სამოა
წყნარი ოკეანის ლაჟვარდისფერ წყლებში ულამაზეს კუნძულებს ნახავთ. ეს ჰავაისა და ახალ ზელანდიას შორის მდებარე სამოას ვულკანური წარმოშობის კუნძულებია, ცადაზიდული მთათა მწვერვალებით, ხშირი ტროპიკული ტყეებითა და პალმის ხეებით დამშვენებული სანაპიროებით. ლაგუნების კამკამა წყლებში დაახლოებით 200 სახეობის მარჯანია და 900-ზე მეტი სახეობის თევზი ბინადრობს, ხმელეთზე კი ჟასმინის სურნელება იფრქვევა. პირველმა ევროპელმა მისიონერებმა აქაურობას წყნარ ოკეანეში უმშვენიერესი ადგილი უწოდეს და არცთუ უსაფუძვლოდ.
ამბობენ, რომ სამოას კუნძულებზე ქრისტეს შობამდე დაახლოებით ათი საუკუნით ადრე დასახლდა ხალხი, რომელთაც ლაპიტელებიa ერქვათ; მამაცი და გამოცდილი მეზღვაურები, პირველი პოლინეზიელები, რომლებიც იქ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიიდან გადასახლდნენ, ორკორპუსიანი კანოებით მიჰყვებოდნენ ზღვის დინებას და კვეთდნენ ოკეანის დიდ ნაწილს, რაც მანამდე არავის გაუკეთებია. წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის გულში მათ კუნძულების პატარა ჯგუფი აღმოაჩინეს, რომელსაც სამოა უწოდეს.
საუკუნეების მანძილზე ლაპიტელთა შთამომავლები სახლდებოდნენ წყნარი ოკეანის აღმოსავლეთით ტაიტიზე, ჩრდილოეთით ჰავაიზე, სამხრეთ-დასავლეთით ახალ ზელანდიაში და სამხრეთ-აღმოსავლეთით აღდგომის კუნძულზე. ამ სამკუთხა ფორმის ვრცელ ტერიტორიას დღეს პოლინეზიას უწოდებენ, რაც „ბევრ კუნძულს“ ნიშნავს, მის მკვიდრთ კი — პოლინეზიელებს. ამბობენ, რომ სამოა „პოლინეზიის აკვანია“.
თანამედროვე სამოელებმა თავიანთი წინაპრების მსგავსად უკეთესი ცხოვრების ძიება დაიწყეს, თუმცა არა მატერიალური კეთილდღეობისთვის. ისინი სულიერი სიბნელიდან სულიერ სინათლეში გადადიან. მათ იპოვეს თაყვანისმცემლობის ის ფორმა, რომელსაც ჭეშმარიტი ღმერთი იეჰოვა იწონებს (იოან. 4:23).
ეს ნაწილი მოგვითხრობს იეჰოვას მოწმეების ისტორიას კუნძულ სამოაზეb, ამერიკის სამოასა და ტოკელაუზე. 1962 წელს დასავლეთმა სამოამ დამოუკიდებლობა მოიპოვა, ამერიკის სამოა კი დღემდე აშშ-ს ეკუთვნის. ამგვარად, სამოას კუნძულები ორ ნაწილად იყოფა: სამოა და ამერიკის სამოა.
ჭეშმარიტების პირველი სხივი
ღვთის სამეფოს შესახებ ცნობა სამოაში პირველად 1931 წელს იქადაგეს. ერთმა იეჰოვას მოწმემ იქ 470-ზე მეტი წიგნი და ბროშურა გაავრცელა. ეს გულმოდგინე მქადაგებელი სიდნი შეფერდი იყო, რომელიც მაშინ პოლინეზიის კუნძულებზე ქადაგებდა.
შვიდი წლის შემდეგ სამეფოს შესახებ ცნობა ამერიკის სამოაშიც გაისმა, როდესაც ავსტრალიიდან შეერთებულ შტატებში მიმავალი ჯოზეფ რუტერფორდი მცირე ხნით კუნძულ ტუტუილაზე შეყოვნდა. მას და მის თანამოაზრეებს დრო არ დაუკარგავთ და ბიბლიური ლიტერატურა საპორტო ქალაქ პაგო-პაგოშიც გაავრცელეს.
ორი წლის შემდეგ, 1940 წელს ამერიკის სამოაში ჩავიდა აზიის ზოგ ქვეყანაში და წყნარი ოკეანის კუნძულებზე პიონერად ნამსახურები ჰაროლდ გილი, და თან წაღებული ჰქონდა 3 500 ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“. ეს იეჰოვას მოწმეების მიერ სამოურ ენაზე ნათარგმნი პირველი პუბლიკაცია იყოc.
ამერიკის სამოადან ჰაროლდ გილმა უპოლუსკენ (სამოა) აიღო გეზი და 8—10 საათიანი მგზავრობის შემდეგ ნავით ნაპირს მიადგა. ის იხსენებს: „ჩემ ჩასვლამდე უკვე იცოდნენ, რა მიზნით ჩავდიოდი, ამიტომ პოლიციელმა ნაპირზე გადმოსვლის უფლება არ მომცა. მას ჩემი პასპორტი ვუჩვენე და წავუკითხე მასში ჩაწერილი მიმართვა საბაჟოს თანამშრომლებისთვის, რომ ბრიტანეთის მოქალაქეს დაუბრკოლებლად შეეძლო საზღვრის გადაკვეთა და საჭიროების შემთხვევაში სათანადო დახმარებითა და უსაფრთხოებითაც უნდა უზრუნველეყოთ. ამას მოჰყვა საუბარი ერთ ოფიციალურ პირთან, რომელმაც ნება დამრთო დავრჩენილიყავი მომდევნო ნავის გასვლამდე, ანუ ხუთი დღე. ველოსიპედი ვიქირავე და კუნძული ბროშურების ვრცელებ-ვრცელებით შემოვიარე“.
სამოას კუნძულებზე წარმატებული ქადაგების შემდეგ, ჰაროლდს ავსტრალიაში დაბრუნება მოუწია. მისი გავრცელებული პუბლიკაცია ერთ-ერთი ოფისის თანამშრომლის, პელე ფუაიუპოლუსისd, ხელში აღმოჩნდა. პელეს გულში სასიხარულო ცნობის მარცვალი ჩაითესა და ჭეშმარიტების წყლით მორწყვას ელოდა (1 კორ. 3:6).
12 წლის შემდეგ, 1952 წელს, ინგლისიდან სამოას დედაქალაქ აპიაში (კუნძული უპოლუ) ჩავიდა იეჰოვას მოწმე ჯონ კროქსფორდი და იმ ოფისში დაიწყო მუშაობა, სადაც პელე მუშაობდა. ჯონი ურთიერთობის მოყვარული ადამიანი იყო და ხალისით ქადაგებდა. მან შენიშნა, რომ პელეს ბიბლია აინტერესებდა და შინ ესტუმრა. პელე იხსენებს: „ბიბლიაზე საუბარში დაგვათენდა. ყველა ჩემს კითხვას ჯონიმ ბიბლიით უპასუხა. დავრწმუნდი, რომ ვიპოვე ჭეშმარიტება, რომელსაც ვეძებდი“. პელე და მისი მეუღლე აილუა იმ წელსვე მოინათლნენ. ისინი პირველი სამოელები იყვნენ, რომლებმაც იეჰოვას მიუძღვნეს თავი.
პელემ იცოდა, რომ წინაპრების რელიგიის უარყოფის გამო ახსნა-განმარტებას მოსთხოვდნენ. ამიტომ ის გულმოდგინედ იკვლევდა ბიბლიას და იეჰოვას დახმარებას სთხოვდა. ტომის ბელადმა პელე სოფელ ფალეასიუში დაიბარა, რომელიც აპიადან დასავლეთით 19 კილომეტრში მდებარეობდა. იქ პელეს და მის ერთ ნათესავს, რომელიც ასევე ჭეშმარიტებით იყო დაინტერესებული, დახვდნენ მტრულად განწყობილი ექვსი ბელადი, სამი ორატორი, ათი პასტორი, ორი თეოლოგი, დიდი ბელადი, რომელიც ხელმძღვანელობდა ამ შეკრებას, და უფროსი ასაკის ნათესავები — მამაკაცები და ქალები.
პელე იხსენებს: „ოჯახის შერცხვენისა და წინაპართა რელიგიის უარყოფის გამო მათ დაგვწყევლეს და შეგვაჩვენეს“. დიდმა ბელადმა დისკუსია გამართა, რომელიც დილის ოთხ საათამდე გრძელდებოდა.
«შეხვედრაზე ზოგი გვიყვიროდა: „მოაშორეთ ეგ ბიბლია! ბიბლია არ გვჭირდება!“ ამის მიუხედავად, მათ შეკითხვებს ბიბლიიდან ვპასუხობდი და მოყვანილ არგუმენტებს ვაბათილებდი, — ამბობს პელე. — ვეღარაფერი რომ ვერ თქვეს, თავები დახარეს. ბოლოს დიდმა ბელადმა დაბალი ხმით მითხრა: „შენ გაიმარჯვე, პელე“».
„მაპატიეთ, სერ, მაგრამ ამ საღამოს მე კი არ გავიმარჯვე, თქვენ სამეფოს შესახებ ცნობა მოისმინეთ. ვიმედოვნებ, რომ იფიქრებთ ამაზე“, — მიუგო პელემ.
პელე იეჰოვაზე და მის სიტყვაზე იყო მინდობილი, ამიტომ უპოლუს კუნძულზე ჭეშმარიტების თესლი ითესებოდა და ნელ-ნელა ფესვს იდგამდა.
პირველი შეხვედრები
მთელ კუნძულზე სწრაფად გავრცელდა ხმები პელეს ახალი რელიგიის შესახებ. პირველ საუკუნეში მცხოვრები ათენელების მსგავსად, რომლებსაც პავლემ უქადაგა, ზოგი სამოელი „ახალი სწავლებით“ დაინტერესდა და მეტის გაგების სურვილით აენთო (საქ. 17:19, 20). ერთმა ახალგაზრდა კაცმა მაატუსი ლეაუანაემ გაიგო, რომ ამ ახალი რელიგიით დაინტერესებულები ყოველ კვირა იკრიბებოდნენ ექიმის სახლში, საავადმყოფოს ტერიტორიაზე. მან გადაწყვიტა იქ მისულიყო, მაგრამ ისე ნერვიულობდა, რომ ჭიშკართან მისულმა უკან გაბრუნება დააპირა. საბედნიეროდ, ამ დროს ჯონ კროქსფორდი მოდიოდა, რომელმაც ახალგაზრდა შეიპატიჟა. სახლში შეკრებილები განიხილავდნენ წიგნს „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. მაატუსის ძალიან მოეწონა მოსმენილი და გადაწყვიტა, სხვა დროსაც მისულიყო. თავიდან ყველა შეხვედრას ვერ ესწრებოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში ჭეშმარიტებამ ფესვი გაიდგა მის გულში და 1956 წელს მოინათლა.
ცოტა ხანში ამ ჯგუფის ახალმა წევრებმა დაინახეს, რომ სასიხარულო ცნობა სხვებისთვისაც უნდა ექადაგათ. აპიაში ჩასვლიდან ხუთ თვეში ძმა კროქსფორდს ათი კაცი შეუერთდა ქადაგებაში. კიდევ ოთხი თვის შემდეგ კი მქადაგებელთა რიცხვი 19-მდე გაიზარდა. ახლები ნათესავებსა და მეგობრებთან ქადაგებდნენ და კარგ ნაყოფსაც იმკიდნენ.
ერთმა მაუწყებელმა ფალეასიუში მცხოვრებ თავის ნათესავს, საუვაო ტოეტუს უქადაგა. მალე საუვაომ და მისმა სიძემ ფინაუ ფეომაიამ თავიანთ ოჯახებთან ერთად შეხვედრებზე დასწრება დაიწყეს. მათ მალე შეუყვარდათ ჭეშმარიტება.
სამოაში 1953 წლის იანვარში ღირსშესანიშნავი მოვლენა მოხდა. ვინაიდან იეჰოვას მოწმეების შეხვედრებს უკვე 40 ადამიანი ესწრებოდა, ავსტრალიის ფილიალის გადაწყვეტილებით, აპიაში (სამოა) პირველი კრება ჩამოყალიბდა. კროქსფორდის ინგლისში დაბრუნების შემდეგ კრების საქმეებს ახალმონათლული პელე ხელმძღვანელობდა. მაუწყებლები უშიშრად და დიდი ენთუზიაზმით ქადაგებდნენ, მაგრამ მათ აკლდათ სულიერი მოწიფულობა და გამოცდილება. ბევრს სამეფოს ცნობის ტაქტიანად და ეფექტურად ქადაგება უნდა ესწავლა (კოლ. 4:6). სხვებს ახალ პიროვნებად ჩამოსაყალიბებლად დახმარება სჭირდებოდა (ეფეს. 4:22—24). საბედნიეროდ, მათ მალე მიიღეს დახმარება (ეფეს. 4:8, 11—16).
დახმარება უცხოეთიდან
1953 წლის მაისში კრების დასახმარებლად აპიაში ავსტრალიელი პიონერი ცოლ-ქმარი რონალდ და ოლივ (დოლი) სელარსები ჩავიდნენ. რონი წერს: „ავსტრალიის ფილიალს დროებით გაუწყდა კავშირი სამოელ ძმებთან, რის გამოც ისინი ძალიან წუხდნენ. ძმებმა იცოდნენ, რომ მე და ჩემს მეუღლეს წყნარი ოკეანის კუნძულებზე ქადაგება გვსურდა, ამიტომ სამოას ახალჩამოყალიბებულ კრებაში სპეციალურ პიონერებად მსახურება შემოგვთავაზეს“.
რონი და დოლი სამოაში ჰიდროთვითმფრინავით ჩავიდნენ. ისინი ფსიქოლოგიურად მზად იყვნენ უცხო ტერიტორიისთვის ჩვეულ სირთულეებთან შესაგუებლად. რონი იხსენებს: „ასეთ საოცრებას ნამდვილად არ ველოდით! მთელი კუნძული ხშირი ტროპიკული ტყეებით იყო დაფარული; ყველგან ბედნიერ, ჯან-ღონით სავსე, მომღიმარ სახეებს ვხედავდით; ბავშვები მარჯნის ქვებით მოკირწყლულ და ჩალით გადახურულ უკედლებო სახლების გარშემო თამაშობდნენ; არავის არსად ეჩქარებოდა. თავი ნამდვილ სამოთხეში გვეგონა!“
პიონერები პელეს ოჯახში დაბინავდნენ და მაშინვე საქმეს შეუდგნენ. რონი ყვება: „თითქმის ყოველ საღამოს ვხვდებოდი ძმებს და მათ შეკითხვებს ვპასუხობდი. მათ იცოდნენ ბიბლიის ძირითადი სწავლებები, მაგრამ იეჰოვას ნორმებით რომ ეცხოვრათ, საკუთარ თავში ბევრი ცვლილება უნდა მოეხდინათ. მე და დოლის განსაკუთრებით მოთმინების გამოვლენა გვმართებდა, რომ ამ რთულ პერიოდში ძმებს მეტი სიყვარულით მოვპყრობოდით“. სამწუხაროდ, ზოგი არ შეიცვალა და ნელ-ნელა ჩამოშორდა კიდეც კრებას. სხვებმა თავმდაბლურად მიიღეს რჩევები და გამოსწორდნენ. კრება სულიერად იზრდებოდა და ძლიერდებოდა.
რონი და დოლი კარდაკარ მსახურებასაც უძღვებოდნენ. მათ ჩამოსვლამდე ძმების უმეტესობა მხოლოდ მეგობრებთან და მეზობლებთან ქადაგებდა, მაგრამ რონისთან და დოლისთან ერთად კარდაკარ ქადაგების შემდეგ, მათთვის მსახურება უფრო საინტერესო გახდა. „ერთხელ ერთ სოფელში ბელადის ოჯახში მიგვიპატიჟეს. ბელადს ძალიან აინტერესებდა ბიბლია. ის ჯერ სადილით გაგვიმასპინძლდა, მერე კი ბიბლიაზე დავიწყეთ საუბარი. ერთ საათში საუბარი საჯარო მოხსენებაში გადაიზარდა, რადგან მსმენელთა რიცხვი 50 კაცამდე გაიზარდა მაშინ, როცა მათი დაპატიჟებით თავი სულ არ შეგვიწუხებია“, — ამბობს რონი. ხშირად ორ-სამ კაციან ბიბლიის შესწავლას 10-დან 40-მდე მსმენელი ესწრებოდა, რომელთაც აინტერესებდათ იეჰოვას მოწმეების საქმიანობა.
იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეუმჩნეველი არც სასულიერო პირებს დარჩენიათ. როდესაც რონისა და დოლის ვიზის გაგრძელებაზე უარი უთხრეს, რონიმ მიზეზის გარკვევა ერთ-ერთ ოფიციალურ პირთან სცადა. „ამიხსნეს, რომ მოწმეების საქმიანობის გამო ზოგმა სასულიერო პირმა ხელისუფლების წარმომადგენლებს საჩივრით მიმართა. მითხრეს, რომ ვიზას იმ შემთხვევაში გამიგრძელებდნენ, თუ კრებას სამქადაგებლო საქმიანობაში აღარ დავეხმარებოდი. ამ შემოთავაზებაზე, ცხადია, უარი ვთქვი. ოფიციალურ პირს ისიც ვუთხარი, რომ ღვთის საქმეს ვერავინ შეაჩერებდა. მან სიცილით მიპასუხა, ვნახოთ, რა მოხდება თქვენი წასვლის შემდეგო“.
ხელისუფლებამ უცხოელი მოწმეების ქვეყანაში შესვლა გაართულა. მიუხედავად ამისა, 1953 წელს თეოდორ იარაჩმა, რომელიც მაშინ ავსტრალიის ფილიალში მსახურობდა (დღეს ის ხელმძღვანელი საბჭოს წევრია), როგორღაც მოახერხა სამოაში ჩასვლა კრების გასამხნევებლად. „ძმა იარაჩმა ძალიან გაგვამხნევა და დაგვარწმუნა, რომ სწორად მივყვებოდით იეჰოვას ორგანიზაციას“, — იხსენებს რონი.
მალე რონისა და დოლის ვიზას ვადა გაუვიდა და ისინი ამერიკის სამოაში გადავიდნენ; რვა თვის განმავლობაში სამოაში ყოფნისას მათ მაინც მოახერხეს სამოელი ძმების გაძლიერება. მალე საქმეს, რომელსაც ისინი ემსახურებოდნენ, სხვა მოწმეები განაგრძობდნენ, თუმცა ამის შესახებ მთავრობამ არაფერი იცოდა.
წინსვლა აპიაში
1954 წლის მაისში ავსტრალიიდან აპიაში 23 წლის ახალმონათლული რიჩარდ ჯენკინსი ჩავიდა. ის გვიყვება: „აპიაში ჩასვლამდე ძმებმა მირჩიეს, მანამ არ მქონოდა იქაურ ძმებთან ურთიერთობა, სანამ მუშაობას არ დავიწყებდი და ყველას არ დავარწმუნებდი, რომ ჩემი ჩასვლის მიზანი სხვა არაფერი ყოფილა. რამდენიმე თვის მერე ვიგრძენი, რომ ძმების გარეშე ძალიან მიჭირდა და სულიერადაც მოვსუსტდი. გადავწყვიტე, მალულად პელე ფუაიუპოლუს დავკავშირებოდი“. ისინი გვიან ღამით შეხვდნენ ერთმანეთს.
რიჩარდი ამბობს: „პელემ მითხრა, რომ სახელით არ მომმართავდა, რადგან წინააღმდეგ შემთხვევაში ხელისუფლების წარმომადგენლები გაიგებდნენ, რომ კრების წევრი ვიყავი და ქვეყნიდან გამაძევებდნენ. მან თავისი ახალდაბადებული ვაჟის სახელი, უიტინესე შემარქვა, რაც სამოურ ენაზე „მოწმეს“ ნიშნავს. სამოელი და-ძმები დღემდე უიტინესეს მეძახიან.
ამ ახალი სახელის წყალობით რიჩარდმა მოახერხა, რომ ძმებთან მალულად მაინც ჰქონოდა ურთიერთობა. ის არაფორმალურად ქადაგებდა და რამდენიმე ადამიანთან ბიბლიის შესწავლაც კი დაიწყო. ერთ-ერთი მათგანი, მუფაულუ გალუვაო, რომელიც ერთ-ერთ სანიტარიულ დაწესებულებაში მუშაობდა, მოგვიანებით სამოას ფილიალის კომიტეტის წევრი გახდა. მეორე ფალემაა ტუიპოლოა იყო; ისიც მოინათლა და მისი ოჯახის რამდენიმე წევრიც.
რიჩარდი ბიბლიის შესწავლაში დაეხმარა სიემუ ტაასსაც, ერთ-ერთი ბანდის ხელმძღვანელს. მისი ბანდის წევრები მაღაზიებს ძარცვავდნენ. მალე სიემუ წარსულში ჩადენილ დანაშაულთა გამო დაიჭირეს და ციხეში ჩასვეს. რიჩარდმა ციხის ზედამხედველისგან ნებართვა ითხოვა, რომ სიემუსთან ბიბლიის შესწავლა გაეგრძელებინა. ისინი ციხის გარეთ, დაახლოებით 100 მეტრში, მანგოს ხის ძირში ატარებდნენ შესწავლას. ცოტა ხანში მათ შესწავლას კიდევ რამდენიმე პატიმარი ესწრებოდა.
„მიუხედავად იმისა, რომ დაცვა თავზე არ გვადგა, არც ერთ პატიმარს არ უცდია გაქცევა. ზოგი მათგანი გულწრფელად დაინტერესდა ჭეშმარიტებით“. საპატიმროდან გათავისუფლების შემდეგ სიემუ სულიერად სულ უფრო და უფრო წინ მიიწევდა; დღეს ის კრების უხუცესია“, — აღნიშნავს რიჩარდი.
