ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 20
როგორ დავაფასოთ ლოცვის შესაძლებლობა
„გული გადმოუღვარეთ მას“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 62:8).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 45 ჩემი გულის ზრახვები
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘa
ჩვენ შეგვიძლია ყოველთვის მივმართოთ იეჰოვას ლოცვით და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ვთხოვოთ ხელმძღვანელობა (იხილეთ აბზაცი 1).
1. რისკენ მოგვიწოდებს იეჰოვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
ᲕᲘᲡ შეგვიძლია მივმართოთ ნუგეშისა და ხელმძღვანელობის მისაღებად? ამ კითხვაზე პასუხი ყველამ კარგად ვიცით. თავად იეჰოვა მოგვიწოდებს, რომ მას მივმართოთ ლოცვით, თანაც განუწყვეტლივ (1 თეს. 5:17). ჩვენ თავისუფლად შეგვიძლია ვილოცოთ და ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით ვთხოვოთ ხელმძღვანელობა მას (იგავ. 3:5, 6). ამასთანავე, რამდენჯერაც გვინდა, იმდენჯერ შეგვიძლია მივმართოთ ღმერთს ლოცვით. ისიც ყოველთვის მზადაა მოსასმენად.
2. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
2 ყველანი ვაფასებთ ლოცვის შესაძლებლობას. თუმცა გადატვირთული გრაფიკის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს ამისთვის დროის გამონახვა. შეიძლება ისიც გვაფიქრებდეს, რამდენად შინაარსიანია ჩვენი ლოცვები და როგორ გავუმჯობესდეთ ამ მხრივ. საბედნიეროდ, ბიბლიაში მრავლადაა კარგი პრინციპები თუ რჩევები ამ საკითხზე. ამ სტატიაში განვიხილავთ იესოს მაგალითს და დავინახავთ, როგორ გამოვუყოთ დრო ლოცვას. ვიმსჯელებთ ხუთ მხარეზეც, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება, უფრო შინაარსიანად ვილოცოთ.
ᲘᲔᲡᲝ ᲓᲠᲝᲡ ᲒᲐᲛᲝᲣᲧᲝᲤᲓᲐ ᲚᲝᲪᲕᲐᲡ
3. რაში არ ეპარებოდა ეჭვი იესოს?
3 იესომ კარგად იცოდა, რომ იეჰოვა ძალიან აფასებდა თავის მსახურთა ლოცვებს. ვიდრე დედამიწაზე მოვიდოდა, ის ხედავდა, როგორ პასუხობდა იეჰოვა თავისი ერთგული მსახურების, მაგალითად ხანას, ელიასა და დავითის ლოცვებს (1 სამ. 1:10, 11, 20; 1 მეფ. 19:4—6; ფსალმ. 32:5). ამიტომაც რა გასაკვირია, რომ იესო მოუწოდებდა თავის მიმდევრებს, ხშირად ელოცათ და ეჭვი არ შეჰპარვოდათ ლოცვის ძალაში (მათ. 7:7—11).
4. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
4 იესომ საკუთარი მაგალითითაც ბევრი ასწავლა მოწაფეებს ლოცვის შესახებ. დედამიწაზე მსახურების დროს ის ძალიან დაკავებული იყო და გარს სულ ხალხი ეხვია, თუმცა მაინც ხშირად ლოცულობდა. ფაქტია, იესო ძალისხმევის გარეშე დროს ვერ გამონახავდა მამასთან ურთიერთობისთვის (მარ. 6:31, 45, 46). ის უთენია დგებოდა, რომ განმარტოებულიყო და ელოცა (მარ. 1:35). ერთხელ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებამდე მან მთელი ღამე ლოცვაში გაატარა (ლუკ. 6:12, 13). სიკვდილის წინა ღამეს კი, იმაზე ფიქრით მოცულმა, თუ როგორ გაართმევდა თავს ურთულეს დავალებას, მან არაერთხელ მიმართა მამას ლოცვით (მათ. 26:39, 42, 44).
5. როგორ მივბაძოთ იესოს?
