გასული წლის ღირსშესანიშნავი მოვლენები
გასული წლის მოვლენები კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ვცხოვრობთ „ბოლო დღეების“ მიწურულს, რომელსაც ღვთის სიტყვა „მძიმე, ძნელად ასატან დროს“ უწოდებს (2 ტიმ. 3:1). მიუხედავად იმისა, რომ ბოლო დღეებში ცხოვრება რთულდება, უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ იეჰოვა კურთხევას არ აკლებს მთელ დედამიწაზე მცხოვრებ ერთგულ მსახურებს. იეჰოვას მოწმეებისთვის უცხო არ არის ისეთი პრობლემები, როგორიცაა სტიქიური უბედურებები, დამნაშავეობა, ძალადობა, ავადმყოფობა, დეპრესია, ხანდაზმულობა, წინააღმდეგობა ან გულგრილობა, მაგრამ ისინი იეჰოვას ძალით ცდილობენ კვლავაც ‘მოთმინებით გაირბინონ მათ წინ მდებარე მანძილი’ (ებრ. 12:1).
„ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“
2006 წლის ოქტომბერსა და ნოემბერში იეჰოვას მოწმეები მთელი მონდომებით ქადაგებდნენ დედამიწის ყველა კუთხეში და ავრცელებდნენ ტრაქტატს „ცნობა სამეფოს შესახებ №37“-ს სახელწოდებით „ცრუ რელიგიის აღსასრული ახლოსაა!“ რა გამოხმაურება მოჰყვა ამ ამაღელვებელ ცნობას?
„მიზანში მოხვდა!“ — თქვა შვედმა მამაკაცმა, რომელსაც აღიზიანებდა ცრუ რელიგიის თვალთმაქცობა. ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ ამ კაცის მსგავსად მრავალმა დაიწყო ბიბლიის შესწავლა.
ნეპალი.
კატმანდუში დილმა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ მისცა ერთ მორწმუნეს, რომელიც ცოლმა ორი თვის წინ მიატოვა სმის გამო. როცა დილმა ქმართან, ბუდასთან ერთად განმეორებით მიაკითხა, კაცმა თქვა, რომ არ მოსწონდა ეკლესიის ზოგიერთი წევრის საქციელი და იეჰოვას მოწმეების ნათქვამი ძალიან განსხვავდებოდა ეკლესიაში მოსმენილისგან. ძმამ წაუკითხა გამოცხადების 18:2—4 და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო „დიდი ბაბილონიდან“ გამოსვლა. მესამე მონახულების დროს მათ ბიბლიის შესწავლა დაიწყეს ბროშურით „რას მოითხოვს“ და განიხილეს მე-13 გაკვეთილი. მეხუთე მონახულების დროს ისინი შეხვდნენ მის ცოლს, რომელიც სახლში დაბრუნდა. მან იცოდა იეჰოვას მოწმეების საქმიანობის შესახებ და მოსწონდა ის, რასაც ისინი ქადაგებდნენ. მეშვიდე მონახულების დროს ცოლმაც დაიწყო შესწავლა. მან აღნიშნა: „ჩემი ქმარი აღარ სვამს“.
ბრაზილია.
მოტოციკლისტს, რომელსაც მგზავრები გადაჰყავდა, მისცეს ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. მან ის ზურგზე მიიკრა. ასე რომ, რამდენიმე დღის განმავლობაში მგზავრებს ტრაქტატის წაკითხვა უწევდათ.
ქადაგების დროს ორი და მივიდა სახლთან, რომელზეც გაკეთებული იყო გამაფრთხილებელი წარწერა: „შეგიძლიათ შემოხვიდეთ, მაგრამ აქედან ცოცხალი ვერ გახვალთ“. შეშინებულმა დებმა ჰკითხეს ორ ძმას, როგორ მოქცეულიყვნენ. ძმებმა გადაწყვიტეს, თავად მისულიყვნენ. მათ იეჰოვას სთხოვეს დახმარება და ადგილობრივი წესისამებრ კართან ტაში შემოჰკრეს, რომ სახლის პატრონს გამოეხედა. მობინადრემ, რომელიც პოლიციელი აღმოჩნდა, სიამოვნებით აიღო ტრაქტატი. მან უთხრა ძმებს, რომ სახლს არემონტებდა და ეზოში დიდი რაოდენობით სამშენებლო მასალა ჰქონდა. ეს წარწერა მან ქურდების დასაშინებლად გააკეთა. როცა ძმებმა მეორედ მიაკითხეს, მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო.
მონღოლეთი.
ცეცეგმამ ბევრჯერ სცადა, რომ უფროსი დისთვის ექადაგა. თუმცა ის რამდენჯერმე დაესწრო კრების შეხვედრას და ორჯერ გახსენების საღამოზეც იყო, დიდ ინტერესს არ ავლენდა და ბიბლიის შესწავლაზე უარს ამბობდა. მაგრამ მან ცეცეგმას სახლში ნახა ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ №37“ და ძალიან დაინტერესდა. დებმა ორი საათი ისაუბრებს; დის უამრავ კითხვას ცეცეგმამ ბიბლიიდან უპასუხა. მოსმენილით გაოგნებულმა დამ სურვილი გამოთქვა, მეტი გაეგო და დღეს რეგულარულად სწავლობს ბიბლიას.
საქართველო.
მოწმეებმა „ცნობა სამეფოს შესახებ“ შესთავაზეს ერთ ქალს, რომელმაც იკითხა, ტრაქტატი რელიგიური შინაარსისა ხომ არ იყო. დადებითი პასუხის მიღების შემდეგ მან აიღო ტრაქტატი და მოწმეებს დაჰპირდა, რომ წაიკითხავდა. განმეორებითი მონახულების დროს ქალმა ჰკითხა მათ: „გამოდის, მართლმადიდებლები გვატყუებენ?!“ მას აწუხებდა მსოფლიოში არსებული მდგომარეობა და ახალგაზრდების უზნეობა. ქალმა თქვა, რომ ძალიან უჭირდა შვილებთან საერთო ენის გამონახვა. მოწმეებმა წაუკითხეს 2 ტიმოთეს 3:1—5 და დაუტოვეს წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. მოწმეებს წასვლამდე მან უთხრა: „დარწმუნებული ვარ, თქვენი რელიგია ჭეშმარიტია. მინდა შევაქო თქვენი ახალგაზრდობა მათი ჩაცმულობისთვის, პატიოსნებისა და ზნეობრივი ნორმების დაცვისთვის“. ახლა ეს ქალი რეგულარულად კითხულობს ჩვენს ჟურნალებს.
ბანგლადეში.