1955 წელს რიჩარდმა ცოლად მოიყვანა გლორია გრინი, ავსტრალიელი პიონერი. მათ 15 წელი იმსახურეს ერთად სამოაში და 35 ადამიანს დაეხმარნენ ბიბლიის შესწავლაში. ისინი დღეს ბრიზბენში (ავსტრალია) ცხოვრობენ; რიჩარდი უხუცესად მსახურობს ადგილობრივ კრებაში, სადაც სამოურ ენაზე ტარდება შეხვედრები.
1956 წელს ავსტრალიიდან აპიაში კიდევ ერთი წყვილი ჩავიდა, უილიამ და მარჟორი (გირლი) მოსები. უილიამი განსაკუთრებით საზრიანი უხუცესი იყო, მის მეუღლეს, გირლს კი უკვე 24 წელი ჰქონდა ნამსახურები პიონერად. მაშინ აპიას კრებაში 28 მაუწყებელი იყო; წიგნის შესწავლები აპიაშიც ტარდებოდა და ფელეასიუშიც. 9 წლის განმავლობაში უილიამი და გირლი თავდაუზოგავად შრომობდნენ კრების წევრებთან ერთად. სამწუხაროდ, გირლის ავადმყოფობის გამო, 1965 წელს ისინი იძულებული გახდნენ, ავსტრალიაში დაბრუნებულიყვნენ. მალე ფალეასიუს წიგნის შესწავლის ჯგუფი კრებად ჩამოყალიბდა.
სამოას მთავრობა კვლავ უარს ამბობდა ქვეყანაში მისიონერების შეშვებაზე. აშკარა იყო, მთავრობასა და სამღვდელოებას იმედი ჰქონდათ, რომ ამგვარად იეჰოვას მოწმეების საქმიანობას შეაჩერებდნენ. მაგრამ სრულიად საპირისპირო მოხდა. მოწმეთა რიცხვი უფრო გაიზარდა. ისინი უფრო აქტიურად და გულმოდგინედ ქადაგებდნენ. ასე რომ, მოწმეების საქმიანობის შეჩერება არც ისე ადვილი აღმოჩნდა!
წინსვლა ამერიკის სამოაში
სანამ 1954 წელს რონისა და დოლის ვიზებს ვადა გაუვიდოდა, რონმა გადაწყვიტა, ავსტრალიაში დაბრუნების ნაცვლად ამერიკის სამოაში ცხოვრების უფლება მიეღო. «„როცა ამერიკის სამოას იუსტიციის მინისტრს შევხვდი, მითხრა, რომ იცოდა, რატომაც არ გაგვიგრძელეს ვიზა სამოაში. მან დამამშვიდა, „ბატონო სელარს, ამერიკის სამოაში რელიგიის თავისუფლებაა, ამიტომ გარწმუნებთ, ვიზას მიიღებთო“».
რონი და დოლი 1954 წლის 5 იანვარს ჩავიდნენ პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა). იუსტიციის მინისტრმა რონის სთხოვა, დროდადრო მისულიყო მასთან, რათა იეჰოვას მოწმეებს უკეთ გასცნობოდა. რამდენჯერმე მათ შორის ბიბლიურ თემებზე კარგი საუბარი გაიმართა.
იანვრის ბოლოს იუსტიციის მინისტრმა რონი და დოლი სახლში სადილზე მიიპატიჟა. სადილზე მიწვეულები იყვნენ ადგილობრივი კათოლიკე მღვდელიც და ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორიც, ამიტომ მათ შორის საინტერესო მსჯელობა გაიმართა. რონი იხსენებს: «წამოსვლისას მინისტრმა ყველას მადლობა გადაგვიხადა და გვითხრა: „ვფიქრობ, დღევანდელ საუბარში მისტერ და მისის სელარსებმა იმარჯვეს“. ამის შემდეგ, მალე იქ დამკვიდრების უფლება მივიღეთ. მოგვიანებით იუსტიციის მინისტრმა მაცნობა, რომ მთავრობა სიამოვნებით მიიღებდა სხვა იეჰოვას მოწმე მისიონერებსაც, რის შესახებაც დაუყოვნებლივ შევატყობინე ავსტრალიის ფილიალს».
ამერიკის სამოაში პირველი, ვინც იეჰოვას თავი მიუძღვნა, 19 წლის ტოკელაუელი უალეს პედრო იყო. მისმა ნათესავმა, ლიდიამ, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობდა ფიჯიზე, 1952 წელს უალესის უფროს ძმას დაუტოვა წიგნი „დაე, მართალი იყოს ღმერთი“. უალესმა ეს წიგნი თავისი ძმის სახლში ნახა და ყურადღებით წაიკითხა.
1954 წელს რონიმ და დოლიმ პედროების ოჯახი გაიცნეს და უალესის უფროს და-ძმასთან ბიბლიის შესწავლა დაიწყეს. უალესს სწამდა იეჰოვა ღმერთი, თუმცა რელიგიას ეჭვის თვალით უყურებდა, რის გამოც შესწავლის დაწყებისგან თავს იკავებდა. დროთა განმავლობაში ის დარწმუნდა, რომ ჭეშმარიტება იეჰოვას მოწმეებთან იყო და ფაგატოგოში რეგულარულად დაიწყო კრების შეხვედრებზე დასწრება. მან სულიერად სწრაფად წაიწია წინ და 1955 წლის 30 აპრილს პაგო-პაგოს ნავსადგურში მოინათლა.
1955 წლის იანვარში, რონისა და დოლის ჩასვლიდან ზუსტად ერთ წელიწადში, ქალაქ ფაგატოგოს ერთ მოკრძალებულ სახლში შვიდი კაცი ესწრებოდა შეხვედრებს. ამ სახლში ავეჯი თითქმის არ იდგა და ყველა იატაკზე იჯდა. მალე რონის და დოლის სამი ახალი დაინტერესებული შეუერთდა სამქადაგებლო მსახურებაში. ეს „მცირე წამოწყების დღე“ იყო, რასაც საოცარი ზრდა უნდა მოჰყოლოდა.
„გალაადის“ კურსდამთავრებულები
1955 წლის 4 თებერვალს ამერიკის სამოაში შეერთებული შტატებიდან ორი წყვილი ჩავიდა, პოლ და ფრანსის ევანსები და გორდონ და პატრიცია სკოტები. ისინი ფაგატოგოს მისიონერთა სახლში, მხიარული მეზობლების გვერდით დასახლდნენ. სარაიონო ზედამხედველი, ლეონარდ (ლენი) ჰელბერგი, რომელიც იმ წელს ჩავიდა პაგო-პაგოში, ყვება:
„მისიონერთა დიდი ბინა ძველი მაღაზიის თავზე იყო; მის ერთ მხარეს პატარა ნაკადული მოჩუხჩუხებდა. იქვე ბარი იყო, სადაც საღამოობით მეზღვაურები ერთობოდნენ. როცა ბარიდან ჩხუბის ხმა გამოვიდოდა, პოლიციის უფროსი უმალ იქ ჩნდებოდა ხოლმე. ტანდაბალი, მაგრამ საკმაოდ ძლიერი კაცი, ბრბოში შევარდებოდა და პირში სიგარაგაჩრილი მუშტებს აქეთ-იქით იქნევდა; აი ასე აშოშმინებდა ის აყალმაყალის ამტეხთ. მისიონერთა სახლის ეზოს უკან, ეკლესიიდან ისმოდა მღვდლის ქადაგება, როგორ აშინებდა ხალხს ჯოჯოხეთის ცეცხლით. სახლის წინა აივნიდან კარგად მოჩანდა ბანკი, სადაც თვეში ერთხელ ხელფასის ასაღებად მოსული ხალხი ჩოჩქოლებდა ხოლმე. ხალხში ირეოდნენ ეკლესიის მსახურები, რომლებიც იმის შიშით, რომ მრევლს აღებული ფული არ დაეხარჯა, დიდი მონდომებით აგროვებდნენ მეათედს“.
სულაც არ არის გასაკვირი, რატომ ავლენდა ხალხი ბიბლიისადმი ინტერესს. ლენი განაგრძობს: „ერთი მისიონერი მისიონერთა სახლის წინ საპარიკმახეროში დილის ექვს საათზე ატარებდა ბიბლიის შესწავლას პარიკმახერთან სამუშაოს დაწყებამდე. შემდეგ კი, როცა პურის საყიდლად მიდიოდა, პურის მცხობელთან ატარებდა შესწავლას. მოგვიანებით ეს ძმა ქალაქის მოედანზე პატიმრებს ასწავლიდა ბიბლიას“. წლის ბოლოს მისიონერებს დაახლოებით 60 ბიბლიის შესწავლა ჰქონდათ 200-ზე მეტ ადამიანთან.
„ამ საღამოს ფილმია — უფასოდ“
იეჰოვას მოწმეების გადაღებულმა ფილმმა „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“e კიდევ უფრო გააძლიერა ჭეშმარიტებისადმი ინტერესი. იგი მოგვითხრობდა მთელ მსოფლიოში ქადაგების, ლიტერატურის ბეჭდვისა და იეჰოვას მოწმეების ორგანიზებულობის შესახებ (ორგანიზაციის გადაღებული პირველი ფილმი იყო „შემოქმედების ფოტოდრამა“, რომელიც მანამდე 40 წლით ადრე გამოვიდა). ძმა ლენი ამერიკის სამოაში 4 კვირა დარჩა. ამ დროის განმავლობაში მან 15-ჯერ აჩვენა ეს ფილმი სულ 3 227 კაცს. ფილმს დღეში საშუალოდ 215 ადამიანი ნახულობდა.
«ფილმის ჩვენებამდე სოფელ-სოფელ დავდიოდით, ყველა გამვლელს სარეკლამო ფურცელს ვთავაზობდით და ვიძახდით: „ამ საღამოს ფილმია — უფასოდ“, თან იმ სოფლის სახელს ვამბობდით, სადაც ფილმი უნდა გვეჩვენებინა».
ფილმმა მაყურებელზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. იეჰოვას მოწმეების საქმიანობისა და მათი სწავლების შესახებ მათ უფრო მეტის გაგება უნდოდათ. ბევრი ისე დაინტერესდა, რომ სანამ მოწმეები მიაკითხავდნენ, თავად მიდიოდნენ მისიონერთა სახლში. მისიონერები სხვადასხვა ოთახში ერთდროულად რამდენიმე შესწავლას ატარებდნენ. როგორც კი ერთი ჯგუფი დაამთავრებდა შესწავლას, მეორე ჯგუფი მოდიოდა. „ფილმის ტყვეობაში მყოფი ხალხი იეჰოვას მოწმეებთან წლების შემდეგაც განაგრძობდა ურთიერთობას“, — იხსენებს რონ სელარსი.
ქადაგება გულს სწვდება
ლეონარდ ჰელბერგის ჩასვლიდან ორი თვის შემდეგ, ამერიკის სამოაში ქალაქ ფაგატოგოში იეჰოვას მოწმეების პირველი კრება ჩამოყალიბდა. ერთ წელიწადში კრებაში მაუწყებლების რიცხვი 14-დან 22-მდე გაიზარდა. იმ დროისთვის კრების დასახმარებლად ავსტრალიიდან კიდევ ორი სპეციალური პიონერი ჩავიდა, ფრედი და შირლი უეგენერები. დღეს ფრედი სამოას ფილიალის კომიტეტის წევრია.
კრების მაუწყებლები, პიონერები და მისიონერები, ‘სულით იყვნენ ანთებულნი’ (რომ. 12:11). ლენი ამბობს: „მათი გულმოდგინე მსახურებისა და მოსახლეობის გულწრფელი ინტერესის შედეგად, 60-იანი წლების მეორე ნახევრისთვის ფაგატოგოში თითქმის ყველა ოჯახში ტარდებოდა ბიბლიის შესწავლა. გარდა ამისა, თვეში ერთხელ მოწმეები ყველა სახლში ხელახლა მიდიოდნენ“.
შეუპოვრად ქადაგებას უკვალოდ არ ჩაუვლია. ბიბლიამ მოსახლეობაზე დიდი გავლენა მოახდინა. „ყველამ იცოდა, რომ დედამიწაზე იქნებოდა მარადიული სიცოცხლე, რომ ცეცხლოვანი ჯოჯოხეთი არ არსებობდა, და რომ მკვდრები ვერაფერს გრძნობდნენ. ეს ყველაფერი ხალხმა ეკლესიაში კი არ ისწავლა, იეჰოვას მოწმეებისგან გაიგო; და ეს იმის შედეგად, რომ თითოეულს პირადად ვესაუბრებოდით, მათი ბიბლიები გვქონდა გადაშლილი და ერთად ვმსჯელობდით“, — აღნიშნა ლენმა.
და მაინც, ზოგს სასულიერო პირები და ოჯახის წევრები უშლიდნენ ხელს, რომ ნასწავლის თანახმად ეცხოვრა. სხვებმა მაღალზნეობრივი ნორმების დაცვას აღვირახსნილი ცხოვრება არჩიეს, რაზეც მათი ეკლესია თვალს ხუჭავდა. მიუხედავად ამისა, იყვნენ გულწრფელებიც, რომლებიც იესოს იგავში მოხსენიებული დიდვაჭრის მსგავსად, ჭეშმარიტებას ძვირფას მარგალიტად მიიჩნევდნენ და არაფერში ცვლიდნენ. ბევრმა მათგანმა მტკიცედ დაიკავა ჭეშმარიტების მხარე (მათ. 13:45, 46).
ქადაგება სამოურ ყაიდაზე
„იმ წლებში ქადაგება განსაკუთრებით დიდ სიხარულს გვანიჭებდა, — იხსენებს კაროლაინი, კანადელი პიონერი, რომელიც 1960 წელს უალეს პედროს გაჰყვა ცოლად. — თითქმის ყველა სახლში მოიძებნებოდა ისეთი ადამიანი, ვისაც ბიბლია აინტერესებდა. ბიბლიის შესწავლის დაწყება ძალიან ადვილი იყო, ხშირად შესწავლას მთელი ოჯახი ესწრებოდა.
განსაკუთრებით დაგვამახსოვრდა მოშორებულ სოფლებში ქადაგება. სოფლის ბავშვები ერთი კარიდან მეორემდე მოგვყვებოდნენ და ჩვენს შეთავაზებებს ყურადღებით ისმენდნენ. შემდეგ წინ გარბოდნენ და მობინადრეს ჩვენი მისვლის ამბავსა და ჩვენი საუბრის თემას ატყობინებდნენ, ისინი იმასაც კი ეუბნებოდნენ, რომელ მუხლს წავუკითხავდით. ამიტომ რამდენიმე შეთავაზება გვქონდა ხოლმე მზად“.
ძმები ცდილობდნენ მსახურებისას თავიანთი მანერებით კარგი შთაბეჭდილება შეექმნათ და ადგილობრივი წესები დაეცვათ (1 კორ. 9:20—23). ყოფილი მისიონერი ჩარლზ პრიჩარდი, რომელიც დღეს ახალ ზელანდიაში ფილიალის კომიტეტის წევრად მსახურობს, წერს: „ცხელი ტროპიკული ჰავის გამო სოფლის სახლებს (ფალე) კედლები არ ჰქონდა, ამიტომ რთული არ იყო იმის გაგება, იყო თუ არა ვინმე სახლში. დიდ უზრდელობად ითვლებოდა, შინ შეპატიჟებამდე მასპინძელთან ფეხზე მდგარს რომ დაგეწყო საუბარი. ამიტომ თითოეულ სახლთან მოთმინებით ვიცდიდით, სანამ არ შეგვამჩნევდნენ. შემდეგ მასპინძელი იატაკზე სუფთა ჭილოფს ფენდა, რაც იმის ნიშანი იყო, რომ ფეხზე უნდა გაგვეხადა, შევსულიყავით და ჭილოფზე ფეხმორთხმით დავმსხდარიყავით“. ბევრი მისიონერისთვის ნამდვილი ტანჯვა იყო დიდხანს ასე ჯდომა. საბედნიეროდ, ადგილობრივი ტრადიციით მისაღები იყო ფეხების გაშლა და ზემოდან ჭილოფის გადაფარება. დიდ შეურაცხყოფად ითვლებოდა, თუ სტუმარი შიშველ ტერფებს მასპინძლისკენ მიმართავდა.
„მობინადრეები ოფიციალურად გვესალმებოდნენ და გვეუბნებოდნენ, რომ მათთვის დიდი პატივი იყო ბიბლიური ცნობის გადასაცემად მათ ქოხში ჩვენი სტუმრობა, — ამბობს ჯონ როდესი, რომელმაც სამოასა და ამერიკის სამოაში მისიონერად 20 წელი იმსახურა. — შემდეგ გვეკითხებოდნენ, საიდან ვიყავით, გვყავდა თუ არა შვილები და სად ცხოვრობდნენ ჩვენი ოჯახის წევრები“.
ჯონის მეუღლე, ჰელენი განაგრძობს: „მობინადრეებს პატივისცემისა და მოწიწების გამომხატველი სიტყვებით მივმართავდით, რომლებსაც ისინი, ჩვეულებრივ, ოფიციალურ საუბარში იყენებენ. ასეთი სახით, მასპინძელსაც პატივს ვცემდით და ცნობასაც, რომელსაც გადავცემდით“.
კაროლაინ პედრო ამბობს: „ერთმანეთს კარგად ვეცნობოდით, რაც იმაში გვეხმარებოდა, რომ უკეთ დაგვეკმაყოფილებინა მათი სულიერი მოთხოვნილებები“.
გაცნობის შემდეგ მობინადრისთვის მაუწყებელს სამეფოს შესახებ ცნობა უნდა შეეთავაზებინა. „ტრადიციულად მასპინძელი მანამდე გვისმენდა, სანამ საუბარს არ დავასრულებდით, მერე კი ჩვენივე ნათქვამს იმეორებდა, იმის ხაზგასასმელად, რომ ჩვენი ცნობა უმნიშვნელოდ არ ჩაუთვლია“, — იხსენებს ყოფილი მისიონერი, რობერტ ბოიესი.
იქაურები კარგად ერკვეოდნენ ბიბლიაში, ამიტომ ამ თემაზე ხანგრძლივი საუბრები ჩვეულებრივი რამ იყო. „ასეთი განხილვების წყალობით ბევრ ბიბლიურ საკითხს უფრო ღრმად ჩავწვდი, — ამბობს კაროლაინი. —უმრავლესობა სიხარულით გვართმევდა ბიბლიურ ლიტერატურას. დროთა განმავლობაში მაუწყებლებმა შეძლეს იმის გარჩევა, სინამდვილეში, ვის აინტერესებდა სულიერი საკითხები და ვის — არა“.
ბევრ დაინტერესებულს, რომლებიც კრების შეხვედრებს ესწრებოდნენ, დიდი სურვილი ჰქონდა, სამქადაგებლო საქმეში მიეღო მონაწილეობა. „სამოელები განსაკუთრებული ორატორული ნიჭით გამოირჩევიან. ბევრს ყოველგვარი მომზადების გარეშე შეეძლო, თავისი მრწამსის შესახებ დამაჯერებლად ესაუბრა. მიუხედავად ამისა, ვურჩევდით, რომ დაბეჭდილი შეთავაზებები გამოეყენებინათ, ბიბლიით ესარგებლათ, და მხოლოდ თავიანთ მჭევრმეტყველებაზე არ ყოფილიყვნენ დაიმედებულნი“, — ამბობს ჯონ როდესი. ამგვარი რჩევების გათვალისწინების შედეგად ბევრი მათგანი კიდევ უფრო ეფექტური მქადაგებელი გახდა.
ლიტერატურა სამოურ ენაზე
ბევრი სამოელი თავისუფლად ლაპარაკობს ინგლისურად, მაგრამ არა ყველა. ჭეშმარიტებას ინგლისური ენის არმცოდნეთა გულებამდეც რომ მიეღწია, 1954 წელს პელე ფუაიუპოლუმ ოთხი ტრაქტატი თარგმნა სამოურ ენაზე. პელე წლების განმავლობაში იყო დაკავებული მთარგმნელობითი საქმიანობით. ის ხშირად გვიანობამდე მუშაობდა ლამპის შუქზე, თარგმნიდა და ხელის ძველ საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდა.
ამას გარდა, პელე თავის ცოლსა და რვა შვილზე ზრუნავდა, კრებას უძღვებოდა და კვირაში ხუთნახევარი დღე კაკაოს პლანტაციაში მუშაობდა. „დაუღალავი შრომის მიუხედავად, პელე სხვებისგან აღიარებასა და დიდებას არ ელოდა, — წერს ლენ ჰელბერგი. — პირიქით, მისთვის დიდი პატივი იყო, რომ იეჰოვას ემსახურებოდა. მას იცნობდნენ როგორც ერთგულ, თავმდაბალ და შრომისმოყვარე ქრისტიანს. პელემ ყველას შეგვაყვარა თავი“.
1955 წელს მაუწყებლებმა სამოურ ენაზე გაავრცელეს 16 000 ბროშურა, სახელწოდებით — „სასიხარულო ცნობა სამეფოს შესახებ“. მასში მარტივი ენით იხსნებოდა ძირითადი ბიბლიური სწავლებები. ეს ბროშურა შესანიშნავი საშუალება იყო დაინტერესებულებთან ბიბლიის შესწავლის დასაწყებად და გასაგრძელებლად. რიჩარდ ჯენკინსი იხსენებს: „ბროშურის შესწავლის შემდეგ შემსწავლელები მზად იყვნენ მოსანათლად. ეს ბროშურა ძალიან მოგვწონდა“. მალე სამოურ ენაზე სხვა ბროშურებიც ითარგმნა.
„საგუშაგო კოშკი“ პირველად სამოურ ენაზე 1958 წელს გამოიცა. ფრედ უეგენერმა, რომელიც პროფესიით მბეჭდავი იყო, დაბეჭდილი ფურცლები მიმეოგრაფზე შეკრა. მოგვიანებით ჟურნალები შეერთებულ შტატებში იბეჭდებოდა, მერე კი — ავსტრალიაში. გარკვეული დროის შემდეგ რამდენიმე სხვა პუბლიკაციაც ითარგმნა, რაც „საგუშაგო კოშკის“ ფურცლებზე ყოველთვიურად ნაწილ-ნაწილ იბეჭდებოდა. 70-იანი წლების დასაწყისში სამოურ ენაზე წიგნებიც გამოიცა, რამაც მნიშვნელოვნად დააჩქარა სამქადაგებლო საქმიანობა.