5 იესოს მაგალითზე ვსწავლობთ, რომ რაც არ უნდა დაკავებულები ვიყოთ, აუცილებელია, დრო გამოვუყოთ ლოცვას. მაგალითად, დილით ადრე ავდგეთ ან საღამოს უფრო გვიან დავწვეთ დასაძინებლად. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ვაფასებთ იეჰოვასთან ლოცვით ურთიერთობის შესაძლებლობას. ერთი და ლინი იხსენებს, როგორი მადლიერი იყო, როცა გაიგო, რომ ნებისმიერ დროს შეეძლო ესაუბრა იეჰოვასთან: „ამის ცოდნა დამეხმარა, იეჰოვა ახლო მეგობრად აღმექვა და იმის სურვილიც გამიჩნდა, რომ უფრო შინაარსიანად მელოცა“. ჩვენც სწორედ ეს გვინდა. ამიტომ მოდი ვიმსჯელოთ ხუთ მხარეზე, რომელთა გათვალისწინებაც დაგვეხმარება, უფრო შინაარსიანად ვილოცოთ.
ᲮᲣᲗᲘ ᲒᲐᲡᲐᲗᲕᲐᲚᲘᲡᲬᲘᲜᲔᲑᲔᲚᲘ ᲛᲮᲐᲠᲔ
6. გამოცხადების 4:10, 11-ის თანახმად, რა ეკუთვნის იეჰოვას?
6 განადიდეთ იეჰოვა. მოციქულმა იოანემ იხილა, როგორ სცემდა ზეცაში იეჰოვას თაყვანს 24 უხუცესი. ისინი განადიდებდნენ იეჰოვას და ამბობდნენ: „შენ გეკუთვნის დიდება, პატივი და ძლიერება“ (წაიკითხეთ გამოცხადების 4:10, 11). ერთგულ ანგელოზებსაც, რომლებიც იეჰოვას გვერდით არიან და კარგად იცნობენ მას, არაერთი მიზეზი აქვთ, განადიდონ და პატივი მიაგონ იეჰოვას. ისინი საკუთარი თვალით ხედავენ, რა გასაოცარ საქმეებს იქმს იეჰოვა და როგორ თვისებებს ფლობს (იობ. 38:4—7).
7. რის გამო შეგვიძლია განვადიდოთ იეჰოვა?
7 ჩვენც გვინდა, ლოცვებში განვადიდოთ იეჰოვა და კონკრეტულად მოვიხსენიოთ მისი პიროვნების ის მხარეები, რომლებიც აღგვაფრთოვანებს და გვაყვარებს მას. ბიბლიის კითხვისა და შესწავლის დროს შეეცადეთ, ღვთის იმ თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება, რომლებიც განსაკუთრებით გხიბლავთ (იობ. 37:23; რომ. 11:33). შემდეგ კი ლოცვაში უთხარით იეჰოვას, რატომ აფასებთ ამ თვისებებს. შეგვიძლია იეჰოვა იმისთვისაც განვადიდოთ, რომ მხარში გვიდგას როგორც პირადად ჩვენ, ისე მთელ საძმოს. ის ხომ არასდროს გვტოვებს მზრუნველობისა და მფარველობის გარეშე (1 სამ. 1:27; 2:1, 2).
8. ჩამოთვალეთ მადლიერების ზოგიერთი მიზეზი (1 თესალონიკელები 5:18).
8 მადლიერება გამოხატეთ იეჰოვას მიმართ. მადლიერების მართლაც არაერთი მიზეზი გვაქვს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 5:18). შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ იეჰოვას ყველაფრისთვის, რაც გვახარებს. ყოველივე კარგი ხომ მან გვიბოძა (იაკ. 1:17). მაგალითად, შეგვიძლია მადლობა გადავუხადოთ ჩვენი მშვენიერი პლანეტისა და გასაოცარი სამყაროსთვის, სიცოცხლისთვის, ოჯახისთვის, მეგობრებისთვის, მომავლის იმედისთვის და, რაღა თქმა უნდა, მასთან მეგობრობის ფასდაუდებელი ძღვნისთვის.
9. რატომ არის გამუდმებული ძალისხმევა საჭირო მადლიერების გამოსახატავად?
