2000 წელი — თქვენც შეგეხებათ კომპიუტერების მწყობრიდან გამოსვლა?
მას შემდეგ, რაც კაცობრიობამ ელექტრობის გამოყენება დაიწყო, მსოფლიო არენაზე კომპიუტერის გამოჩენა, როგორც ამბობენ, უდიდესი მოვლენა იყო. დღეს, რამდენიმე ათწლეულის შემდეგ, მრავალს უკვირს, საერთოდ, როგორ ცხოვრობდნენ კომპიუტერების გარეშე. ჟურნალი, რომელსაც ახლა კითხულობთ, მათი დახმარებით არის დაბეჭდილი. კომპიუტერს შეუძლია შეინახოს და მომენტალურად მოძებნოს დამახსოვრებული ინფორმაცია. მართლაც რა საოცარი და საუცხოო რამაა კომპიუტერი! რა უნდა ექნა ადამიანს მის გარეშე?!
განვითარებულ ქვეყნებში ცხოვრების თითქმის ყველა სფერო გარკვეულწილად კომპიუტერებთან არის დაკავშირებული. კომპიუტერებზეა დამოკიდებული სახელმწიფოსგან მოხუცებულობის თუ ინვალიდობის პენსიის, საგადასახადო პრემიის, სადაზღვევო საზღაურისა და მრავალი სხვა ანაზღაურების მიღება. თუ მუშაობთ, ადვილი შესაძლებელია, თქვენი ხელფასის უწყისის გამოწერა კომპიუტერის დახმარებით ხდებოდეს. კომპიუტერები აღრიცხავს ბანკში შეტანილ თანხას და გაცემულ მოგებას. თანამედროვე ბინებში კომპიუტერები უამრავ მოწყობილობას მართავს, მაგალითად, ელექტრობის წარმომქმნელ და წყლის გამწმენდ მოწყობილობებს. ექიმებისთვის, კლინიკებისა და საავადმყოფოებისთვის კომპიუტერები ღვთის წყალობასავითაა — ეხმარება მათ დიაგნოზის დასმასა და ავადმყოფების გადარჩენაში. კომპიუტერები აკონტროლებს ამინდს და თვითმფრინავებს ჰაერში შეჯახებისგან იცავს.
რამდენად გონიერია?
კომპიუტერი იმ ადამიანზე გონიერი არ არის, რომელიც მას აპროგრამებს. კომპიუტერი ამოცანებს მხოლოდ ბრძანებისამებრ ხსნის, აზროვნების უნარი არ გააჩნია. როცა რაიმეს არასწორად აკეთებს, დამპროგრამებლის არასრულყოფილებას ირეკლავს. თუ კომპიუტერი ბრძანებას სწორად ასრულებს, ეს ადამიანის დამსახურებაა. კომპიუტერს ჩვენზე ბევრად სწრაფად შეუძლია ამოცანების ამოხსნა, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პასუხების მოძებნის ხერხს ჩვენ თვითონ შევიტანთ მის მეხსიერებაში.
ადამიანმა სათანადოდ ვერ გამოიყენა განჭვრეტის უნარი 50—60-იან წლებში, როცა გარკვეული ტიპის კომპიუტერები პირველად დააპროგრამა. კომპიუტერის მეხსიერება მაშინ ძვირად ფასობდა, ამიტომ პროგრამისტები მის დაზოგვას ცდილობდნენ. კომპიუტერში ყოველი ასო თუ ციფრი ადგილს იკავებს. თარიღების შეტანისას ადგილის დაზოგვის მიზნით პირველმა პროგრამისტებმა შექმნეს შემოკლებული კოდი, სადაც გამოტოვებული იყო წელიწადის აღმნიშვნელი თარიღის პირველი ორი ციფრი. მაგალითად, 1965 წელი შემოკლებულ იქნა „65“-ად, 1985 — „85“-ად, 1999 — „99“-ად და ასე შემდეგ. თარიღების დაბეჭდვის დროს სირთულეს არ წარმოადგენდა „85“-ისთვის „19“-ის დამატება. გასული რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში მილიონობით პროგრამა ჩაიწერა ამ შემოკლებების გამოყენებით. ბევრ პროგრამისტს არ ეგონა, რომ ამ თითქოს უწყინარ შემოკლებებს სერიოზული შედეგები მოჰყვებოდა, რადგან ვერც კი წარმოედგინათ, რომ მათი პროგრამებით მომდევნო საუკუნის დასაწყისშიც ისარგებლებდნენ. მაგრამ დღესაც გამოიყენება ამგვარი შემოკლებების საფუძველზე შექმნილი ბევრი პროგრამა, რომლებიც 2000 წელს „00“-ად აღიქვამს.
