საჯარო მოხსენების მომზადება
იეჰოვას მოწმეთა კრებების უმრავლესობაში ყოველკვირეულად იკითხება საჯარო მოხსენება რომელიმე ბიბლიურ თემაზე. თუ უხუცესი ან მომსახურე ხარ, მეტყველებს შენი გამოსვლები იმაზე, რომ კარგ მომხსენებლად და მასწავლებლად ჩამოყალიბდი? თუ ასეა, საჯარო მოხსენებებით გამოსვლის შესაძლებლობაც გექნება. თეოკრატიული მსახურების სკოლამ ათიათასობით ძმა მოამზადა ამგვარი მსახურებისთვის. რით უნდა დაიწყო საჯარო მოხსენების მომზადება?
შეისწავლე გეგმა
ვიდრე მასალის მოძებნას შეუდგებოდე, წაიკითხე გეგმა და იფიქრე მასზე, რომ კარგად ჩასწვდე აზრებს. გონებაში ჩაიბეჭდე მოხსენების თემა, რომელიც სათაურიდან ჩანს. რა უნდა ასწავლო მსმენელს? რა მიზანი გაქვს?
გაეცანი ქვესათაურებს. ეს შენი თემის მთავარი აზრებია, რომლებიც უნდა გააანალიზო. როგორ უკავშირდება ისინი თემას? მთავარი აზრების ქვევით მოცემულია მათი მხარდამჭერი აზრები. მათ დაბლა კი ის დამატებითი აზრებია მოცემული, რომლებიც ამ მხარდამჭერ აზრებს განავრცობს. დააკვირდი გეგმის თითოეულ ნაწილს. რა კავშირი აქვს წინა ნაწილთან, როგორ უკავშირდება მომდევნოს და როგორ უწყობს ხელს მოხსენების ძირითადი მიზნის მიღწევას? თუ გაანალიზებული გაქვს თემა, მოხსენების მიზანი და მთავარი აზრების როლი ამ მიზნის მისაღწევად, დროა, მასალის მომზადებაზე გადახვიდე.
თავიდან შეიძლება უფრო გაგიადვილდეს, თუ წარმოიდგენ, რომ შენი მოხსენება ოთხი ან ხუთი პატარა მოხსენებისგან შედგება და თითოეულ მათგანში ერთი მთავარი აზრია. თითოეული ნაწილი ცალ-ცალკე მოამზადე.
გეგმა მოხსენების მოსამზადებლად გეძლევა და არა მოხსენებით გამოსვლის დროს გამოსაყენებელ კონსპექტად. გეგმა, უბრალოდ, ჩონჩხია. შენ მას, ასე ვთქვათ, ხორცი უნდა შეასხა, გული ჩაუდგა და სული შთაბერო.
ბიბლიური მუხლების გამოყენება
იესო ქრისტესა და მისი მოწაფეების სწავლება წმინდა წერილებზე იყო დაფუძნებული (ლუკ. 4:16—21; 24:27; საქ. 17:2, 3). შენც მათ უნდა მიჰბაძო. ბიბლიური მუხლები შენი მოხსენების საფუძველი უნდა იყოს. ამიტომაც გეგმაში მოცემული აზრების ახსნისა და მათი პრაქტიკული მნიშვნელობის განსაზღვრის გარდა, იმასაც დაუკვირდი, თუ როგორ დასტურდება ბიბლიური მუხლებით ის, რაც გეგმაში არის ნათქვამი, და შემდეგ ბიბლიის გამოყენებით ასწავლე.
მოხსენების მომზადებისას გეგმაში მოყვანილი თითოეული მუხლი გამოიკვლიე. დაუკვირდი კონტექსტს. ზოგი მუხლი უბრალოდ დამატებით ინფორმაციას გვაწვდის. მოხსენებით გამოსვლისას საჭირო არ არის ყველა მუხლის წაკითხვა ან განხილვა. მხოლოდ ის მუხლები შეარჩიე, რომლებიც საუკეთესოა მსმენელისთვის. თუ გეგმაში მოცემულ მუხლებს საფუძვლიანად განიხილავ, ალბათ, აღარ დაგჭირდება დამატებითი მუხლების მოყვანა.
