იქ, სადაც ერთმანეთს შეეჯახა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და წარმართობა
თურქეთის დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ძველი ეფესოს ნანგრევებში დაახლოებით ერთ საუკუნეზე მეტია, რაც არქეოლოგიური გათხრები მიმდინარეობს. მოხდა რამდენიმე შენობის რეკონსტრუქცია; მეცნიერებმა მრავალი აღმოჩენილი ნივთი შეისწავლეს და ახსნა მოუძებნეს. ასე რომ, თურქეთში ჩასული ტურისტებისთვის ეფესო ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ადგილია.
რას გვეუბნება არქეოლოგიური გათხრები ეფესოს შესახებ? რა სურათის დახატვა შეგვიძლია დღეს იმ ძველ მომხიბვლელ ქალაქზე? ეფესოს ნანგრევებისა და ვენაში (ავსტრია) არსებული ეფესოს მუზეუმის დათვალიერება დაგვეხმარება, გავიგოთ, თუ როგორ შეეჯახა იქ ერთმანეთს ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა და წარმართობა. განვიხილოთ ეფესოს ისტორია.
მრავლისთვის სასურველი ადგილი
ძვ. წ. XI საუკუნის განმავლობაში ევრაზიაში არეულობა და მიგრაცია ჩვეულებრივი მოვლენა იყო. იმ პერიოდში იონიელმა ბერძნებმა მცირე აზიის დასავლეთ სანაპიროს კოლონიზაცია დაიწყეს. მათ იქ დახვდათ ხალხი, რომლებიც დედა–ღმერთისადმი თაყვანისცემით იყვნენ სახელგანთქმულნი. მოგვიანებით ეს ღვთაება ეფესოს არტემიდეს სახელით გახდა ცნობილი.
ძვ. წ. VII საუკუნის შუა პერიოდში მცირე აზიის ქვეყნებს დასაპყრობად შავი ზღვის ჩრდილოეთ ნაწილიდან კიმერიელთა ტომები მიადგნენ. მოგვიანებით, დაახლოებით ძვ. წ. 550 წელს, ძალაუფლება ხელში აიღო ლიდიის მეფე კრეზუსმა. ეს ძლიერი მმართველი თავისი აურაცხელი სიმდიდრით იყო ცნობილი. შემდეგ კი, სპარსეთის იმპერიის მიერ წარმოებული დაპყრობითი ომების შედეგად, მეფე კიროსმა დაიმორჩილა იონიელთა ქალაქები და მათ შორის ეფესოც.
ძვ. წ. 334 წელს ალექსანდრე მაკედონელმა სპარსეთის წინააღმდეგ გაილაშქრა და ეფესოს ახალი მმართველი გახდა. ძვ. წ. 323 წელს ალექსანდრეს უდროო სიკვდილის შემდეგ ეფესოს მმართველობაზე ერთმანეთს შორის იბრძოდნენ მისი გენერლები. ძვ. წ. 133 წელს კი ატალე III–მ, პერგამონის უშვილო მეფემ, ეფესო რომს უანდერძა და ის რომის აზიური პროვინცია გახდა.
ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის წარმართობასთან შეჯახება
პავლე მოციქული პირველად ეფესოში მეორე მისიონერული მოგზაურობის დასრულებისას, ახ. წ. პირველ საუკუნეში, მივიდა. მაშინ ქალაქის მოსახლეობას დაახლოებით 300 000 ადამიანი შეადგენდა (საქმეები 18:19—21). მესამე მისიონერული მოგზაურობისას პავლე ეფესოში დაბრუნდა და სინაგოგაში გაბედულად ილაპარაკა ღვთის სამეფოს შესახებ. მაგრამ სამი თვის შემდეგ იუდეველების მხრიდან წინააღმდეგობა გამძაფრდა და პავლემ გადაწყვიტა, ტირანეს სკოლაში გამოსულიყო ყოველდღიურად სიტყვით (საქმეები 19:1, 8, 9). მისი სამქადაგებლო მსახურება დაახლოებით ორ წელს გაგრძელდა. ამ პერიოდის განმავლობაში სასწაულებრივ საქმეებს ახდენდა, მაგალითად, ავადმყოფებს კურნავდა და დემონებს დევნიდა (საქმეები 19:10—17). გასაკვირი არ არის, რომ მრავალი გახდა მორწმუნე! დიახ, იეჰოვას სიტყვა ძლიერდებოდა იმდენად, რომ მრავალმა მათგანმა, ვინც ადრე მაგიას მისდევდა, საკუთარი ძვირფასი წიგნები დაწვა (საქმეები 19:19, 20).