ზოგი კომპიუტერი „00“-ს თავისებურად, 1900 წლად, გაიგებს! წარმოიდგინეთ, როგორ აირ-დაირევა კომპიუტერული პროგრამა, როცა კომპიუტერი 1999 წელს ხუთი წლის ვადით გაცემული სესხის დაბრუნების საბოლოო ვადად 1904 წელს დაადგენს! სხვა შემთხვევებში კი თარიღების გამოთვლისას კომპიუტერული პროგრამა შეცდომის აღმოჩენისთანავე მოქმედებას შეწყვეტს, ხოლო, უკიდურეს შემთხვევაში, სრულიად გამოუსადეგარი გახდება.
გაზეთი „ტორონტო სტარი“ (Toronto Star) აღნიშნავს: „ელექტრობის გამოგონებას ისეთი ინდუსტრიული გადატრიალება არ მოჰყოლია, როგორიც მიკროსქემის გამოყენებას მოჰყვა. მაგრამ მან [მიკროსქემამ] უფრო მეტი პრობლემა შეგვიქმნა, ვიდრე მის გამომგონებლებს შეეძლოთ წარმოედგინათ“. გაზეთში შემდეგ ნათქვამია: „მსოფლიოში არსებობს ისეთი კომპიუტერული სისტემები და მიკროსქემები, რომლებიც ერთმანეთისგან ვერ არჩევს 1900-სა და 2000 წლებს. თუ ამ სისტემებს არ შეამოწმებენ და არ შეცვლიან, ეს გლობალურ ქაოსს გამოიწვევს“.
რას წინასწარმეტყველებს ზოგი სპეციალისტი
„ყველა, მათ შორის მეც, ვხვდებით, თუ რა სერიოზული შედეგები მოჰყვება ამას, — განაცხადა ამერიკის (იუტა) სენატორმა რობერტ ბენეტმა. — ახალ წლამდე ან 2000 წლის პირველ-მეორე კვირამდე ამას ვერავინ აღმოაჩენს“. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, „არსებობს გარკვეული საფუძველი, ვთქვათ. . . რომ შედეგები უკიდურესად რთული იქნება როგორც ეკონომიკისთვის, ისე ხალხისთვის“.
„ვწუხვართ ენერგოსისტემის, ტელეკომუნიკაციების, საბანკო სამუშაოების მოსალოდნელ მოშლაზე ვწუხვართ“, — განაცხადა აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს წარმომადგენელმა. მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მოწოდებული ცნობების თანახმად, ზოგი კომპიუტერი უკვე წააწყდა პრობლემებს, როცა 2000 ან მომდევნო წლების თარიღების გამოყენება დასჭირდა.
