შეინარჩუნე გაწონასწორებული თვალსაზრისი კომპიუტერულ ტექნიკაზე
1 პირველ საუკუნეში ქრისტიანებს პავლემ ურჩია, რომ არ მოცდენილიყვნენ, რადგან ‘ჟამი იწურებოდა’ (1 კორ. 7:29). იმის გამო, რომ ამ ძველი სისტემის აღსასრული ახლოვდება, წარმოიდგინე, რამდენად გადაუდებელია ჩვენთვის, ‘ვეძიოთ ღვთის სასუფეველი და მისი სიმართლე’ და ‘გამოვისყიდოთ დრო’! დრო ძვირფასია (მათ. 6:33; ეფეს. 5:15, 16, აფ).
2 ტექნიკამ, როგორც დროის დაზოგვის საშუალებამ, დიდი გამოხმაურება პოვა. მაგალითად კომპიუტერის ღილაკზე თითის მხოლოდ ერთი დაჭერით მომხმარებელს შეუძლია მყისვე მიიღოს ძალიან დიდი მოცულობის ინფორმაცია. კომპიუტერები ხშირად წამებში აკეთებს იმ საქმეს, რის სხვაგვარად გაკეთებასაც შეიძლება საათები ან კვირები წაეღო. სწორი გამოყენების შემთხვევაში ისინი დამხმარე ხელსაწყოებს წარმოადგენენ.
3 ნამდვილად ზოგავს დროს? სხვა მხრივ, ასეთი ტექნიკა საკმარისად ძვირი უჯდება მომხმარებელს როგორც ფულის, ისე დროის მხრივ. შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს იმის შესწავლას, თუ როგორ შეასრულებინო კომპიუტერს სხვადასხვა ოპერაციები. გარდა ამისა, პიროვნება, რომელსაც იტაცებს ტექნიკა, კარგავს დროს, რომლის დახარჯვაც უკეთესად შეიძლებოდა. აუცილებელია, გაწონასწორებული თვალსაზრისი შევინარჩუნოთ და ამასთანავე გვახსოვდეს მოციქულ პავლეს გაფრთხილებაში შემავალი პრინციპი, რომ ვიაროთ ‘როგორც ბრძენებმა, გამოვისყიდოთ დრო’ (იხილე 1 კორინთელთა 7:31).
4 მრავალი დადებითი მიზნებით აღძრული პიროვნება კომპიუტერულ პროგრამებს ქმნის კრების ჩანაწერების წარმოებისთვის. რა თქმა უნდა, პირადი საქმეა, თუ როგორ იყენებს პიროვნება კომპიუტერს. მაგრამ კრების ისეთი ჩანაწერები, რომლებისთვისაც სპეციალური ბლანკებია განკუთვნილი, არ უნდა ინახებოდეს კომპიუტერში, რათა ბავშვებმა ან სხვებმა არ ნახონ. კრების ყველა ჩანაწერი — საფინანსო ანგარიში, კრების მაუწყებლების ანგარიშების ბარათები და სხვა — შენახული უნდა იქნეს საზოგადოების მიერ გამოგზავნილ ბლანკებზე და მათში მოცემული ინფორმაცია არ უნდა ინახებოდეს კომპიუტერში. ამგვარად კრების კონფიდენციალური ჩანაწერები დაცული იქნება.
5 პასუხისმგებელმა ზედამხედველებმა გარჩევის უნარი უნდა გამოავლინონ თეოკრატიულ სამსახურის სკოლასა და სამსახურებრივ შეხვედრაზე დავალებების განაწილებისას. მათ უნდა გაითვალისწინონ კონკრეტულ ნაწილში განსახილველი მასალა. მაგალითად, თეოკრატიულ სკოლაში ზოგი მასალის მიცემა ნებისმიერი მოსწავლისთვის არ იქნებოდა სათანადო. გასათვალისწინებელია შეთავაზების მიზანი, პიროვნების შესაძლებლობები და მასალის სახე. ეს ყოველივე კომპიუტერს არ უნდა გადააწყვეტინო.
6 ძმა, რომელსაც კრების შეხვედრებზე წარმოსათქმელად მიცემული აქვს პუნქტი, არ უნდა დაენდოს ვიღაცის, თანაც მისთვის უცნობის, მიერ მომზადებულ მასალას, მხოლოდ იმიტომ, რომ კომპიუტერული ქსელი ხელმისაწვდომია უცნობისთვის და ამის გამოყენება დროს დაუზოგავს მას. პასუხისმგებელი ქრისტიანები არასოდეს მოამზადებენ ბიბლიურ მოხსენებებს ან კრების შეხვედრებისთვის პუნქტებს კომპიუტერულ ქსელში და ხელმისაწვდომს არ გახდიან სხვებისთვის. თუმცა ზოგიერთი ძმისთვის კომპიუტერი და საზოგადოება „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკა“ ლაზერულ დისკზე ხელსაყრელი საშუალებებია, რომლებიც ხელს უწყობს ეფექტურ გამოკვლევას შეზღუდულ დროში.
