭლი ირემივით იხტუნებს“ (ეს. 35:5, 6). ასაკობრივი თუ ავადმყოფობით გამოწვეული პრობლემები „აღარავის გაახსენდება“, არც მათ, ვინც დღეს ახლობელს უვლის (ეს. 65:17). თუმცა იეჰოვა დღესაც ჩვენ გვერდითაა. მთავარია, მივენდოთ მას და გვჯეროდეს, რომ მისი დახმარებით მოთმინებითა და სიხარულით ავიტანთ ყველაფერს (კოლ. 1:11).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 155 ულევი სიხარული
a ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ორი ახალგაზრდა და ასაკოვან თანაქრისტიანს ინახულებს. ეს საშუალებას აძლევს მის ოჯახის წევრს, სასეირნოდ გავიდეს.