როგორ ზრუნავ ნათესავებზე?
1 ჩვენგან უმეტესობის მრავალი ნათესავი არ არის ჭეშმარიტებაში. რა ძალიან გვსურს, რომ ასეთი საყვარელი პიროვნებები შემოგვიერთდნენ ამ სიცოცხლის გზაზე! მათ მარადიულ მომავალზე შეიძლება უფრო მეტად მოგვიწიოს ზრუნვა, თუ ისინი უშუალოდ ოჯახის წევრებს წარმოადგენენ. მიუხედავად იმისა, რომ წლების განმავლობაში ვცდილობდით ჭეშმარიტებაში შემოყვანას, არ უნდა დავასკვნათ, რომ სიტუაცია უიმედოა.
2 როცა იესო ქადაგებდა, „მის ძმებსაც კი არ სწამდათ მისი“ (იოან. 7:5). ერთ შემთხვევაში მისმა ნათესავებმა იფიქრეს კიდეც, რომ შეიშალა (მარ. 3:21). მაგრამ იესოს იმედი არ დაუკარგავს მათ მიმართ. დროთა განმავლობაში მისმა ძმებმა მიიღეს ჭეშმარიტება (საქ. 1:14). მისი ნახევარძმა იაკობი ქრისტიანული კრების ‘სვეტი’ გახდა (გალ. 1:18, 19; 2:9). თუ გსურს, სიხარული განიცადო ნათესავების მიერ ჭეშმარიტების მიღებით, არ შეჩერდე, შეეცადე უქადაგო მათ სამეფოს შესახებ კეთილი ცნობა.
3 იყავი გამომაცოცხლებელი, მხოლოდ გადაჭარბების გარეშე: როცა იესო ქადაგებდა, მსმენელები გამოცოცხლებას გრძნობდნენ და არა დაშინებას (მათ. 11:28, 29). მას არ გადაუღლია ისინი სწავლებებით, რომლებსაც ვერ აითვისებდნენ. თუ გსურს, რომ ჭეშმარიტების წყლით გამოაცოცხლო ნათესავები, ჭიქით მიაწოდე „წყალი“ თანდათანობით და ერთიანად ნუ მიაწვდი მთელ ვედრო „წყალს“! მიმომსვლელმა ზედამხედველმა აღნიშნა: „საუკეთესო შედეგებს აღწევენ ისინი, რომლებიც ცნობისმოყვარეობას აღვიძებენ ნათესავებში ცოტ-ცოტა, მაგრამ განუწყვეტელი დამოწმებით“. თუ ასე მოიქცევი, მოწინააღმდეგეებმაც კი შეიძლება დაიწყონ შეკითხვების დასმა და, ბოლოს და ბოლოს, ჭეშმარიტებისადმი წყურვილი განუვითარდეთ (1 პეტ. 2:2; შეადარე 1 კორინთელთა 3:1, 2).
4 მრავალი დაქორწინებული ქრისტიანი ეფექტურად უმოწმებდა ურწმუნო მეუღლეს, როცა ლიტერატურას იმ მასალაზე ტოვებდა გადაშლილს, რომელსაც შეეძლო მათი დაინტერესება. ერთი და, რომელიც ასე მოიქცა, შესწავლებს უტარებდა შვილებს თავისი მეუღლის გასაგონად და იმ საკითხებს ხსნიდა, რომლებიც სასარგებლო იქნებოდა ქმრისთვის. ზოგჯერ ეკითხებოდა ქმარს: „მე ესა და ეს საკითხი ვისწავლე შესწავლისას. რას ფიქრობ ამის შესახებ?“ საბოლოოდ მისმა მეუღლემ მიიღო ჭეშმარიტება.
5 თავაზიანობა გამოავლინე, ნუ იქნები მოუთმენელი: ერთ-ერთმა მაუწყებელმა თქვა: ნათესავებსაც აქვთ უფლება, ჰქონდეთ თავიანთი თვალსაზრისი და წარმოდგენა“. ამიტომ თავაზიანობა უნდა გამოვავლინოთ მათდამი, როცა აზრებს გამოთქვამენ ან განსაკუთრებით გვთხოვენ, არ ვესაუბროთ მათ ჭეშმარიტების შესახებ (ეკლ. 3:7; 1 პეტ. 3:15). თუ მოვითმენთ, სიყვარულს გამოვავლენთ და კარგი მსმენელი ვიქნებით, ვიპოვით სათანადო შესაძლებლობებს, გონებამახვილურად დავუმოწმოთ. ასეთი მოთმინება შეიძლება დამაჯილდოებელი იყოს, როგორც ქრისტიანი ქმრის შემთხვევაში ჩანს, რომელიც მოთმინებით იტანდა ურწმუნო ცოლის ცუდ მოპყრობას 20 წლის განმავლობაში. როგორც კი ცოლმა აზროვნების შეცვლა დაიწყო, მან უთხრა: „რამდენად მადლიერი ვარ იეჰოვასადმი, რომ დამეხმარა, გამომემუშავებინა სულგრძელობა — ახლა ვხედავ შედეგს: ჩემმა მეუღლემ სიცოცხლის გზაზე დაიწყო სიარული!“
6 როგორ ზრუნავ ნათესავებზე? შენი კარგი ქრისტიანული ქცევითა და მათთვის ლოცვებით ‘იეჰოვასკენ შეიძლება მიაპყრო ისინი’ (1 პეტ. 3:1, 2, აქ სქოლიო).