„სპეციალისტები წინასწარმეტყველებენ, რომ ჯანმრთელობის სფეროში მეტი პრობლემა გაჩნდება, რადგან საავადმყოფოებსა და ჯანდაცვის ორგანიზაციებში პაციენტების საგადასახადო და სადაზღვევო ჩანაწერები აირევა“, — იუწყებოდა ერთი ჟურნალი (U.S.News & World Report). არსებობს საფრთხე, რომ გარკვეული ბიოსამედიცინო აპარატურის, მათ შორის მონიტორების, ფუნქციონირება მოიშალოს. იმის გამო, რომ ბევრმა ელექტროსადგურმა თავის დროზე ვერ მიიღო ზომები, შეიძლება ზოგ რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება დაირღვეს. ამავე საშიშროების შესახებ კანადის გაზეთში ნათქვამია: „ჩვენი საავადმყოფოები და სამედიცინო მოწყობილობები მიკროსქემებზეა დაფუძნებული, ასე რომ, კომპიუტერული სისტემის მოშლამ შეიძლება ხალხის სიკვდილიანობა გამოიწვიოს“. ერთი საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა გულისტკივილით აღნიშნა: „კომპიუტერული სისტემის მოშლა ჩვენს საქმიანობაზე უფრო სერიოზულ გავლენას მოახდენს. სხვა სფეროებზე ამან შეიძლება ასე საზიანოდ არ იმოქმედოს“.
კომპიუტერის სპეციალისტები, რომლებიც უფრო პესიმისტურად არიან განწყობილი, წინასწარმეტყველებენ, რომ საფონდო ბირჟა წარმატებებს ვერ მიაღწევს, წვრილი ბიზნესი შეჩერდება და საბანკო სისტემებს შეშინებული მეანაბრეები მოაწყდებიან. აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილემ მსოფლიო კომპიუტერული შეცდომა იმ გავლენას შეადარა, რომელსაც დინება ელ-ნინიო ახდენს ამინდზე. „ვფიქრობ, არასასიამოვნო სიურპრიზები არ აგვცდება“, — თქვა მან.
„თუ კომპიუტერებს 2000 წლის 1 იანვრამდე არ გამართავენ, ეს კატასტროფულ გავლენას მოახდენს რუსეთის კომერციულ საქმიანობაზე“, — განაცხადა ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა. „როიტერის“ საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, „გერმანული კომპანიები ზედმეტად არ ირჯებიან იმისთვის, რომ ახალ ათასწლეულში თავიდან აიცილონ ბომბის აფეთქების მსგავსი საშიშროება, კომპიუტერების მწყობრიდან გამოსვლა, რის შედეგადაც შეიძლება მთელი ევროპა ქაოსმა მოიცვას“. ერთმა მკვლევარმა განაცხადა, რომ „იმავეს თქმა შეიძლება ავსტრიის, შვეიცარიის, ესპანეთის, საფრანგეთისა და იტალიის შესახებ“.
ერთ-ერთი გაზეთი ყურადღებას ამახვილებს კომპიუტერებთან დაკავშირებულ პრობლემაზე ტაილანდში: „გაერთიანებული ერების ორგანიზაციის საინფორმაციო სამსახურის ცნობით, ამ მხარეში სტატისტიკის სახელმწიფო სამმართველოები ახალ ათასწლეულთან დაკავშირებით ორმხრივი პრობლემის წინაშე დგანან: თავიდან აიცილონ კომპიუტერული სისტემების პრობლემა, რომელიც 2000 წელთან არის დაკავშირებული (Y2K), და მოემზადონ მოსახლეობის ხელახალი აღწერისთვის“ (Bangkok Post). მსგავსი პრობლემების წინაშე დგანან: ავსტრალია, ახალი ზელანდია, იაპონია, ინგლისი, ირლანდია, ჩინეთი და ჰონკონგი. ეს, მართლაც რომ, მსოფლიო პრობლემაა, რომლის გადაჭრაც აუცილებელია.