პავლეს ქადაგების შედეგი მხოლოდ ის არ ყოფილა, რომ მრავალმა ღვთაება არტემიდეს თაყვანისმცემლობა მიატოვა; ამან წარმართული თაყვანისმცემლობის მომხრეების გულისწყრომაც გამოიწვია. ვერცხლისგან არტემიდეს პატარა ტაძრების კეთება სარფიანი საქმე იყო. ვინმე დემეტრიოსმა დაინახა, რომ ვაჭრობის საქმეს საფრთხე ექმნებოდა და ვერცხლის მჭედელთა შორის მღელვარება გამოიწვია (საქმეები 19:23—32).
მღელვარებამ პიკს რომ მიაღწია, ბრბო თითქმის ორი საათის განმავლობაში ისტერიულად გაჰყვიროდა: „დიდია ეფესოელების არტემიდა!“ (საქმეები 19:34). აურზაურის ჩაწყნარების შემდეგ პავლემ კიდევ ერთხელ გაამხნევა თანაქრისტიანები და მისიონერული მოგზაურობა განაგრძო (საქმეები 20:1). მაგრამ მაკედონიაში მის გამგზავრებას არ შეუჩერებია არტემიდეს კულტის გაქრობის პროცესი.
არტემიდეს ტაძარი პოპულარობას კარგავს
ეფესოში არტემიდეს კულტი ღრმად იყო ფესვებგადგმული. მეფე კრეზუსამდე იქ ცენტრალური რელიგიური ფიგურა დედა–ღმერთი კიბელე იყო. კრეზუსი იმედოვნებდა, რომ კიბელესა და ელინისტურ პანთეონთან მითოლოგიის ხაზით გენეტიკური კავშირის არსებობას თუ დაანახვებდა ხალხს, დააფუძნებდა ისეთ რელიგიურ ფიგურას, რომელიც მისაღები იქნებოდა როგორც ბერძნებისთვის, ისე სხვა ერის წარმომადგენლებისთვის. ამ მეფის ხელშეწყობით ძვ. წ. VI საუკუნის შუა პერიოდში დაიწყეს კიბელეს შემცვლელის, არტემიდეს, ტაძრის მშენებლობა.
ეს ტაძარი ბერძნული არქიტექტურის საოცარი მიღწევა იყო. მანამდე არასოდეს გამოუყენებიათ ამგვარი და ასე დიდი შენობის ასაგებად მარმარილოს დიდი ლოდები. პირველი ტაძარი ძვ. წ. 356 წელს დაწვეს. იმავე ადგილზე აღდგენილი ტაძარიც დიდებული იყო. იქ დასაქმებული იყო მრავალი ადამიანი და იგი ძალიან იზიდავდა პილიგრიმებსაც. 73 მეტრი სიგანისა და 418 მეტრი სიგრძის პლატფორმაზე წამოჭიმული აღდგენილი ტაძარი დაახლოებით 50 მეტი სიგანის და 105 მეტრი სიგრძის იყო. არტემიდეს ტაძარი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ–ერთი გახლდათ. მაგრამ ეს ყველას არ სიამოვნებდა. ფილოსოფოსმა ჰერაკლიტე ეფესელმა ამ ტაძრის სამსხვერპლოს ბნელი გასასვლელი დაცემულობის წყვდიადს შეადარა, ხოლო ტაძრის ზნეობა, მისი აზრით, გარეული ცხოველებისაზე უარესი იყო. მიუხედავად ამისა, უმრავლესობას ეგონა, რომ შიდა დარბაზი, სადაც არტემიდეს კულტი იდგა, ყოველთვის დიდების ზენიტში იქნებოდა. მაგრამ მოვლენები სრულიად საპირისპიროდ წარიმართა. ეფესოს შესახებ დაწერილ ერთ წიგნში ნათქვამია: „მეორე საუკუნისთვის არტემიდესა და პანთეონის სხვა ღვთაებებისადმი თაყვანისცემამ ძალიან სწრაფად იწყო დიდების მწვერვალიდან თავქვე დაშვება“ (Ephesos—Der neue Führer).