19 წლის რიჩელი ავრცელებდა ტრაქტატს „ცნობა სამეფოს შესახებ №37“-ს ტერიტორიაზე, სადაც ადრე არავის უქადაგია. თუმცა ეს ტერიტორია მისი სახლიდან შორს იყო, რიჩელი ფიქრობდა, რომ ამ სპეციალური კამპანიის დროს იქ აუცილებლად უნდა ექადაგა. მეორე კართან ის შეხვდა ორ გოგონას, რომლებიც ქრისტიანულ ეკლესიას მიეკუთვნებოდნენ. მათ მამა ორი თვის წინ დაეღუპათ. „რატომ დაუშვა ღმერთმა ეს?“ — იკითხეს გოგონებმა. რიჩელმა ბიბლიიდან უპასუხა; გოგონებმა სიამოვნებით აიღეს ტრაქტატი და რიჩელს უთხრეს: „ღმერთმა გამოგვიგზავნა შენი თავი“. რიჩელმა დაინახა, რომ გოგონები სულიერს მოწყურებულნი იყვნენ, და ბიბლიის შესწავლა შესთავაზა; ისინი სიხარულით დასთანხმდნენ. გოგონები მთელი გულმოდგინებით სწავლობენ და უამრავ კითხვას სვამენ, რის გამოც რიჩელს ბევრი კვლევა-ძიება უწევს; მაგრამ მას დიდ კმაყოფილებას ანიჭებს სულიერს მოწყურებულთათვის ჭეშმარიტების სწავლება.
სომხეთი.
პიონერ დას, ელზას ერთ დღეს დაურეკა ლილიტმა, რომელიც ადრე ბიბლიას სწავლობდა, და უთხრა: „ყველაფერი, რაც ხვალისთვის გაქვს დაგეგმილი, გადადე და ჩემთან მოდი, რომ შესწავლა განვაახლოთ“. რა იყო მიზეზი? როდესაც ლილიტმა პირველად დაიწყო იეჰოვას მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა, ქმარმა უთხრა: „ან მე ამირჩიე, ან იეჰოვა“. მაშინ ლილიტმა შესწავლა შეწყვიტა. ახლა, ორი წლის შემდეგ, პარკში შვილებთან ერთად სეირნობის დროს მას მისცეს ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ №37“. ტრაქტატმა იმდენად დააინტერესა ლილიტი, რომ ქმარს გაბედულად უთხრა: „შენთვის შეიძლება 50 წელი ჯანმრთელად ცხოვრება სრულიად საკმარისია, ჩემთვის კი არა“. შემდეგ ის შეჰპირდა ქმარს, რომ ბიბლიის შესწავლა ცუდი თვისებების გამოსწორებაში დაეხმარებოდა და ქმარმაც აღარ დაუშალა. ახლა ლილიტი ბიბლიას სწავლობს, ქმარი კი ამ დროს ბავშვებს აქცევს ყურადღებას.
კამბოჯა.
სპეციალური კამპანიის დროს უეგი, რომელიც მისიონერად მსახურობს, შეხვდა ერთ მუსლიმან მამაკაცს. ტრაქტატის წაკითხვის შემდეგ კაცი დაეთანხმა, რომ რელიგია ომებში არ უნდა ერეოდეს. ის იმედგაცრუებული იყო თავისი რელიგიით, რომელსაც ექსტრემისტებმა სახელი გაუტეხეს. უეგმა წაუკითხა ფსალმუნის 46:9, სადაც მოცემულია ღვთის დანაპირები მშვიდობიანი მსოფლიოს შესახებ. მეორე კვირას უეგმა მას მიუტანა წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“. ახლა ეს კაცი ძალიან აფასებს ბიბლიას და მასთან რეგულარულად ტარდება შესწავლა.
რუსეთი.
«ვიცი, რომ ჭეშმარიტებას ქადაგებთ, — უთხრა მართლმადიდებელმა მღვდელმა ორ დას, რომლებმაც მას მისცეს ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“. — ისიც ვიცი, რომ თქვენი ღმერთი, იეჰოვა, გაანადგურებს ყველა ცრუ რელიგიას, თქვენი რელიგია კი დარჩება». შემდეგ მან ყველაფერი მოუყვა დებს, რაც ზეციერი იმედისა და დედამიწაზე სამოთხის შესახებ იცოდა. დებმა ჰკითხეს, რატომ არ ტოვებდა თავის რელიგიას, რომელიც განადგურდებოდა. „ეს ჩემი სამსახურია. მაქვს სამი ბინა და ოთხი მანქანა. ამის დათმობა არ შემიძლია“, — უპასუხა მღვდელმა.
გახსენების საღამოსთვის ჩატარებული სპეციალური კამპანია
2007 წლის 2 აპრილს, ორშაბათ დღეს, მთელ დედამიწაზე მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა აღნიშნეს უფლის გახსენების საღამო, რითაც ღვთისადმი მადლიერება გამოავლინეს მისი წყალობისა და სიყვარულისთვის. ამ მნიშვნელოვანი მოვლენის წინა დღეებში, 17 მარტიდან 2 აპრილამდე, ისინი ავრცელებდნენ სპეციალურ მოსაწვევებს მთელ მსოფლიოში. ამ განსაკუთრებულ პერიოდში მრავალი ბიბლიის შემსწავლელი თუ ბავშვი სასიხარულო ცნობის მაუწყებელი გახდა.
შეერთებული შტატები.
სანამ გახსენების საღამო დაიწყებოდა, იეჰოვას მოწმეთა მთავარ სამმართველოში (ბრუკლინი, ნიუ-იორკი) დაახლოებით ორი საათის განმავლობაში არ წყდებოდა სატელეფონო ზარები; ბევრს მოსაწვევი ჰქონდა და აინტერესებდა, სად შეეძლოთ დასწრებოდნენ გახსენების საღამოს. ერთმა ქალმა თქვა: „ახლახან შემოვედი სახლში და ვნახე მოსაწვევი გახსენების საღამოზე. მინდა დავესწრო, მაგრამ ზუსტი დრო არ ვიცი“.
16 წლის ჯაკლინმა თავის მასწავლებელს მისცა მოსაწვევი გახსენების საღამოზე და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ეს მოვლენა. მას ძალიან გაუხარდა, როცა საღამოზე მასწავლებელი დაინახა. შეხვედრა იეჰოვას მოწმეთა ერთ-ერთ საკონგრესო დარბაზში ტარდებოდა. პროგრამის შემდეგ ჯაკლინმა მასწავლებელს მთელი კომპლექსი დაათვალიერებინა. მასწავლებელი აღფრთოვანებული იყო სისუფთავითა და ორგანიზებულობით; ის განსაკუთრებით გააოცა იმის გაგებამ, რომ შენობა მოხალისეებმა ააგეს და ზრუნავდნენ მასზე. მან აღნიშნა, რომ ძალიან მოეწონა მოხსენება და ჯაკლინს ჰკითხა: „როგორ დავიწყო ბიბლიის შესწავლა, რომელზეც მომხსენებელი საუბრობდა?“ „მე შემიძლია გასწავლოთ!“ — სიხარულით უთხრა ჯაკლინმა. ისინი ბიბლიის შესწავლას ორშაბათობით გაკვეთილების შემდეგ ატარებენ.
სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა.
დაშორებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ცხრა მაუწყებელი საგონებელში ჩავარდა, რადგან გახსენების საღამოსთვის შეკვეთილი 500 მოსაწვევის ნაცვლად, მათ ფილიალიდან მხოლოდ ერთი მიიღეს. მოგვიანებით მათ გაიგეს, რომ ფოსტაში ვერ გაარკვიეს ამანათის ადრესატი, რადგან მისამართი ამძვრალი ჰქონდა. ფოსტის თანამშრომლებმა გახსნეს ამანათი, რომ გაეგოთ, ვინ აგზავნიდა ან ვისთვის იყო ის განკუთვნილი. როცა დაინახეს მოსაწვევები გახსენების საღამოზე, დაასკვნეს, რომ ისინი უნდა დაერიგებინათ. მათ ყოველ საფოსტო ყუთში თითო მოსაწვევი ჩადეს და ბოლომდე გაავრცელეს ისინი. ძმები მაშინ მიხვდნენ ამას, როცა კრების საფოსტო ყუთში მთლიანი შეკვრის ნაცვლად მხოლოდ ერთი მოსაწვევი აღმოაჩინეს. ამ 9 მაუწყებლის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა გახსენების საღამოზე 42 ადამიანი მივიდა; ბევრს ხელში ფოსტით მიღებული მოსაწვევი ეჭირა.
იტალია.
პატრიციამ მოსაწვევი მისცა გაბრიელას, რომელსაც ბიბლიას ასწავლის და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გახსენების საღამოზე დასწრება. გაბრიელას შვილი, ხუთი წლის მატია, ყურადღებით უსმენდა მათ საუბარს და პატრიციას თავისი მასწავლებლისთვის მოსაწვევი სთხოვა. მეორე დღეს მატიამ მოსაწვევი მასწავლებელს მისცა და აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო გახსენების საღამო და უთხრა, რომ იმედი ჰქონდა, მასწავლებელი მივიდოდა. რამდენიმე დღის შემდეგ გაბრიელა შეხვდა მასწავლებელს, რომელმაც აღნიშნა, რომ აღფრთოვანებული იყო მატიას რწმენით და გადაწყვეტილი ჰქონდა, დასწრებოდა გახსენების საღამოს. ის გაბრიელასთან და მატიასთან ერთად წავიდა საღამოზე. მასწავლებელი ყურადღებით უსმენდა მოხსენებას და გაოცებული იყო ბავშვების კარგი ქცევით. მოგვიანებით მან თქვა, რომ გახსენების საღამო მართლაც მნიშვნელოვანი იყო. ამის შემდეგ მატიამ მასწავლებელს შვილისთვის მისცა წიგნი „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“, გაბრიელა და პატრიცია კი მასთან სულიერ საკითხებზე საუბარს განაგრძობენ.
მექსიკა.
ერთმა უხუცესმა უქადაგა პრესვიტერიანელ მსახურს და დაპატიჟა გახსენების საღამოზე. მან სიამოვნებით აიღო მოსაწვევი და, უხუცესის გასაკვირად, თავისი მრევლისთვისაც სთხოვა. ძმებს ძალიან გაუხარდათ, რომ გახსენების საღამოზე მსახურთან ერთად ეკლესიის კიდევ 40 წევრი მოვიდა; მათ მოსაწვევები ხელში ეჭირათ და შესასვლელში ძმებს ანახვებდნენ. მსახურმა თქვა, რომ უფრო მეტს უნდოდა მოსვლა, მაგრამ მოსაწვევები არ ეყოთ. ამ კრების 11 მაუწყებელი გახარებული იყო, რომ გახსენების საღამოს 191 ადამიანი დაესწრო.
ავსტრალია.
ახალგაზრდა კაცი, რომელიც ბიბლიას სწავლობს, ნასწავლის შესახებ სხვებს ესაუბრება სპორტულ დარბაზში, სადაც თავად მუშაობს. მან ერთ ქალს მისცა გახსენების საღამოზე მოსაწვევი. ქალმა თქვა, რომ ერთხელ, როცა ჯერ კიდევ მოზარდი იყო, სამეფო დარბაზიდან სიმღერის ხმა შემოესმა. მან მშობლებს სთხოვა, შეხვედრაზე დასწრების ნებართვა მიეცათ, მაგრამ მათ აუკრძალეს იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა. ის მაინც დაესწრო რამდენიმე შეხვედრას, მაგრამ მისი ოჯახი სხვაგან გადავიდა საცხოვრებლად და მოწმეებთან კავშირი დაკარგა. გახსენების საღამოზე მან გაიცნო და, ვინც მას ბიბლიას შეასწავლიდა. ქალმა დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება და ქმარმაც ინტერესი გამოავლინა. სპორტულ დარბაზში მომუშავე ახალგაზრდა მოუნათლავი მაუწყებელი გახდა და ნათლობისთვის ემზადება.
ყაზახეთი.
ერთმა დაინტერესებულმა ქალმა თქვა, რომ მცირეწლოვანი შვილების გამო გახსენების საღამოს ვერ დაესწრებოდა. მაგრამ გახსენების საღამოს აღნიშვნის დღეს მისი ხუთი წლის გოგონა მარტო წავიდა სამეფო დარბაზში. როცა ქალმა შეამჩნია, რომ გოგონა სახლში არ იყო, მაშინვე მის ძებნას შეუდგა. მან იფიქრა, რომ გოგონა შეიძლებოდა გახსენების საღამოზე წასულიყო. მან მართლაც სამეფო დარბაზში იპოვა ის. ახლა ორივენი გახსენების საღამოზე იყვნენ, ამიტომ დედამ გადაწყვიტა, მისჯდომოდა თავის შვილს და ყურადღებით მოესმინა მოხსენება.
სასიხარულო ცნობის კანონით განმტკიცება
საფრანგეთი.
1996 წლიდან საფრანგეთის ზოგიერთი წარმომადგენელი ითხოვს, რომ ლუვიეში არსებულმა ფილიალმა ბეთელის ოჯახის წევრების ფინანსურ მხარდაჭერაზე გადასახადი გადაიხადოს. თუმცა 2007 წლის 28 მარტს პარიზის ადმინისტრაციულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არავითარი გადასახადის გადახდა არ არის საჭირო, რადგან ბეთელის ოჯახის წევრები დაქირავებული მუშები არ არიან. სასამართლომ განაცხადა, რომ „იმ იეჰოვას მოწმეებს, რომლებიც ლუვიეში არსებული ბეთელის ოჯახის მუდმივი წევრები არიან, ორგანიზაციის სხვა წევრებთან მხოლოდ რელიგიური ურთიერთობა აქვთ“. ეს გადაწყვეტილება კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბეთელის ოჯახის საქმიანობა რელიგიურია და ეთანხმება ბრაზილიის უმაღლესი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებულ მსგავს გადაწყვეტილებას.
