წარმატებული კამპანია
კონგრესამდე სამი კვირით ადრე კრებები ჩაებმებიან მოსაწვევების გავრცელების კამპანიაში, რათა ამ ღირსშესანიშნავ ღონისძიებაზე მოიწვიონ თავიანთ ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი. ეს მართლაც შესანიშნავი წამოწყებაა! ზოგ ქვეყანაში მათ, ვინც მოსაწვევი მიიღეს და დაესწრნენ კონგრესს, აღნიშნეს, რომ მათზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა შეხვედრაზე წაკითხულმა ბიბლიურმა მოხსენებებმა, მოხალისეთა მიერ მაღალორგანიზებულად შესრულებულმა საქმემ, მოწმეთა კარგმა საქციელმა და მათ შორის არსებულმა ერთიანობამ (ფსალმ. 110:3; 133:1; ეს. 65:13, 14). ეფექტურია თუ არა მოსაწვევების დატოვება მათთვის, ვინც კონგრესის ტერიტორიასთან ახლოს არ ცხოვრობს?
2011 წელს გამართული საოლქო კონგრესის დასრულების შემდეგ ერთ-ერთმა ფილიალმა წერილი მიიღო ქალბატონისგან, რომელსაც იეჰოვას მოწმეებმა კარში დაუტოვეს მოსაწვევი. ეს ქალბატონი ყოველთვის თავს არიდებდა მოწმეებთან საუბარს. წერილში ის წერს: „შესანიშნავი სახლი მაქვს, ბრწყინვალე მეუღლე მყავს. ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ყველა პირობა მქონდა ბედნიერებისთვის. თუმცა, სამწუხაროდ, მაინც ვერ ვგრძნობდი თავს ბედნიერად. მოსაწვევის აღების შემდეგ გადავწყვიტე, გამევლო დაახლოებით 300 კილომეტრი და დავსწრებოდი შაბათ დღეს კონგრესს“. ეს ქალბატონი ძალიან მოიხიბლა ამ ღონისძიებით. საღამოს მეუღლეს დაურეკა და შეატყობინა, რომ ღამით შინ არ დაბრუნდებოდა, რადგან კვირასაც აპირებდა კონგრესზე დასწრებას. „ყველა მოხსენება მოვისმინე, ბევრი იეჰოვას მოწმე გავიცანი; გადავწყვიტე, რომ აღარასოდეს დავშორებოდი ამ ხალხს“. სახლში დაბრუნების შემდეგ მან ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ოთხ თვეში მოუნათლავი მაუწყებელი გახდა. „ძალიან მიხარია, რომ ერთ დროს ჩემს კარში მოსაწვევი დატოვეს. დღეს მე უბედნიერესი ადამიანი ვარ!“ — ამბობს ის.
ზოგი, ვინც მოსაწვევს მიიღებს, აუცილებლად მოვა კონგრესზე. ამიტომ, მოდი, გულმოდგინედ ჩავებათ ამ მნიშვნელოვან კამპანიაში. შეგიძლია დარჩენილი მოსაწვევები კონგრესზე თან წაიღო და არაფორმალური ქადაგებისას გამოიყენო.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
როგორ შევთავაზოთ?
შეთავაზება მოკლედ უნდა გაკეთდეს, მაგალითად, ასე: „გამარჯობათ! ეს მოსაწვევები მთელ მსოფლიოში ვრცელდება. ეს თქვენი პირადი მოსაწვევია. უფრო დაწვრილებით თავად შეგიძლიათ გაეცნოთ“. ისაუბრე ხალისიანად. შაბათ-კვირას მოსაწვევთან ერთად ჟურნალებიც გაავრცელე, თუ სიტუაცია ხელს შეგიწყობს.