ორგანიზაციის მიერ გამოცემული წიგნები სამოას კუნძულებზე კარგად ვრცელდებოდა. 1955 წელს ამერიკის სამოას თითქმის ყველა მოსახლემ აიღო წიგნი „შენ შეგიძლია გადაიტანო არმაგედონი და იცხოვრო ახალ ქვეყნიერებაში“. „ხალხი კითხულობდა ბიბლიას, მაგრამ არმაგედონის შესახებ არაფერი სმენოდათ. ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ სოფლის ბავშვები ჩვენ დანახვაზე ხშირად ყვიროდნენ, არმაგედონი მოდისო. ზოგმა შვილსაც კი დაარქვა არმაგედონი“, — წერს უალეს პედრო.
მსგავსი გამოხმაურება მოჰყვა 1972 წელს სამოურ ენაზე გამოცემულ წიგნს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“. პირველ თვეებში მისიონერები დაახლოებით ორას წიგნს ავრცელებდნენ. ფრედ უეგენერი ამბობს: „ბაზარში ხალხი გვიახლოვდებოდა და წიგნებს გვთხოვდა; წიგნების მისაღებად ავტობუსის ფანჯრებიდანაც კი გვიწვდიდნენ ხელებს“.
კონგრესებით გაძლიერებულნი
ძმები დიდად აღაფრთოვანა 1957 წლის ივნისში პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა) გამართულმა პირველმა სარაიონო კონგრესმა. მაუწყებლები კონგრესის პროგრამის მოსასმენად სამოადან ნავებით მიდიოდნენ. ხალხის მისაწვევად ძმებმა ინგლისურ და სამოურ ენებზე გაავრცელეს პროგრამები. შედეგად პარასკევს დილის პროგრამას 60 მაუწყებლის დაპატიჟებული 106 სტუმარი ესწრებოდა.
სამოელთა კულტურული თავისებურებისა და ცნობისმოყვარეობის გამო კონგრესზე შესვენების დროს ერთი ასეთი კურიოზი მოხდა: „ტრადიციულად სამოელები ყველა გამვლელს ეპატიჟებიან სადილად. როდესაც ძმებმაც უამრავი ცნობისმოყვარე დამკვირვებელი მიიწვიეს, ცოტა არ იყოს უხერხული სიტუაცია შეიქმნა, რადგან სადილი მხოლოდ კონგრესის დელეგატებისთვის იყო გათვალისწინებული“, — აღნიშნა რონ სელარსმა.
და მაინც, ეს შესანიშნავი დამოწმება იყო გარეშეებისთვის. სამოაში, როგორც წესი, განსაკუთრებული შემთხვევების დროს სუფრასთან ჯერ მამაკაცები სხდებიან, შემდეგ კი ქალები და ბავშვები. უცხოელები და სასულიერო პირები სხვებისგან განცალკევებით სხდებიან და საუკეთესო ულუფას მიირთმევენ. მაგრამ ამჯერად გარეშეებმა დაინახეს, რომ აქ ყველა თანასწორი იყო; უცხოელი მისიონერები და ადგილობრივი მცხოვრებლები ერთად მიირთმევდნენ. რთული არ იყო იმის დანახვა, რომ იეჰოვას მოწმეებს შორის სიყვარული და ერთობა სუფევდა.
ასეთი კონგრესების წყალობით მაუწყებლები არა მარტო მხნევდებოდნენ და იმოძღვრებოდნენ, არამედ მომავალ განსაცდელებთან შესახვედრადაც ემზადებოდნენ.
განდგომილება აპიაში
სამოას კუნძულებზე მაუწყებელთა რიცხვი სწრაფად იზრდებოდა, მაგრამ კრებაში პრობლემებმაც სწრაფად იჩინა თავი. ერთი თავნება და ჯიუტი ძმის (ყოფილი მატაი) გავლენის ქვეშ მოქცეული რამდენიმე ადამიანი შეეწინააღმდეგა თეოკრატიულ სტრუქტურას, რამაც აპიას კრებაში დაძაბული გარემო შექმნა. კრებები სწორედ იმ ძმის სახლში ტარდებოდა, ამიტომ მდგომარეობა სულ უფრო და უფრო რთულდებოდა.
ბოლოს, 1958 წელს კრებაში განხეთქილება მოხდა. განდგომილებმა მიატოვეს კრება და ახალი ჯგუფი ჩამოაყალიბეს. ძმა დუგლას ჰელდი, რომელიც ავსტრალიის ფილიალში მსახურობდა, იმ დროისთვის ფიჯიზე იმყოფებოდა. ის სასწრაფოდ ჩავიდა სამოაში განაწყენებული ძმების დასახმარებლად. ბიბლიაზე დაფუძნებულმა მისმა გონივრულმა რჩევებმა დიდად გაამხნევა ერთგული და-ძმები, მაგრამ მაუწყებელთა 25 პროცენტი მაინც ჩამოშორდა კრებას და განდგომილთა გვერდით დადგა. ისინი, ვინც თავისივე სიამაყის მსხვერპლი გახდნენ, მოგვიანებით კრებიდან გაირიცხნენ.
მალე ყველასთვის თვალნათელი გახდა, ვისთან იყო იეჰოვას სული. მოწინააღმდეგეთა ჯგუფი ნელ-ნელა დაიშალა და დაიფანტა, აპიას კრებაში კი იმ წელს მაუწყებელთა რიცხვი 35 პროცენტით გაიზარდა. თავიდან შეხვედრები რიჩარდ და გლორია ჯენკინსებთან ტარდებოდა, საავადმყოფოსთან ახლოს, ბოლოს კი კრება ფაატოიაში (აპია) მაატუსი ლეაუანაეს სახლში გადავიდა. მაუწყებლებს შორის ნამდვილი სიყვარული და სითბო სუფევდა. მოგვიანებით ძმა მაატუსის მამულში პირველი სამეფო დარბაზი აშენდა, რისთვისაც სიდნეის (ავსტრალია) კრებამ გამოყო საჭირო თანხა.
გამამხნევებელი შეკრებები
აპიას კრება კიდევ უფრო გაძლიერდა, როცა 1959 წელს სამოას მთავრობამ ამერიკის სამოადან ხუთ მისიონერს ნება დართო, აპიაში გამართულ პირველ სარაიონო კონგრესს დასწრებოდა. იქ მყოფი 288 დამსწრის სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. იმ დღეს 10 ადამიანი მოინათლა. ორი წლის შემდეგ აპიაში ყოფილი გერმანული საავადმყოფოს შენობაში, სასტუმრო „ვაით ჰორსთან“ ახლოს, პირველი საოლქო კონგრესი ჩატარდა; ამ კონგრესს ახალი ზელანდიელი დელეგატებიც ესწრებოდნენ.
ასეთ შეკრებებზე ძმებმა კონგრესების ორგანიზებულად ჩატარების გამოცდილება მიიღეს. მოგვიანებით, როცა სამოას მთავრობამ ისევ აკრძალა მისიონერებისა და მიმომსვლელი ზედამხედველების შესვლა ქვეყანაში, ადგილობრივ ძმებს აღარ გასჭირვებიათ კონგრესების დამოუკიდებლად ჩატარება; 1967 წელს პირველად მათ ერთ საათიანი კოსტიუმებიანი დრამაც კი დადგეს. დრამა ძველი ისრაელის თავშესაფარ ქალაქებზე იყო. დამსწრეებს ის დიდხანს დაამახსოვრდათ.
იმ წლებში სამოას მაუწყებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ, დასწრებოდნენ ამერიკის სამოასა და ფიჯიზე გამართულ კონგრესებს, მიუხედავად იმისა, რომ იქ წასვლა დიდ ძალისხმევასა და თავგანწირვას მოითხოვდა. მაგალითად, ფიჯიზე საოლქო კონგრესზე დასწრების მსურველებს გარდა იმისა, რომ მგზავრობისა და საკვების ფული უნდა მოეგროვებინათ, ერთი თვით უნდა დაეტოვებინათ სახლ-კარი.
ამერიკის სამოა
პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა) 1966 წელს ჩატარებულმა საოლქო კონგრესმა, „ღვთის ძეების თავისუფლება“, ძმები დიდად აღაფრთოვანა. ამ ისტორიულ კონგრესს ესწრებოდა 372 დელეგატი რამდენიმე ქვეყნიდან — ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, ახალი კალედონიიდან, ვანუატუდან (ყოფილი ახალი ჰებრიდის კუნძულები), ნიუედან, სამოადან (ყოფილი დასავლეთი სამოა), ტაიტიდან, ტონგადან და ფიჯიდან. რვა ენაზე მოლაპარაკე ხალხი შეიკრიბა ერთად. იმ დღეებში ისე გაიზარდა ქალაქში იეჰოვას მოწმეების რიცხვი, რომ ერთ მოწმეზე 35 მოსახლე მოდიოდა მაშინ, როცა ადგილობრივ კრებაში 28 მაუწყებელზე მეტი არ იყო.
როგორ დააბინავა 28 მაუწყებელმა ამდენი სტუმარი? ფრედ უეგენერი ამბობს: „ისეთი სტუმართმოყვარეობა გამოავლინა ადგილობრივმა მოსახლეობამ, რომ არ გაგვჭირვებია ამდენი ხალხის მიღება. ცხადია, ეს ფაქტი სასულიერო პირებს დიდად არ ესიამოვნათ“.
ამ კონგრესმა სასიკეთოდ იმოქმედა პაგო-პაგოს კრებაზე. ექვს თვეში დამსწრეთა რიცხვი 59 პროცენტით გაიზარდა და ბევრიც სასიხარულო ცნობის მაუწყებელი გახდა. „კონგრესმა ძმებს შეხვედრებისთვის უფრო შესაფერისი შენობის აშენების სურვილიც აღუძრა“, — ამბობს რონ სელარსი. კუნძულ ტუტუილაზე, სადაც ქალაქი პაგო-პაგო მდებარეობს, ადვილი არ იყო მიწის ნაკვეთის პოვნა. მაგრამ პაგო-პაგოს დასავლეთით სოფელ ტაფუნაში ერთმა ადგილობრივმა მაუწყებელმა ძმებს 30-წლიანი იჯარით მისცა მიწის ნაკვეთი.
„სოფელი ტაფუნა ზღვის დონიდან საკმაოდ დაბლა იყო, ამიტომ მიწის ასამაღლებლად კრების წევრები სამი თვის განმავლობაში ლავური წარმოშობის ქვებს ეზიდებოდნენ“, — აღნიშნა ფრედ უეგენერმა.
საქმე საძირკვლის ჩასხმამდე რომ მივიდა, ადგილობრივმა კათოლიკე მღვდელმა, რომელიც ყოველთვის კითხულობდა „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ-ს!“, ძმებს ეკლესიის კუთვნილი ბეტონსარევი ათხოვა. მასზე რონ სელარსმა თქვა: «მას შემდეგ, რაც „გამოიღვიძეთ!“-ში ქორწინებაზე სტატია წაიკითხა, უარი თქვა მღვდლობაზე და დაქორწინდა».
სამეფო დარბაზის მშენებლობას უცხოელი ძმებიც აქტიურად უჭერდნენ მხარს. გორდონ და პატრიცია სკოტებმა, რომლებიც ერთ-ერთი პირველი მისიონერები იყვნენ ამერიკის სამოაში და შემდეგ შეერთებულ შტატებში დაბრუნდნენ, ახალი დარბაზისთვის თავიანთი სამეფო დარბაზიდან ტაფუნაში სკამები გაგზავნეს. „ზედმეტი სკამები ადგილობრივ თეატრს მივყიდეთ და ამ თანხით საბაჟოს გადასახადი დავფარეთ“, — მოგვითხრო რონ სელარსმა. 1971 წელს ტაფუნაში დასრულდა 130 ადგილიანი ახალი სამეფო დარბაზის მშენებლობა და მიძღვნის პროგრამაც ჩატარდა. მოგვიანებით სამეფო დარბაზის თავზე მისიონერების საცხოვრებელი ოთახები აშენდა.
სამოაში შესასვლელი კარი იღება
1974 წლამდე სამოაში იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეზღუდული იყო, რის გამოც მისიონერები თავისუფლად ვერ შედიოდნენ ქვეყანაში. იმ წელიწადს ადგილობრივი პასუხისმგებელი ძმები ამ საკითხზე სასაუბროდ პრემიერ მინისტრს შეხვდნენ. მუფაულუ გალუვაო წერს: „საუბარში აღმოვაჩინეთ, რომ ერთ-ერთ ჩინოსანს არაოფიციალურად შეუქმნია კომისია, რომლისთვისაც მისიონერთა განცხადებების მოძიება დაუვალებია. კომისიის წევრები ჩვენი რელიგიისადმი მტრულად იყვნენ განწყობილი, რის გამოც ვიზა არც ერთი მისიონერისთვის არ მიუციათ; პრემიერ-მინისტრი კი საქმის კურსში არ ჩაუყენებიათ.
„პრემიერ-მინისტრმა ამ მზაკვრული გეგმის შესახებ არაფერი იცოდა; ამიტომ დაიბარა საზღვრის დაცვის დეპარტამენტის უფროსი და იეჰოვას მოწმეების კარტოთეკა მოსთხოვა. მინისტრმა ჩვენი თანდასწრებით გააუქმა კომისია და პოლ და ფრანსის ევანსებს სამწლიანი ვიზა მისცა, ადგილზე გაგრძელების უფლებით“. ეს მართლაც აღმაფრთოვანებელი იყო, რადგან 19 წლიანი მცდელობის შემდეგ მათ ბოლოს და ბოლოს შეძლეს სამოაში შესვლა და ლეგალურად მსახურება.
თავდაპირველად პოლი და ფრანსისი მუფაულუ გალუვაოს სახლში ცხოვრობდნენ. მაგრამ 1977 წელს, როცა ამერიკის სამოაში ჯონ და ჰელენ როდესები ჩავიდნენ, ორივე წყვილი ვაიალას დასახლებაში (აპია), ახლად დაქირავებულ მისიონერთა სახლში გადავიდა საცხოვრებლად. 1978 წელს იქ რობერტ და ბეტი ბოიესებიც ჩავიდნენ, 1979 წელს მათ დეივიდ და სუზან იოშიკავები შეუერთდნენ, 1980 წელს კი რასელ და ლეილან ერნშოები შეემატნენ.
იქაურ ცხოვრებასთან შეგუება
სამოაში ჩასულმა უცხოელმა მოწმეებმა მალე აღმოაჩინეს, რომ ამ სამოთხეშიც იყო თავისებური სირთულეები. ერთ-ერთი ასეთი სირთულე ტრანსპორტს უკავშირდებოდა. „აპიაში მისიონერული მსახურების პირველი ორი წლის განმავლობაში, კრებაზე და საქადაგებლად წასასვლელად ხშირად დიდ მანძილს გავდიოდით ფეხით. ზოგჯერ ბრჭყვიალა და ფერად-ფერადი ავტობუსით ვმგზავრობდით“, — წერს ჯონ როდესი.
ავტობუსს ხის კაბინა ჰქონდა, მგზავრებისთვის განკუთვნილი უკანა ნაწილი, ოდნავ შემაღლებული იყო. ავტობუსი, როგორც წესი, ისე იყო გადაჭედილი, რომ ნემსსაც ვერ ჩააგდებდი. რა აღარ გადაჰქონდათ მგზავრებს, შრომის იარაღებით დაწყებული საკვები პროდუქტებით დამთავრებული. ხმამაღლა ჩართული მუსიკა და მხიარული სიმღერები საზეიმო განწყობას ქმნიდა. ისეთი შთაბეჭდილება იქმნებოდა, რომ ავტობუსს არც წინასწარ დადგენილი მარშრუტი ჰქონდა, არც გაჩერებები და არც მოძრაობის განრიგი. ერთ-ერთ სამგზავრო ცნობარში აღნიშნული იყო: «ავტობუსი ვავაუში „პუნქტუალურად“ დადის: ის აუცილებლად მოვა, მაგრამ არავინ იცის, როდის».
„თუ გზაში რაიმეს ყიდვა გვინდოდა, მძღოლს ვეუბნებოდით და ისიც ნებისმიერ ადგილზე გვიჩერებდა; ნაყიდი საქონელი ავტობუსში აგვქონდა და გზას ვაგრძელებდით; არავის არსად ეჩქარებოდა“, — ყვება ჯონი.
თუ ავტობუსში ადგილი არ იყო, წესისამებრ, ახალი ამოსული მგზავრი ვინმეს უნდა ჩასჯდომოდა კალთაში. მისიონერმა ქმრებმა ამ წესს მალე აუღეს ალღო და როგორც კი ავტობუსში ჩასხდებოდნენ უმალვე ცოლებს დაისკუპებდნენ ხოლმე მუხლებზე. როცა ფულის გადახდის დრო მოვიდოდა, დიდები თუ პატარები მონეტას მეტად მოსახერხებელი ჯიბიდან, ყურიდან იღებდნენ.
ერთი კუნძულიდან მეორეზე მისიონერები თვითმფრინავებითა და პატარა ნავებით გადადიოდნენ. მგზავრობა არცთუ ისე უსაფრთხო იყო, დაგვიანება კი — გარდაუვალი. „მეტი მოთმინება და იუმორის გრძნობა გვჭირდებოდა“, — ამბობს ელიზაბეტ ილინგუორზი, რომელიც პიტერს, თავის მეუღლეს, წლების მანძილზე წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში მიმოსვლით მსახურებაში ეხმარებოდა.
კოკისპირული წვიმა, განსაკუთრებით კი ტროპიკული შტორმების დროს, კუნძულზე გადაადგილებას საკმაოდ აფერხებდა. ერთხელ მისიონერი ჯეფრი ჯექსონი (ამჟამად ხელმძღვანელი საბჭოს წევრი) წიგნის შესწავლაზე მიდიოდა; ადიდებულ წყალზე რომ გადადიოდა, უცბად ფეხი დაუცურდა და კინაღამ ნიაღვარმა წაიღო. შეხვედრაზე თავით ფეხამდე ტალახში ამოსვრილი მივიდა. მასპინძელმა დაბანა, გააშრო და გრძელი, შავი ლავალავა (პოლინეზიური ქვედაბოლო) ჩააცვა. იქ მყოფებმა დიდხანს იცინეს, როცა წიგნის შესწავლაზე მისულ ერთ დაინტერესებულს ის კათოლიკე მღვდელი ეგონა.
მისიონერებისთვის ადვილი არ იყო ენის შესწავლა, ტროპიკულ სიცხესთან შეგუება, უცნობი დაავადებების, არასახარბიელო პირობებისა და უამრავი მკბენარა მწერის გაძლება. მუფაულუ გალუვაო წერს: „რას არ იტანდნენ მისიონერები ჩვენი გულისთვის. მადლიერების ნიშნად ბევრი მშობელი შვილებს მათ სახელებს არქმევდა“.
სავაიზე სასიხარულო ცნობა ისმის
ახლა სამოას კუნძულებს შორის ყველაზე დიდსა და ლამაზ კუნძულზე, სავაიზე გადავინაცვლოთ. კუნძულის უდიდესი ნაწილი დაუსახლებელია. აქ უშველებელი მთები, 450-მდე კრატერიანი ვულკანური ქედები, თითქმის გაუვალი ჯუნგლები და გაციებული ლავით დაფარული ველებია. მოსახლეობა, უმეტესწილად, სანაპირო ზოლზე მეჩხრად განლაგებულ პატარ-პატარა სოფლებში ცხოვრობს. სავაიზე სასიხარულო ცნობა პირველად 1955 წელს გაისმა. უპოლუდან ლენ ჰელბერგი და რამდენიმე მაუწყებელი მცირე ხნით ჩავიდნენ კუნძულზე ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფილმის „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“-ს საჩვენებლად.
ექვსი წლის შემდეგ ორ მისიონერ დას — ტია ალუნის (პირველი სამოელი, რომელმაც სკოლა „გალაადი“ დაამთავრა) და ივი კაუვეს — სთხოვეს საქადაგებლად ამერიკის სამოადან სავაიზე გადასულიყვნენ. ისინი 1961 წელს ჩავიდნენ აღმოსავლეთ ნაწილში მდებარე სოფელ ფოგაპოაში და ერთი მოხუცი ცოლ-ქმრის სახლში დაბინავდნენ. მოგვიანებით მათ დროებით შეუერთდა ერთი და, სპეციალური პიონერი, რომელიც ერთ დროს სავაიზე ცხოვრობდა. 6—8 კაციანი ჯგუფის გასამხნევებლად ძმები თვეში ერთხელ აპიადან ჩადიოდნენ და საჯარო მოხსენებებს კითხულობდნენ. ისინი პატარა სახლში იკრიბებოდნენ.
ტიამ და ივიმ სავაიზე სამი წელი, 1964 წლამდე იმსახურეს, შემდეგ ისინი სხვა კუნძულზე გაგზავნეს. მომდევნო ათი წლის განმავლობაში, სავაიზე ქადაგება შენელებული ტემპით მიმდინარეობდა. 1974 წლის დასაწყისში მაუწყებლების დასახმარებლად იქ რამდენიმე მოწმე გადავიდა: რისატი და მარეტა სეგიები, ჰეფი და მაოტა გოელდნერ-ბარნეტები, ფაიგააი ტუ, პალოტა ალაგი, კუმი ფალემაა (მოგვიანებით ტომფსონი) და ამერიკის სამოაში ნამსახურები რონი და დოლი სელარსები. ფოგაპოაში ჩამოყალიბებული პატარა ჯგუფი ახლა, სანაპიროსთან ახლოს სეგის სახლში იკრიბებოდა. მოგვიანებით იქვე ახლოს სამეფო დარბაზი და მისიონერთა სახლი აშენდა. დროთა განმავლობაში სავაის დასავლეთ სანაპიროზე სოფელ ტაგაში კიდევ ერთი ჯგუფი ჩამოყალიბდა.
1979 წლის დასაწყისში სავაიზე გაგზავნეს რობერტ და ბეტი ბოიესები, ჯონ და ჰელენ როდესები, ლევა და ტენისია ფააიუები, ფრედ და ტამი ჰოლმესები, ბრაიან და სიუ მალკაჩები, მეთიუ და დები კურტსები და ჯეკ და მერი-ჯეინ ვაიზერები. მისიონერთა გულმოდგინე შრომის შედეგად სამქადაგებლო საქმემ საგრძნობლად წაიწია წინ.
