ჭეშმარიტ რწმენამდე მიმყვანი სახელი
„თქვენ არ გწამთ იესო და მისი გამომსყიდველური სისხლი“, — უთხრა ერთმა ქალბატონმა იეჰოვას მოწმეს. ერთმა მამაკაცმა კი თქვა: „თქვენ იეჰოვას მოწმეებს უწოდებთ საკუთარ თავს, მე კი იესოს მოწმე ვარ“.
ის აზრი რომ იეჰოვას მოწმეებს არ სწამთ იესო ან საკმარის პატივს არ მიაგებენ მას, საკმაოდ გავრცელებულია. მაგრამ ასეა სინამდვილეში?
სინამდვილეში, იეჰოვას მოწმეები დიდად აფასებენ ღვთის სახელს, იეჰოვასa. ბრაზილიელი მოწმე მამაკაცი, სახელად ითამარი, ამბობს: „ჩემი ცხოვრება მნიშვნელოვნად შეიცვალა, როდესაც ღვთის სახელი გავიგე. პირველად, მისი სახელის წაკითხვისას, მეგონა, რომ ღრმა ძილიდან გამოვიღვიძე. სახელმა იეჰოვამ მოქმედებისკენ აღმძრა; მან სულის სიღრმემდე შემძრა“. მაგრამ, ის ამატებს: „ჩემი გული იესოს სიყვარულითაცაა სავსე“.
დიახ, იეჰოვას მოწმეებს ესმით, რომ მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა სწამდეთ ‘ღვთის ძის, იესოს, სახელი’ (1 იოანე 5:13). მაგრამ რას ნიშნავს გამოთქმა ‘იესოს სახელით’?
რას გამოხატავს იესოს სახელი
‘იესოს სახელით’ და სხვა ამის მსგავსი გამოთქმებია აღმოჩენილი მთელ ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში, ანუ „ახალ აღთქმაში“. სიტყვა „სახელი“ იესოსთან დაკავშირებით 80-ზე მეტჯერ გვხვდება; მარტო წიგნში „საქმეები“ ის დაახლოებით 30-ჯერაა მოხსენიებული. პირველ საუკუნეში მცხოვრები ქრისტიანები იესოს სახელით ინათლებოდნენ, კურნავდნენ, ასწავლიდნენ მისი სახელით, მოუხმობდნენ მის სახელს, იტანჯებოდნენ მისი სახელის გულისთვის და ადიდებდნენ მის სახელს (საქმეები 2:38; 3:16; 5:28; 9:14, 16; 19:17).
ბიბლიის ერთი ლექსიკონის თანახმად, ბერძნულად სიტყვა, „სახელი“ ბიბლიაში ხშირად გამოყენებულია ყველაფერთან დაკავშირებით, რასაც სახელი მოიცავს: „ძალაუფლება, რეპუტაცია, წოდება, დიდებულება, სიძლიერე, ღირსება და ასე შემდეგ“. მაშასადამე, იესოს სახელი გამოხატავს უდიდეს ძალაუფლებას, რომელიც იეჰოვა ღმერთმა მას მიანდო. იესო ამბობდა: „მოცემული მაქვს მე მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მათე 28:18). როდესაც პეტრემ და იოანემ დავრდომილი განკურნეს, იუდეველმა რელიგიურმა წინამძღოლებმა ჰკითხეს: „რომელი ძალით, ან ვისი სახელით ჩაიდინეთ ეს?“ პეტრემ გაბედულად გამოხატა რწმენა იმ ხელმწიფებისა და ძალისადმი, რომელსაც იესოს სახელი გამოხატავდა და აცნობა, რომ „იგი [ეს კაცი] თქვენს წინაშე ჯანმრთელი დგას იესო ქრისტე ნაზარეველის სახელით“ (საქმეები 3:1–10; 4:5–10).
რწმენა იესოსადმი თუ კეისრისადმი?
მაგრამ იესოს სახელისადმი ასეთი რწმენის გაცხადება იოლი არ იქნებოდა. როგორც იესოს ჰქონდა ნაწინასწარმეტყველები, ‘ყველა ერი მოიძულებდა მის მოწაფეებს მისი სახელის გამო’ (მათე 24:9). რატომ? იმიტომ რომ იესოს სახელი გამოხატავს მის მდგომარეობას, როგორც ღვთის დანიშნულ მმართველს, მეფეთ მეფეს, რომელსაც ყველა ერი უნდა დაემორჩილოს; რის გაკეთებაც მათ არ სურთ ან რისთვისაც მზად არ არიან (ფსალმუნი 2:1–7).