7 რაც შეეხება კომპიუტერული პროგრამების შედგენასა და გავრცელებას — ძმებს შორის სიებისა და ამასთან დაკავშირებული დოკუმენტაციების, სამსახურებრივი შეხვედრებისა და თეოკრატიული სამსახურის სკოლის ნაწილების მომზადებასა და გავრცელებას ელექტრონული კოპიოებითა და სხვა საშუალებით — აღსანიშნავია, რომ, ჩვეულებრივ, ძმებისთვის უკეთესია საკუთარი მასალების პირადად მომზადება ადგილობრივი მოთხოვნილებების გათვალისწინებით (1 ტიმ. 4:13, 15). არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს გამოყენებული კრების ნაცნობობა ფინანსური მოგების მიზნით.
8 რა შეიძლება ითქვას „საგუშაგო კოშკისა“ და კრების წიგნის შესწავლაზე გამოყენებული მუხლების კომპიუტერით ამობეჭდვასთან დაკავშირებით? შეიძლება უკეთესი იყოს, რომ მაუწყებელმა საკუთარი ჩანიშვნები შეიტანოს პირდაპირ ბიბლიაში და შესასწავლ პუბლიკაციებში. შეხვედრებზე პუბლიკაციებში მოცემული მუხლების კომპიუტერზე ამობეჭდილი ასლის გამოყენებამ შეიძლება მუხლების ბიბლიაში ძებნას გადააჩვიოს პიროვნება. მაგრამ მუხლების მონახვა ბიბლიის შესწავლისას ან კრების შეხვედრებზე იმ სწავლების ნაწილია, რომელიც სამქადაგებლო მსახურებაში ბიბლიის ეფექტურად გამოყენებისთვის გვამზადებს. უმეტეს შემთხვევებში და, მით უმეტეს, გრძელ ციტატებთან დაკავშირებით, პირდაპირ ბიბლიიდან კითხვა უფრო ეფექტურია, განსაკუთრებით როცა აუდიტორიას სთხოვენ, კითხვისას თავიანთ ბიბლიას ადევნონ თვალყური.
9 სხვა სერიოზული მახეები. როგორც „საგუშაგო კოშკის სასწავლო სტატიების“ №4 ბროშურის მე-4—მე-5 გვერდებზე იყო ხაზგასმული, რომ კომპიუტერის ელექტრონული განცხადებების დაფასთან დაკავშირებამ შეიძლება გზა გაუხსნას სერიოზულ სულიერ საშიშროებებს. როგორც უსინდისო ადამიანს, ისე განდგომილს, სასულიერო პირს და მათ, რომლებიც ცდილობენ სხვების მორალურად გარყვნას, შეუძლიათ განცხადებების დაფაზე მოათავსონ ვირუსი — ისეთი პროგრამა, რომლის მიზანია, დააზიანოს ან გაანადგუროს კომპიუტერის ფაილები — ან თავიანთი მომწამვლელი იდეები. თუ განცხადებების დაფას, რომელსაც აწერია კიდეც „მხოლოდ ი[ეჰოვას]. მ[ოწმეები].-სთვის“ და რომელსაც იყენებს იეჰოვას ერთგული, მოწიფული მსახურების მხოლოდ შეზღუდული რაოდენობა, არ ეწევა სათანადო ზედამხედველობა, ამან ქრისტიანი მომხმარებლები შეიძლება ‘ცუდ საზოგადოებასთან’ ურთიერთობის საფრთხეში ჩააგდოს (1 კორ. 15:33). საზოგადოებამ მიიღო ცნობები, რომ ასეთ ეგრეთ წოდებულ პირად ქსელებს მხოლოდ სულიერ საკითხებთან დაკავშირებით კი არ იყენებენ, არამედ ბოროტი რჩევების ჭორისა და ცრუ ინფორმაციების გავრცელების, ხალხში უარყოფითი აზრების ჩათესვის, რწმენის შემასუსტებელი კითხვებისა და ეჭვების წამოჭრისა და მუხლების პირადი ინტერპრეტაციის გავრცელების მიზნით. ზედაპირულად ზოგი ინფორმაცია შეიძლება საინტერესო და შემეცნებითი იყოს, მაგრამ შეიძლება მომწამვლელ ცნობებსაც შეიცავდეს. ქრისტიანები კი უშუალოდ ‘ერთგული და გონიერი მონისგან’ ელიან დროულ სულიერ საზრდოსა და განმარტებებს (იხილე 1995 წლის 1-ლი იანვრის „საგუშაგო კოშკი“, გვ. 8–10). ქრისტიანებს სერიოზული პასუხისმგებლობა აკისრიათ, დაიცვან რწმენა გამხრწნელი ზეგავლენისგან და ამის საფუძველზე მათ ყოველთვის უნდა იცოდნენ, ვისთან აქვთ ურთიერთობა (მათ. 24:45–47; 2 იოან. 10, 11).