9 დღეს უმადურ ხალხს შორის გვიწევს ცხოვრება. ამიტომ შეიძლება ძალისხმევის ფასად დაგვიჯდეს იმაზე ფიქრი, თუ რის გამო უნდა ვემადლიერებოდეთ იეჰოვას. ბევრი იმდენადაა შეპყრობილი საკუთარი სურვილების დაკმაყოფილების მანიით, რომ ვეღარ აფასებს იმას, რაც აქვს. თუ მათ გავლენაში მოვექცევით, ჩვენი ლოცვები შეიძლება სურვილების სიად იქცეს. ეს რომ არ მოხდეს, აუცილებელია, კვლავაც ავივსოთ გული იეჰოვასადმი მადლიერებით და გამოვხატოთ კიდეც (ლუკ. 6:45).
იეჰოვას მიმართ მადლიერების გამოხატვა განსაცდელების ატანაში დაგვეხმარება (იხილეთ აბზაცი 10).
10. რაში დაეხმარა ერთ დას მადლიერების გრძნობა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
10 მადლიერების გრძნობა სირთულეების ატანის ძალასაც გვაძლევს. ამაზე მოწმობს კიუ-სუკის შემთხვევაც, რომელიც 2015 წლის 15 იანვრის „საგუშაგო კოშკში“ დაიბეჭდა. კიუ-სუკს ფილტვის კიბოს დიაგნოზი დაუსვეს, რაც დიდი დარტყმა აღმოჩნდა მისთვის. ის იხსენებს: „მეგონა, ყველაფერი დამთავრდა. ძლიერ შევშინდი“. რა დაეხმარა მას ძალის მოკრებაში? ის ყოველ ღამით ადიოდა სახურავზე, ხმამაღლა ლოცულობდა და მოიხსენიებდა, სულ მცირე, ხუთ რამეს, რისთვისაც იმ დღეს მადლიერი იყო. ლოცვის შემდეგ ის საკუთარ თავში ძალას პოულობდა, რომ კვლავ დაემტკიცებინა იეჰოვასთვის სიყვარული. მან საკუთარ მაგალითზე დაინახა, როგორ აძლიერებს განსაცდელების დროს იეჰოვა თავის ერთგულ მსახურებს და იმასაც მიხვდა, რომ ცხოვრებაში განსაცდელებს ყოველთვის კურთხევები აჭარბებს. კიუ-სუკის მსგავსად, განსაცდელების დროსაც იეჰოვასადმი მადლიერების არაერთი მიზეზი გვაქვს. ლოცვაში მადლიერების გამოხატვა კი დაგვეხმარება, ავიტანოთ სირთულეები და შევინარჩუნოთ ემოციური წონასწორობა.
11. რატომ სჭირდებოდათ მოწაფეებს გაბედულება იესოს ზეცად ამაღლების შემდეგ?
11 სთხოვეთ იეჰოვას გაბედულება მსახურებისთვის. ზეცად ამაღლებამდე იესომ მოწაფეებს შეახსენა, რომ უნდა ყოფილიყვნენ მისი „მოწმეები იერუსალიმში, მთელ იუდეაში, სამარიაში და დედამიწის კიდით კიდემდე“ (საქ. 1:8; ლუკ. 24:46—48). არც ისე დიდი ხნის შემდეგ იუდეველმა წინამძღოლებმა დააპატიმრეს მოციქული პეტრე და იოანე და სინედრიონის წინაშე წარადგინეს, ქადაგება აუკრძალეს და დაემუქრნენ (საქ. 4:18, 21). როგორ მოიქცნენ მოციქულები?
12. რას ვიგებთ საქმეების 4:29, 31-დან?
12 პეტრემ და იოანემ იუდეველ რელიგიურ წინამძღოლებს გაბედულად განუცხადეს: „თავად განსაჯეთ, რამდენად სწორია ღვთის თვალში, თქვენ მოგისმინოთ და არა ღმერთს. ჩვენ ვერ შევწყვეტთ იმაზე ლაპარაკს, რაც ვიხილეთ და მოვისმინეთ“ (საქ. 4:19, 20). გათავისუფლების შემდეგ მათ სხვა მოწაფეებთან ერთად ღმერთს ხმამაღლა მიმართეს ლოცვით და მისი ნების შესასრულებლად დახმარება სთხოვეს: „ძალა მიეცი შენს მონებს, რომ შენი სიტყვა გაბედულად ილაპარაკონ“. იეჰოვამაც შეისმინა მათი გულმხურვალე ლოცვა (წაიკითხეთ საქმეების 4:29, 31).