ახ. წ. III საუკუნეში ეფესოში ძლიერი მიწისძვრა მოხდა. გარდა ამისა, შავი ზღვიდან მოსულმა გუთებმა გაძარცვეს არტემიდეს ტაძარი და იქიდან ძალიან დიდი სიმდიდრე გაზიდეს, ტაძარი კი ცეცხლს მისცეს. ზემოხსენებულ წიგნში ნათქვამია: „როგორღა შეიძლებოდა მას შემდეგ, რაც დამარცხდა და საკუთარი სამყოფელის დაცვა ვერ შეძლო, არტემიდე ქალაქის დამცველად ჩათვლილიყო?“ (ფსალმუნები 134:15—18).
ახ. წ. IV საუკუნის დასასრულისთვის იმპერატორმა თეოდოსიუს I–მა „ქრისტიანობა“ სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა. მალე ერთ დროს პრესტიჟული არტემიდეს ტაძარი სამშენებლო მასალად გამოსაყენებელი ქვების წყარო გახდა. არტემიდესადმი თაყვანისმცემლობა სრულიად გაქრა. ერთ–ერთმა უცნობმა დამკვირვებელმა ამ ტაძრის განმადიდებელი ეპიგრამის შესახებ — რომელშიც მას ძველი მსოფლიოს საოცრება ეწოდებოდა — კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა: „ახლა ის ყველაზე გაპარტახებული და საცოდავი ადგილია“.
არტემიდე „ღვთისმშობლით“ იცვლება
პავლემ ეფესოს კრების უხუცესები გააფრთხილა, რომ მისი წასვლის შემდეგ „ულმობელი მგლები“ გამოჩნდებოდნენ და თვით მათ შორისაც აღდგებოდნენ კაცები, რომლებიც ‘უკუღმართად ილაპარაკებდნენ’ (საქმეები 20:17, 29, 30). ყველაფერი მართლაც პავლეს სიტყვებისამებრ მოხდა. მოვლენებმა ცხადყო, რომ ეფესოში ცრუ თაყვანისმცემლობა კვლავ ყვაოდა, მაგრამ ამჯერად მას განდგომილი ქრისტიანობის სახე ჰქონდა.
ახ. წ. 431 წელს ეფესოში შეიკრიბა მესამე ეკუმენიკური საბჭო, სადაც განხილულ იქნა ქრისტეს ბუნება. ეფესოს შესახებ ზემოთ მოხსენიებულ წიგნში ნათქვამია: „საბოლოოდ გაიმარჯვეს ალექსანდრიელებმა, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ ქრისტეს ერთადერთი, კერძოდ კი, ღვთიური ბუნება ჰქონდა“. ამას სერიოზული შედეგები მოჰყვა. „ეფესოში მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე არა მარტო მარიამის სტატუსი შეიცვალა და ის ქრისტეს მშობლის ნაცვლად ღვთისმშობელი გახდა, რამაც ხელი შეუწყო მარიამის კულტის დაფუძნებას, არამედ ეკლესიაში წარმოიშვა პირველი დიდი განხეთქილება . . . [და] დებატები [ამის თაობაზე] დღემდე გრძელდება“.