ქალაქ ლიონის მერიამ იეჰოვას მოწმეებს უარი უთხრა გახსენების საღამოსთვის დარბაზის დაქირავებაზე. მაგრამ 2007 წლის 15 მარტს ადმინისტრაციული სასამართლოს მოსამართლემ გასცა განკარგულება, რომ მერიას მიექირავებინა იეჰოვას მოწმეებისთვის დარბაზი. ქალაქის მერიამ მიმართა სახელმწიფო სათათბიროს; მაგრამ სახელმწიფო სათათბირომ მხარი დაუჭირა ადმინისტრაციული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ქალაქ ლიონის მერიის მოქმედება იყო „სერიოზული და აშკარა დარღვევა შეხვედრის თავისუფლებისა, რომელიც ძირითადი თავისუფლებაა“. სახელმწიფო სათათბირომ აგრეთვე უბრძანა ქალაქის მერიას, რომ დაეფარა იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივი გაერთიანების სასამართლო ხარჯები.
ლიონში მიღებული დადებითი გადაწყვეტილების მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები საფრანგეთში კვლავაც მოწინააღმდეგეების, მედიისა და სახელმწიფო მოხელეების სამიზნეს წარმოადგენენ. მაგალითად, 2005 წელს საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის ყოფილმა წევრმა ინტერვიუში ბრალი დასდო იეჰოვას მოწმეებს, რომ „მათ ორგანიზაციას ისეთივე პირამიდული სტრუქტურა აქვს, როგორიც ყველა მაფიოზურ დაჯგუფებას“. იეჰოვას მოწმეებმა გაასაჩივრეს ეს ცრუ ბრალდება; 2007 წლის ივლისში რუანის სააპელაციო სასამართლომ მოწმეთა სასარგებლოდ მიიღო გადაწყვეტილება და აღნიშნა, რომ ბრალმდებლის „რადიკალურ განცხადებაში ჭეშმარიტების მარცვალი არ იყო და ის სიტყვის თავისუფლების ყველანაირ საზღვარს გასცდა“. მიუხედავად ამისა, საფრანგეთის მთავრობა კვლავაც ცდილობს დააკისროს იეჰოვას მოწმეთა საზოგადოებას უსამართლო და უკანონო გადასახადები. საქმე გადაეცა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოს და ძმები დარწმუნებულები არიან, რომ იეჰოვა მხარს დაუჭერს მათ.
უზბეკეთი.
დაფიქსირებულია ჩვენი და-ძმების დაპატიმრების, დაკავებისა და მათზე თავდასხმის ათასზე მეტი შემთხვევა. დაპატიმრებათა უმეტესობა 2005 და 2006 წლებში გახსენების საღამოს აღნიშვნის დროს მოხდა. სასიხარულო იყო, რომ 2007 წელს გახსენების საღამო პრობლემების გარეშე ჩატარდა. მაგრამ თავისუფლება ხანმოკლე აღმოჩნდა. მალევე დააპატიმრეს ერთი ძმა და ერთი და, რომელთაც ბრალი დასდეს რელიგიის სწავლებაში. ამ ძმას, რომელიც ორი შვილის მამაა, ორი წლით პატიმრობა მიუსაჯეს და განაჩენის გამოტანისთანავე ციხეში ჩასვეს. დას ორი წელი მიუსაჯეს შრომა-გასწორების კოლონიაში; მისი ხელფასის 20 პროცენტი ჯარიმის სახით სახელმწიფოს ერიცხება.
საქართველო.
2007 წლის 3 მაისს ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლომ ერთსულოვნად მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ, რადგან ის გულგრილად მოეკიდა იეჰოვას მოწმეებზე ძალადობას. სასამართლომ მას დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. 1999 წლის ოქტომბრიდან 2002 წლის ნოემბრის ჩათვლით იეჰოვას მოწმეებზე 138 თავდასხმა დაფიქსირდა. ზოგ შემთხვევაში პოლიცია მივიდა ადგილზე, მაგრამ უარი თქვა მოწმეების დაცვაზე. სასამართლომ განაცხადა, რომ რელიგიური ექსტრემისტებისგან ჩვენი ძმების დაცვაზე უარის თქმით საქართველოს ყოფილმა მთავრობამ უგულებელყო ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენციის მიერ დაკისრებული ვალდებულებები და ხელყო ჩვენი ძმების რელიგიური თავისუფლება. ეს არაორაზროვანი გადაწყვეტილება ცხადყოფს, რომ არ უნდა მოხდეს რელიგიური თავისუფლების უგულებელყოფა და, უმრავლესობის წინააღმდეგობის მიუხედავად, იეჰოვას მოწმეები დაცულნი უნდა იყვნენ.
ერიტრეა.
ხუთი წელია, რაც ამ ქვეყნის მთავრობამ მკაცრი კონტროლი დაუწესა ყველა რელიგიას, რომლებიც არ მიეკუთვნებიან მთავრობის მიერ მოწონებულ ოთხ რელიგიურ მიმდინარეობას; მთელი ამ ხნის მანძილზე იეჰოვას მოწმეები სასტიკ წინააღმდეგობას ხვდებიან. მაშინაც კი, როცა ძმები კერძო სახლებში იკრიბებიან თაყვანისმცემლობისთვის, მათ იჭერენ, აწამებენ და აიძულებენ, რომ რწმენა უარყონ. 2007 წლის აპრილში ერიტრეის ციხეებში 24 იეჰოვას მოწმე იხდიდა სასჯელს კრების შეხვედრებზე დასწრებისთვის, ქადაგებისა და სამხედრო სამსახურზე უარის თქმისთვის. სამი მათგანი სამოცი ან მეტი წლისაა, ათი საშინელ პირობებში იმყოფება, სამი კი 1994 წლიდან იხდის სასჯელს. მიუხედავად იმისა, რომ ძმებისთვის დახმარების ყოველგვარი მცდელობა უშედეგო აღმოჩნდა, ვიმედოვნებთ, რომ მათი მდგომარეობა მალე შემსუბუქდება და კვლავაც ველოდებით დახმარებას იეჰოვასგან, რომელიც გაათავისუფლებს თავის მსახურებს „ჩაგვრისა და ძალადობისგან“ (ფსალმ. 72:14).
ანდორა.
2006 წლის 14 დეკემბერს იეჰოვას მოწმეებმა მიიღეს კანონიერი სტატუსი, რის მიღებასაც 1973 წლიდან ცდილობდნენ. ანდორაში 150-ზე მეტი მაუწყებელია.
კორეა.
50 წელზე მეტია, რაც სამხრეთ კორეაში ძმებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ციხეებში სვამენ. შედეგად ხუთი მათგანი დაიღუპა. ორმა ძმამ, იუინმა და ჩოიმ, თავიანთ ქვეყანაში ყველა სასამართლო ინსტანციას მიმართეს, მაგრამ უშედეგოდ. მათ გადაწყვიტეს, საჩივარი შეეტანათ გაეროს ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტში. 2006 წლის 3 ნოემბერს კომიტეტმა დაადგინა, რომ სამხრეთ კორეამ დაარღვია ძმების უფლებები და მას ძმებისთვის კომპენსაციის გადახდა დააკისრა. კომიტეტმა ასევე მოუწოდა სამხრეთ კორეას, რომ ისინი, ვინც სამხედრო სამსახურზე უარს ამბობენ, არ უნდა დააყენონ არჩევანის წინაშე — დაარღვიონ თავიანთი პრინციპები ან ციხეში ჩასხდნენ. ყოველთვე ციხეში 70 ძმას სვამენ.
