იყავი ღვთის სიტყვის სწორად გადამცემი
1 ერთ სახელმწიფო მოხელესთან ქადაგებისას „ფილიპემ გახსნა თავისი ბაგეები, დაიწყო ამ წერილით [გარკვეული მუხლით] და ახარა იესოს შესახებ“ (საქ. 8:35). ფილიპე „ღვთის სიტყვის სწორად გადამცემი“ იყო (2 ტიმ. 2:15). მაგრამ დღეს მიმომსვლელმა ზედამხედველებმა შენიშნეს, რომ მრავალი მაუწყებელი ქადაგებისას იშვიათად იყენებს ბიბლიას. იყენებ მსახურებისას ბიბლიას?
2 ყველაფერი, რაც ჩვენ გვწამს და, რასაც ვასწავლით, ღვთის სიტყვაზეა დაფუძნებული (2 ტიმ. 3:16, 17). ის იზიდავს ხალხს იეჰოვასკენ და სიცოცხლის მომტან განათლებას აძლევს. ამიტომაც არის მნიშვნელოვანი მსახურებისას ბიბლიის გამოყენება და არა უბრალოდ საუბარი იმ თემებზე, რომლებიც ჩვენ გვაინტერესებს (ებრ. 4:12). ადამიანთა უმეტესობამ თითქმის არაფერი იცის ბიბლიის შესახებ; ამიტომ საჭიროა, წავუკითხოთ მათ ეს წიგნი, რათა დავანახოთ მასში მოცემული პრაქტიკული ხელმძღვანელობა და მომავალი, რომელსაც ის კაცობრიობას სთავაზობს.
3 იკითხე უშუალოდ ბიბლიიდან: შეეცადე საქადაგებლად ჩანთის გარეშე წახვიდე. შეგიძლია გასავრცელებელი ლიტერატურა პატარა პორტფელში ჩაალაგო და ბიბლია ან ხელში გეჭიროს, ან ჯიბეში გედოს. შემდეგ, როდესაც ვინმესთან საუბარს წამოიწყებ, ბიბლიის გადაშლისას შენს მოსაუბრეს იმის შეგრძნება არ გაუჩნდება, რომ მასთან ქადაგების წარმოთქმას აპირებ. მოსაუბრესთან ისე დადექი, რომ მასაც მისცე ბიბლიაში ჩახედვის საშუალება; ან სულაც მას სთხოვე მუხლის ხმამაღლა წაკითხვა. მსმენელზე უფრო ღრმა შთაბეჭდილებას ახდენს იმის დანახვა, თუ რა წერია ბიბლიაში, ვიდრე იმავე ინფორმაციის მხოლოდ მოსმენა. რა თქმა უნდა, მუხლის არსის გაგებაში დასახმარებლად საჭიროა მთავარი სიტყვების გამოყოფა.
4 ერთმუხლიანი შეთავაზება: საკუთარი თავის წარდგენის შემდეგ შეგიძლია თქვა: „ადამიანები ცხოვრებაში ხელმძღვანელობას ეძებენ. ამისათვის ისინი სხვადასხვა წყაროს მიმართავენ. თქვენ როგორ ფიქრობთ, სად შეიძლება საუკეთესო პრაქტიკული ხელმძღვანელობის პოვნა? [მიეცი საშუალება, რომ გიპასუხოს.] რას ფიქრობთ ასეთ სიტყვებზე? [წაუკითხე იგავნი 2:6, 7 და საშუალება მიეცი, გიპასუხოს.] ადამიანური სიბრძნე, სამწუხაროდ, არასაკმარისი აღმოჩნდა და ამან მრავალი გულგატეხილობამდე მიიყვანა. მაგრამ ღვთის სიბრძნე ყოველთვის საიმედო და სასარგებლოა“. შემდეგ აჩვენე პუბლიკაცია, რომლის შეთავაზებასაც აპირებ და ამ პუბლიკაციიდან ყურადღება გაამახვილე ღვთის პრაქტიკული სიბრძნის ერთ მაგალითზე.
5 გულწრფელ ადამიანთა დასახმარებლად იესო საღვთო წერილს იყენებდა (ლუკ. 24:32). პავლეც საღვთო წერილით ასაბუთებდა ყველაფერს, რასაც ასწავლიდა (საქ. 17:2, 3). თუ უფრო დავხელოვნდებით ღვთის სიტყვის სწორად გადაცემაში, მსახურებისას ჩვენი დაჯერებულობა და სიხარული გაიზრდება.