იესოს დღეებში მცხოვრებ რელიგიურ წინამძღოლებსაც არ სურდათ დამორჩილებოდნენ იესოს. ისინი აცხადებდნენ: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“ რითაც უარყვეს ღვთის ძე (იოანე 19:13–15). ნაცვლად ამისა, ისინი ავლენდნენ რწმენას კეისრის სახელის — ხელმწიფებისა და ძალისადმი — მისი მმართველობისადმი. მათ იესოს მოკვლაც კი გადაწყვიტეს, რომ შეძლებოდათ თავიანთი მდგომარეობის შენარჩუნება (იოანე 11:47–53).
იესოს სიკვდილის შემდგომ საუკუნეებში, ბევრი აცხადებდა, რომ ქრისტიანები იყვნენ, მაგრამ იუდეველი წინამძღოლების პოზიციას იკავებდნენ. ის ეგრეთ წოდებული ქრისტიანები სახელმწიფოს ძალაუფლებებისადმი ავლენდნენ რწმენას და სახელმწიფო კონფლიქტებში ერეოდნენ. მაგალითად, XI საუკუნეში, მას შემდეგ, რაც ეკლესიამ უმუშევართაგან მებრძოლთა ჯგუფი ჩამოაყალიბა, „ქრისტიანი რაინდების“ სახელწოდებით, «სამართლიან ომს ხელმძღვანელობას უწევდა არა ქრისტიანული სამყაროს ქვეყნიური მთავრობები, არამედ რელიგია „ქრისტიანი რაინდების“ დახმარებით» (The Oxford History of Christianity). ამავე ნაშრომში ნათქვამია, რომ პაპები ჯვაროსნებს აჯერებდნენ, თითქოს ჯვაროსნულ ომებში მონაწილეობის მიღებით „ღმერთს უახლოვდებოდნენ და სამოთხეში მოხვდებოდნენ“.
ზოგი შეიძლება ამტკიცებს, რომ შესაძლებელია ქრისტეს ერთგულიც იყო და პოლიტიკასა და ერებს შორის ომებშიც მიიღო მონაწილეობა. ისინი შეიძლება ფიქრობენ, რომ ქრისტიანი ვალდებულია, ებრძოლოს ბოროტებას, სადაც უნდა იყოს, და, თუ მდგომარეობა მოითხოვს, იომოს კიდეც. მაგრამ იზიარებდნენ პირველი ქრისტიანები ასეთ თვალსაზრისს?
„პირველი ქრისტიანები ომებში არ მონაწილეობდნენ“, — ნათქვამია ერთ ჟურნალში (The Christian Century). ის განმარტავს, რომ არავითარი მტკიცება არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ ქრისტიანები ომებში იღებდნენ მონაწილეობას ახ. წ. I საუკუნის 70–80-იან წლებამდე. სტატია განაგრძობს: „მაგრამ ქრისტიანებმა თანდათანობით დაიწყეს ომებში მონაწილეობის მიღება“.
რა შედეგები მოჰყვა ამას? „ალბათ ყველაზე მეტად ის შეურაცხყოფდა ქრისტიანობას, რომ ომისადმი მისი მიმდევრების პოზიცია არაფრით განსხვავდებოდა არაქრისტიანების პოზიციისგან. ერთი მხრივ, ქრისტიანები კეთილი მხსნელისადმი ავლენენ რწმენას, ხოლო მეორე მხრივ, მხურვალედ უჭერენ მხარს რელიგიურ ან ეროვნულ ომებს, რის გამოც რწმენას ფასს უკარგავდნენ“, — ნათქვამია ზემოხსენებულ ჟურნალში.
პირველი ქრისტიანების მიბაძვა დღეს
შესაძლებელია, რომ დღევანდელმა ქრისტიანებმა მიბაძონ პირველი ქრისტიანების უნაკლო მაგალითს? ამ საუკუნეში მცხოვრებმა იეჰოვას მოწმეებმა აჩვენეს, რომ ეს შესაძლებელია. მათ შესახებ საუბრისას ერთმა რედაქტორმა (Holocaust Educational Digest) თქვა: „იეჰოვას მოწმეები ომებში არ ღებულობენ მონაწილეობას. . . მთელ მსოფლიოში სახელმწიფოს ყველა წარმომადგენელს რომ მათი რწმენა ჰქონოდა, [მეორე მსოფლიო ომი] არასოდეს მოხდებოდა“.
იგივე შეიძლება ითქვას უფრო ახლახან მომხდარ რეგიონალურ კონფლიქტებზე, როგორიც ჩრდილო ირლანდიაში მძვინვარებდა. რამდენიმე წლის წინათ იეჰოვას მოწმე კარდაკარ ქადაგებდა ქალაქ ბელფასტის ერთ უბანში, სადაც ძირითადად პროტესტანტები ცხოვრობენ. ერთმა მასპინძელმა გაიგო, რომ მოწმე უწინ კათოლიკე იყო და ჰკითხა: „როდესაც კათოლიკე იყავი, უჭერდი მხარს ირლანდიის ჯარს?“ მოწმე მიხვდა, რომ მამაკაცი შეიძლება გამძვინვარებულიყო, რადგან კათოლიკეს მოკვლის მცდელობისთვის დაკავებული და ახლახან გათავისუფლებული იყო. ამიტომ ასე უპასუხა: „მე აღარა ვარ კათოლიკე. მე იეჰოვას მოწმე ვარ. როგორც ჭეშმარიტი ქრისტიანი, არასოდეს მოვკლავ ვინმეს არც ერთი მთავრობისა და ადამიანის გულისთვის“. ამის გაგონებაზე მასპინძელმა ხელი ჩამოართვა და უთხრა: „ყოველგვარი მკვლელობა ბოროტებაა. თქვენ კარგ საქმეს აკეთებთ. ფარ-ხმალს ნუ დაყრით“.