წარსულში მსგავს სიტუაციაში აღმოჩენისას მრავალი ძმა უსიტყვოდ ემორჩილებოდა სასამართლოს გადაწყვეტილებას და წელიწად-ნახევარი იჯდა ციხეში. მაგრამ ბოლო დროს ახალგაზრდა ძმების უმეტესობამ გადაწყვიტა, გაესაჩივრებინა განაჩენი, რის შედეგადაც ასობით ასეთი საჩივარი განხილვის პროცესშია. კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ აპირებს სამოქალაქო ალტერნატიული სამსახურის შექმნას. დრო აჩვენებს, როდის მოხდება ეს და იქნება თუ არა ის მათთვის მისაღები, ვინც ალტერნატიულ სამსახურზე თანახმაა.
არგენტინა.
2007 წლის ივლისში იუსტიციისა და ადამიანის უფლებათა დაცვის მინისტრმა ხელი მოაწერა სამთავრობო რეზოლუციას, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ უსამართლოდ დააპატიმრეს დანიელ ბიქტორ გუაგლიარდო, რომელმაც ბიბლიით განსწავლული სინდისის გამო უარი თქვა სამხედრო სამსახურზე. ეს გადაწყვეტილება შეიძლება სასარგებლო აღმოჩნდეს სხვებისთვისაც, რომლებიც სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო უსამართლოდ არიან დაპატიმრებული.
სომხეთი.
ცხრამეტ ძმას ბრალი დასდეს სისხლის სამართლის დანაშაულში, რადგან მათ უარი განაცხადეს ისეთ ალტერნატიულ სამსახურზე, რომლითაც ქრისტიანულ ნეიტრალიტეტს დაარღვევდნენ. მაგრამ 2006 წლის სექტემბერში გენერალური პროკურატურიდან ძმებმა მიიღეს წერილი, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ მათ წინააღმდეგ აღძრული საქმე დაიხურა. თუმცა მთავრობას ჯერ არ შეუქმნია ისეთი ალტერნატიული სამსახური, რომელიც მისაღები იქნებოდა ქრისტიანებისთვის. ასე რომ, 2007 წლის ივნის-ივლისისთვის ციხეში 71 ახალგაზრდა ძმა იჯდა; ზოგს სამ წლამდე პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.
ვაჰან ბაიათიანი ერთ-ერთია იმ მრავალ ახალგაზრდა მოწმეს შორის, რომლებსაც სომხეთში ასამართლებენ და აპატიმრებენ. მას შემდეგ, რაც ვაჰანს წელიწად-ნახევარი მიუსაჯეს, პროკურორმა მოითხოვა, მისთვის განაჩენი გაემკაცრებინათ და განაცხადა, რომ ძმა ბაიათიანის მიერ სამხედრო სამსახურზე უარის თქმა „უსაფუძვლო [იყო] და საშიში“. სააპელაციო სასამართლომ გაითვალისწინა პროკურორის მოთხოვნა და ძმას კიდევ ერთი წელი მიუსაჯა; ეს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა უმაღლესმა სასამართლომაც. ძმა ბაიათიანმა საჩივარი შეიტანა ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში. სასამართლომ მიიღო საჩივარი, რითაც ცხადყო, რომ დეტალურად განიხილავდა მას. ვიმედოვნებთ, რომ საქმის წარმატებით დასრულება დაეხმარება ძმა ბაიათიანსა და სხვებს, რომლებიც იმავე პრობლემის წინაშე დგანან.
აზერბაიჯანი.
თუმცა აზერბაიჯანში იეჰოვას მოწმეები კანონიერად არიან დარეგისტრირებულნი, ჩვენი და-ძმები უამრავ პრობლემას ხვდებიან. მაგალითად, ბაქოში 2006 წლის 24 დეკემბერს შეიარაღებული პოლიციელები ტელერეპორტიორებსა და ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეიჭრნენ დარბაზში, სადაც 200-ზე მეტი მოწმე და დაინტერესებული მშვიდად განიხილავდა ბიბლიურ საკითხებს. პოლიციამ, რომელსაც არ გააჩნდა ჩხრეკის ორდერი, შეამტვრია დაქირავებული შენობის კარი და ყველა დააკავა. სულ მცირე, ორი კაცი სცემეს. პოლიციამ მოახდინა დიდი რაოდენობით ლიტერატურის, შესაწირავი ყუთის, იურიდიული საბუთებისა და რამდენიმე კომპიუტერის კონფისკაცია, რომელთაც ბიბლიური ლიტერატურის სათარგმნელად იყენებდნენ. დაკავებულთა უმეტესობა დღის ბოლომდე გაათავისუფლეს. მაგრამ 6 უცხოელი, რომლებიც დაკავებულთა შორის იყვნენ, ქვეყნიდან გააძევეს იმ ბრალდებით, თითქოს „რელიგიურ პროპაგანდას ეწეოდნენ“. ჩვენს ძმებს სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო აზერბაიჯანშიც აპატიმრებენ. მათ აგრეთვე უჭირთ ქვეყანაში ლიტერატურის შეტანა.
ისრაელი.
2007 წლის 5 თებერვალს ხაიფას საოლქო სასამართლომ დაადგინა, რომ ხაიფას საკონგრესო ცენტრმა მიკერძოება გამოავლინა იეჰოვას მოწმეების მიმართ, როცა თავიანთ დარბაზში მოწმეებს კონგრესის ჩატარების ნებართვა არ მისცა. სასამართლოს ბრძანებით კონგრესის ცენტრს უნდა დაეფარა სასამართლო ხარჯების ნაწილი კომპენსაციის სახით. გენერალური ატორნეის დასკვნაში ნათქვამი იყო, რომ ხაიფას საკონგრესო ცენტრის „ადმინისტრაცია ვალდებულია . . . ყველა კლიენტს თანაბრად მოემსახუროს, რაც ამ შემთხვევაში დარღვეული იყო“. ეს დადებითი გადაწყვეტილება გაუადვილებს ძმებს ისრაელში თაყვანისმცემლობისთვის ერთად შეკრებას.
ტაჯიკეთი.
საბაჟოს თანამშრომლებმა მოახდინეს ჩვენი ლიტერატურის კონფისკაცია და კულტურის სამინისტროს მოუწოდეს, აეკრძალათ ჩვენი ლიტერატურა და ორგანიზაცია. ასეთი მტრული დამოკიდებულების დროს გალაადის სკოლის კურსდამთავრებული ორი მისიონერი იძულებული გახდა ქვეყანა დაეტოვებინა. მოგვიანებით, 2007 წლის 11 ოქტომბერს, ქვეყნის მთავრობამ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალა. ძმებმა გაასაჩივრეს ყველა ეს უსამართლო ქმედება. ჩვენ ვლოცულობთ, რომ იეჰოვამ შესაძლებლობა მოგვცეს, კვლავაც ვიქადაგოთ ამ ნაყოფიერ ტერიტორიაზე, სადაც 2007 სამსახურებრივ წელს 14-პროცენტიანი ზრდა იყო.
უკრაინა.