ოჯახისა და ტრადიციის გავლენა ამ კუნძულზეც ძლიერი იყო. ყოველ მესამე სოფელში იეჰოვას მოწმეებს ქადაგება ეკრძალებოდათ. აკრძალვის შესახებ ზოგან რადიოთიც კი გადმოსცეს. აქედან გამომდინარე, დიდი დრო და მოთმინება სჭირდებოდა დაინტერესებულების სულიერ ზრდას. ყველაფრის მიუხედავად, ბევრი გამოეხმაურა ჭეშმარიტებას, მათ შორის ისინიც, ვინც სერიოზულ ავადმყოფობას ებრძოდნენ.
იეჰოვას მსახურება ტკივილს ამსუბუქებს
ერთ-ერთი მათგანი, ვინც ავადმყოფობის მიუხედავად იეჰოვას ემსახურებოდა, იყო მატუსელა ნერუ, რომელიც 12 წლის ასაკში ცხენიდან გადმოვარდა და ხერხემლის სერიოზული ტრავმა მიიღო. „ტრავმის შედეგად მას კუზი ჩამოუყალიბდა, მუდმივად ტანჯავდა ტკივილები“, — იხსენებს ერთი მისიონერი. ბიბლიის შესწავლა მატუსელამ 19 წლის ასაკში დაიწყო. მას მთელი ოჯახი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ მტკიცედ იცავდა თავის პოზიციას. ავადმყოფობის გამო კრებაზე მისვლას 5 წუთის ნაცვლად 45 წუთს ანდომებდა. ყველაფრის მიუხედავად, მატუსელა სულიერად გაიზარდა და 1990 წელს მოინათლა; ცოტა ხანში პიონერად და მერე უხუცესადაც დაიწყო მსახურება. დროთა განმავლობაში სოფელ ფაგაში მისმა 30-მა ნათესავმა დაიწყო კრების შეხვედრებზე სიარული და რამდენიმე მათგანი მოინათლა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ ტკივილები დღემდე არ ასვენებს, მატუსელას ყველა იცნობს, როგორც მომღიმარ და ხალისიან ადამიანს.
კიდევ ერთი ქრისტიანი, ვინც ფიზიკურ ტკივილს უძლებს სოფელ აოპოში მცხოვრები საუმალუ ტაუაანაეა. მას კეთრმა გარეგნობა დაუმახინჯა. საუმალუ შორეულ სოფელში ცხოვრობდა და ბიბლიის შესწავლა მხოლოდ წერილებით შეეძლო, ამიტომ მას მანამდე სწერდა ივან ტომფსონი წერილებს, სანამ სავაიზე სპეციალური პიონერი, ძმა ასა კოე არ ჩავიდა. 1991 წელს სოფელ ტაგაში საუმალუ პირველად დაესწრო კრების შეხვედრას. იქამდე მანქანით მისვლას 2 საათი სჭირდებოდა.
საუმალუს თავისი გარეგნობა ისეთ უხერხულობას უქმნიდა, რომ როდესაც პირველად სპეციალურ ერთდღიან კონგრესზე წავიდა, პროგრამას მანქანიდან გადმოუსვლელად უსმენდა. შესვენების დროს და-ძმებმა მიაკითხეს და თბილად მოიკითხეს. ამან მასზე ძალიან იმოქმედა. ძმებმა სთხოვეს, პროგრამა მათთან ერთად მოესმინა. გახარებულმა საუმალუმ დარჩენილი პროგრამა და-ძმების გვერდით მოისმინა.
მალე საუმალუმ და მისმა მეუღლემ, ტორისემ კრების შეხვედრებზე ფაგაში დაიწყეს სიარული. მანქანით ორივე გზას, ისინი ორ საათზე მეტს ანდომებდნენ. 1993 წელს საუმალუ მოინათლა და მალე მომსახურე გახდა. კრების შეხვედრებზე სიარული მას მაშინაც არ შეუწყვეტია, როცა ფეხის ამპუტაცია გაუკეთდა. მიუხედავად იმისა, რომ მათ სოფელში ქადაგება აიკრძალა, საუმალუ და ტორისე გულმოდგინედ მსახურობდნენ არაფორმალურად და ტელეფონით.
დღეს ისინი აპიაში ცხოვრობენ, სადაც საუმალუ სისტემატიურად გადის მკურნალობის კურსს. ის ავადმყოფობას არ გაუბოროტებია, მისი ოპტიმიზმი და კარგი განწყობა არავის რჩება შეუმჩნეველი. ძლიერი რწმენის გამო მას და მის მეუღლეს დიდად აფასებენ.
განსაცდელები ტოკელაუზე
კუნძული ტოკელაუ, რომელიც სამ ატოლს მოიცავს, სამოას ჩრდილოეთით მდებარეობს. სამეფოს ცნობა აქ პირველად 1974 წელს იქადაგეს. ამ წელს ტოკელაუზე დაბრუნდა სამედიცინო ინსტიტუტის კურსდამთავრებული როპატი უილი, რომელიც ფიჯიზე სწავლობდა. მისი ცოლი, ემაუ, მონათლული იყო, ადრე ფიჯიზე როპატიც სწავლობდა ბიბლიას იეჰოვას მოწმეებთან.f
ტოკელაუზე როპატიმ გაიგო, რომ ექიმი იონა და მისი ცოლი ლუიზა ტინიელუები, მონათლული მოწმეები იყვნენ. მან გაიცნო ბიბლიით დაინტერესებული ნანუმეა ფოუაც, რომელსაც ნათესავები ჰყავდა იეჰოვას მოწმეები. როპატიმ და ამ ორმა მამაკაცმა ორგანიზება გაუწიეს შეხვედრების ჩატარებასა და საჯარო მოხსენებების კითხვას. მალე შეხვედრებს საშუალოდ 25 ადამიანი ესწრებოდა. ამ სამმა ძმამ თავიანთ ოჯახებთან ერთად არაფორმალურად ქადაგებაც დაიწყო.
მაგრამ ყველას როდი ახარებდა იეჰოვას მოწმეების წარმატებები. ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორის წაქეზებით კუნძულის უხუცესთა საბჭომ ეს სამი მამაკაცი გამოიძახა. როპატი გვიამბობს: „მათ გვიბრძანეს, აღარ ჩაგვეტარებინა კრებები და გაგვაფრთხილეს, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში ცოცხლად დაგვწვავდნენ საკუთარ სახლებში ან ტივით წყალს გაგვატანდნენ. ბიბლიით ჩვენი პოზიციის ახსნას შევეცადეთ, მაგრამ ამაოდ. ისინი უპირობო მორჩილებას გვთხოვდნენ“. ამ ულტიმატუმის შემდეგ, ძმებმა შეხვედრების მალულად ჩატარება გადაწყვიტეს.
ასე დაიწყო ძმების განსაცდელები. თორმეტი წლის შემდეგ, როცა როპატის დამ და სიძემ ჭეშმარიტება მიიღეს და ეკლესია დატოვეს, სოფლის უხუცესებმა სოფლიდან ყველა მოწმე გაყარა. როპატი წერს: „იმ ღამეს ყველა ოჯახმა შეკრა ბარგი, პატარა ნავებში ჩააწყო და კუნძულის ყველაზე დიდი სოფლისკენ გასცურა. მათი სახლები და პლანტაციები კი მეზობლებმა გაძარცვეს“.
დევნის მიუხედავად მაუწყებლები მაინც აგრძელებდნენ შეხვედრების ჩატარებას. „შაბათ დილით მოწმეები ოჯახებთან ერთად ნავებით მიდიოდნენ შორეულ პატარა კუნძულზე, იქ შეხვედრებს ატარებდნენ და კვირა საღამოს უკან ბრუნდებოდნენ; ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიდნენ, თითქოს პიკნიკზე იყვნენ“, — აღნიშნავს როპატი. იმ პერიოდში სამოაში საოლქო კონგრესზე დასასწრებლად ტოკელაუდან რამდენიმე ოჯახი უფრო გრძელ და რთულ გზასაც გადიოდა ნავით.
სასტიკმა წინააღმდეგობამ მოწმეები აიძულა, საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადასულიყვნენ. შედეგად, 1990 წლისთვის ტოკელაუზე არც ერთი მოწმე აღარ იყო; თუმცა ივან ტომფსონი, რომელიც აპიაში მსახურობდა პიონერად, წერილებით მაინც განაგრძობდა ბიბლიის სწავლებას, ამჯერად იქ მცხოვრებ ერთ ახალგაზრდა კაცთან, ლონე ტემასთან. ლონე სულიერად გაიზარდა და ახლა ავსტრალიის ერთ-ერთ კრებაში უხუცესად მსახურობს.
გავიდა ხანი და რამდენიმე მაუწყებელი ტოკელაუზე დაბრუნდა. ჯეფრი ჯექსონი, რომელიც მაშინ სამოას ფილიალში მსახურობდა, უშედეგოდ ცდილობდა ახალ ზელანდიაში ერთ-ერთ უფლებამოსილ პირთან დაკავშირებას ტოკელაუზე იეჰოვას მოწმეების რთულ მდგომარეობაზე სასაუბროდ. ძმა ჯეფრი ყვება: „ისე მოხდა, რომ როგორც ლინგვისტს, ტოკელაუში ჩასვლის უფლება მომცეს. მგზავრობისას გემის კაპიტანმა მასთან და ერთ ჩინოვნიკთან ერთად წახემსება შემომთავაზა. აღმოჩნდა, რომ ეს სწორედ ის კაცი იყო, ვისთანაც მანამდე უშედეგოდ ვცდილობდი დაკავშირებას. ჩვენ ერთ საათზე მეტხანს ვისაუბრეთ. ბოლოს მადლობა გადამიხადა და დამპირდა, რომ ყველაფერს გააკეთებდა კუნძულ ტოკელაუზე ჩვენი ძმების დასახმარებლად“.
ტოკელაუზე იეჰოვას მოწმეების საქმიანობა დღესაც აკრძალულია. როცა ფუიმანუ და ჰატესა კირიფიებს 2006 წელს უმცროსი ვაჟი დაეღუპათ და შვილის დაკრძალვაზე ფუიმანუმ ბიბლიური მოხსენება წაიკითხა, სოფლის უხუცესები მის ოჯახს კუნძულიდან გაძევებით დაემუქრნენ. მუქარა მაშინაც გაუმეორეს, როცა ადგილობრივ ეკლესიაში მსახურებაზე უარი თქვა. მას და მის ცოლს პოლიტიკურ საქმიანობაში ჩაბმასაც აიძულებდნენ. ყველაფრის მიუხედავად, ფუიმანუმ და მისმა ოჯახმა მტკიცედ დაიცვეს თავიანთი რწმენა. წინააღმდეგობებმა ისინი უფრო გააძლიერა. ფუიმანუ ამბობს: „განსაცდელების დროს იეჰოვაზე მინდობა ვისწავლეთ“ (იაკ. 1:2—4). ისინი დარწმუნდნენ, რომ იეჰოვა არასდროს ტოვებს თავის მსახურებს გასაჭირში (კან. 31:6).
სულიერ ზრდას იეჰოვას კურთხევები მოჰყვება
სამოაში სამეფოს საქმეს თავდაპირველად სხვადასხვა ფილიალი ხელმძღვანელობდა. დღეს ორივე სამოაში ამ საქმეს ქვეყნის კომიტეტი უძღვება (მასში ოთხი ძმა მსახურობს), რომელსაც ავსტრალიის ფილიალი კურირებს. წლების განმავლობაში, ძმები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ სამეფოს შესახებ ცნობა ყველაზე მოშორებულ სოფლებშიც ყოფილიყო ნაქადაგები. რეგულარული სამქადაგებლო კამპანიების წყალობით სასიხარულო ცნობამ სუეინზისა და მანუას კუნძულებამდეც მიაღწია. სუეინზის კუნძული მდებარეობს კუნძულ ტუტუილას ჩრდილოეთით 320 კილომეტრში, მანუას კუნძულები კი — აღმოსავლეთით 100 კილომეტრში. მაუწყებლებმა იქ ასობით ლიტერატურა გაავრცელეს და ბევრთან ბიბლიის შესწავლაც დაიწყეს. ზოგი მოწმე უცხოენოვან მოსახლეობასთანაც ქადაგებდა.
მთარგმნელობითი საქმე წინ მიიწევს
მაუწყებლების ზრდასთან ერთად სამოურ ენაზე ლიტერატურის მოთხოვნილებაც იზრდებოდა. ამ საქმისთვის 1985 წელს სამოას ფილიალში გაგზავნეს ჯეფრი ჯექსონი და მისი მეუღლე ჯენი, რომლებიც ტუვალუში მისიონერებად მსახურობდნენ. ძმა ჯეფრის ორკაციანი მთარგმნელობითი ჯგუფის ხელმძღვანელობა დაევალა. ის ამბობს: „თავიდან მთარგმნელები ბეთელის სასადილოში მუშაობდნენ. ყოველ დილით საუზმის შემდეგ ისინი მაგიდებს წმენდნენ და მერე იწყებდნენ მუშაობას. სადილის დროს ისევ ინახავდნენ თავიანთ ნივთებს, სადილის შემდეგ კვლავ მაგიდებს წმენდნენ და თარგმნას განაგრძობდნენ“.
სამუშაოს ხშირ-ხშირი შეწყვეტა თარგმნას აფერხებდა. მთარგმნელობითი საქმე ისედაც შრომატევადი იყო და ბევრ დროს მოითხოვდა. „მთარგმნელები ძირითადად ქაღალდზე თარგმნიდნენ და ტექსტს საბეჭდ მანქანაზე ბეჭდავდნენ. საბოლოო სახის მიღებამდე ნაკორექტორები და შესწორებული ტექსტი რამდენჯერმე იბეჭდებოდა“, — განაგრძობს ჯეფრი ჯექსონი. 1986 წელს ფილიალმა პირველი კომპიუტერი შეიძინა და მთარგმნელების შრომაც მნიშვნელოვნად გამარტივდა. გარდა ამისა, კომპიუტერულმა პროგრამებმა დააჩქარა თარგმნისა და ბეჭდვის პროცესი.
ძირითადად ითარგმნებოდა და გამოიცემოდა ჟურნალები „საგუშაგო კოშკი“ და „გამოიღვიძეთ!“. 1993 წლის იანვრიდან სამოურ ენაზე „საგუშაგო კოშკი“ ინგლისური გამოცემის პარალელურად გამოიცემა ოთხ ფერში. 1996 წლიდან ჟურნალ „გამოიღვიძეთ!“-ის კვარტალური გამოცემა დაიწყო. ძმა ჯექსონი ამბობს: «„გამოიღვიძეთ!“-ის გამოცემის შესახებ იუწყებოდა არა მარტო რადიო და გაზეთი, არამედ ტელევიზიაც».
დღეს სამოაში მთარგმნელები სრულად აკმაყოფილებენ სამოელი მაუწყებლების მოთხოვნილებებს. ისევე როგორც ყველგან, სამოელმა მთარგმნელებმაც გაიარეს ენის შემსწავლელი კურსები და დაეუფლნენ თარგმნის ტექნიკას.
ფილიალის გაფართოება
1986 წელს სამოას მილტონ ჰენშელი ესტუმრა როგორც სამხარეო ზედამხედველი. სინამოგას მისიონერთა სახლი ძალიან პატარა იყო ფილიალის მზარდი მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად. ამიტომ ხელმძღვანელმა საბჭომ ბრუკლინიდან სამოაში ჩასასვლელად და მდგომარეობის ადგილზე შესაფასებლად ავსტრალიის ფილიალში რეგიონალური საინჟინრო ოფისის წარმომადგენლები გაგზავნა. რა გადაწყვეტილება იქნა საბოლოოდ მიღებული? სინამოგადან 5 კილომეტრში მდებარე ქალაქ სიუსეგაში ახალი ბეთელის ასაშენებლად ძმებმა სამი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იყიდეს, ახალი ბეთელის აშენების შემდეგ კი სინამოგაში არსებული შენობა საკონგრესო დარბაზად გადაკეთდებოდა.
ახალი ფილიალის მშენებლობა 1990 წელს დაიწყო. მშენებლობაში მონაწილეობას იღებდა 44 საერთაშორისო მსახური, 69 საერთაშორისო მოხალისე, 38 ადგილობრივი მოწმე, რომლებიც სრული დროით მსახურობდნენ მშენებლობაზე და ბევრი სხვა. მაგრამ მოულოდნელად, მშენებლობის დროს სტიქიური უბედურება მოხდა.
სტიქია
1991 წლის 6 დეკემბერს სამოას თავს დაატყდა ქარიშხალი „ვალ“-ი. ამაზე დამანგრეველი გრიგალი წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში არასდროს ყოფილა. ხუთ დღეში ქარმა, რომლის სიჩქარეც საათში დაახლოებით 260 კილომეტრს აღწევდა, მცენარეულობის 90 პროცენტი გაანადგურა და ქვეყანას 380 მილიონი ამერიკული დოლარის ზარალი მიაყენა. სტიქიას 16 ადამიანი ემსხვერპლა.
„ძმები მაშინვე ამოქმედდნენ დაზარალებულთა დასახმარებლად“, — აღნიშნავს ჯონ როდესი. რამდენიმე დღეში მათთან ფიჯის ფილიალმა საჭირო ნივთებით დატვირთული გემი გაგზავნა, წყნარი ოკეანის სხვა კუნძულებზე არსებულმა ფილიალებმა კი ფულადი დახმარება გაიღეს.
„უპირველესად პირველადი მოხმარების საგნები მივიღეთ — სუფთა წყალი, ბრეზენტები, ნავთი და სამედიცინო პრეპარატები, — იხსენებს სიუსეგაში ახალ სამშენებლო უბანზე მომუშავე საერთაშორისო მსახური დეივ სტაპლეტონი. — ჯერ სინამოგაში ძველი ბეთელის შენობა შევაკეთეთ, მერე ახალ სამშენებლო უბანზე აღვადგინეთ დაზიანებული შენობები, მოგვიანებით კი სამეფო დარბაზები, მისიონერთა სახლები და ცალკეული მოწმეების სახლების შეკეთებასა და შიგადაშიგ ხელახლა აშენებას შევუდექით. ამ ყველაფერს თვეები დასჭირდა“.
მთავრობამ თაყვანისცემის ადგილების აღსადგენად ყველა რელიგიურ მიმდინარეობას, მათ შორის იეჰოვას მოწმეებსაც, გამოუყო თანხა. ძმებმა ფული უკან დააბრუნეს, მას სამადლობელ წერილი დაურთეს და აღნიშნეს, რომ მათ ყველა შენობა უკვე აღდგენილი ჰქონდათ, ამიტომ შეეძლოთ ეს თანხა სამთავრობო შენობების აღსადგენად გამოეყენებინათ. მადლიერმა ხელისუფლებამ იეჰოვას მოწმეებს საგრძნობლად შეუმცირა სამშენებლო მასალის შემოტანაზე დაწესებული საბაჟო გადასახადი, რაც ორგანიზაციისთვის სერიოზული დანაზოგი აღმოჩნდა.
„ოცნებაზე მეტი“
ქარიშხლით მიყენებული ზარალის კვალის წაშლის შემდეგ, ახალი ბეთელის მშენებლობა სწრაფი ტემპით გაგრძელდა. წელიწად-ნახევარში, 1993 წლის მაისისთვის, დიდი ხნის ლოდინის შემდეგ ბეთელის ოჯახი სინამოგადან სიუსეგაში გადავიდა.
იმავე წლის სექტემბერში სინამოგაში საკონგრესო დარბაზის ასაშენებლად ავსტრალიიდან, ახალი ზელანდიიდან, შეერთებული შტატებიდან და ჰავაიდან საკუთარი ხარჯებით 85 გამოცდილი მშენებელი ჩავიდა სამოაში. „განსხვავებული სამშენებლო ტერმინოლოგიისა და საზომი ერთეულების მიუხედავად, იეჰოვას სულის დახმარებით ყველა სირთულე გადავლახეთ“, — აღნიშნავს კენ აბოტი.
ჰავაიდან ჩასული მოხალისე აბრაამ ლინკოლნი იხსენებს: „ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა იმან, რომ საერთაშორისო საძმოს წევრები ერთმანეთის მხარდამხარ შრომობდნენ.“
ერთიანი ძალებით საკონგრესო დარბაზი ათ დღეში აშენდა. სამშენებლო საქმეში ადგილობრივმა ძმებმა უცხოელი ძმებისგან დიდი გამოცდილება შეიძინეს. მათთან ურთიერთობამ მათ სულიერობაზეც დადებითად იმოქმედა. მშენებლობის დასრულების შემდეგ, ზოგი მაუწყებელი სრული დროით პიონერი გახდა, და ზოგი — ბეთელის ოჯახის წევრი.
1993 წლის 20 და 21 ნოემბერს ფილიალისა და საკონგრესო დარბაზის მიძღვნის პროგრამა გაიმართა. მიძღვნის მოხსენება ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯონ ბარმა წაიკითხა. მისიონერმა პოლ ევანსმა დამსწრეთა სიხარული და საერთო განწყობა ასე გამოხატა: „იეჰოვამ ოცნებაზე მეტი აგვისრულა“.
ჭეშმარიტება ცვლის ადამიანს
ჭეშმარიტება რომ კაცის გულს დაიპყრობს, მას იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით ცხოვრების სურვილი უჩნდება. ღვთის სიტყვის ძალა ბევრმა სამოელმა გამოსცადა საკუთარ თავზე (ეფეს. 4:22—24; ებრ. 4:12).
მაგალითად, ნგონგო და მარია კუპუები, როგორც სამოელები იტყოდნენ „სიბნელეში ცხოვრობდნენ“, რადგან კანონიერად არ იყვნენ დაქორწინებული. ფრედ უეგენერი ამბობს: „ნგონგოს და მარიას ბიბლიას ვასწავლით და ვერც კი წარმოვიდგენდით, რომ დაქორწინებული არ იყვნენ. ერთხელაც გახარებულებმა ახლად აღებული ქორწინების მოწმობა გვაჩვენეს. ამის შემდეგ, ისინი მალე მოინათლნენ. დღეს ნგონგო ცოცხალი აღარ არის, მარია კი კვლავ პიონერად მსახურობს ამერიკის სამოაში“.