ის, თუ რამდენად კარგი გამოგივა მოხსენება, გამოყენებული მუხლების რაოდენობაზე კი არ არის დამოკიდებული, არამედ სწავლების ხარისხზე. მუხლების წაკითხვისას მსმენელს დაანახვე, რატომ მოგყავს ისინი. იმსჯელე მათ პრაქტიკულ მნიშვნელობაზეც. მუხლის წაკითხვის შემდეგ, განხილვის დროს, ბიბლია გადაშლილი გეჭიროს. მსმენელიც, ალბათ, ასევე მოიქცევა. როგორ უნდა აღუძრა მსმენელს ინტერესი და როგორ უნდა დაეხმარო ღვთის სიტყვიდან მეტი სარგებლობის მიღებაში? (ნეემ. 8:8, 12). ამას შეძლებ ბიბლიური მუხლების ახსნით, მაგალითების მოყვანითა და მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენებით.
ბიბლიური მუხლების ახსნა. ვიდრე მოიფიქრებ, როგორ ახსნა ძირითადი მუხლი, ჰკითხე საკუთარ თავს: „რა იგულისხმება ამ სიტყვებში? რატომ ვიყენებ მას მოხსენებაში? რა შეკითხვები დაებადება მსმენელს ამ მუხლთან დაკავშირებით?“ ალბათ, დაგჭირდება, გააანალიზო კონტექსტი, ისტორიული ფონი, ტექსტის დაწერისას არსებული მდგომარეობა, გამოყენებული სიტყვების აზრობრივი დატვირთვა და ღვთისგან შთაგონებული მწერლის მიზანი. ამისათვის კი გამოკვლევაა საჭირო. საკმარისზე მეტ ფასდაუდებელ ინფორმაციას იპოვი „ერთგული და გონიერი მონის“ მიერ მომზადებულ პუბლიკაციებში (მათ. 24:45—47). ნუ შეეცდები მუხლის ყოველმხრივ ახსნას; მსმენელს ის აუხსენი, თუ რატომ წააკითხე ეს მუხლი განსახილველ საკითხთან დაკავშირებით.
მაგალითები. მაგალითების მიზანი ის არის, რომ მსმენელმა უკეთ გაიგოს და დაიმახსოვროს განხილული აზრი ან პრინციპი. მაგალითები ეხმარება მსმენელებს, ჩასწვდნენ შენს ნათქვამს და დაუკავშირონ იმას, რაც უკვე იციან. იესო ქრისტე სწორედ მაგალითებს იყენებდა მთაზე ქადაგებისას, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი. „ცის ფრინველები“, „მინდვრის შროშანები“, „ვიწრო ჭიშკარი“, „კლდოვან ადგილზე აშენებული სახლი“ — ეს მხოლოდ რამდენიმე მაგალითია, რომლებმაც იესოს სწავლება შთამბეჭდავი, ნათელი და დაუვიწყარი გახადა (მათე, თავები 5—7).
ბიბლიური მუხლების პრაქტიკული ღირებულების ჩვენება. ბიბლიური მუხლების ახსნა და მაგალითების მოყვანა ადამიანს ცოდნის შეძენაში ეხმარება, მაგრამ სასურველი შედეგი მხოლოდ ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას მოაქვს. ცხადია, მსმენელზეა დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა ბიბლიიდან მიღებულ ინფორმაციას, მაგრამ, შენი მხრივ, შეგიძლია დაანახვო, როგორ შეუძლია ამის გაკეთება. როდესაც დარწმუნდები, რომ მსმენელს ესმის შენ მიერ განხილული ბიბლიური მუხლი და ხვდება, რატომ იქნა მოყვანილი, კარგად დაანახვე, რა გავლენა უნდა მოახდინოს ამ მუხლმა მის მრწამსსა და ქცევაზე. ახსენი, რა სიკეთე მოაქვს მცდარი შეხედულებებისგან გათავისუფლებას ან არასწორი საქციელის მიტოვებას, რაზეც მოხსენებაშია საუბარი.