2007 წლის 12 მაისს ლვოვის სტადიონზე იეჰოვას მოწმეებს უნდა მოესმინათ სპეციალური მოხსენება, მაგრამ ერთი დღით ადრე სტადიონის ადმინისტრაციამ მოწინააღმდეგეთა ზეწოლით ხელშეკრულება გააუქმა. ძმები სასწრაფოდ დაუკავშირდნენ უკრაინისა და შეერთებული შტატების სახელმწიფო მოხელეებს, რათა სტადიონის ადმინისტრაცია დაერწმუნებინათ, რომ იეჰოვას მოწმეები საფრთხეს არ უქმნიდნენ ქალაქს. მოლაპარაკებები ჯერ კიდევ მიმდინარეობდა, როცა უკრაინის სხვადასხვა კუთხიდან ათასობით იეჰოვას მოწმე ჩამოვიდა ლვოვში მანქანებით, ავტობუსებითა და მატარებლით. ძმები შეიკრიბნენ სტადიონის ჭიშკართან, მოთმინებით ელოდებოდნენ ჭიშკრის გაღებას, ერთმანეთთან ურთიერთობით ტკბებოდნენ და სამეფო სიმღერებს მღეროდნენ. მოულოდნელად, პროგრამის დაწყებამდე 20 წუთით ადრე, სტადიონის მომსახურე პერსონალმა ჭიშკარი გახსნა და ძმები შეუშვა. პროგრამას დაესწრო 27 000-ზე მეტი და-ძმა, რომლებმაც სამხარეო ზედამხედველის გამამხნევებელი მოხსენება მოისმინეს.
თურქმენეთი.
იეჰოვას მოწმეები რეგისტრირებულნი არ არიან თურქმენეთში. შედარებით მშვიდობიანი პერიოდის შემდეგ, მთავრობამ კვლავ დაიწყო ჩვენი ძმების დევნა. მიუხედავად ამისა, და-ძმები გაბედულებასა და სიფრთხილეს ავლენენ, როცა იკრიბებიან და სასიხარულო ცნობას ქადაგებენ (მათ. 10:16). სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო სამი ახალგაზრდა ძმა დააკავეს. სამივე გაასამართლეს; ორს პირობითი სასჯელი მიუსაჯეს, ერთი წელიწად-ნახევრით დააპატიმრეს. ციხეში აუტანელი პირობებია, ამიტომ ძმის საშინელმა მდგომარეობამ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება მიიპყრო. სხვა ქვეყანაში მცხოვრებ ძმებს, რომლებიც ადვოკატები არიან, ქვეყანაში შესასვლელად ვიზა არ მისცეს, რათა სასამართლოზე ჩვენი ძმების ინტერესები არ დაეცვათ. მაგრამ ვერც ერთი მთავრობა ვერ დააბრკოლებს უზენაესისთვის აღვლენილ ჩვენს ლოცვებს (1 ტიმ. 2:1, 2).
ყაზახეთი.
რაიონში, სადაც იეჰოვას მოწმეები ჯერ არ არიან რეგისტრირებულნი, პროკურატურის ექვსმა თანამშრომელმა ჩაშალა რელიგიური შეხვედრა, რომელიც ერთი დის სახლში ტარდებოდა. ერთ ძმას, რომელიც ამ შეხვედრას არ ესწრებოდა, და ხუთ დას დიდი ჯარიმა დააკისრეს. გადაწყვეტილება გასაჩივრებულია.
თურქეთი.
2007 წლის 31 ივლისს თურქეთის ფილიალმა მიიღო სასიხარულო ინფორმაცია, რომ ოფიციალურად დარეგისტრირდა „გაერთიანება იეჰოვას მოწმეთა მხარდასაჭერად“. რეგისტრაციისთვის მუშაობა ორ წელზე მეტხანს მიმდინარეობდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო სასამართლო პროცესი, რომელზეც მთავრობამ ეჭვქვეშ დააყენა ფილიალის წესდების კონსტიტუციურობა. პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ფილიალის წესდება კონსტიტუციური იყო, მთავრობამ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა. მაგრამ უზენაესმა სასამართლომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ძალაში დატოვა, რამაც შესაძლებელი გახადა ჩვენი ორგანიზაციის რეგისტრირება. ეს ახალი გაერთიანება ფილიალს ანიჭებს რელიგიური პირის სტატუსს, რომელსაც უფლება აქვს, შეიძინოს უძრავი ქონება და იყოს უძრავი ქონების მფლობელი, დაიქირაოს დარბაზები კონგრესების ჩასატარებლად, მიიღოს შესაწირავები და დაიცვას იეჰოვას მოწმეთა ინტერესები სასამართლოზე.
ორ იეჰოვას მოწმეს ბრალი დასდეს „ხალხის სიმშვიდის დარღვევაში“, როცა ისინი ავრცელებდნენ ტრაქტატს „ცნობა სამეფოს შესახებ №37“-ს და ჯარიმა დააკისრეს. მაგრამ სტამბოლის სისლის სამომრიგებლო სასამართლომ ჯარიმა გააუქმა და დაადგინა, რომ „იეჰოვას მოწმეების ლიტერატურის გავრცელება . . . აზრისა და რწმენის თავისუფლების ფარგლებს არ სცილდება“ და, რომ თურქეთის მოქალაქეებს „უფლება აქვთ, გაავრცელონ თავიანთი მრწამსი“. თუმცა თურქეთში ჩვენი ძმები ხვდებიან სხვა სირთულეებს, მაგალითად სამხედრო სამსახურზე უარის თქმის გამო ახალგაზრდა ძმებს პატიმრობა და ჯარიმა ემუქრებათ.
როგორც ზემოხსენებული ცნობებიდან ჩანს, იეჰოვას მოწმეებს ხშირად შეაქვთ საჩივარი ადამიანის უფლებათა ევროპის სასამართლოში, როცა ევროპის ქვეყნები ღვთის თაყვანისმცელობის ჩვენს უფლებას ეჭვქვეშ აყენებენ. 2007 წლის ივლისისთვის ევროპის სასამართლოში 22 საქმე განიხილებოდა. ისინი ეხება ნეიტრალიტეტს, კანონიერ რეგისტრაციასა და დევნას. ჩვენს და-ძმებს, რომლებიც ამ სირთულეებს ხვდებიან ევროპაში თუ სხვაგან, ჩვენი ლოცვები სჭირდებათ (2 კორ. 1:10, 11).
ერთგულება და უმწიკვლობა
ამ „წელიწდეულის“ ისტორიულ ნაწილში წაიკითხავთ, როგორ ინარჩუნებდნენ რუსეთში ჩვენი ძმები ერთგულებას საბჭოთა რეჟიმის დროს, როცა იეჰოვას მოწმეების საქმიანობა აკრძალული იყო. ძმებს სასტიკად დევნიდნენ და მათ წინააღმდეგ უკიდურეს ზომებს მიმართავდნენ. თუმცა იმ ქვეყნებშიც კი, სადაც თავისუფლება გვაქვს, სატანა და მისი დამქაშები გამუდმებით ცდილობენ ცბიერი ხერხებით დაგვაკარგვინონ ერთგულება. იეჰოვას გულს უხარებს, როცა მისი მსახურები ერთგულები რჩებიან (იგავ. 27:11). ქვემოთ მოყვანილია რამდენიმე შემთხვევა, რომლებიც ცხადყოფს, როგორ ავლენს ღვთის ხალხი რწმენასა და ერთგულებას ყოველდღიურ ცხოვრებაში.