13. რას ვსწავლობთ ჯინ-ჰიუკისგან?
13 კარგი იქნება, ჩვენც მსგავსად მოვიქცეთ, თუ ხელისუფლება ქადაგებას აგვიკრძალავს. განვიხილოთ ერთი ძმის, ჯინ-ჰიუკის, მაგალითი, რომელიც ნეიტრალიტეტის გამო დააპატიმრეს. ციხეში მას სამარტოო საკანში მყოფ ზოგიერთ პატიმარზე ზრუნვა დაავალეს. თუმცა მათთან საქმის გარდა სხვა არაფერზე საუბრის უფლება არ ჰქონდა, მათ შორის არც ბიბლიაზე (საქ. 5:29). ჯინ-ჰიუკი იეჰოვას სთხოვდა, რომ გაბედულად და ტაქტიანად ექადაგა და არცერთი შესაძლებლობა არ გაეშვა ხელიდან. ის იხსენებს: „იეჰოვამ უპასუხა ჩემს ლოცვებს და გაბედულება და სიბრძნე მომცა, რისი წყალობითაც არაერთ პატიმართან დავიწყე მოკლე-მოკლე შესწავლები. დღე შესწავლებს ვატარებდი, საღამოობით კი მათ წერილებს ვუწერდი და მომდევნო დღეს ვაძლევდი“. ჯინ-ჰიუკის მსგავსად, ჩვენც შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას სიბრძნე და გაბედულება იმაში დარწმუნებულებმა, რომ მისი დახმარებით თავს გავართმევთ დავალებულ საქმეს.
14. როგორ უნდა მოვიქცეთ სირთულეების დროს? (ფსალმუნი 37:3, 5).
14 სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ გაუმკლავდეთ პრობლემებს. ზოგს ჯანმრთელობა აქვს შერყეული ან ემოციური პრობლემები აწუხებს. ზოგს ახლობელი ჰყავს დაღუპული ან ოჯახში აქვს პრობლემები. ზოგიც რწმენის გამო იდევნება ან სხვა სახის სირთულესთან უწევს ჭიდილი. პანდემიამ და ომმა კი ბევრისთვის უფრო გაუსაძლისი გახადა ისედაც რთული ყოფა. ამიტომ გული გადაუშალეთ იეჰოვას და ისე ესაუბრეთ, როგორც ახლო მეგობარს. დარწმუნებული იყავით, რომ ის უპასუხოდ არ დატოვებს თქვენს ლოცვას (წაიკითხეთ ფსალმუნის 37:3, 5).
15. როგორ გვეხმარება ლოცვა, გავუძლოთ გასაჭირს? მოიყვანეთ მაგალითი.
15 თუ გამუდმებით ვლოცულობთ, ეს დაგვეხმარება, გავუძლოთ გასაჭირს (რომ. 12:12). იეჰოვამ კარგად იცის, რისი ატანა უწევთ მის მსახურებს და „ისმენს მათ ღაღადს, შველას რომ სთხოვენ“ (ფსალმ. 145:18, 19). ამ სიტყვების ჭეშმარიტებაში ერთი 29 წლის პიონერი და კრისტი საკუთარი მაგალითით დარწმუნდა. მოულოდნელად მას ჯანმრთელობა შეერყა, რის გამოც ღრმა დეპრესია დაემართა. ამას ისიც დაემატა, რომ დედამისს სასიკვდილო დიაგნოზი დაუსვეს. კრისტი იხსენებს: „ყოველდღე იეჰოვას გულმხურვალედ ვთხოვდი ძალას, რომ ის დღეც გადამეგორებინა. ვცდილობდი, არ გამეცდინა კრების შეხვედრები და არც პირადი შესწავლა ჩამეგდო. ლოცვამ უმძიმესი წუთები გადამატანინა. ძალიან მანუგეშებდა იმის ცოდნა, რომ იეჰოვა გვერდიდან არ მომშორდებოდა. მართალია, ჯანმრთელობის პრობლემები მაშინვე არ მომიგვარდა, მაგრამ იეჰოვამ უპასუხოდ არ დატოვა ჩემი ლოცვები და შინაგანი სიმშვიდე მომგვარა“. მართლაც, იეჰოვამ იცის, როგორ დაიხსნას განსაცდელისგან ერთგულები. ეს არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს (2 პეტ. 2:9).