ახალმონათლული სამოელები ხშირად სისხლის სიწმინდის დაცვასთან დაკავშირებულ სირთულეებს ხვდებიან. სამოელები, ჩვეულებრივ, ჯერ გუდავენ ღორებსა და ქათმებს და მერე ამზადებენ კერძს; ამგვარ მოქმედებას კი ღვთის სიტყვა კრძალავს (დაბ. 9:4; ლევ. 17:13, 14; საქ. 15:28, 29). ამერიკის სამოაში მცხოვრებმა ერთმა ახალგაზრდა ქალმა გაოცება ვერ დამალა, როცა საკუთარ ბიბლიაში ამ საკითხზე ღვთის მითითება წაიკითხა. „მიუხედავად იმისა, რომ მისი ოჯახის წევრები ეკლესიაში დადიოდნენ და რეგულარულად კითხულობდნენ ბიბლიას, ეს ახალგაზრდა ბავშვობიდან ჭამდა სისხლგამოუდენელ ხორცს. მან გაითვალისწინა ღვთის მითითება და გადაწყვიტა, აღარასოდეს ეჭამა ასეთი ხორცი“, — ყვება ჯული-ენ პაჟეტი. დღეს სამოაში ყველამ იცის, რომ იეჰოვას მოწმეები სისხლის სიწმინდეს იცავენ. გარდა ამისა, მედიცინის მუშაკების უმეტესობა პატივს სცემს სისხლის გადასხმასთან დაკავშირებით მოწმეების პოზიციას.
ახალგაზრდები შემოქმედს განადიდებენ
სამოაში მშობლები შვილებს ბავშვობიდანვე ასწავლიან კერძების მომზადებას, სახლის დალაგებას, ბაღის მოვლას და უმცროს და-ძმებზე ზრუნვას. ასეთი აღზრდის შედეგად ბევრი ბავშვი ადრეული ასაკიდანვე პასუხისმგებლობით ეკიდება ქრისტიანულ ნორმებს. ზოგი მათგანი ოჯახის წევრების მხარდაჭერის გარეშეც იკავებს იეჰოვას მხარეს.
ანა როპატი 13 წლის იყო, როცა მისმა მშობლებმა კრებებზე სიარული შეწყვიტეს. მიუხედავად ამისა, მას ფეხით დაჰყავდა თავისი ორი ძმა და ერთი და კრების შეხვედრებზე სამეფო დარბაზში, რომელიც მათი სახლიდან 8 კილომეტრით იყო დაშორებული. მოგვიანებით ანამ პიონერად დაიწყო მსახურება და სიუსეგას ფილიალის მშენებლობაშიც მიიღო მონაწილეობა. „მისიონერების კარგმა მაგალითმა დიდი გავლენა მოახდინა ჩემზე. მათი დახმარებით სულიერად გავიზარდე“, — იხსენებს ანა. მშენებლობაზე მან გაიცნო ავსტრალიელი მოხალისე, სტივ გოულდი. ისინი დაქორწინდნენ და როგორც საერთაშორისო მსახურები მონაწილეობას იღებდნენ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში, აფრიკასა და რუსეთში განხორციელებულ სამშენებლო პროექტებში. შემდეგ ისინი სამოას ბეთელში მიიწვიეს, ამჟამად კი ავსტრალიის ფილიალში მსახურობენ.
რადიოტალღებით მიღებული სულიერი განათლება
წლების მანძილზე სასიხარულო ცნობის გასავრცელებლად იეჰოვას მოწმეები არაერთ საშუალებას იყენებდნენ. ერთ-ერთი ასეთი ეფექტური საშუალება რადიო იყო. 1996 წლის იანვრიდან აპიას დამოუკიდებელმა რადიოსადგურმა დაიწყო იეჰოვას მოწმეების მიწვევა ყოველკვირეულ გადაცემაში „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.
გადაცემაში მონაწილეობდნენ სამოას ფილიალში მომსახურე ძმები ლევა ფააიუ და პალოტა ალაგი, რომლებმაც წინასწარ იცოდნენ, რა კითხვებზე გასცემდნენ პასუხს. ლევა გვიამბობს: „პირველ გადაცემაში ძმა ალაგიმ რამდენიმე კითხვა წამოჭრა, მაგალითად, ნამდვილად მოხდა თუ არა წარღვნა ნოეს დროს? საიდან მოვიდა ამდენი წყალი? მერე სად წავიდა წყალი? როგორ დაეტია ამდენი ცხოველი კიდობანში? შეკითხვებს ჩვენი პუბლიკაციებიდან ვპასუხობდი. გადაცემის ბოლოს მომდევნო კვირის თემას ვაცხადებდით და მსმენელებს, რომლებსაც დამატებითი კითხვები ჰქონდათ, ვთავაზობდით, პირადად დაკავშირებოდნენ იეჰოვას მოწმეებს. ამ გადაცემაში პასუხს ვცემდით კითხვებს: რატომ ჰყავდა სოლომონს ბევრი ცოლი მაშინ, როცა ქრისტიანს მხოლოდ ერთი ცოლი უნდა ჰყავდეს? შეიძლება მოსიყვარულე ღმერთი ჯოჯოხეთის ცეცხლში ტანჯავდეს ადამიანებს? ღვთისგან არის ბიბლია თუ ადამიანისგან?“
ეს რადიოგადაცემა წელიწადზე მეტხანს გადიოდა ეთერში და დიდი მოწონებით სარგებლობდა. ივან ტომფსონი ამბობს: „ბევრი გვეუბნებოდა, რომ ამ გადაცემის ერთგული მსმენელი იყო და ძალიან მოსწონდათ ის. ზოგმა ისიც გვითხრა, რომ არ ეგონა, ბიბლია ასეთ საინტერესო კითხვებს თუ სცემდა პასუხს“.
საჭიროა სამეფო დარბაზები
90-იან წლებში სამოასა და ამერიკის სამოაში კრების შეხვედრები სახლებსა და ქოხებში ტარდებოდა. „ამის გამო ადგილობრივი მოსახლეობა ალმაცერად გვიყურებდა“, — ამბობს სტიუარტ დუგალი, რომელიც 2002—2007 წლებში ქვეყნის კომიტეტის წევრი იყო. ტაფუნას (ამერიკის სამოა) სამეფო დარბაზი 25 წლის იყო და ძალიან ცუდად გამოიყურებოდა, ამიტომ ახლის აშენების დრო დადგა.
ახალი სამეფო დარბაზის ასაშენებლად საჭირო იყო უფრო დიდი მიწის ნაკვეთი, რაც პატარა კუნძულ ტუტუილაზე არც ისე ადვილი მოსაძებნი იყო. ძმები ერთ ცნობილ კათოლიკე ქალბატონთან მივიდნენ, რომელსაც სოფელ პეტესაში, სამეფო დარბაზთან ახლოს, მიწის ნაკვეთი ჰქონდა. როდესაც მან გაიგო, რომ ძმებს საღვთო საქმისთვის მიწის ნაკვეთი სჭირდებოდათ, თქვა, რომ დაელაპარაკებოდა თავის ქალიშვილს, რომელიც იმ ადგილზე კომერციული ნაგებობების დადგმას აპირებდა. სამი დღის შემდეგ ქალმა ძმებს თანხმობა მისცა და თვითონვე აღნიშნა: „ღმერთი პირველ ადგილზე უნდა იყოს“. ეს ძმების ლოცვების პასუხი იყო!
უალეს პედრო ყვება: «მან ფულის გადახდამდე გადმოგვცა საბუთი მიწის საკუთრების შესახებ და გვითხრა: „ვიცი, პატიოსანი ხალხი ხართ და თანხას სრულად გადამიხდით“. ცხადია, ასეც მოვიქეცით». ამ მიწაზე 250 კაცისთვის აშენდა კონდიციონერებიანი სამეფო დარბაზი, რომლის მიძღვნის პროგრამაც 2002 წელს ჩატარდა.
1999 წელს იეჰოვას მოწმეებმა აამოქმედეს პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას ითვალისწინებდა. ამ პროგრამით სამოაში პირველი სამეფო დარბაზი შორეულ სოფელ ლეფაგაში აშენდა, რომელიც კუნძულ უპოლუს სამხრეთ სანაპიროზე მდებარეობს. მანამდე ლეფაგაში ერთი მაუწყებლის სახლის წინა მხარეს მიდგმულ, ჩალით გადახურულ, უკედლებო ოთახში ათი კაცი იკრიბებოდა.
მშენებლობას ზედამხედველობდა ავსტრალიელი ჯეკ შიდი, რომელიც მანამდე მეუღლესთან, კორალთან, ერთად შვიდ წელიწადს ტონგაში მსახურობდა. ჯეკი იხსენებს: „ფერმერებისგან, მეთევზეებისა და დიასახლისებისგან შემდგარი ბრიგადის წევრები, ჭიანჭველებივით ფუსფუსებდნენ“.
2001 წელს დასრულდა 60-კაციანი სამეფო დარბაზის მშენებლობა. ადგილობრივ მოსახლეობას ნაგებობა ისე მოეწონა, რომ აღტაცება ვერ დამალა. ისინი ამბობდნენ: „თქვენი დარბაზები ღვთის თაყვანისცემისთვის მართლაც შესაფერისი ადგილებია; ისინი სადა, ლამაზი და მიმზიდველია; არ ჰგავს უამრავი ნივთით გადატვირთულ ჩვენს მოხატულ მდიდრულ ეკლესიებს, რომლებიც ხშირად დაუსუფთავებელია“. კრების შეხვედრებზე დამსწრეთა რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამ ახალ დარბაზში 2004 წელს ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამოს 205 კაცი დაესწრო.
2005 წლის ბოლოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნების დახმარების პროგრამით სამოას კუნძულებზე ოთხი ახალი სამეფო დარბაზი აშენდა და სამი გარემონტდა. გარდა ამისა, განახლდა სოფელ სინამოგას (აპია) საკონგრესო დარბაზი. სამოელი მაუწყებლები, ისევე როგორც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სხვა ქვეყნებში მცხოვრები და-ძმები, დიდად აფასებენ მსოფლიო საძმოს მიერ გაწეულ ამგვარ დახმარებას (1 პეტ. 2:17).
სამოელი მოწმეები დღეს
ბევრი სამოელი საცხოვრებლად სხვა ქვეყნებში გადავიდა, კერძოდ, ავსტრალიაში, ახალ ზელანდიასა და შეერთებულ შტატებში. განსაკუთრებით ბევრი ცხოვრობს ჰავაიზე, სადაც სამოელთა დასახლებებიც კი არსებობს. ამ ქვეყნებში დღეს სამოურენოვანი 11 კრება და 2 ჯგუფია, სადაც 700 მაუწყებელი მსახურობს; ზოგი სამოელი ინგლისურენოვან კრებებს ესწრება.
რამდენიმე სამოელი თეოკრატიული განათლების მისაღებად საზღვარგარეთ გაემგზავრა და განათლების მიღების შემდეგ უკან დაბრუნდა სამოასა და ამერიკის სამოაში ადგილობრივი კრებების დასახმარებლად. მაგალითად, 90-იან წლებში ტალალელეი ლეაუანაემ, სიტივი პალესოომ, კასეი პიტამ, ფეატა სუამ, ენდრუ კოემ და სიო ტაუამ ავსტრალიაში მსახურებაში დახელოვნების სკოლის კურსი გაიარეს და მერე მსახურების გასაფართოებლად სამოაში დაბრუნდნენ. ენდრუ და მისი მეუღლე, ფოტუოსამოა ამჟამად სამოას ბეთელში მსახურობენ. სიომ და მისმა მეუღლემ, ესემ, თავიანთ უმცროს ვაჟთან, ელ-ნათანთან ერთად რამდენიმე წელი სარაიონო მსახურებაში გაატარეს. დღეს სიო ქვეყნის კომიტეტის წევრია; დახელოვნების სკოლის დანარჩენი კურსდამთავრებულები კი ერთგულად მსახურობენ თავიანთ კრებებში უხუცესებად, პიონერებად და მაუწყებლებად.
რა იყო ამდენი ძალისხმევისა და შრომის შედეგი? 2008 წელს სამოასა და ამერიკის სამოაში არსებულ 12 კრებაში მაუწყებელთა უმაღლესმა რიცხვმა 620-ს მიაღწია. ამავე წელს გახსენების საღამოს 2 300 კაცი დაესწრო. ეს მონაცემები იმაზე მეტყველებს, რომ სამოას კუნძულებზე მაუწყებელთა რიცხვი მომავალშიც გაიზრდება.
შეუჩერებლივ სვლა
ათეულობით წლის მანძილზე სამოაში უამრავი კეთილი გულის ადამიანი გამოეხმაურა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობას (მათ. 24:14). თავიანთი მეზღვაური წინაპრების მსგავსად, მათაც უამრავი დაბრკოლება ხვდებოდათ გზად. სატანის ქვეყნიერებიდან იეჰოვას სულით მოქმედ ორგანიზაციამდე გასავლელი გზა არ ყოფილა ადვილი. ვერც ოჯახების წინააღმდეგობამ, ვერც სოფლიდან გაძევებამ, ვერც სამღვდელოების პროპაგანდამ, ვერც სახელმწიფო აკრძალვებმა, ვერც უამრავმა ცდუნებამ თუ განსაცდელმა, ვერ შეაფერხა ისინი ჭეშმარიტი ღვთის, იეჰოვასთვის მსახურებაში (1 პეტ. 5:8; 1 იოან. 2:14). სწორედ ამიტომ დღეს ისინი სულიერ სამოთხეში არიან და თავს ბედნიერად გრძნობენ! (ეს. 35:1—10; 65:13, 14, 25).
და მაინც, ქრისტიანულ გზაზე სამოელთა სვლა ჯერ არ დასრულებულა. მათ ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ ფიზიკურ სამოთხემდე მიმავალი გზა; ამ სამოთხეს ღვთის სამეფო — სამართლიანი მთავრობა უხელმძღვანელებს (ებრ. 11:16). მსოფლიო საძმოსთან ერთად სამოელ იეჰოვას მოწმეებს ამ გზაზე სიარულში ღვთის წმინდა სული და მისი სიტყვა ეხმარებათ.
[სქოლიოები]
a ლაპიტა ეწოდება ადგილს ახალ კალედონიაში, სადაც პირველად აღმოაჩინეს იქ მცხოვრები ხალხის მიერ გაკეთებული ორიგინალური თიხის ნაკეთობები.
b სამოა 1997 წელს ეწოდა დასავლეთ სამოას. ტექსტში ყველგან გამოყენებული იქნება სამოა.
c ჰაროლდის მასპინძლის, ტალიუტაფა იანგის, რამდენიმე შთამომავალი მოგვიანებით იეჰოვას მოწმე გახდა. ტალიუტაფას შვილიშვილი ართურ იანგი დღეს ტაფუნას (ამერიკის სამოა) კრებაში უხუცესად და პიონერად მსახურობს. ართურისთვის დღემდე ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ნივთი ჰაროლდ გილის ნაჩუქარი ბიბლიაა.
d სამოელებს, ჩვეულებრივ, სახელებიც აქვთ და გვარებიც. ხშირ შემთხვევაში სამოელებს გვარად მამის სახელი აქვთ. მაგალითად, პელე გვარად ფუაიუპოლუ იყო; ფუაიუპოლუ მამამისს ერქვა. ზოგ სამოელს დამატებით სახელს ანიჭებენ, უმეტესწილად რაიმე დამსახურებისთვის, რაც მათ საზოგადოებაში პრივილეგირებულ სტატუსს ანიჭებს. ზოგი მოწმე უარს ამბობს ასეთი სახელის ტარებაზე, იმ მიზეზით, რომ ის შეიძლება პოლიტიკასთან ან ქვეყნიურ საქმეებთან ასოცირდებოდეს. ტექსტში მოყვანილ პირებს სახელითა და გვარით მოვიხსენიებთ, მაგალითად, როგორც პელე ფუაიუპოლუ.
e ეს ფილმი 1995 წელს გამოვიდა ვიდეოკასეტაზე არაბულ, ბერძნულ, გერმანულ, დანიურ, ესპანურ, იაპონურ, ინგლისურ, იტალიურ, კორეულ, ნორვეგიულ, პორტუგალიურ (ბრაზილიური და ევროპული), ფინურ, შვედურ, ჩინურ (კანტონური და მანდარინული დიალექტები) და ჰოლანდიურ ენებზე.
f როპატი ახალ ზელანდიაში მოინათლა.
[ჩანართი 77 გვერდზე]
„ამ საღამოს . . . თქვენ სამეფოს შესახებ ცნობა მოისმინეთ. ვიმედოვნებ, რომ იფიქრებთ ამაზე“.
[ჩანართი 98 გვერდზე]
„სოფლის ბავშვები ჩვენ დანახვაზე ხშირად ყვიროდნენ, არმაგედონი მოდისო“.
[ჩანართი 108 გვერდზე]
«ავტობუსი ვავაუში „პუნქტუალურად“ დადის: ის აუცილებლად მოვა, მაგრამ არავინ იცის, როდის».
[ჩარჩო⁄სურათი 69, 70 გვერდებზე]
სამოელთა ძველი და ახალი რელიგია
ძველად სამოელთა რელიგია პოლითეიზმის, ანიმიზმის, სპირიტიზმისა და წინაპრების თაყვანისცემის ნარევი იყო, თუმცა არც ტაძრები და კერპები ჰქონიათ და არც სამღვდელოება ჰყავდათ. რელიგიის გავლენა ცხოვრების ყველა სფეროში შეიმჩნეოდა. მაშ, ასე ადვილად რატომ შეიცვალეს სამოელებმა რელიგია, როცა 1830 წელს იქ ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლები ჩავიდნენ?
ერთი სამოური ლეგენდის თანახმად, ერთ მშვენიერ დღეს გამოჩნდებოდა ახალი, ძლიერი რელიგია, რომელიც ძველ ღმერთებს ძალაუფლებას ჩამოართმევდა. სამოელმა ბელადებმა (მატაი) დაასკვნეს, რომ მისიონერები სწორედ ამ ახალ რელიგიას ქადაგებდნენ. მეფე მალიეტოამ გადაწყვიტა ქრისტიანების ღვთისთვის, იეჰოვასთვის ეცა თაყვანი და ბრძანა, რომ მის ქვეშევრდომებსაც იგივე გაეკეთებინათ.
სამოელთა შორის ბევრი მიმდევარი გაუჩნდათ კათოლიკე მისიონერებს, მეთოდისტებს, მორმონებსა და ლონდონის მისიონერული საზოგადოების წარმომადგენლებს. დღეს თითქმის ყველა სამოელი რომელიღაც აღმსარებლობას იზიარებს. ორივე სამოას სახელმწიფო დევიზი რელიგიური შინაარსისაა. „ღმერთი სამოაშია“ (სამოას დევიზი) და „სამოელებო, ღმერთი პირველ ყოვლისა!“ (ამერიკის სამოას დევიზი). სატელევიზიო არხებზე ხშირად გადის რელიგიური ხასიათის გადაცემები.
რელიგიის გავლენა ძალზე ძლიერია სოფლებში, სადაც ადგილობრივი ბელადები ხშირად თავად წყვეტენ, რამდენად უნდა იყოს ჩართული მოსახლეობა რელიგიურ საქმეებში. ზოგს ადგილობრივი პასტორების სარჩენად და ეკლესიების ასაშენებლად, შემოსავლის 30 პროცენტზე მეტის გადახდას აიძულებენ, რაც ბევრს აღაშფოთებს. ზოგჯერ შეჯიბრებებსაც კი აწყობენ, ვინ უფრო მეტ შესაწირავს გაიღებს. ზოგ ეკლესიაში გამარჯვებულების სახელებს ხმამაღლა აცხადებენ.
ბევრ სოფელში ყოველდღე 10—15 წუთით წყდება მუშაობა და იწყება ლოცვა „სა“. ახალგაზრდა კაცები დიდი ჯოხებით ხელში სოფლის შესასვლელთან და გზებზე დგებიან, რათა ამ ჩვეულების დაცვას ხელი არავინ შეუშალოს. ტრადიციის უგულებელმყოფელს საყვედურებით ავსებენ, 100 ამერიკული დოლარით აჯარიმებენ ან აიძულებენ, რომ სოფლის ბელადებს საკვები პროდუქტები მიუტანოს. უკიდურეს შემთხვევაში ის შეიძლება სცემონ და სოფლიდანაც გააძევონ.
ერთხელ სარაიონო ზედამხედველი ჯონ როდესი და მისი მეუღლე ჰელენი დამქანცველი მგზავრობის შემდეგ სოფელ სალიმუს მიუახლოვდნენ (კუნძული სავაი). ვინაიდან „სა“ ახალი დაწყებული იყო, მათ სოფლის შესასვლელთან მოცდა უბრძანეს. ისინი დაემორჩილნენ ბრძანებას და მხოლოდ ლოცვის დამთავრების შემდეგ შეძლეს შინ დაბრუნება.
როდესაც სოფლის ბელადმა გაიგო, რომ ჯონი და ჰელენი გზაზე შეაყოვნეს, მათ მასპინძელს მოუბოდიშა. მან თქვა, რომ მოწმეები პატივსაცემი სტუმრები იყვნენ და მცველებს უბრძანა, რომ სოფელში ნებისმიერ დროს შემოეშვათ, თვით „სა“-ს მსვლელობის დროსაც კი. რატომ იჩენდა ბელადი მოწმეებისადმი ასეთ ყურადღებას? მისი უმცროსი ვაჟი, სიო მოწმეებთან ბიბლიას სწავლობდა და სულიერად წინ მიიწევდა. დღეს სიო ტაუა სამოის ქვეყნის კომიტეტის წევრია.
[ჩარჩო 72 გვერდზე]
სამოა, ამერიკის სამოა და ტოკელაუ (მოკლე მიმოხილვა)
ტერიტორია.