ამგვარად, კიბელესა და არტემიდესადმი თაყვანისცემა შეიცვალა მარიამისადმი, „ღვთისმშობლისადმი“ ანუ „ღვთის დედისადმი“ თაყვანისცემით. ამ წიგნში ნათქვამია: „ეფესოში მარიამის კულტი . . . დღემდე არსებობს და არტემიდეს კულტის გარეშე მისი ახსნა შეუძლებელია“.
მივიწყებული ისტორია
არტემიდესადმი თაყვანისმცემლობის დაცემას თან ეფესოს დაცემაც მოჰყვა. მიწისძვრების, მალარიისა და ნავსადგურში ქვიშის შრეების თანდათანობით დალექვის შედეგად ქალაქში ცხოვრება გაუსაძლისი გახდა.
ახ. წ. VII საუკუნისთვის მუსლიმანობამ ფართოდ იწყო გავრცელება. ისლამის მიმდევრები მხოლოდ არაბთა ტომები როდი იყვნენ. ახ. წ. VII—VIII საუკუნეებში არაბთა ფლოტი ძარცვავდა ეფესოს. ქალაქის მომავალი ერთხელ და სამუდამოდ მაშინ გადაწყდა, როდესაც მისი ნავსადგური მთლიანად ქვიშით დაილექა; ქალაქი კი ნანგრევების გროვად იქცა. ერთ დროს დიდებული ქალაქისგან დღეს მხოლოდ პატარა დასახლება აია სოლუკი (ახლა სელჩუკი) შემორჩა.
ეფესოს ნანგრევებში
ეფესოს ძველი დიდების შესახებ გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად ადამიანს შეუძლია მის ნანგრევებს ეწვიოს. თუ დათვალიერებას ზემოთა შესასვლელიდან დაიწყებთ, მაშინვე კურეტის დიდებული ქუჩა გადაგეშლებათ თვალწინ. ამ ქუჩას თუ გაუყვებით, ის ცელსუსის ბიბლიოთეკამდე მიგიყვანთ. ქუჩის მარჯვნივ თქვენს ყურადღებას მიიპყრობს ოდეონი — პატარა თეატრი, რომელიც ახ. წ. II საუკუნეში ააშენეს. ამ შენობაში, რომელიც 1 500 ადამიანს იტევდა, როგორც ჩანს, არა მარტო ქალაქის სენატის სხდომები იმართებოდა, არამედ გასართობი ღონისძიებებიც. კურეტის ქუჩის ორივე მხარეს ნახავთ ისეთ შენობებს, როგორიცაა ქალაქის აგორა, სადაც საქვეყნო საქმეები ირჩეოდა, ადრიანეს ტაძარი, რამდენიმე შადრევანი, ტერასებად განლაგებული სახლები, რომლებშიც ეფესოელი დიდებულები ცხოვრობდნენ.
თავისი მშვენებით თქვენზე დიდ შთაბეჭდილებას მოახდენდა ახ. წ. II საუკუნეში აშენებული ცელსუსის ელეგანტური ბიბლიოთეკა. იქ, დიდი სამკითხველო დარბაზის ნიშებში უამრავი გრაგნილი ინახებოდა. დიდებულ ფასადს ამშვენებდა ოთხი ქანდაკება, რომლებიც იმის სიმბოლო იყო, თუ რა თვისებების გამოვლენას მოელოდნენ რომის ისეთი მაღალჩინოსანი სამოქალაქო პირებისგან, როგორიც თავად ცელსუსი იყო. ეს ქანდაკებები იყო: სოფია (სიბრძნე), არეტე (სიქველე), ენოია (ერთგულება) და ეპისტიმი (ცოდნა ან გაგება). ქანდაკებების ორიგინალების ნახვა შესაძლებელია ვენაში არსებულ ეფესოს მუზეუმში. ბიბლიოთეკის გარე კარიბჭის მომიჯნავედ მდებარეობს მონუმენტური კარიბჭე, რომელიც ტეტრაგონოსის აგორაში (ბაზრის მოედანი) შეგიყვანთ. ბაზრის ამ უზარმაზარ ტერიტორიაზე, რომელსაც ირგვლივ ხეივანი ჰქონდა შემოვლებული, ხალხი თავის ყოველდღიურ საქმიან გარიგებებს აწარმოებდა.