როგორ უნდა მოიქცეთ, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას? 1) სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, 2) მოიქეცით ლოცვის შესაბამისად და 3) უფრო დაუახლოვდით მას (იხილეთ აბზაცები 16, 17).
16. რატომ გვჭირდება იეჰოვას დახმარება, რომ არ ავყვეთ ცდუნებას?
16 სთხოვეთ იეჰოვას დახმარება, რომ არ აჰყვეთ ცდუნებას. არასრულყოფილების გამო გამუდმებით გვიწევს საკუთარ თავთან ბრძოლა, რომ არ ავყვეთ ცდუნებებს. სატანაც ყველაფერს აკეთებს, რომ გაგვიძნელოს ეს ბრძოლა. მაგალითად, უზნეო გართობის მეშვეობით ის ცდილობს, გარყვნას ჩვენი აზროვნება. ასეთი გართობა უწმინდურ ფიქრებს წარმოშობს და შინაგან პიროვნებას რყვნის, რამაც შეიძლება ადამიანი სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანოს (მარ. 7:21—23; იაკ. 1:14, 15).
17. კიდევ რისი გაკეთება გვმართებს, რომ არ ავყვეთ ცდუნებას? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
17 იეჰოვას დახმარების გარეშე საკუთარ თავთან ბრძოლაში ვერაფერს გავხდებით. ამიტომაც ჩართო იესომ ლოცვის ნიმუშში შემდეგი სათხოვარი: „დაგვეხმარე, არ ავყვეთ ცდუნებას და გვიხსენი ბოროტისგან“ (მათ. 6:13). მართალია, იეჰოვას ჩვენი დახმარების სურვილი აქვს, მაგრამ ჩვენც ჩვენი უნდა გავაკეთოთ და ვითხოვოთ დახმარება, შემდეგ კი შესაბამისადაც მოვიქცეთ. მაგალითად, კონკრეტული ნაბიჯები უნდა გადავდგათ, რომ ქვეყნიერებაში გაბატონებულმა აზროვნებამ ვერ მოახდინოს ჩვენზე გავლენა (ფსალმ. 97:10). გარდა ამისა, გონება ჯანსაღი ფიქრებით უნდა ავივსოთ, რაშიც ბიბლიის კითხვა და შესწავლა დაგვეხმარება. ამ მხრივ კრების შეხვედრებზე დასწრება და მსახურებაც დიდ დახმარებას გაგვიწევს. იეჰოვა კი, თავისი დაპირებისამებრ, „არ დაუშვებს ისეთ ცდუნებას, რომლის ატანასაც ვერ შევძლებთ“ (1 კორ. 10:12, 13).
18. რა უნდა გავაკეთოთ ყველამ?
18 ამ მძიმე და ძნელად ასატან დროში თითოეულმა ჩვენგანმა ერთგულების შესანარჩუნებლად უფრო ხშირად და გულმხურვალედ უნდა ვილოცოთ. იეჰოვასაც ხომ სწორედ ეს სურს (ფსალმ. 62:8). ასე რომ, ყოველდღიურად გამონახეთ დრო ამისთვის. განადიდეთ იეჰოვა და ყველაფრისთვის მადლობა გადაუხადეთ. სთხოვეთ, რომ მსახურებაში გაბედულება შეგმატოთ, პრობლემებს გაუძლოთ და არ აჰყვეთ ცდუნებას. დააფასეთ ლოცვის შესაძლებლობა და ნურავის და ნურაფერს მისცემთ იმის უფლებას, რომ ხელი შეგიშალონ ამაში. თუმცა საინტერესოა, როგორ პასუხობს იეჰოვა ჩვენს ლოცვებს. ამაზე შემდეგ სტატიაში ვიმსჯელებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 42 ღვთის მსახურის ლოცვა
a ყველას გვინდა, რომ ჩვენი ლოცვები ძვირფას მეგობართან გულწრფელ საუბარს ჰგავდეს. თუმცა უნდა ვაღიაროთ, რომ ზოგჯერ ადვილი არ არის ლოცვისთვის დროის გამონახვა. შეიძლება ყოველთვის არც ის ვიცოდეთ, რაზე ვილოცოთ. წინამდებარე სტატიაში ამ ორივე საკითხზე ვიმსჯელებთ.