სამოა მოიცავს ორ ძირითად კუნძულს — უპოლუსა და სავაის, რომლებსაც ერთმანეთისგან 18 კილომეტრი სიგანის სრუტე ყოფს — და რამდენიმე პატარა დასახლებულ კუნძულს. ამერიკის სამოა მდებარეობს სამოას სამხრეთ-აღმოსავლეთით 100 კილომეტრში და აერთიანებს ერთ დიდ კუნძულ ტუტუილას, მანუას კუნძულებს (ოფუს, ოლოსეგას, ტაუს), სუეინზის და აუნუუს კუნძულებსა და დაუსახლებელ როზეს ატოლს. კუნძულ ტოკელაუში შედის სამოას ჩრდილოეთით 480 კილომეტრში მდებარე სამი დაბალი მარჯნის ატოლი.
მოსახლეობა.
სამოაში ცხოვრობს 214 000-ზე მეტი ადამიანი, ამერიკის სამოაში — დაახლოებით 57 000, ხოლო კუნძულ ტოკელაუზე — თითქმის 1 400. 90 პროცენტი პოლინეზიელია; დანარჩენები აზიელები, ევროპელები ან ნახევრად პოლინეზიელები არიან.
ენა.
ძირითადი ენაა სამოური, უმეტესობისთვის მეორე ენა ინგლისურია. კუნძულ ტოკელაუზე ტოკელაურად ლაპარაკობენ; ეს სამოურის მონათესავე ენაა.
ეკონომიკა.
ძირითადი დარგებია: სოფლის მეურნეობა, ტურიზმი, თევზჭერა (ძირითადად თინუსი), თევზის კონსერვების წარმოება.
საკვები.
ძირითადი საკვებია სახამებლით მდიდარი ტარო, დაუმწიფებელი ბანანი და ქოქოსის რძეში ათქვეფილი პურის ხის ნაყოფი. მათ საკვებ რაციონში შეიძლება შედიოდეს ღორის ხორცი, ქათამი და თევზი. უხვად არის ტროპიკული ხილი — პაპაია, ანანასი და მანგო.
კლიმატი.
სამოას კუნძულები ეკვატორთან ახლოს მდებარეობს, ამიტომ წელიწადის უმეტეს დროს აქ ჰავა ცხელი და ნოტიოა. კუნძულ ტუტუილაზე პაგო-პაგოში (ამერიკის სამოა) ნალექების რაოდენობა წელიწადში 5 მეტრს აღწევს.
[ჩარჩო 75 გვერდზე]
„ძალიან კარგი წიგნი“
ჰაროლდ გილმა ამერიკის სამოაში ჩაიტანა 3 500 ბროშურა „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“ სამოურ ენაზე. როდესაც ჰაროლდმა ბროშურა გუბერნატორს შესთავაზა, გუბერნატორმა უთხრა, რომ ის რელიგიური წინამძღოლებისთვის მიეცა, რათა მათ თავის მხრივ იუსტიციის მინისტრისთვის ეთქვათ, შეიძლებოდა თუ არა ამ ბროშურის ხალხში გავრცელება. რა რეაქცია ექნებოდათ რელიგიურ წინამძღოლებს?
ლონდონის მისიონერული საზოგადოების პასტორი კეთილად იყო განწყობილი და ბროშურის აღებაზე უარი არ უთქვამს. მეშვიდე დღის ადვენტისტების ეკლესიას დიდად არ აღელვებდა ჰაროლდის ქადაგება, რადგან მათი მრევლიდან არავის გაუზიარებია მოწმეების მრწამსი. სამხედრო-საზღვაო ფლოტის მღვდელს არ სძულდა იეჰოვას მოწმეები, მაგრამ მაინც სარკაზმით ლაპარაკობდა მათზე. ჰაროლდს კათოლიკე მღვდლისთვის ბროშურა არ მიუცია, რადგან უკვე იცოდა მისი აზრი. ჰაროლდმა ერთი ბროშურა მისცა სამოელ პოლიციელს, რომელმაც ის გუბერნატორთან შეიყვანა. რამდენიმე დღის შემდეგ მან ჰკითხა პოლიციელს, მოეწონა თუ არა ბროშურა.
პოლიციელმა დამტვრეული ინგლისურით უპასუხა: „ჩემმა უფროსმა [იუსტიციის მინისტრმა] მთხოვა, კათოლიკე მღვდლისთვის მეკითხა, როგორი წიგნი იყო ეს. მე კი ხის ძირას დავჯექი და წიგნი წავიკითხე. ჩემთვის ვფიქრობდი, ძალიან კარგი წიგნია, მაგრამ მღვდელს, რომ ვაჩვენო იტყვის, არ არისო კარგი. ამიტომ ვეტყვი ჩემს უფროსს, რომ წიგნი მღვდელს ძალიან მოეწონა“.
ერთხელაც იუსტიციის მინისტრმა ჰაროლდი ოფისში დაიბარა. როდესაც მან ბროშურის გადაფურცვლა დაიწყო, ჰაროლდმა შინაარსი გააცნო. შემდეგ მინისტრმა ყურმილი აიღო და ბროშურის თავისუფლად გავრცელების ბრძანება გასცა. შედეგად, ჰაროლდის ჩატანილი ბროშურები მთელ კუნძულზე გავრცელდა.
[ჩარჩო 76 გვერდზე]
სამოელთა კულტურა და ტრადიციები
1847 წელს ლონდონის მისიონერთა საზოგადოების წევრმა ჯორჯ პრატმა თქვა, რომ სამოელები „პოლინეზიაში, თუ არა მთელ მსოფლიოში, ყველაზე მეტად იცავენ ეტიკეტს“. სამოელთა კულტურაში (რასაც „ფაა სამოას“ უწოდებენ და ნიშნავს სამოელთა ცხოვრების წესს) მიღებულია უამრავი წესი, რომელიც ცხოვრების ყველა სფეროს მოიცავს.
წიგნში „სამოას კუნძულები“ ნათქვამია, რომ ეტიკეტის უმნიშვნელოვანესი ნაწილია „უფროსების ღრმა პატივისცემა, შეიძლება ითქვას, თაყვანისცემაც კი, და საკუთარ თავზე აღმატებულად მათი მიჩნევა“. ეს პატივისცემა გამოიხატება კარგი მანერებით, ჯეროვანი სიტყვა-პასუხით, ოჯახის წევრებისა და თანასოფლელებისადმი ერთგულებით. უმეტესობისთვის ტრადიციებისა და წინაპართა რელიგიის უარყოფა, უბრალოდ, წარმოუდგენელია.
ტომის თავკაცები (მატაი), ტრადიციების გულმოდგინე დამცველები, ერთი ან რამდენიმე ოჯახის (ერთი გვარის) ყოველდღიურ საქმეებს განაგებენ; ამ ოჯახებს სოფლის სათათბიროში წარმოადგენენ, აწესებენ მკაცრ წესებს და მათ დაცვას აიძულებენ ჯარიმებით, ცემით და ზოგჯერ სოფლიდან გაძევებითაც კი. მაგალითად, ერთ სოფელში მატაიმ დააჯარიმა მღვდელი, რომელმაც ბავშვები წააქეზა, იეჰოვას მოწმეებისთვის ქვები დაეშინათ.
სოფელში შეიძლება იყოს 10-დან 50-მდე მატაი. მათ უმეტესობას ახლო ნათესავები ირჩევენ, ზოგჯერ კი ეს წოდება შთამომავლობით გადაეცემა თაობიდან თაობას. არსებობს ბელადთა იერარქია. თითოეულ სოფელს ჰყავს თავისი დიდი ბელადი (ალიი), რომელიც სოფლის სათათბიროს თავმჯდომარეობს. ორატორ ბელადს (ტულაფალე) ოფიციალურ შეკრებებზე სიტყვით გამოსვლა ევალება. ყველა მატაის მოვალეობაში არ შედის პოლიტიკური თუ რელიგიური საკითხების მოგვარება. ზოგის პასუხისმგებლობა მხოლოდ ოჯახური საქმეების მოგვარებით შემოიფარგლება, მაგალითად, როგორ მოიხმაროს ოჯახმა თავისი ადგილ-მამული.
[ჩარჩო⁄სურათი 79 გვერდზე]
„იეჰოვას კაცი“
საუვაო ტოეტუ
დაიბადა: 1902 წელს
მოინათლა: 1954 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პირველი, ვინც ფალეასიუში ჭეშმარიტება მიიღო. მოგვიანებით მის მამულში აშენდა სამეფო დარბაზი. მოგვითხრო საუვაოს ვაჟმა ტაფიგა საუვაომ
მამაჩემის ბიძაშვილი, რომელიც აპიაში ცხოვრობდა, 1952 წელს ფალეასიუში გვეწვია. მას იეჰოვას მოწმეებთან ჰქონდა ურთიერთობა და მამაჩემთან ბიბლიაზე საუბარი სურდა. მის მოსასმენად რამდენიმე ნათესავიც გვესტუმრა. საუბარი შაბათ დილიდან ორშაბათ შუადღემდე გაგრძელდა; მხოლოდ ერთი საათით წავუძინეთ. მსგავსი საუბრები მომდევნო ოთხი შაბათ-კვირა გრძელდებოდა. ბოლოს მამაჩემმა თქვა: „ჩემი ცნობისმოყვარეობა დაკმაყოფილდა, მე ვიპოვე ჭეშმარიტება!“ ჭეშმარიტება მიიღეს მამაჩემის სიძემაც, ფინაუ ფეომაიამ, და მისმა ნათესავებმაც.
მამამ მაშინვე დაიწყო ქადაგება. ამან ძალიან აღაშფოთა ნათესავები, რადგან მას ერთგულ მეშვიდე დღის ადვენტისტად მიიჩნევდნენ. მამას დაცინვით „იეჰოვას კაცს“ ეძახდნენ, თუმცა ამ სახელს თვითონ კომპლიმენტად მიიჩნევდა. მამა ტანდაბალი, მაგრამ გულადი კაცი იყო, საღად მოაზროვნე და დამაჯერებლად მოლაპარაკე, ამიტომ ახალშეძენილი რწმენის თამამად დაცვა არ გასჭირვებია. დროთა განმავლობაში ჩვენი პატარა ჯგუფისგან სამოაში მეორე კრება ჩამოყალიბდა.
[ჩარჩო⁄სურათი 83 გვერდზე]
ცუდი ჯანმრთელობის მიუხედავად მაინც ერთგული
ფაგალიმა ტუატაგალოა
დაიბადა: 1903 წელს
მოინათლა: 1953 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უარი თქვა, გამხდარიყო ცნობილი მატაი და პიონერად დაიწყო მსახურება.
მოგვიანებით ფაგალიმა მთელ სამოაში დადიოდა და ცუდი მხედველობისა და დეფორმირებული ტერფის მიუხედავად წლების მანძილზე სპეციალურ პიონერად მსახურობდა. ერთხელ ფაგალიმასთან ერთად კარდაკარ მსახურებაში გასულმა ერთმა სარაიონო ზედამხედველმა შეამჩნია, რომ ფაგალიმა სათვალის გარეშე უშეცდომოდ კითხულობდა ბიბლიურ მუხლებს. მან იფიქრა, რომ ფაგალიმას მხედველობა გაუუმჯობესდა, მაგრამ ფაგალიმამ უთხრა, რომ სათვალე ჰქონდა დაკარგული და ბიბლიურ მუხლებს ზეპირად ამბობდა.
ფაგალიმას ძალიან უნდოდა, ფიჯიზე კონგრესს დასწრებოდა. ამისათვის სამუშაოდ უპოლუდან საკმაოდ შორს წავიდა და ოთხი კვირა მარტო აგროვებდა ქოქოსის კაკალს. მან 15 ქოქოსის კაკალი ვაივაგლახით დაახლოებით სამ კილომეტრზე ათრია, ნაჭუჭი მოაცალა, წვენი გადმოწურა და რბილობი (კოპრა) გააშრო. ბოლოს კოპრა გაყიდა და ფიჯიზე წასასვლელი ბილეთის საყიდლად აპიისკენ გაეშურა. იქ ჩასულმა გაიგო, რომ მგზავრობის ღირებულება გაზრდილიყო. დახმარება არავისთვის უთხოვია. უდრტვინველად გამობრუნდა და ფულის საშოვნელად ისევ ქოქოსის კაკლის შეგროვება დაიწყო. და ის ამას აკეთებდა იმისათვის, რომ მისთვის უცხო ენაზე ჩატარებულ კონგრესს დასწრებოდა. პროგრამა მხოლოდ ორ ენაზე უნდა ყოფილიყო წარმოდგენილი, მან კი არც ერთი იცოდა და არც მეორე. შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ფაგალიმას სიხარული, როცა ფიჯიზე ჩასულმა გაიგო, რომ პროგრამის დიდი ნაწილის მოსმენა მშობლიურ ენაზე შეეძლო!
[ჩარჩო⁄სურათი 87 გვერდზე]
„ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის“
რონალდ სელარსი
დაიბადა: 1922 წელს
მოინათლა: 1940 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რონალდი და მისი მეუღლე, ოლივი (დოლი) 1953 წელს სამოაში სპეციალურ პიონერებად ჩავიდნენ. რონიმ 1961 წელს დაამთავრა სკოლა „გალაადი“. ის დღემდე სპეციალურ პიონერად მსახურობს ამერიკის სამოაში.
როდესაც სამოაში ვიზის გაგრძელებაზე უარი გვითხრეს, მე და დოლი ამერიკის სამოაში გადავედით. გემმა პაგო-პაგოს მიყრუებულ ნავსადგურში დილის 3 საათზე მიგვიყვანა. პაგო-პაგოში ერთადერთი მაუწყებლები ჩვენ ვიყავით; ჯიბეში მხოლოდ 12 დოლარი გვედო. იმავე დღეს ერთმა კაცმა, რომლის შვილიც ადრე ბიბლიას სწავლობდა, თავშესაფარი მოგვცა. ყველას ერთ ოთახში გვეძინა, სადაც ფარდაც კი არ იყო. ძალიან გვინდოდა, სხვა სახლში გადავსულიყავით, მაგრამ საცხოვრებლის ძიების ნაცვლად, მეორე დღესვე მეზობელთან ქადაგება დავიწყეთ.
რამდენიმე კვირის შემდეგ სოფელ ფაგატოგოს მაღაზიის თავზე ერთი დიდი ბინა ვიქირავეთ. იქიდან პაგო-პაგოს დაუსახლებელი სანაპიროსკენ შესანიშნავი ხედი იშლებოდა. ძმა ნორმა ერთხელ გვითხრა: „წყნარი ოკეანის კუნძულებზე კომფორტს არ ელოდოთ. შეიძლება საწოლის მაგივრად იატაკზე გაშლილ ლიტერატურის დაკეცილ ყუთებზე მოგიწიოთ ძილი“. მისი სიტყვები სიტყვასიტყვით აგვიხდა. მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ შევძელით ნორმალური საწოლის, მაგიდისა და სკამების შეძენა. ძალიან გვიხაროდა, რომ გვქონდა კუთხე, რომელსაც სახლს ვუწოდებდით.
მეუღლე 1985 წელს გარდამეცვალა. დღემდე უმეტეს დროს ქადაგებას ვუთმობ. 50 წელზე მეტია, რაც სრული დროით ვმსახურობ. ვიხსენებ განვლილ ცხოვრებას და გულწრფელად შემიძლია ვთქვა, რომ ყოველი დღე სიხარული იყო ჩემთვის.
[ჩარჩო⁄სურათი 88 გვერდზე]
„მათ იეჰოვა შემაყვარეს“
უალეს პედრო
დაიბადა: 1935 წელს
მოინათლა: 1955 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უალესი პირველი იყო, ვინც ამერიკის სამოაში მოინათლა. შვილების დაბადებამდე ის და მისი მეუღლე კაროლაინი პიონერები იყვნენ. დღეს ისინი სიეტლში (ვაშინგტონი, აშშ) მსახურობენ.
სკოლის მოწაფე ვიყავი, როცა ბიბლია შევისწავლე და ქადაგება დავიწყე, მშობლებმა ერთი ხელი ტანსაცმლის ამარა გამაგდეს სახლიდან. ის ღამე სანაპიროზე გავათენე. ვლოცულობდი და იეჰოვას ძალას ვთხოვდი, რომ ნებისმიერ შემთხვევაში გამეგრძელებინა მსახურება.
მეორე დღეს, სკოლის ბიბლიოთეკაში მოულოდნელად ძმა პოლ ევანსი შემოვიდა. მიხვდა, რომ ყველაფერი რიგზე არ იყო და მითხრა: „წამოდი მისიონერთა სახლში და იქ ვილაპარაკოთ“. მისიონერებმა თბილად მიმიღეს და საცხოვრებელიც შემომთავაზეს. წლის ბოლოს მოვინათლე.
სკოლის დამთავრების შემდეგ მისიონერებთან ერთად პიონერად ვმსახურობდი. მერე ერთგულ კანადელ პიონერ დაზე, კაროლაინ ჰინშიზე დავქორწინდი, რომელიც ფიჯიზე მსახურობდა, და ამერიკის სამოაში დავიწყეთ სპეციალურ პიონერებად მსახურება.
ჩემმა მშობლებმა ნელ-ნელა აზრი შეიცვალეს. მამამ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე ბიბლიის შესწავლა დაიწყო, დედა 72 წლის ასაკში მოინათლა. მადლიერი ვარ მისიონერების მათი კარგი მაგალითისთვის. მათ იეჰოვა შემაყვარეს! ამ სიყვარულს დღემდე გულით ვატარებ!
[ჩარჩო⁄სურათები 91, 92 გვერდებზე]
შეუპოვრობა ჯილდოვდება
პოლ ევანსი
დაიბადა: 1917 წელს
მოინათლა: 1948 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პოლი და მისი მეუღლე ფრანსისი 40 წელზე მეტხანს მსახურობდნენ მისიონერებად სამოასა და ამერიკის სამოაში.
მე და ჩემმა მეუღლემ 1957 წელს დავიწყეთ სარაიონო მსახურება სამოაში. მაშინ სამოაში შესვლა ადვილი არ იყო. მთავრობა ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ადგილობრივ მოწმეებს უცხოელ მოწმეებთან კავშირი არ ჰქონოდათ. სტუმრებსა და ტურისტებს ხელს აწერინებდნენ განცხადებაზე, რომ იქ ყოფნის დროს პროზელიტიზმით არ დაკავდებოდნენ. როცა სამოაში პირველად ჩავედი, საემიგრაციო სამსახურის თანამშრომელს ვკითხე, რას ნიშნავდა „პროზელიტიზმი“. ის დაიბნა და ვერაფერი მიპასუხა. შემდეგ ვკითხე:
— წარმოიდგინეთ, რომ კათოლიკე ხართ, ჩადიხართ უცხო ქვეყანაში და იქაურ ეკლესიაში შედიხართ. როგორ მოიქცევით, თუ სიტყვით გამოსვლას გთხოვენ?
— ცხადია, გამოვალ, — მიპასუხა მან.
— თქვენ იცით, რომ იეჰოვას მოწმეები ადამიანებს სახლში აკითხავენ და ბიბლიის ცნობას გადასცემენ?! თუ ჩემი მეგობრები მთხოვენ, თან გავყვე ამ ცნობის გადასაცემად, შემიძლია გავყვე? — ვკითხე მე.
— ვფიქრობ რომ კი, — მომიგო მან.
— მაგრამ, თუ მობინადრე დამისვამს კითხვას, შემიძლია ვუპასუხო? — კვლავ ვკითხე.
— პასუხის გაცემაში პრობლემას ვერ ვხედავ, — მითხრა მან.
— ძალიან კარგი, ახლა უკვე ვიცი, როგორ მოვიქცე, — ვთქვი ბოლოს.
კრებების მონახულებამ კარგად ჩაიარა. სანამ ქვეყანას დავტოვებდი, საიმიგრაციო სამსახურის იმავე თანამშრომელთან მივედი და ვკითხე, ჩვენი იქ ყოფნის დროს ცუდი ხომ არაფერი გაუგია ჩვენზე.
— ყველაფერი შესანიშნავადაა, — მიპასუხა მან.
— შემდგომშიც მოგვცემთ ქვეყანაში შემოსვლის უფლებას? — ვკითხე მე.
— ნუღარ მიხვალთ საიმიგრაციო სამსახურის ბიუროში. პირადად მე მომწერეთ წერილი და მე ვიზრუნებ ქვეყანაში თქვენ შემოსვლაზე, — მითხრა მან.
სწორედ ასე მოვიქეცით რამდენჯერმე.
სამწუხაროდ, მოგვიანებით ამ საღად მოაზროვნე კაცის ადგილი სხვებმა დაიკავეს, რომლებიც უარს ამბობდნენ ჩვენთან თანამშრომლობაზე და სარაიონო ზედამხედველებს სამოაში შესვლის უფლებას არ აძლევდნენ. ასე იყო 1974 წლამდე, სანამ მთავრობამ მე და ფრანსისს მისიონერის სტატუსი არ მოგვანიჭეს. ასე დაჯილდოვდა ჩვენი მოთმინება და შეუპოვრობა.
[სურათი]
ფრანსისი და პოლ ევანსები
[ჩარჩო 97 გვერდზე]
ორატორთა ენა
სამოელთა სამეტყველო ენა რბილი, მელოდიური და ყურისთვის საამო მოსასმენია. ფრედ უეგენერი აღნიშნავს: „ენაში ხშირად გვხვდება მრავალხმოვნიანი სიტყვები, რომელთა სწორად წარმოსათქმელად მისიონერებს ბევრი ვარჯიში (ფაატაიტაიგა) და დიდი სტიმული (ფაალაეიაუინა) სჭირდებათ“.
სამოელთა კულტურის განუყოფელი ნაწილია მაღალფარდოვანი, მჭევრმეტყველური ენა და ანდაზებით საუბარი. ოფიციალურ შეხვედრებზე ტომის ბელადებს (მატაი) და ორატორ ბელადებს (ტულაფალე) უყვართ ბიბლიიდან ციტატების მოყვანა და სათქმელის მაღალფარდოვანი ენით გამოხატვა. სამოელთა თავაზიანობა განსაკუთრებით მეტყველებაში ვლინდება; ოფიციალური ენა ძალიან დახვეწილია. როცა ლოცულობენ ან ღმერთზე საუბრობენ, ისინი მაღალფარდოვან ენას (ტაუტალა ლელეი) იყენებენ; იმავე ენით ესაუბრებიან ბელადებს, უფლებამოსილ პირებსა და უცხოელ სტუმრებს. მაგრამ ყოველდღიურ ურთიერთობაში ან საკუთარ თავზე ლაპარაკისას ნაკლებად ოფიციალური, სასაუბრო ენით (ტაუტალა ლეაგა) მეტყველებენ.