შვედეთი.
დიდი ხანია ერთ პიონერ დას, რომელიც კერძო საავადმყოფოში მუშაობს, თანამშრომელი მამაკაცები უზნეო წინადადებებით აწუხებენ. ამ დას შემუშავებული აქვს მეთოდი მსგავსი სიტუაციების თავიდან ასარიდებლად. უპირველესად, ის ახალ თანამშრომლებს ეუბნება, რომ იეჰოვას მოწმეა და გათხოვილია. ის არ უშვებს ხელიდან შესაძლებლობას თანამშრომლებს დაანახვოს, რომ ქმართან კარგი ურთიერთობა აქვს. ექიმთან პაციენტებზე სასაუბროდ ის ირჩევს სასადილო ოთახს, სადაც სხვებიც არიან. როცა მის სამუშაო ოთახში ვინმე მოულოდნელად შედის და კარს კეტავს, ის მაშინვე ლოცვით მიმართავს იეჰოვას და თავაზიან, მაგრამ საქმიან ურთიერთობას ინარჩუნებს.
გერმანია.
მარიანი 13 წელია, რაც ჩრდილოეთ გერმანიაში მუშაობს ერთ ფირმაში. შუა კვირაში მას კრების შეხვედრები ხშირად უცდებოდა ცვლების გამო. „ვწუხდი, რადგან ძალიან ვაფასებ კრების შეხვედრებს, — ამბობს ის. — ხშირად ვევედრებოდი იეჰოვას, გამოსავალი დაენახვებინა“. ის სთხოვდა იეჰოვას გაბედულებას, რომ უფროსს დალაპარაკებოდა ამ საკითხზე. უფროსმა ნება დართო მარიანს, კრების შეხვედრების დღეებში სამსახურიდან ადრე წასულიყო, თუ საქმეს მორჩებოდა. ყველაფერი კარგად იყო, სანამ უფროსი შეიცვლებოდა. ახალმა უფროსმა მას ადრე წასვლის ნება აღარ მისცა. როგორ მოიქცა მარიანი? ის იხსენებს: „ჩემს ახალ უფროსს პატივისცემით ვუთხარი, რომ ფირმის მენეჯერთან მსურდა საუბარი“. მარიანმა ტაქტიანად უქადაგა მენეჯერს და აუხსნა, რატომ სურდა კრების შეხვედრებზე დასწრება. მენეჯერმა ნება დართო მარიანს კრების შეხვედრების დღეს ადრე წასულიყო, თუ თანამშრომლებიც თანახმა იქნებოდნენ. მარიანმა შეკრიბა თანამშრომლები, გააცნო ვითარება და შესანიშნავად დაუმოწმა. ახლა მარიანი კრების ყველა შეხვედრას ესწრება. „ამის მიღწევა ადვილი არ იყო, მაგრამ იეჰოვასადმი გამუდმებულმა ლოცვებმა მომცა ძალა, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“, — ამბობს მარიანი.
დიდი ბრიტანეთი.
16 წლის სოფისთვის რწმენის გამოცდაა ის, რომ კლასელები წვეულებებზე ეპატიჟებიან. „თუმცა ზოგიერთი წვეულება საინტერესო ჩანს, — ამბობს ის, — ვიცი, თუ წავალ, ვინანებ, რადგან საბოლოოდ ყველაფერი შეიძლება ცუდად დამთავრდეს. ახლახან ერთმა გოგომ დამპატიჟა და მითხრა, რომ ეს უბრალოდ წვეულება იყო და სხვა არაფერი. მოგვიანებით გავიგე, რომ იმ შაბათ-კვირას დაბადების დღე ჰქონდა. მიხარია, რომ არ წავედი, რადგან გავიგე, მშობლები სახლში არ ყოფილან და მის მეგობრებს ბევრი დაულევიათ. მირჩევნია სხვადასხვა ასაკის თანამორწმუნეებთან გავერთო, რომლებთან ურთიერთობაც ჩემს სულიერობას ხელს შეუწყობს. მე და ჩემი ძმა ვეპატიჟებით როგორც ახალგაზრდებს, ისე უფროსი ასაკის და-ძმებს და ვაწყობთ მუსიკალურ საღამოებს, ვწვავთ მწვადებს ან ბუნებაში გავდივართ. ახლა, როცა მეპატიჟებიან, საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ იმოქმედებს ეს იეჰოვასთან ჩემს ურთიერთობაზე. იმ დასკვნამდე მივედი, რომ ადამიანი არასდროს წააგებს, თუ სწორად მოიქცევა“.
იტალია.
17 წლის ჯოვანის სკოლაში გოგონები მოსვენებას არ აძლევდნენ, განსაკუთრებით კი ერთი გოგონა. როცა მან დაინახა, რომ ჯოვანი ყურადღებას არ აქცევდა, წერილი მისწერა: „ვფიქრობ, ერთმანეთს მოვუხდებოდით. ძალიან მიზიდავ. ძალიან მომწონს შენი ხასიათი და არა მხოლოდ. იმედი მაქვს სწორ გადაწყვეტილებას მიიღებ. სიყვარულით . . .“. წერილის ბოლოში მისი სახელი ეწერა და კონვერტზე პომადიანი ტუჩების ანაბეჭდი იყო. «უნდა ვაღიარო, რომ რამდენიმე დღე გამიჭირდა, — ამბობს ჯოვანი. — საკუთარ თავს ვეკითხებოდი, კიდევ შევხვდებოდი ოდესმე ასეთ ლამაზ გოგონას. ჩემი კლასელები მეუბნებოდნენ: „ხელიდან არ უნდა გაუშვა ეს შანსი, სისულელე იქნებოდა მასზე უარის თქმა“. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ქრისტიანულ თვისებებს ვკარგავდი. იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას და ველაპარაკებოდი მშობლებს, რომლებიც გაოცებას ვერ მალავდნენ, რადგან ვერც კი წარმოიდგენდნენ, რომ ასეთ სიტუაციაში აღმოვჩნდებოდი. ჩვენ ერთად გამოვიკვლიეთ ეს საკითხი ბიბლიისა და განსაკუთრებით წიგნის „ახალგაზრდების შეკითხვები — პრაქტიკული რჩევების“ დახმარებით. კრებაში მოწიფულ ძმებსაც დაველაპარაკე. ბოლოს სწორი არჩევანი გავაკეთე და უარი ვუთხარი ამ გოგონას. შემიძლია ვთქვა, რომ ახლა კლასელები მეტ პატივს მცემენ სიმტკიცისთვის».
მექსიკა.
