ერთგულად განაგრძე ქადაგება
1 მსოფლიოს უმძიმესი პერიოდი დაუდგა. სამოქალაქო კონფლიქტები, ეთნიკურ ნიადაგზე მიმდინარე ომები, სტიქიური უბედურებები და სხვა საზარელი შემთხვევები ჩვეულებრივ მოვლენებად იქცა. დღეს ხალხს განსაკუთრებით სჭირდება სასიხარულო ცნობის მოსმენა. მაგრამ სულიერი საკითხებით იშვიათად თუ არის ვინმე დაინტერესებული. ზოგან შეიძლება რთულია ხალხის ნახვა სახლში; კიდევ უფრო რთულია ისეთი ადამიანების მოძებნა, რომლებიც მოგვისმენენ ან ბიბლიის შესწავლის სურვილს გამოთქვამენ. ასეთ პირობებშიც კი ძალიან მნიშვნელოვანია, ერთგულად განვაგრძოთ სასიხარულო ცნობის ქადაგება ღვთის სამეფოს შესახებ, რომელიც რეალურად მოქმედებს (მათ. 24:14).
2 ხალხის სიყვარული. სამქადაგებლო საქმიანობა იმაზე მეტყველებს, რომ იეჰოვას უყვარს ადამიანები. მას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (2 პეტ. 3:9; ეზეკ. 33:11). ამიტომაც მისი განკარგულებით, როგორც იესომ თქვა, „ჯერ სასიხარულო ცნობა უნდა ექადაგოს ყველა ხალხს“ (მარკ. 13:10). ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს, რომ მიმართონ მას, რათა გადაურჩნენ სატანის ქვეყნიერების მოახლოებულ განადგურებას (იოელ. 2:28, 29, 32; სოფ. 2:2, 3). განა მადლიერნი არა ვართ, რომ იეჰოვა ასეთ შესაძლებლობას გვაძლევს? (1 ტიმ. 1:12, 13).
3 მსოფლიო ანგარიშიდან ჩანს, რომ 2004 სამსახურებრივი წლის განმავლობაში ყოველთვიურად საშუალოდ 6 085 387 ბიბლიის შესწავლა ტარდებოდა და ყოველკვირეულად საშუალოდ დაახლოებით 5 000 ახალი მოწაფე ინათლებოდა! ამ ახალმონათლულთა „მოძებნა“ იმის შედეგად მოხდა, რომ იეჰოვამ აკურთხა მაუწყებელთა ძალისხმევა. ეს მაუწყებლები ერთგულად აგრძელებდნენ ქადაგებას და ცდილობდნენ, რომ თავიანთ უბნებზე ყველასთან ესაუბრათ. კრებებისთვის ასეთ შედეგებს დიდი სიხარული მოაქვს. მართლაც დიდი პატივია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ამ საქმეში ღვთის თანამშრომლად მსახურება! (1 კორ. 3:5, 6, 9).
4 ღვთის სახელის განდიდება. ჩვენ იმიტომ განვაგრძობთ ქადაგებას, რომ სახალხოდ განვადიდოთ იეჰოვა და ყველას წინაშე წმინდავყოთ მისი სახელი (ებრ. 13:15). სატანას „შეცდომაში შეჰყავს მთელი მსოფლიო“ და ხალხს აჯერებს, რომ ღმერთს არ შეუძლია კაცობრიობის პრობლემების გადაჭრა, მისთვის სულერთია ადამიანთა სავალალო მდგომარეობა ან ის, უბრალოდ, არ არსებობს (გამოცხ. 12:9). ქადაგება გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავიცვათ სიმართლე ჩვენი დიდებული ზეციერი მამის შესახებ. ამიტომ განვაგრძოთ მისი სახელის განდიდება დაუსრულებლად (ფსალმ. 145:1, 2).