კვირა, 2 ნოემბერი
ნუ დავიძინებთ დანარჩენების მსგავსად, არამედ გვეღვიძოს და ვიფხიზლოთ! (1 თეს. 5:6).
სიფხიზლის შესანარჩუნებლად სიყვარულიც აუცილებელია (მათ. 22:37–39). თუ ჩვენს გულში იეჰოვას სიყვარული გიზგიზებს, მაშინაც არ შევწყვეტთ ქადაგებას, როცა ამის გამო წინააღმდეგობას შევხვდებით (2 ტიმ. 1:7, 8). მოყვასის სიყვარული აღგვძრავს, საფუძვლიანად ვუქადაგოთ ხალხს და ამ მიზნით სხვადასხვა მეთოდს მივმართოთ, მაგალითად, ტელეფონით ან წერილებით ვიმსახუროთ. არ ვკარგავთ იმედს, რომ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენს რწმენას, ერთ დღესაც სწორ გზას დაადგებიან (ეზეკ. 18:27, 28). მოყვასის სიყვარულს, რა თქმა უნდა, მაშინაც ვავლენთ, როცა თანაქრისტიანებს ვამხნევებთ და აღვაშენებთ (1 თეს. 5:11). როგორც ჯარისკაცები ცდილობენ, რომ გვერდიდან არ მოშორდნენ თანამებრძოლებს, ისე ჩვენც ვცდილობთ, რომ მხარში ამოვუდგეთ ერთმანეთს და გავამხნეოთ. ჩვენ არ გვინდა, თანაქრისტიანს შეგნებულად ვატკინოთ გული ან სამაგიერო გადავუხადოთ (1 თეს. 5:13, 15). სიყვარულს იმითაც ვავლენთ, თუ პატივს ვცემთ ხელმძღვანელ ძმებს (1 თეს. 5:12). w23.06 10 ¶6; 11 ¶10, 11
ორშაბათი, 3 ნოემბერი
ღმერთი ადამიანი არ არის, რომ . . . თქვას და არ გააკეთოს (რიცხ. 23:19).
გამოსასყიდზე ფიქრი ნამდვილად განგვიმტკიცებს რწმენას, რადგან სწორედ ის გვაძლევს იმის გარანტიას, რომ ღვთის დაპირებები შესრულდება. როცა ღრმად ვფიქრობთ იმაზე, თუ რატომ გაიღო იეჰოვამ გამოსასყიდი და რის ფასად დაუჯდა ეს, ჩვენთვის უფრო რეალური ხდება ღვთის დანაპირები, რომ მარადიულად გავიხარებთ ცხოვრებით. ვნახოთ, რატომ ვამბობთ ამას. იეჰოვამ თავისი მხოლოდშობილი ძე და უძვირფასესი მეგობარი გამოგზავნა ზეციდან დედამიწაზე, სადაც მას არაერთი განსაცდელის ატანა მოუწია. ღვთის ძეს ძალიან სასტიკად მოექცნენ და ბოლოს ტანჯვით მოკლეს. მართლაც რამხელა ფასი გადაიხადა იეჰოვამ ჩვენ გამოსასყიდად! როგორ ფიქრობთ, გაიმეტებდა ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი თავის ძეს ამხელა ტანჯვისთვის მხოლოდ იმიტომ, რომ სულ ცოტა ხანს გვეცხოვრა შედარებით უკეთესად? რა თქმა უნდა, არა (იოან. 3:16; 1 პეტ. 1:18, 19). რახან იეჰოვამ ამხელა მსხვერპლი გაიღო, იმაზეც იზრუნებს, რომ თავისი დანაპირები სისრულეში მოიყვანოს. w23.04 27 ¶8, 9
სამშაბათი, 4 ნოემბერი
სიკვდილო, სად არის შენი ნესტარი?! (ოს. 13:14).
ნამდვილად აქვს იეჰოვას იმის სურვილი, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს გარდაცვლილებს? რა თქმა უნდა! მისი შთაგონებით ბიბლიის არაერთმა დამწერმა ისაუბრა მკვდრეთით აღდგომის შესახებ, რომელიც მომავალში უნდა მოხდეს (ეს. 26:19; გამოცხ. 20:11–13). იეჰოვა კი ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს (იეს. 23:14). მეტიც, მას ერთი სული აქვს, მკვდრეთით აღადგინოს გარდაცვლილები. შევიხსენოთ, რა სიტყვები წარმოთქვა პატრიარქმა იობმა. მას ეჭვი არ ეპარებოდა, რომ თუ მოკვდებოდა, იეჰოვას მოენატრებოდა და სიცოცხლეს დაუბრუნებდა (იობ. 14:14, 15). იეჰოვას თავისი ყველა ერთგული მსახური ენატრება, რომლებიც აღარ არიან ცოცხლები. მას ერთი სული აქვს, როდის დაუბრუნებს მათ სიცოცხლეს, რათა დატკბნენ სრულყოფილი ჯანმრთელობით და ბედნიერი ცხოვრებით. მაგრამ რისი თქმა შეიძლება იმ მილიარდობით ადამიანზე, რომლებსაც არ მისცემიათ იეჰოვას გაცნობის შესაძლებლობა? ჩვენი მოსიყვარულე ღმერთი მათაც დაუბრუნებს სიცოცხლეს, რომ მასთან დამეგობრების და დედამიწაზე მარადიულად ცხოვრების შესაძლებლობა მისცეს (იოან. 3:16; საქ. 24:15). w23.04 9 ¶5, 6