10 „საგუშაგო კოშკის“ იმავე სტატიაში ყურადღება მახვილდებოდა საავტორო უფლებების დაცვის აუცილებლობაზე. იმ კომპანიების უმეტესობას, რომლებიც ამზადებენ და ყიდიან კომპიუტერულ პროგრამებს, ფლობს საავტორო უფლებებს და ისინი ლიცენზიას ადებენ, თუ როგორ უნდა იქნეს პროგრამები კანონიერად გამოყენებული. ლიცენზიაში ჩვეულებრივ ნათქვამია, რომ მფლობელს არ აქვს უფლება, სხვებს გადააწერინოს პროგრამა; სინამდვილეში საერთაშორისო საავტორო უფლებების კანონი სამართალდარღვევად მიიჩნევს ამას. მრავალი სიხარბის გამო კანონს არღვევს და სინდისიც არ ქენჯნის. მაგრამ ქრისტიანები კეთილსინდისიერად უნდა დაემორჩილონ კანონს და კეისარს უნდა მისცენ კეისრისა (მათ. 22:21; რომ. 13:1).
11 ზოგიერთი დიდი ფირმა ყიდის ისეთ კომპიუტერებს, რომლებშიც წინასწარ არის ჩადებული ლიცენზირებული პროგრამები. მაგრამ ზოგი კომპიუტერული მაღაზია არ იძლევა ლიცენზიას, რადგან მასში წინასწარ ჩადებული პროგრამები არაკანონიერი ასლებია და ეს კი ნიშნავს, რომ მყიდველი ამ პროგრამების გამოყენებით არღვევს კანონს. ამასთან დაკავშირებით, ქრისტიანები უნდა მოერიდონ საავტორო უფლების მქონე (მაგალითად, საზოგადოების პუბლიკაციები) მასალის კომპიუტერში ჩადებას ან ელექტრონული განცხადების დაფიდან გადმოტანას, რომელიც გადაწერილია მფლობელისგან კანონიერი ნებართვის გარეშე (ებრ. 13:18).
12 ნებისმიერი ტექნიკის გამოყენებამდე წინასწარ უნდა განსაზღვრო მისით სარგებლობის პოტენციური საფრთხე. მსგავსად დგას საქმე ტელევიზორით სარგებლობასთანაც, ის შეიძლება სასარგებლო იყოს, მაგრამ ცუდ ზეგავლენაზე, რომელსაც ის ახდენს ადამიანებზე, მსოფლიო საინფორმაციო წყაროებიც გამოთქვამენ შეშფოთებას. კომპიუტერული ქსელები მთელ მსოფლიოს მოედო და შეუძლია შეუზღუდველი მნიშვნელოვანი ინფორმაციის მოწოდება სახლში თუ სამუშაო ადგილზე. ისინი სთავაზობენ უაღრესად საჭირო მომსახურებას როგორც საქმოსნებსა და ორგანიზაციებს, ისე ცალკეულ პირებს, რომლებსაც დიდი ინერციით წინ მიმავალ საზოგადოებაში არ სურთ ჩამორჩნენ პირად ან საქმიან ინტერესებს. ამავე დროს, კომპიუტერულ ქსელთან დაკავშირებულია ისეთი პრობლემები, როგორებიცაა: პორნოგრაფია, უთანხმოების გამომწვევი სიძულვილის პროპაგანდა და დაწვრილებითი ინფორმაცია სიბილწისა და ბოროტების ჩადენასთან დაკავშირებით.
13 არსებობს ბევრი მნიშვნელოვანი მიზეზი, თუ რატომ უნდა შეინარჩუნოს ქრისტიანმა გაწონასწორებული თვალსაზრისი კომპიუტერულ ტექნიკასთან დაკავშირებით. მრავალი დიდი სიამოვნებით სარგებლობს „ახალი ქვეყნიერების თარგმანის“, ბიბლიური ცნობარის ორტომეულისა და ბიბლიის მუხლების გამოძახების პროგრამით, რომელიც საზოგადოებამ მოამზადა კომპიუტერულ დისკეტებზე. სხვებისთვის ძალიან სასარგებლოა საზოგადოება „საგუშაგო კოშკის ბიბლიოთეკით“ სარგებლობა ლაზერული დისკებიდან, რომლებიც დამატებითი ინფორმაციის მიღების საშუალებებს იძლევა. როდესაც პიროვნება ათვითცნობიერებს გარკვეული ტექნიკის ღირსებებს, ასეთი თანამედროვე ტექნიკის სასარგებლო მიზნებისთვის გამოყენების დროს ფრთხილად უნდა იყოს, რომ დაიცვას საკუთარი თავი და სხვები ნებისმიერი უარყოფითი მხარეებისგან. ჩვენ უნდა გამოვავლინოთ გაწონასწორებული თვალსაზრისი ისე რომ, ტექნიკის უვნებელმა გამოყენებამაც კი არ დაგვაკარგვინოს ძალიან ბევრი დრო ან არ მოგვწყვიტოს ჩვენს ძირითად სამუშაოსა და მიზნებს (მათ. 6:22; 28:19, 20).