აზრი რომ თავაზიანად გადმოსცენ და არავინ გაანაწყენონ, ოფიციალურ თემებზე ან ბიბლიაზე საუბრისას სამოელები ენაში არსებულ განსაზღვრულ ტერმინებს იყენებენ. „ენაში თავაზიანობისა და პატივისცემის გამომხატველი სიტყვები ჭარბობს, ამიტომ ქადაგების დროს უაღრესად მნიშვნელოვანია, კულტურულად მიმართო სამოელს. თუმცა, როგორც წესი, საკუთარ თავზე უბრალო ენით უნდა ილაპარაკო“, — აღნიშნა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა, ჯეფრი ჯექსონმა, რომელიც სამოაში მისიონერად მსახურობდა.
[ჩარჩო⁄სურათი 99 გვერდზე]
იქაურობა თვალცრემლიანებმა დავტოვეთ
რობერტ ბოიესი
დაიბადა: 1942 წელს
მოინათლა: 1969 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: რობერტი და მისი მეუღლე ელიზაბეტი (ბეტი) 1978—1986 წლებში სამოას კუნძულებზე მისიონერებად მსახურობდნენ.
პირველად ამერიკის სამოაში რომ ჩავედით, დავინახეთ, როგორ გვიფასებდა ხალხი სამოური ენის შესწავლის მცდელობას. ისინი თვალს ხუჭავდნენ ჩვენს შეცდომებზე. ერთხელ ქადაგებისას მობინადრეს გამოცხადების 12:9 წავუკითხე და მინდოდა განმემარტა, როგორ ახდენდა სატანა გავლენას ქვეყნიერებაზე. სამოურ ენაზე სიტყვები დემონი (ტიაპოლო) და ლიმონი (ტიპოლო) ძალიან ჰგავს ერთმანეთს. ისინი ერთმანეთში ამერია და ვთქვი, რომ ლიმონი გადმოგდებულ იქნა ზეციდან და მას შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო, და რომ მალე იეჰოვა ბოლოს მოუღებს ლიმონს. ბუნებრივია, ჩემს ნათქვამზე მობინადრემ და მან, ვინც მახლდა, გულიანად იცინეს.
სხვა დროს კარდაკარ მსახურებისას ერთ ქალბატონს დაზეპირებული შეთავაზებით მივმართე. მოგვიანებით გავიგე, რომ ჩემი ნათქვამიდან „გამოცხადების 21:4“-ის გარდა ვერაფერი გაუგია. მიხვდა, რომ მნიშვნელოვან საკითხზე ვლაპარაკობდი და სახლში შესვლისთანავე იგივე მუხლი თავის ბიბლიაში წაუკითხავს. ამ მუხლმა იმდენად იმოქმედა მასზე, რომ ბიბლიის შესწავლა დაიწყო. ცოტა ხანში მან და მისმა შვილებმა იეჰოვას მიუძღვნეს თავი.
ნელ-ნელა სამოური ენაც ვისწავლეთ და ბევრი სასიამოვნო შემთხვევაც გვქონდა. სამწუხაროდ, ჯანმრთელობის გაუარესების გამო შტატებში მოგვიწია დაბრუნება. იქაურობა თვალცრემლიანებმა დავტოვეთ.
[ჩარჩო⁄სურათი 101, 102 გვერდებზე]
„მთელი ქალაქი მოვიდა“
აპიაში ერთ-ერთი ყველაზე ხალხმრავალი დაკრძალვა 1950-იან წლებში ფრედ უილიამზის დაკრძალვა იყო. ფრედ უილიამზს, ყოფილ მეზღვაურსა და ჯან-ღონით სავსე კაპიტანს, რომელსაც ყველა ოკეანე ჰქონდა გადასერილი და კარგად იცნობდნენ წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, იეჰოვას მოწმე ჰყავდა ცოლად. კაპიტანს მრავალი საგმირო საქმით ჰქონდა სახელი განთქმული. ერთხელ, როცა გემი წყალქვეშა კლდეს შეასკდა, მან ეკიპაჟის წევრები მაშველ ნავზე აიყვანა და ნაპირამდე უსაფრთხოდ რომ მიეყვანა, ათასობით მილი ატარა ოკეანეში.
ფრედ უილიამზის აზრით, მორწმუნეთა უმრავლესობა გულწრფელად არ სცემდა თაყვანს ღმერთს. მაგრამ გავიდა ხანი და ერთ დროს ვისკის მსმელმა და პოკერის მოთამაშე კაპიტანმა ბილ მოსის დახმარებით ბიბლიას მოჰკიდა ხელი და ღვთის გულმოდგინე მსახური გახდა. როცა მოინათლა, კაპიტანი უკვე ბრმა და თითქმის საწოლს მიჯაჭვული იყო. მდგომარეობის მიუხედავად, ხელიდან არ უშვებდა იმის შესაძლებლობას, რომ ახლად შეძენილი რწმენა მასთან მისული უამრავი მნახველისთვის გაეზიარებინა, მათ შორის, რელიგიური პირებისთვისაც.
სიკვდილის პირისპირ მდგარმა კაპიტანმა დაიბარა, რომ დაკრძალვის ცერემონია იეჰოვას მოწმეებისთვის მისაღები სახით ჩატარებულიყო და მისი ცხედარი ზღვისთვის მიებარათ. „მის დაკრძალვაზე თითქმის მთელი ქალაქი მოვიდა, — იხსენებს გირლი მოსი. — მისი გარდაცვალების ამბავი რადიოთი გავრცელდა და გლოვის ნიშნად ქალაქის საქმიან დაწესებულებებში დროშები დაუშვეს“. მოწმეების გარდა დაკრძალვას ესწრებოდნენ იურისტები, მასწავლებლები, ცნობილი რელიგიური პირები და ბიზნესმენები.
ყველა ყურადღებით უსმენდა ბილ მოსის წარმოთქმულ დაკრძალვის მოხსენებას და დედამიწაზე მიცვალებულთა აღდგომის დამადასტურებელ ბიბლიურ მუხლებს. გირლი იხსენებს: «იმ წუთებში ძმა ფრედი უფრო მეტად შემიყვარდა, რადგან მან წინასწარ იზრუნა იმაზე, რომ დაკრძალვის დღეს ასე შესანიშნავად დაგვემოწმებინა მათთან, ვისაც, ჩვეულებრივ, ხმას ვერ ვაწვდენდით. აბელი გამახსენდა, რომელიც „თუმცა მოკვდა, კვლავაც მეტყველებს“ (ებრ. 11:4). კაპიტანმა, ჩინებულად დაამოწმა თავისი დაკრძალვის დღეს».
დაკრძალვის მოხსენების შემდეგ 50-ზე მეტი მანქანისგან შემდგარი კოლონა კაპიტნის სახლიდან ნავსადგურისკენ დაიძრა. გირლი ყვება: „ნავსადგური ხალხით იყო სავსე, ამიტომ იახტამდე ჩვენ მისაყვანად, პოლიციას კორიდორის გაკეთება მოუწია. კაპიტნის ოჯახი, მე, ჩემი მეუღლე, ერთი დიპლომატი და რამდენიმე ცნობილი ადამიანი ავედით იახტაზე, რომელსაც „აოლელე“ (მფრინავი ღრუბელი) ერქვა. ეს მართლაც რომ მფრინავი ღრუბელი იყო; ტალღები ისე ძლიერ აქანავებდა იახტას, რომ ანძაზე ჩაბღაუჭებულ ბილს კინაღამ ხელი გაეშვა; ქარი მის ტანსაცმელსა და ბიბლიის ფურცლებს აფრიალებდა. ბოლოს ბილმა ბიბლიიდან წაიკითხა ღვთის დაპირება, რომ ‘ზღვა მისცემს მასში მყოფ მკვდრებს’ და ლოცვა წარმოთქვა (გამოცხ. 20:13). სუდარაში გახვეული კაპიტნის ცხედარი მისთვის საყვარელი წყნარი ოკეანის ბობოქარ წყლებს გაატანეს. ამ დაკრძალვას დიდხანს იხსენებდა ხალხი, რაც ღვთის განზრახვებზე საუბრის საშუალებას გვაძლევდა“.
[სურათი]
[ჩარჩო⁄სურათი 109, 110 გვერდებზე]
„უსაზღვროდ გვიხარია, რომ სამოაში დავბრუნდით“
ფრედ უეგენერი
დაიბადა: 1933 წელს
მოინათლა: 1952 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ფრედი და მისი მეუღლე, შირლი, სამოას ბეთელში მსახურობენ. ფრედი ქვეყნის კომიტეტის წევრია.
ახალდაქორწინებული ვიყავით, როცა 1956 წელს ავსტრალიიდან ამერიკის სამოაში გადავედით სპეციალურ პიონერებად მსახურებისთვის. თავდაპირველად მსახურება პაგო-პაგოს ნავსადგურის აღმოსავლეთ მისადგომთან, პატარა სოფელ ლაულიიში, დავიწყეთ. მეტისმეტად ღარიბულ ქოხში ვცხოვრობდით, რომელსაც არც კარ-ფანჯარა ჰქონდა და არც ჭერი; წყალიც კი არ მოდიოდა. როგორც კი იქაურობა ცოტა მოვაწესრიგეთ, ოჯახის წევრიც შემოგვემატა. ეს იყო ახალგაზრდა კაცი, უალეს პედრო, რომელიც მშობლებმა რწმენის გამო სახლიდან გამოაგდეს. ის პიონერი იყო და ჩვენთან ერთად ქადაგებდა.
ორი წლის შემდეგ სკოლა „გალაადი“ დავამთავრეთ და კუნძულ ტაიტიზე გაგვიშვეს მისიონერებად, მაგრამ იქ დიდხანს ვერ დავრჩით. მთავრობამ ვიზა არ გაგვიგრძელა და წერილობით შეგვატყობინა, რომ მომდევნო თვითმფრინავითვე უნდა გავმგზავრებულიყავით უკან. ამერიკის სამოაში დავბრუნდით, ფაგატოგოში (პაგო-პაგო) მისიონერთა სახლში ვცხოვრობდით და პოლ და ფრანსის ევანსებთან და რონ და დოლი სელარსებთან ერთად ვმსახურობდით. აქ სასადილოში მაგიდაზე მდგარ მიმეოგრაფზე სამოურ ენაზე ვბეჭდავდი „საგუშაგო კოშკსა“ და „ჩვენი სამეფო მსახურების“ ფურცლებს. 1962 წელს სარაიონო ზედამხედველად დავიწყე მსახურება წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილის უმეტეს კუნძულებზე — ამერიკის სამოა, კუკის კუნძულები, ფიჯი, კირიბატი, ნიუე, სამოა, ტონგა, ტუვალუ და ვანუატუ.
რვა წლის შემდეგ შეგვეძინა ვაჟი, დარილი, და საცხოვრებლად ამერიკის სამოაში გადავედით. მე სპეციალურ პიონერად დავიწყე მსახურება, შირლი კი, ძირითადად, ბიბლიურ პუბლიკაციებს თარგმნიდა სამოურ ენაზე.
ოჯახი რომ მერჩინა, ერთ ძმასთან დავიწყე მუშაობა, რომელიც მოლუსკებს იჭერდა და ყიდდა. ერთხელ მის პატარა ნავს საკიდი ძრავა გაუტყდა და ოთხი დღე ზღვიდან ვერ გამოვედით. წყალმა ასობით კილომეტრი გვატარა; საშინელ შტორმს გადავურჩით. 32-მა გემმა ჩაგვიარა, მაგრამ ვერც ერთმა ვერ შეგვამჩნია; ერთმა უზარმაზარმა სატვირთო ხომალდმა კინაღამ გადაგვიარა, მაგრამ, საბედნიეროდ, შეგვამჩნიეს და გემზე აგვიყვანეს. ამ შემთხვევიდან მალე მე და შირლიმ გავიგეთ, რომ მეორე შვილიც გვეყოლებოდა. ამიტომ, 1974 წელს იძულებული გავხდით ავსტრალიაში დავბრუნებულიყავით; იქ დაიბადა ჩვენი ქალიშვილი თამარი.
წლების შემდეგ კვლავაც მისიონერულ მსახურებას მივტიროდით. ჩვენს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა, როცა 1995 წელს მე, შირლი და თამარი სამოას ბეთელში მიგვიწვიეს. ერთი წლის, ანუ 26 წლიანი პაუზის, შემდეგ კვლავ სარაიონო მსახურება შემოგვთავაზეს. ძალიან გვიხაროდა დიდი ხნის ნაცნობ და-ძმებთან შეხვედრა, რომლებთანაც ერთ დროს სამოაში, ამერიკის სამოასა და ტონგაში ვმსახურობდით (3 იოან. 4).
დღეს მე და შირლი, თამართან და მის მეუღლესთან, ჰადეუუკი მოტოისთან ერთად სამოას ბეთელში ვმსახურობთ. უსაზღვროდ გვიხარია, რომ სამოაში დავბრუნდით!
[ჩარჩო⁄სურათი 113, 114 გვერდებზე]
„იეჰოვა ყოველთვის პასუხობდა ჩემს ლოცვებს“
ფაიგააი ტუ
დაიბადა: 1932 წელს
მოინათლა: 1964 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: 1965—1980 წლებში პიონერად მსახურობდა უპოლუსა და სავაის კუნძულებზე. დღეს სავაიზე ცხოვრობს.
დაბადებიდანვე დეფორმირებული ტერფები მქონდა და ძალიან მიჭირდა სიარული.
ვერ აგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა ჭეშმარიტება გავიგე. ძალიან მინდოდა კრების შეხვედრებზე დასწრება, მაგრამ ქვიან გზაზე სიარული ჩემთვის მეტისმეტად რთული იყო. კალოშებისგან მოსახერხებელი ფეხსაცმლის გაკეთება ვისწავლე, რითაც შედარებით მიადვილდებოდა სიარული.
მონათვლის შემდეგ მალევე პიონერად დავიწყე მსახურება. 9 წელი კუნძულ უპოლუზე ვიმსახურე. შემდეგ ჩემს დასთან და სიძესთან ერთად სავაიზე გადავედი, სადაც მაუწყებლების დიდი საჭიროება იყო. იქ ჩემს დისშვილთან, კუმი ფალემაასთან ერთად სპეციალურ პიონერად ვმსახურობდი.
მე და კუმი ყოველ კვირა ავტობუსით მივდიოდით სოფელ ფაგადან ლატაში. ეს პატარა სოფელი სავაის დასავლეთ სანაპიროზე მდებარეობდა. იქ ერთ ქალთან ვატარებდით ბიბლიის შესწავლას, შემდეგ რვა კილომეტრს გავდიოდით ფეხით სოფელ ტაგაში მეორე დაინტერესებულ ქალთან ბიბლიის შესწავლის ჩასატარებლად. იმ ღამეს მასთან ვრჩებოდით და დილით ავტობუსით ფაგაში ვბრუნდებოდით. ასე გრძელდებოდა 2 წელიწადს. საბედნიეროდ, ერთიც მოინათლა და მეორეც, მათ ოჯახის წევრებიც შეუერთდნენ. დღეს ყველა მათგანი იეჰოვას აქტიური მსახურია.
ჩემმა ნათესავებმა სავაიდან წასვლა გადაწყვიტეს, მე კი იქ დავრჩი დების პატარა ჯგუფისა და ფაგაში მცხოვრები დაინტერესებულების დასახმარებლად. ყოველკვირა ვუძღვებოდი კრებაზე „საგუშაგო კოშკის“ შესწავლას, წიგნის შესწავლასა და კარდაკარ ქადაგებას. თვეში ერთხელ, კვირაობით, აპიადან უხუცესი ჩამოდიოდა შეხვედრის ჩასატარებლად. სოფლის ბელადი საგალობლების მღერას გვიკრძალავდა, ამიტომ შეხვედრებზე საგალობლების ტექსტს ხმამაღლა ვკითხულობდით. 5 წლის შემდეგ ჩვენი პატარა ჯგუფის დასახმარებლად ახალი ზელანდიიდან მისიონერები, ლევა და ტენისია ფააიუები ჩამოვიდნენ. დროთა განმავლობაში მათ სხვებიც მოჰყვნენ. დღეს სავაიზე ორი კრებაა, ერთი ფაგაში, მეორე კი — ტაგაში.
დაქორწინებული არ ვარ, მაგრამ ბავშვები ძალიან მიყვარს. ბავშვები ხშირად რჩებოდნენ ხოლმე ჩემთან. უდიდეს სიხარულს განვიცდი, როცა ვხედავ, როგორ იზრდებიან სულიერად „ჩემი შვილები“.
უკვე მოვხუცდი და კარდაკარ ვეღარ ვმსახურობ. ამჟამად სახლში ვატარებ ბიბლიის შესწავლებს და ვქადაგებ მათთან, ვისაც საავადმყოფოში შევხვდები. ძალიან მაწუხებდა, რომ ბევრს ვეღარ ვმსახურობდი, და იეჰოვას ძალას ვთხოვდი. მისიონერებმა, რომლებიც ჩვენს კრებაში მსახურობენ, ტელეფონით ქადაგება მასწავლეს. თამამად შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვა ყოველთვის პასუხობდა ჩემს ლოცვებს!
[ჩარჩო⁄დიაგრამა 118 გვერდზე]
ერთგან — ხვალ, მეორეგან — გუშინ
სამოასა და ტონგაში საათის ისრები ერთსა და იმავე დროს აჩვენებს, მაგრამ ტონგა ერთი კალენდარული დღით უსწრებს სამოას. მიზეზი ისაა, რომ სამოა და ტონგა თარიღის ცვლის ხაზის ურთიერთსაპირისპირო მხარეს მდებარეობს, ტონგა — დასავლეთით, სამოა — აღმოსავლეთით. მართალია, ეს ორი კუნძული ერთმანეთისგან მცირე მანძილით არის დაშორებული, მაგრამ ტონგა ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგანია, რომლებშიც ქრისტეს სიკვდილის გახსენების საღამო ყველაზე ადრე აღინიშნება. სამოა კი იმ ქვეყნების სიაშია, სადაც ამ მოვლენას ყველაზე ბოლოს აღნიშნავენ.
[დიაგრამა]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
\
\
\
\
\ სამოა
| 19:00
| ოთხშაბათი
|
|
|
|
|
ტონგა
|
19:00
| წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი
ხუთშაბათი |
|
|
| თარიღის ცვლის ხაზი
|
| ნიუე
|
|
|
|
|
|
|
|
[ჩარჩო⁄სურათები 123, 124 გვერდებზე]
ბიბლიის თარგმანი, რომელიც ღვთის სახელს განადიდებს
ქრისტიანული სამყაროს მისიონერებმა სამოური ბიბლია 1884 წელს გამოსცეს. ამ თარგმანის ებრაულ წერილებში ღვთის სახელი მოხსენიებული იყო; ქრისტიანულ-ბერძნულ წერილებში კი ოთხ ადგილზე ეწერა ღვთის სახელი შემოკლებულად, ასეთი ფორმით „ალილუია“, რაც ნიშნავს „ადიდეთ იაჰი“ (გამოცხ. 19:1—6). მაგრამ 1969 წელს გამოცემულ ამავე თარგმანის გადამუშავებულ ვერსიაში, ღვთის სახელი „იეჰოვა“ ერთი მუხლის გარდა აღარსად იყო მოხსენიებული, ისიც, ალბათ, იმიტომ, რომ მთარგმნელებს გამორჩათ (გამ. 33:14). საეკლესიო პირებმაც ამოიღეს ღვთის სახელი თავიანთი საგალობლებიდან და მრევლსაც უკრძალავდნენ იეჰოვას სახელის ხსენებას.
სამოელმა მოწმეებმა დიდად გაიხარეს, როცა 2007 წლის ნოემბერში მშობლიურ ენაზე მიიღეს „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“. ამ ზუსტ და ადვილად გასაგებ თარგმანში ღვთის სახელი ყველგან აღადგინეს. ახალი ბიბლიის თარგმანის გამოცემა აპიაში (სამოა) გამართულ კონგრესზე გამოაცხადა ხელმძღვანელი საბჭოს წევრმა ჯეფრი ჯექსონმა, რომელიც ადრე სამოაში მისიონერად მსახურობდა.
ბიბლიის ამ თარგმანის გამოცემა ტელევიზიამაც გააშუქა, რამაც საზოგადოების ინტერესი გამოიწვია; ზოგი სამოას ბეთელში რეკავდა და ბიბლიას ითხოვდა. ერთმა სახელმწიფო მოხელემ ათი ბიბლია ითხოვა თავისი თანამშრომლებისთვის; სკოლის დირექტორმა კი ხუთი ცალი შეუკვეთა სასწავლო წლის ბოლოს წარჩინებული მოსწავლეების დასასაჩუქრებლად.
ბევრმა აღნიშნა ამ თარგმანის ღირსება, კერძოდ ის, რომ ეს იყო ზუსტი, ორიგინალთან მიახლოებული და ადვილად გასაგები თარგმანი. „ახალი ქვეყნიერების თარგმანმა“ სამოელებს ღვთის სახელის გამოყენების მნიშვნელობა დაანახვა. მაგალითად, ფინაუმ, რომელიც სპეციალურ პიონერად მსახურობს სოფელ ვაილელეში (უპოლუ), ქრისტეს ლოცვის ნიმუშის საფუძველზე ერთ ქალს აუხსნა, რამდენად მნიშვნელოვანი იყო ღვთის სახელის გამოყენება.
ფინაუმ მას მათეს 6:9 წაუკითხა და ჰკითხა: — ვისი სახელი უნდა განიწმინდოს?
— უფლის, — მიუგო ქალმა.
— მაგრამ ნახეთ, 1 კორინთელების 8:5-ში წერია, რომ არსებობს მრავალი ღმერთი და მრავალი უფალი. როგორ შეიძლება, ღვთის სახელი უფალი იყოს, როცა ცრუ ღმერთებსაც უფალი ეწოდებათ?