59 წლის ანტონიო, რომელიც 37 წლის წინ მოინათლა, იხსენებს: „19 წლის ვიყავი, როცა რევმატოიდული ართრიტის დიაგნოზი დამისვეს. ძალიან რთულია ამ დაავადებით ცხოვრება, რადგან პარალიზებული ვარ და 35 წელია ინვალიდის სავარძელს ვარ მიჯაჭვული. ხანდახან იმედგაცრუება მეუფლება. მაგრამ შეძლებისდაგვარად ქრისტიანული საქმიანობით ვარ დაკავებული, რაც მაძლიერებს“. შვიდი წლის წინ ანტონიოს მდგომარეობა გაუარესდა, რადგან დედამისი, რომელიც მას უვლიდა, გარდაიცვალა. რა უნდა ექნა ანტონიოს? „დავინახე, რომ იეჰოვა არ ტოვებს თავის მსახურებს და საჭირო დახმარებას უწევს. კრებამ იზრუნა, რომ ერთ ძმას მოევლო ჩემთვის, სხვები კი ფინანსურ დახმარებას მიწევენ“, — ამბობს ანტონიო. ის მოუთმენლად ელის იმ დროს, როცა სამეფოს შესახებ ყველა დანაპირები შესრულდება.
„გააფართოვე შენი კარვის ადგილი“
„გააფართოვე შენი კარვის ადგილი! გადაჭიმონ შენი დიდებული კარვის ქსოვილები!“ (ეს. 54:2). ეს წინასწარმეტყველური სიტყვები შთამბეჭდავად სრულდება დღეს, რადგან მუდმივად იზრდება მოთხოვნილება თაყვანისმცემლობის ადგილებზე და საჭიროა ფილიალების გაფართოება. გასულ წელს მთელ მსოფლიოში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოებიდან იეჰოვას მოწმეებისთვის განსაკუთრებით სასიხარულო იყო ქვემოთ მოხსენიებული ექვსი ფილიალის მიძღვნა.
პუერტო-რიკო.
ფილიალის აშენებიდან 13 წლის შემდეგ საჭირო გახდა გაფართოება, რადგან ზოგიერთი განყოფილება გაიზარდა. 2006 წლის 16 სექტემბერს მიძღვნის მოხსენება წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა დეივიდ სპლეინმა.
კოლუმბია.
2006 წლის 11 ნოემბერს 30 ქვეყნიდან ჩამოსული და-ძმა მიძღვნის პროგრამის მოსასმენად შეიკრიბა კოლუმბიის გაფართოებულ ფილიალში, ფაქატატივაში, რომელიც ბოგოტის ჩრდილო-დასავლეთით 42 კილომეტრში მდებარეობს. პროგრამას დაესწრო 3 605 ადამიანი. ბევრს ერთმანეთი 30-40 წელი არ ენახა; ისინი ერთმანეთს სიყვარულით იკრავდნენ გულში. ყველამ სიხარულით მოისმინა მიძღვნის მოხსენება, რომელიც წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა გერიტ ლოშმა.
ფიჯი.
ფიჯის დედაქალაქ სუვის ცენტრიდან ხუთი წუთის სავალზე მდებარეობს ულამაზესი ფილიალი, რომელიც ნავსადგურს გადაჰყურებს. 2006 წლის 11 ნოემბერს მიძღვნის მოხსენება წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა. პროგრამას 410 ადამიანი დაესწრო.
ბურუნდი.
2006 წლის 25 ნოემბერი დაუვიწყარი იყო იმ იეჰოვას მოწმეებისთვის, რომლებიც ცენტრალური აფრიკის ამ ულამაზეს ქვეყანაში ცხოვრობენ. 11 ქვეყნიდან ჩამოსული 1 141 დელეგატი სიხარულით ისმენდა ახალი, ლამაზი ფილიალის შენობების მიძღვნის პროგრამას გაი პიერსთან, ხელმძღვანელი საბჭოს წევრთან ერთად. იეჰოვას კურთხევა აშკარაა და არსებობს დიდი პოტენციალი, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლობაში ბევრი შემოგვიერთდება.
რუანდა.
30-წლიანი არეულობის, მათ შორის აკრძალვების და სამოქალაქო ომის შემდეგ, რუანდელი და-ძმები დიდი სიხარულით მასპინძლობდნენ გაი პიერსს, რომელიც მათი ახალი, ლამაზი ფილიალის მიძღვნისთვის ჩავიდა. ეს ფილიალი ულამაზეს ბაღებს შორის მდებარეობს.
საშინელი გენოციდის მიუხედავად, რომლის დროსაც ზოგიერთი ჩვენი ძმაც მოკლეს, იეჰოვას საქმე წინ მიიწევს ამ „ათასი მთა-გორის ქვეყანაში“. 2006 წლის 2 დეკემბერს 553 ადამიანი, მათ შორის 15 ქვეყნიდან ჩამოსული 112 დელეგატი, უსმენდა მიძღვნის პროგრამას.
უგანდა.
2007 წლის 20 იანვარს ჩატარდა დედაქალაქ კამპალას გარეუბანში არსებული ახალი ფილიალის მიძღვნის პროგრამა. პროგრამას 665 ადამიანი დაესწრო, მათ შორის იყო 170 დელეგატი დაახლოებით 20 ფილიალიდან. მიძღვნის მოხსენება წაიკითხა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ენტონი მორისმა.
„დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ“
ცხადია, სიხარული გვეუფლება, როცა ვაკვირდებით სასწაულებრივ საქმეებს, რომლებიც იეჰოვამ გასულ წელს მოიმოქმედა. ჩვენ ერთსულოვნად ვეხმაურებით ფსალმუნმომღერლის მადლიერების გამომხატველ სიტყვებს: „დიდი საქმე მოიმოქმედა იეჰოვამ ჩვენთვის. გახარებული ვართ“ (ფსალმ. 126:3).
[ჩარჩო⁄სურათი 9 გვერდზე]
მართლაც მსოფლიო კამპანია!
ზოგან ადამიანებს ეჭვი ეპარებოდათ, რომ ტრაქტატი „ცნობა სამეფოს შესახებ“ მთელ მსოფლიოში ვრცელდებოდა. მაგალითად, ბრაზილიაში მცხოვრებმა ერთმა მამაკაცმა მაუწყებელს უთხრა, რომ კართან მოეცადა, სანამ შეერთებულ შტატებში მეგობარს დაურეკავდა და გაიგებდა, იმანაც მიიღო თუ არა ეს ტრაქტატი. მეგობარმა უთხრა: „ჰო, ათი წუთის წინ მომიტანეს“. გაოცებულმა მამაკაცმა აიღო „ცნობა სამეფოს შესახებ“ და მაუწყებელს დაჰპირდა, რომ ყურადღებით წაიკითხავდა.
[სურათი 12 გვერდზე]
კრების საფოსტო ყუთში მხოლოდ ერთი მოსაწვევი იდო
[სურათი 25 გვერდზე]
ანტონიო მზად არის მსახურებაში გასასვლელად
[სურათები 28, 29 გვერდებზე]
ფილიალების მიძღვნა
პუერტო-რიკო
რუანდა
კოლუმბია
ბურუნდი
ფიჯი
უგანდა