შემდეგ თქვენ აღმოჩნდებით მარმარილოს გზაზე, რომელიც დიდ თეატრამდე მიგიყვანთ. ეს თეატრი საბოლოოდ რომის იმპერიის მმართველობის დროს გაფართოვდა. მაშინ ის 25 000 მაყურებელს იტევდა. მის ფასადს ამშვენებდა საუცხოო სვეტები, რელიეფები და ქანდაკებები. თქვენ შეგიძლიათ თვალნათლივ წარმოიდგინოთ ის დიდი არეულობა, რომელიც იქ შეკრებილთა შორის ვერცხლისმჭედელმა დემეტრიოსმა გამოიწვია.
საუცხოოა ქუჩა, რომელსაც ადამიანი დიდი თეატრიდან ქალაქის ნავსადგურში მიჰყავს. მისი სიგრძე დაახლოებით 500 მეტრია, ხოლო სიგანე — 11. ქუჩის ორივე მხარეს სვეტებია ჩამწკრივებული. ქუჩის გასწვრივ შეხვდებით თეატრის გიმნაზიასა და პორტის გიმნაზიას, რომლებშიც ფიზიკური წვრთნები მიმდინარეობდა. ქუჩა სრულდება ნავსადგურის დიდებულ კარიბჭესთან, რომელიც ეფესოსთვის მსოფლიოში გასავლელი კარიბჭე იყო. აქ მთავრდება ჩვენი ექსკურსია მსოფლიოს ერთ–ერთი ყველაზე შთამბეჭდავი ქალაქის ნანგრევებში. ვენაში არსებულ ეფესოს მუზეუმში არის ამ ისტორიული ქალაქის ხის მოდელი; იქ ინახება აგრეთვე მრავალი მონუმენტი.
ეფესოს მუზეუმის დათვალიერებისა და ეფესოს არტემიდეს ხილვისას შეუძლებელია ადამიანმა არ გაიფიქროს, რა დიდი სიმტკიცე გამოავლინეს პირველ საუკუნეში ეფესოელმა ქრისტიანებმა! მათ უწევდათ ცხოვრება ქალაქში, რომელშიც ყვაოდა სპირიტიზმი და ბრმა ფანატიკური რელიგიური შეხედულებები. სამეფოს შესახებ ცნობა არტემიდეს თაყვანისმცემელთა დიდ წინააღმდეგობას შეეჯახა (საქმეები 19:19; ეფესოელები 6:12; გამოცხადება 2:1—3). იმ არახელსაყრელ გარემოში ჭეშმარიტებამ ფესვები გაიდგა. ჭეშმარიტი ღვთისადმი თაყვანისმცემლობაც გაიმარჯვებს, როდესაც ცრუ თაყვანისმცემლობა ჩვენს დღეებში თავის აღსასრულს მიაღწევს, სწორედ ისე, როგორც ეს ძველ ეფესოში არტემიდესადმი თაყვანისმცემლობას დაემართა (გამოცხადება 18:4—8).
[რუკა⁄სურათი 26 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
მაკედონია
შავი ზღვა
მცირე აზია
ეფესო
ხმელთაშუა ზღვა
ეგვიპტე
[სურათი 27 გვერდზე]
არტემიდეს ტაძრის ნანგრევები.
[სურათები 28, 29 გვერდებზე]
1. ცელსუსის ბიბლიოთეკა.
2. არეტე ახლოდან.
3. მარმარილოს გზა, რომელსაც ადამიანი დიდ თეატრამდე მიჰყავს.