როდესაც ფიქრობ იმაზე, თუ როგორ შეიძლება მუხლის პრაქტიკული ღირებულების ჩვენება, გაითვალისწინე, რომ სხვადასხვა კატეგორიის მსმენელი გეყოლება. მათ შორის შეიძლება იყვნენ ახალი დაინტერესებულები, ახალგაზრდები, ასაკოვნები ან სხვადასხვა პრობლემის წინაშე მდგომი ადამიანები. ეცადე, შენი მოხსენება პრაქტიკული და ცხოვრებისეული გახადო. მოერიდე ისეთი რჩევების მიცემას, რომლებიც ისეთ შთაბეჭდილებას შექმნის, თითქოს მხოლოდ რამდენიმე ადამიანი გყავს მხედველობაში.
რა არის დამოკიდებული მომხსენებელზე?
შენი მოხსენებისთვის ზოგი რამ გეგმაში უკვე დადგენილია. მთავარი აზრები წინასწარ განსაზღვრულია, აგრეთვე მითითებულია, რა დრო უნდა დაუთმო თითოეულ ქვესათაურს. დანარჩენი შენზეა დამოკიდებული. თავად შეგიძლია გადაწყვიტო, რომელ დამატებით აზრზე შეჩერდები შედარებით დიდხანს და რომელს ნაკლებ დროს დაუთმობ. არ იფიქრო, რომ ყველა აზრი საგულდაგულოდ უნდა გააშუქო. ასეთ შემთხვევაში აჩქარება მოგიწევს და მსმენელს გადატვირთავ ინფორმაციით. როგორ უნდა განსაზღვრო, თუ რაზე შეჩერდე შედარებით დიდხანს და რა მხოლოდ მოიხსენიო? დაფიქრდი: „რომელი აზრები დამეხმარება მოხსენების ძირითადი აზრის გადაცემაში? განსაკუთრებით რომელი აზრები გამოადგება მსმენელს? გაწყდება თუ არა ლოგიკური კავშირი? ხომ არ შესუსტდება მსჯელობის ლოგიკა რომელიმე მუხლისა და მასთან დაკავშირებული აზრის ამოღებით?“
მოერიდე შეუმოწმებელი ინფორმაციის გამოყენებას და მსმენელს თავს არ მოახვიო საკუთარი აზრები. თავად ღვთის ძე, იესო ქრისტეც კი არ ლაპარაკობდა ‘თავისით’ (იოან. 14:10). გახსოვდეს, რომ ხალხი იეჰოვას მოწმეთა შეხვედრებზე ბიბლიის განხილვის მოსასმენად მოდის. თუ კარგ მომხსენებლად ითვლები, მიზეზი ალბათ ის არის, რომ ყურადღებას საკუთარ თავზე კი არა, ღვთის სიტყვაზე ამახვილებ. სწორედ ამის გამო ფასდება შენი მოხსენებები (ფილ. 1:10, 11).
ახლა, როცა გეგმას „ხორცი შეასხი“ და მზად გაქვს მოხსენება, რომელშიც საფუძვლიანად არჩევ ბიბლიურ მუხლებს, უკვე დროა, გამოსვლისთვის ივარჯიშო. კარგი იქნება, ხმამაღლა წარმოთქვა მოხსენება. მნიშვნელოვანია, რომ გონებაში ნათლად გქონდეს ჩაბეჭდილი თითოეული აზრი. უნდა შეგეძლოს მასალის სულითა და გულით, ცოცხლად და ენთუზიაზმით გადმოცემა. მოხსენების წარმოთქმამდე დაფიქრდი: „რა მიზნის მიღწევა მსურს?“ აგრეთვე ჰკითხე საკუთარ თავს: „გამოკვეთილია მთავარი აზრები? ნამდვილად ბიბლიაზე დავაფუძნე ჩემი მოხსენება? ბუნებრივად უკავშირდება ერთმანეთს მთავარი აზრები? უნერგავს თუ არა ჩემი მოხსენება მსმენელს მადლიერებას იმისათვის, რასაც იეჰოვა აკეთებს? შეესაბამება დასკვნა თემას? დაანახვებს დასკვნა მსმენელს, როგორ მოიქცეს? აღძრავს კონკრეტული მოქმედებისკენ?“ თუ ამ შეკითხვებზე დადებითად უპასუხებ, ნამდვილად შეძლებ ცოდნის სასიკეთოდ გამოყენებას და იეჰოვას განდიდებას (იგავ. 15:2).