რას ნიშნავს იესოს სახელის რწმენა
მაგრამ იესოს სახელის რწმენა მხოლოდ იმას არ ნიშნავს, რომ ომში არ მიიღო მონაწილეობა. ის ქრისტეს ყველა მცნებისადმი მორჩილებას ნიშნავს. იესომ თქვა: „თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ გააკეთებთ, რასაც მცნებად გიდებთ“, და ერთ-ერთი ამ მცნებათაგანია, რომ ‘გვიყვარდეს ერთმანეთი’ (იოანე 15:14, 17). სიყვარული კი ერთმანეთისადმი სიკეთის კეთებას ცდილობს. ის გამორიცხავს ყოველგვარ რასობრივ, რელიგიურ და სოციალურ სიძულვილს. იესომ აჩვენა, თუ როგორ შეიძლება ეს მოხდეს.
იესოს დღეებში იუდეველებს სძულდათ სამარიელები. ამის საპირისპიროდ, იესო ესაუბრა სამარიელ ქალს, რის შემდეგაც მან და ბევრმა სხვამ ირწმუნა იესოს სახელი (იოანე 4:39). იესო აგრეთვე ამბობდა, რომ მისი მოწაფეები იქადაგებდნენ მის შესახებ „იერუსალიმში, მთელ იუდეასა და სამარიაში და ქვეყნის კიდემდე“ (საქმეები 1:8). იესოს სიცოცხლის მომცემი ცნობა მარტო იუდეველებს არ ეხებოდა. ამიტომ, პეტრეს ებრძანა, რომ სწვეოდა რომაელ ასისთავს, კორნელიოსს. მიუხედავად იმისა, რომ რჯულით იუდეველს ეკრძალებოდა, სწვეოდა რომელიმე სხვა ეროვნების ადამიანს, ღმერთმა აჩვენა პეტრეს, რომ ‘არც ერთი ადამიანისთვის არ ეწოდებინა ბიწიერი ან უწმიდური’ (საქმეები 10:28).
იესოს მიბაძვით იეჰოვას მოწმეები სიხარულით ეხმარებიან ყველას, მიუხედავად მათი რასობრივი, რელიგიური თუ ეკონომიკური მდგომარეობისა, და ასწავლიან იმ გადარჩენის შესახებ, რომელიც იესოს სახელით მოვა. იესოს სახელის რწმენა აღძრავს მათ ’საჯაროდ განაცხადონ, რომ იესო არის უფალი’ (რომაელთა 10:8, 9). გირჩევთ კეთილგანწყობილებით შეხვდეთ მათს დახმარებას, რათა თქვენც გამოავლინოთ იესოს სახელისადმი რწმენა.
იესოს სახელმა ჭეშმარიტად უნდა აღგვძრას, რომ განვადიდოთ, პატივისცემით მოვეპყროთ და დავემორჩილოთ მას. მოციქული პავლე აცხადებდა: „იესოს სახელის წინაშე მუხლი მოიდრიკოს ყოველმა ზეციერმა, მიწიერმა და ქვესკნელმა, ყოველმა ენამ აღიაროს, რომ იესო ქრისტე არის უფალი, მამა ღვთის სადიდებლად“ (ფილიპელთა 2:10, 11). მიუხედავად იმისა, რომ მსოფლიოში მცხოვრებთა უმრავლესობას შეიძლება არ სურს დაემორჩილოს იესოს მმართველობას, ბიბლია გვიჩვენებს, რომ ახლოა ის დრო, როცა ყველა უნდა დაემორჩილოს მის მმართველობას ან დაიღუპოს (2 თესალონიკელთა 1:6–9). აქედან გამომდინარე, სწორედ ახლაა, იესოს სახელისადმი რწმენის გამოვლენისა და იესოს მცნებების დაცვის დრო.
[სქოლიოები]
a უფრო მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ გამოცემული ბროშურა „ღვთიური სახელი, რომელიც მარადიულად დარჩება“, გვერდები 28–31 [რუს.].
[სურათი 6 გვერდზე]
იესოს სახელით მილიონები და მილიონები კვდებოდნენ.
[სურათი 7 გვერდზე]
იესოს მათი წარმოშობის გამო არავინ სძულდა. თქვენ?