ცეცხლის ფასი
ზოგმა სპეციალისტმა კომპიუტერული პრობლემების მოგვარებას ცეცხლის ფასი დაადო. მაგალითად, აშშ-ის ადმინისტრაციული და საბიუჯეტო სამმართველოს შეფასებით, მხოლოდ ამერიკის ფედერალური მთავრობის კომპიუტერების გამართვას 4,7 მილიარდი ამერიკული დოლარი დასჭირდება. სპეციალისტების ერთი ჯგუფი ფედერალური მთავრობის კომპიუტერების კაპიტალური შეკეთებისთვის უფრო რეალურ თანხად 30 მილიარდ ამერიკულ დოლარს ასახელებს. რა თანხა დაუჯდება მთელ მსოფლიოს? როგორც ერთი გაზეთი იუწყება, დაუჯერებელი თანხა, „600 მილიარდი დოლარი, დასჭირდება პროგრამების შეკეთებას, მაგრამ, თუ შესწორებული პროგრამა მოიშალა, სასამართლოში საქმის აღძვრა ტრილიონი დოლარი დაჯდება“ (New York Post). სპეციალისტების სხვა ჯგუფმა გამოთვალა, რომ „შეკეთების ფასმა, სასამართლო პროცესში გადახდილმა თანხამ და ბიზნესის ჩავარდნის შედეგად გამოწვეულმა ზარალმა მთლიანობაში შეიძლება 4 ტრილიონი დოლარი შეადგინოს“. ამავე გაზეთში აღნიშნული იყო, რომ „2000 წლის პრობლემა კაცობრიობას ყველაზე ძვირად დაუჯდება“. სხვა ცნობაში ეს პრობლემა აღწერილი იყო როგორც, „ალბათ, ყველაზე მასშტაბური, უდიდეს რისკთან დაკავშირებული და ყველაზე ძვირი პროექტი, რომელიც კაცობრიობას ოდესმე ჰქონია“.
შეხედულებები განსხვავდება
რა გავლენას მოახდენს ეს თქვენზე? იმის მიხედვით, თუ სად ცხოვრობთ და რა ძალისხმევას ახმარენ ამ პრობლემის გადაჭრას ის დაწესებულებები, რომლებთანაც თანამშრომლობთ, ამან შეიძლება თქვენზე ან სულ არ იმოქმედოს, ან ოდნავ გაგაღიზიანოთ, ან შეიძლება ძალიან გაგიძნელდეთ ამ პრობლემასთან გამკლავება, განსაკუთრებით კი 2000 წლის პირველ კვირებში. თუ გაქვთ წუხილის მიზეზი, მაგალითად, ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად სპეციალურ მოწყობილობას იყენებთ, დაუკავშირდით დაწესებულებას, რომელიც გემსახურებათ, და იკითხეთ, რა გავლენას მოახდენს 2000 წელი ამ მოწყობილობაზე ან მომსახურებაზე.
გასულ წლებში ბევრი რამ ითქვა 2000 წლის პრობლემასთან დაკავშირებით. ზოგი პრობლემას უზომოდ სერიოზულად მიიჩნევს, ზოგი კი — გაზვიადებულად. ზოგიერთები ამტკიცებენ, რომ ბანკები იზარალებენ, საბანკო საქმის სპეციალისტები კი ამბობენ, რომ 2000 წლისთვის პრობლემების ძირითადი ნაწილი მოგვარებული იქნება. „არავის სჯერა, რომ სატელეფონო ქსელი მოშლის გზაზეა“, — აღნიშნა ამერიკის კავშირგაბმულობის ფედერალური კომისიის ხელმძღვანელმა. მაგრამ მან დაუშვა, რომ სატელეფონო პრობლემები მომდევნო საუკუნის დასაწყისში დამღუპველი კი არ იქნება, არამედ გამაღიზიანებელი. მრავალი ორგანიზაცია ლაბორატორიებში უკვე ცდილობს ტესტების საშუალებით თარიღებთან დაკავშირებული პრობლემის გადაჭრას. ამგვარად, პრობლემები შეიძლება მოგვარდეს. მაგრამ იმისათვის, რომ გავიგოთ, რამდენად სერიოზული იქნება 2000 წლის პრობლემა, მოცდაა საჭირო.