ფინაუმ მას ბიბლიაში ღვთის სახელი, იეჰოვა უჩვენა და აუხსნა, რომ ქრისტიანულმა სამყარომ ამოიღო ეს სახელი ბიბლიის თარგმანებიდან. მან განაგრძო: «რას იგრძნობდით, ვიღაცას თქვენი ოჯახის „მატაის“ სახელი რომ შეეცვალა ან საერთოდ არ ეხსენებინა?»
— ძალიან გავბრაზდებოდი, — უპასუხა ქალმა.
— სწორედ ასეთი გრძნობა ეუფლება იეჰოვას, როცა ვინმე ბიბლიიდან მისი სახელი ამოღებას ცდილობს, — უთხრა ფინაუმ.
[სურათი]
„ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამოურ ენაზე
[ჩარჩო⁄სურათები 126, 127 გვერდებზე]
„იეჰოვამ ასწილად მაკურთხა“
ლუმეპა იანგი
დაიბადა: 1950 წელს
მოინათლა: 1989 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ლუმეპა ყოფილი პრემიერ-მინისტრის ქალიშვილია. დღეს პიონერად მსახურობს აპიაში.
გავიზარდე კუნძულ სავაიზე. მამაჩემი წარმატებული ბიზნესმენი და პოლიტიკოსი იყო. მას კაკაოს უზარმაზარი პლანტაცია ჰქონდა, სადაც 200 კაცი მუშაობდა. გაზეთებში მას „კაკაოს ბარონად“ მოიხსენიებდნენ. რამდენიმე წელიწადს მამა ქვეყნის პრემიერ-მინისტრი იყო.
ჩვენ 11 დედმამიშვილი ვიყავით. მამა რელიგიური არ ყოფილა. ბიბლიაზე გარკვეული წარმოდგენა დედამ შეგვიქმნა. მისი სიკვდილი ტრაგედია იყო ჩემთვის. როცა მისიონერმა ჯუდი პრიჩარდმა აღდგომის შესახებ მიქადაგა და მითხრა, რომ დედას კვლავ ვნახავდი, გულში იმედი ჩამესახა.
ჯუდის კითხვას კითხვაზე ვაყრიდი, ის თითოეულ მათგანზე ბიბლიიდან მპასუხობდა. მალე ბიბლიის შესწავლა დავიწყე, მოგვიანებით კრების შეხვედრებსაც ვესწრებოდი.
ჩემს მეუღლეს, სტივს, ადგილობრივი ეკლესიის დიაკვანს, არ მოსწონდა, ბიბლიას რომ ვსწავლობდი. მან რამდენიმე მღვდელთან მიმიყვანა, რომლებიც მარწმუნებდნენ, რომ მოწმეების შეხვედრებზე სიარული კარგს არაფერს მომიტანდა. ცხადია, მათ არ დავუჯერე. მერე მეუღლემ მამაჩემთან წამიყვანა. მამამ მირჩია, რომ უკეთესი იქნებოდა, თუ მოწმეები ბიბლიას სადმე სხვაგან შემასწავლიდნენ. ჩემი და-ძმები დამცინოდნენ, რელიგია რომ შევიცვალე, მაგრამ ბიბლიის შესწავლის შეწყვეტა აზრადაც არ მომსვლია.
მაუწყებელი რომ გავხდი და კარდაკარ საქადაგებლად წავედი, პირველი კარი, რომელზეც დავაკაკუნე, მინისტრმა, მამაჩემის თანამშრომელმა, გააღო. ის კარგად მიცნობდა, რადგან ხშირად მოდიოდა ჩვენთან, როცა მამა საქმიან შეხვედრებს აწყობდა. ისე ავღელდი, რომ ჩემს პარტნიორს ამოვეფარე. ხალხს უკვირდა, რომ ვქადაგებდი და მეუბნებოდნენ, მამაშენი, რას იტყვისო. მაგრამ მამა გონიერი კაცი იყო და ჩემს რწმენას იცავდა. ის სიამოვნებით კითხულობდა ჟურნალებს „საგუშაგო კოშკსა“ და „გამოიღვიძეთ!“-ს.
როგორც იქნა, დავძლიე ადამიანების შიში და პიონერად დავიწყე მსახურება. მიყვარს ბიბლიის შესწავლების ჩატარება და ბევრ შესწავლასაც ვატარებ. 50 ადამიანს ვიცნობ, ვინც სიამოვნებით შეისწავლიდა ბიბლიას, და ვიმედოვნებ, რომ ოდესმე მათთვისაც გამოვნახავ დროს. ყველაზე დიდი სიხარული ჩემთვის ის არის, რომ ჩემს ოთხივე შვილს ჭეშმარიტება შევაყვარე. ჩემი ქალიშვილი ფოტუოსამოა და მისი მეუღლე ენდრუ, ასევე ჩემი ვაჟი სტეფანი მეუღლესთან, ანასთან ერთად დღეს სამოას ბეთელში მსახურობენ. ბიბლია ჩემს დას, მანუსაც ვასწავლე. ბიბლიის შესწავლა და კრების შეხვედრებზე სიარული ჩემმა ქმარმაც კი დაიწყო, თუმცა ერთ დროს მეწინააღმდეგებოდა. შემიძლია ვთქვა, რომ იეჰოვამ ასწილად მაკურთხა.
[სურათები]
მარცხნივ: ფოტუოსამოა და ენდრუ კოები; მარჯვნივ: ანა და სტეფან იანგები
[ჩარჩო⁄სურათი 129, 130 გვერდებზე]
ჩემი არჩევანი — იეჰოვა ან გოლფი?
ლუსი ლაფაიტელე
დაიბადა: 1938 წელს
მოინათლა: 1960 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: უარი თქვა სპორტულ კარიერაზე და პიონერად დაიწყო მსახურება.
თვრამეტი წლისამ გავიგე, რომ გზის მოპირდაპირე მხარეს მცხოვრები ერთი ოჯახი იეჰოვას მოწმე გამხდარა. ცნობისმოყვარეობით აღძრული ოჯახის უფროსთან, სიემუ ტაასთან მივედი და ვკითხე, რატომ იყენებდნენ ღვთის სახელს, იეჰოვას. მისმა თავაზიანობამ და ბიბლიურმა პასუხმა გამაოცა. მას ბიბლიის შესწავლაზე დავთანხმდი და კრების შეხვედრებზე სიარულიც დავიწყე. ეს ამბავი რომ გაიგო, მამა დამემუქრა. ვემუდარებოდი, კრებებზე გავეშვი, მაგრამ ის თავისას იჟინებდა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობას მიკრძალავდა. ჩემდა გასაკვირად, მან მეორე დღეს აზრი შეიცვალა. მოგვიანებით მამიდამ მითხრა, რომ თურმე ძილში იეჰოვას ვთხოვდი დახმარებას. როგორც ჩანს, სიზმარში ხმამაღლა ვლაპარაკობდი. ჩემმა სიტყვებმა გული მოულბო მამას.
გზის იქით მთელ სამოაში ერთადერთი გოლფის სასწავლო წრე იყო. იქ დაკარგულ გოლფის ბურთებს ვეძებდი, ვყიდდი და ასე ვშოულობდი ჯიბის ფულს. მერე მეფე მალიეტოასთვის, რომელიც მაშინ სამოას სახელმწიფოს მეთაური იყო, გოლფის ჩოგნები დამქონდა. მეფე ფიქრობდა, რომ ჩემგან კარგი მოთამაშე დადგებოდა, და თავისი ჩოგნები მაჩუქა. მან ორი სპონსორიც გამომინახა, რომლებიც გოლფის სწავლის საფასურს გადამიხდიდნენ. მეფეს დიდი იმედი ჰქონდა, რომ ჩემი თამაშით ქვეყანას მსოფლიოში სახელს გავუთქვამდი. ეს იდეა მომეწონა! მაგრამ მალე მივხვდი, რომ გოლფი დიდ დროს მართმევდა და იეჰოვას მაშორებდა, რის გამოც სინდისი მქენჯნიდა.
სამოას გოლფის ღია ჩემპიონატზე გამარჯვების შემდეგ, რომელშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსული პროფესიონალები მონაწილეობდნენ, სერიოზულად დავფიქრდი ჩემს მომავალზე. ჩემი გამარჯვებით უზომოდ გახარებულ მეფეს ძალიან უნდოდა, რომ იმავე საღამოს დაჯილდოების ცერემონიალის შემდეგ გამართულ სადილზე ერთი ცნობილი ამერიკელი გოლფის მოთამაშე გამეცნო. ჩემს თავს ვუთხარი, ახლა უნდა მიიღო გადაწყვეტილება — ან გოლფი ან იეჰოვა! იმ საღამოს სადილზე წასვლის ნაცვლად სამეფო დარბაზში წავედი, სადაც სარაიონო კონგრესის რეპეტიციები მიმდინარეობდა.
რასაკვირველია, ჩემმა საქციელმა მეფის გულისწყრომა გამოიწვია. როდესაც მამამ ახსნა-განმარტება მომთხოვა, დიდხანს ვესაუბრე და ბიბლიიდან დავანახვე, რატომ იყო იეჰოვას მსახურება ჩემთვის გოლფზე მნიშვნელოვანი. მოულოდნელად, მამას ცრემლები წამოუვიდა და მითხრა: „ხუთი წლის ასაკში მძიმედ დაავადდი, სიცოცხლის ნიშანწყალი აღარ გეტყობოდა, ყველას გვეგონა რომ მოკვდი. ის-ის იყო უნდა დაგვესაფლავებინე, რომ სახეზე ფუტკარმა გიკბინა, სიმწრისგან იკივლე და ტირილი მორთე. ახლა მჯერა, იმიტომ გადარჩი, რომ იეჰოვა ღმერთის მოწმე გამხდარიყავი“. იმ დღის მერე მამაჩემი აღარ შემწინააღმდეგებია.
საცხოვრებლად ახალ ზელანდიაში გადავედი და იქ ათი წელი ვიმსახურე ჯერ პიონერად, მერე სპეციალურ პიონერად. ამავე პერიოდში სპეციალურ პიონერზე, რობენზე დავქორწინდი. სამი შვილი შეგვეძინა და საცხოვრებლად ავსტრალიაში გადავედით. მომდევნო 30 წლის განმავლობაში ოჯახის სარჩენად სრულ განაკვეთზე ვმუშაობდი. ბევრ ჩვენს ნათესავს დავეხმარეთ ბიბლიის შესწავლაში. ხშირად ვლოცულობდი, რომ კვლავ მომცემოდა პიონერად მსახურების შესაძლებლობა. უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, როცა 2004 წელს პენსიაზე გასვლის შემდეგ ნატვრა ავისრულე. საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, როცა იეჰოვას მსახურება გოლფზე წინ დავაყენე!
[ჩარჩო⁄სურათი 135 გვერდზე]
მშობლის დარიგება ფუჭად არ ჩაივლის
პანაპა ლუი
დაიბადა: 1967 წელს
მოინათლა: 1985 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: პანაპა და მისი მეუღლე მარეტა სპეციალურ პიონერებად მსახურობენ სამოაში.
ჩვენი ბიჭი სოპა სკოლაში რომ შევიყვანეთ, სკოლის დირექტორს ჩვენი მრწამსი გავაცანით და მივეცით ბროშურა „იეჰოვას მოწმეები და განათლება“.
მეორე დღეს, სოპამ გვითხრა, რომ სკოლის დირექტორმა ბროშურა ბავშვებისა და მასწავლებლების თვალწინ დახია და იეჰოვას მოწმეების ბავშვებს საეკლესიო საგალობლების მღერა მოსთხოვა. როდესაც ბავშვებმა უარი თქვეს, დირექტორმა ისინი მთელი კლასის წინაშე დააყენა და უბრძანა, თავიანთი საგალობელი ემღერათ. ის ფიქრობდა, რომ ბავშვებს შეაშინებდა და იძულებულს გახდიდა, ისევ საეკლესიო საგალობელი ემღერათ. სოპამ თანაკლასელ მოწმეებს უთხრა: «მოდი, „გმადლობთ იეჰოვა“ ვიმღეროთ». მან დაიწყო და სხვებიც აჰყვნენ.
დირექტორი გაოგნდა და სოპა გაბედულებისთვის შეაქო. მოგვიანებით სკოლის დირექტორი და რამდენიმე მასწავლებელი ჭეშმარიტებით დაინტერესდნენ. დღეს, როცა დირექტორი გვხვდება, სოპას ამბებს გვეკითხება და მას მოკითხვას უთვლის. ჩვენი ვაჟი 2005 წელს მოინათლა და დღემდე განაგრძობს სულიერ ზრდას.
[ჩარჩო⁄სურათები 138, 139 გვერდებზე]
„სამეფო დარბაზამდე არც ისე შორია“
ვალუ ლოტონუუ
დაიბადა: 1949 წელს
მოინათლა: 1995 წელს
მოკლე ბიოგრაფიული ცნობები: ჰყავს ექვსი შვილი. კრების შეხვედრებზე დასასწრებად შვილებთან ერთად ვალუს მთიან გზაზე 22 კილომეტრს ფეხით გადიოდა.
ათას ცხრაას ოთხმოცდაცამეტ წელს მოწმეებმა კარზე მომიკაკუნეს და ბიბლიის შესწავლა დავიწყე. მალე შვილებთან ერთად ფალეასიუში ქრისტიანულ შეხვედრებზე დავიწყე სიარული. ჩემი სოფლიდან, ლაფეგადან, კუნძულის მეორე მხარეს მდებარე ფალეასიუს სამეფო დარბაზამდე რომ მივსულიყავით, 22 კილომეტრი უნდა გვევლო.
შუა კვირაში საღამოს შეხვედრებზე დასასწრებად ბავშვები სკოლიდან ადრე გამომყავდა. ზოგი მასწავლებელი ბავშვების სკოლიდან გარიცხვით დამემუქრა. მე ავუხსენი, რომ შვილების სულიერი აღზრდისთვის კრების შეხვედრებზე დასწრება ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ბავშვებს თავ-თავიანთი პარკები ჰქონდათ, რომლებშიც ტანსაცმელი, ბიბლია, ღვთის სადიდებელი სიმღერების წიგნი და შესასწავლი პუბლიკაცია ედოთ. ზოგჯერ გზად მიმავალი ავტობუსი გვიჩერებდა, მაგრამ უმეტესწილად სამეფო დარბაზამდე 22 კილომეტრიანი გზის გავლა ფეხით გვიწევდა.
ფალეასიუს სამეფო დარბაზში მისულებს ადგილობრივი მოწმეები საჭმლით გვიმასპინძლდებოდნენ. იქ შეგვეძლო დაგვებანა და ტანსაცმელი გამოგვეცვალა. კრების დამთავრების შემდეგ ისევ გრძელ გზას ვადგებოდით. როცა იმ მთაგრეხილზე გადავდიოდით, რომელიც კუნძულს ორად ყოფდა, ვჩერდებოდით და ბავშვებს ცოტა ხნით ვაძინებდი. ყურადღებით ვიყავი, რომ, თუ გზაზე ტრანსპორტი გამოივლიდა, სახლამდე გავყოლოდით. შინ შუაღამისას ვბრუნდებოდით. მეორე დილით 5 საათზე ვდგებოდი, პირველ ავტობუსს რომ გავყოლოდი ფალეასიუში საქადაგებლად.
ერთხელ სოფლის ბელადების შეკრებაზე დამიბარეს, რომელსაც დიდი ბელადი თავმჯდომარეობდა. მკითხეს, რატომ დავდიოდი ფალეასიუში ამხელა მანძილზე, როცა ჩვენი სოფლის ეკლესია იქვე იყო, თანაც პაპაჩემის აშენებული. მათ ამიკრძალეს ფალეასიუში კრებებზე სიარული, მაგრამ ჩემი პოზიციის დათმობას არ ვაპირებდი. გადაწყვეტილი მქონდა, ღმერთს დავმორჩილებოდი და არა ადამიანებს (საქ. 5:29).
მდგომარეობა მაშინ გამწვავდა, როცა არ წავედი „ტოონაის“ რელიგიურ დღესასწაულზე (კვირა დღეს გამართული დღესასწაული, რომელსაც მრევლთან ერთად ესწრებოდნენ ეკლესიის მსახურები, დიაკვნები და სოფლის ბელადები). ურჩობის გამო დამაჯარიმეს ხუთი ღორით. ეს ჩემი ოჯახისთვის დიდი ზარალი იყო, რადგან მარტო ვზრდიდი ექვს შვილს. ჯარიმა მაინც გადავიხადე. გავიდა დრო და თანასოფლელებმა აზრი შეიცვალეს. ისინი აღარ მეწინააღმდეგებოდნენ.
ადვილი არ იყო წლების განმავლობაში კრებებზე დასასწრებად ამხელა მანძილზე სიარული, მაგრამ ღირდა! დღეს ჩემი ექვსივე შვილი აქტიურად ემსახურება იეჰოვას; ერთი მათგანი მომსახურეა კრებაში.
მე და ჩემი შვილები დღესაც ფეხით დავდივართ კრების შეხვედრებზე. მაგრამ არა 22 კილომეტრს, არამედ აქვე ახლოს, გზის იქით. 2001 წელს ჩვენს სოფელში მშვენიერი სამეფო დარბაზი აშენდა. ჩვენი კრება დღითი დღე იზრდება და ძლიერდება. ასე რომ, სამეფო დარბაზამდე არც ისე შორია!
[ცხრილი⁄დიაგრამა 132, 133 გვერდებზე]
დროის დიაგრამა სამოა
1930
1931 წელი — სამოაში პირველად იქადაგეს სასიხარულო ცნობა.
1940
1940 წელი — ჰაროლდ გილმა გაავრცელა პირველი ბროშურა სამოურ ენაზე „სად არის მიცვალებულთა სამყოფელი?“.
1950
1953 წელი — აპიაში პირველი კრება ჩამოყალიბდა.
1955 წელი — ამერიკის სამოაში სკოლა „გალაადის“ კურსდამთავრებულები ჩავიდნენ.
1955 წელი — ამერიკის სამოას მოსახლეობამ ნახა ფილმი „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება მოქმედებაში“.
1957 წელი — ამერიკის სამოაში პირველი სარაიონო კონგრესი გაიმართა.
1958 წელი — სამოურ ენაზე ჟურნალ „საგუშაგო კოშკის“ გამოცემა დაიწყო.
1959 წელი — დასავლეთ სამოაში პირველი სარაიონო კონგრესი ჩატარდა.
1960
1974 წელი — სამოაში მისიონერები ჩავიდნენ. კუნძულ ტოკელაუზე სასიხარულო ცნობის გავრცელება დაიწყო.
1980
1984 წელი — სინამოგას (აპია) მისიონერთა სახლში იეჰოვას მოწმეთა ოფისმა დაიწყო ფუნქციონირება.
1990
1991 წელი — ციკლონმა „ვალ“-იმ სამოას კუნძულებს გადაუარა.
1993 წელი — სამოური „საგუშაგო კოშკი“ ინგლისური გამოცემის პარალელურად გამოიცემა. ახალი ბეთელისა და საკონგრესო დარბაზის მიძღვნის პროგრამა ჩატარდა.
1996 წელი — დაიწყო ყოველკვირეული რადიოგადაცემა „პასუხები ბიბლიურ კითხვებზე“.
1999 წელი — ამოქმედდა პროგრამა, რომელიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ქვეყნებში სამეფო დარბაზების მშენებლობას ითვალისწინებდა.
2000
2007 წელი — გამოიცა „ქრისტიანულ-ბერძნული წერილების ახალი ქვეყნიერების თარგმანი“ სამოურ ენაზე.
[სქემა]
(იხილეთ პუბლიკაცია)
მაუწყებლები
პიონერები
700
400
100
1930 1940 1950 1960 1970 1980 1990 2000 2010
[სურათი]
ფრანსისი და პოლ ევანსები
[რუკები 73 გვერდზე]
(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)
ჰავაი
ავსტრალია
ახალი ზელანდია
ტოკელაუ
სუეინზის კუნძული
სამოა
ამერიკის სამოა
მანუას კუნძულები
როზეს ატოლი
წყნარი ოკეანის სამხრეთი ნაწილი
ნიუე
თარიღის ოთხშაბათი
‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐‐
ცვლის ხაზი ხუთშაბათი
ტონგა
ამერიკის სამოა
ტუტუილა
პაგო-პაგო
პეტესა
ტაფუნა
ფაგატოგო
ლაულიი
აუნუუ
სამოა
სავაი
აოპო
ლატა
ტაგა
ფაგა
სალიმუ
ფოგაპოა
უპოლუ
აპია
ფალეასიუ
სიუსეგა
ვაიალა
ლეფაგა
ვავაუ
აპია
ვაილელე
ფაატოია
სინამოგა
[გვერდი 66 დათმობილი აქვს სურათს]
[სურათი 74 გვერდზე]
პელე და აილუა ფუაიუპოლუ პირველი სამოელები იყვნენ, რომლებმაც თავი მიუძღვნეს იეჰოვას
[სურათი 81 გვერდზე]
რონი და დოლი სელარსები 1953 წელს გადავიდნენ სამოაში, რათა იქ ემსახურათ, სადაც მეტი საჭიროება იყო
[სურათი 84 გვერდზე]
რიჩარდ და გლორია ჯენკინსები ქორწილის დღეს (1955 წლის იანვარი)
[სურათი 85 გვერდზე]
გირლი და უილიამ მოსები სამოაში მიემგზავრებიან
[სურათი 95 გვერდზე]
ტიპური სამოური სახლი
[სურათი 100 გვერდზე]
პირველი სამეფო დარბაზი აპიაში (სამოა)
[სურათი 107 გვერდზე]
პირველი სამეფო დარბაზი ტაფუნაში (ამერიკის სამოა)
[სურათი 115 გვერდზე]
მატუსელა ნერუ
[სურათი 116 გვერდზე]
საუმალუ ტაუაანაე
[სურათი 131 გვერდზე]
ანა როპატი (ახლა გოულდი) ჯერ კიდევ მოზარდი იყო, როცა იეჰოვას მსახურება აირჩია
[სურათები 141 გვერდზე]
სამოას ოფისი და ბეთელი
სამოას ფილიალის კომიტეტის წევრები: ჰიდეუუკი მოტოი, ფრედ უეგენერი, სიო ტაუა და ლევა ფააიუ