რას ეტყვი მუსულმანს?
1 გიქადაგია მუსულმანისთვის? თუ დიახ, უკვე გეცოდინება, რომ მუსულმანებს ძლიერ სწამთ ღმერთი. მაგრამ მათ ცოტა რამ თუ იციან იეჰოვას წინასწარმეტყველების მიერ ნაწინასწარმეტყველებ მომავალ სამოთხეზე, რომელიც დედამიწაზე იქნება; ამიტომ გვინდა, გავუზიაროთ მათ ეს იმედი (1 ტიმ. 2:3, 4). შემდეგი ინფორმაცია კარგად ქადაგებაში დაგეხმარება.
2 მუსულმანებს სწამთ ალაჰი, ანუ ღმერთი, და ის, რომ მაჰმადი ღვთის წინასწარმეტყველია. მათი საღვთო წიგნია ყურანი, ხოლო მათს რელიგიას ისლამი ჰქვია, რაც „მორჩილებას“ ნიშნავს. ყურანში ნათქვამია, რომ სიცრუე და კერპთაყვანისმცემლობა არასწორია, რომ ღმერთი ერთია და რომ ის სამების ნაწილი არ არის. ამავე დროს, ყურანი ასწავლის სულის უკვდავებას, ჯოჯოხეთის ცეცხლსა და ზეციერ სამოთხეს. მუსულმანებს ბიბლია ღვთის სიტყვად მიაჩნიათ, მაგრამ თვლიან, რომ ის შეიცვალა, ხოლო ყურანი, რომელიც დღემდე დედნის ენაზეა, უცვლელი დარჩა.
3 მეგობრული და ტაქტიანი იყავი და გამჭრიახობა გამოიჩინე. მუსულმანთან საუბრისას მეგობრული და ტაქტიანი იყავი (იგავ. 25:15). გახსოვდეს, რომ მუსულმანური შეხედულებები მყარად ფესვგადგმულია და მათგან უმეტესობას ზეპირად სწავლობენ. ამგვარად, მათი სულიერი აღზრდა არ ითვალისწინებს რელიგიურ მოძღვრებაზე და ღვთის ნებაზე მსჯელობას (რომ. 12:2). მუსულმანებისთვის დახმარების აღმოსაჩენად ძალიან მნიშვნელოვანია მოთმინება და გაგება (1 კორ. 9:19—23).
4 ერიდე ისეთი გამოთქმების გამოყენებას, რომელთა გამოც მუსულმანი ქრისტიანულ სამყაროსთან გაგაიგივებდა. ნათლად დაანახვე, რომ საერთო არაფერი გაქვს არც კათოლიკურ, არც პროტესტანტულ რელიგიასთან, — რომ განსხვავებული ხარ. ბიბლია ღვთის წიგნად მოიხსენიე. რადგანაც მუსულმანებს არ მოსწონთ გამოთქმა „ღვთის ძე“, ჩვეულებრივ, უმჯობესია, არ გამოიყენო ის ან მანამდე არ განიხილო ეს საკითხი, სანამ ისინი სულიერად წინ არ წაიწევენ. მაგრამ შეგიძლია დაელაპარაკო იესოზე, თუ მას წინასწარმეტყველად ან მაცნედ მოიხსენიებ. ერიდე კამათს. თუ ხედავ, რომ ბრაზდება, დაუყოვნებლივ დატოვე თავაზიანად.
5 უმჯობესია, ერთ კაცს ესაუბრო და არა ჯგუფს. ჩვეულებრივ, გონივრულია, რომ ქალებმა ქალებს უქადაგონ, კაცებმა კი — კაცებს. გასაგებია, არსებობს გამონაკლისები, მაგრამ საჭიროა გამჭრიახობის გამოჩენა. ამასთანავე, ბევრ მუსულმანზე ცუდ შთაბეჭდილებას ტოვებენ ქალები, რომლებსაც, მათი აზრით, მოკრძალებული ჩაცმულობა და გარეგნობა არა აქვთ. დებმა უნდა გაითვალისწინონ ეს (1 კორ. 10:31—33).
6 რაზე უნდა ესაუბრო. დაუფარავად ესაუბრე ღვთის დიდებასა და სიყვარულზე. ნუ მოგერიდება იმის თქმა, რომ ჭეშმარიტი მორწმუნე ხარ, გწამს, რომ ღმერთი ერთია (არა სამება), და კერპთაყვანისმცემლობა არასწორია. ესაუბრე დღეს მსოფლიოში არსებულ ბოროტებაზე — ომებზე, სამოქალაქო უწესრიგობაზე, რასობრივ სიძულვილსა და მრავალი რელიგიის მიმდევრებს შორის აშკარად არსებულ თვალთმაქცობაზე.
7 შესავალში შეგეძლო გეთქვა:
◼ „განსაკუთრებულად ვცდილობ, მუსულმანებს ვესაუბრო. წაკითხული მაქვს თქვენი რელიგიის შესახებ და დარწმუნებული ვარ, რომ მუსულმანებს ერთადერთი ჭეშმარიტი ღვთისა და ყველა მისი წინასწარმეტყველის სწამთ. [ადროვე გიპასუხოს.] მინდა გესაუბროთ უძველეს წინასწარმეტყველებაზე, რომლის თანახმადაც დედამიწა სამოთხედ გადაიქცევა. შემიძლია წაგიკითხოთ წინასწარმეტყველის სიტყვები? [წაუკითხე ესაიას 11:6—9.] ეს წინასწარმეტყველება მახსენებს ციტატას ყურანიდან, რომელიც ამ ტრაქტატშია მოცემული“. ტრაქტატიდან „როგორ ვიპოვოთ სამოთხისკენ მიმავალი გზა“ წაუკითხე მე-2 გვერდის პირველი აბზაცი, სადაც საუბარია იმაზე, რომ მართლები დედამიწას დაიმკვიდრებენ. თუ ინტერესს გამოავლენს, საუბარი განაგრძე იმ აბზაცების განხილვით, რომლებიც მოცემულია ქვესათაურის „ცხოვრება სამოთხეში“ ქვეშ. დაუტოვე ტრაქტატი და იზრუნე განმეორებით მონახულებაზე (სხვა შესავლისთვის იხილე 1998 წლის თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურება“, გვერდი 6, აბზაცი 27).
8 სპეციალურად მუსულმანებისთვის მომზადებული სხვა პუბლიკაციებია: ტრაქტატი „ბედი მართავს ჩვენს ცხოვრებას — თუ ჩვენ გვთვლის ღმერთი პასუხისმგებლად?“ (T-71), „უდიდესი სახელი“ (T-72), „ვინ არიან იეჰოვას მოწმეები?“ (T-73), „ჯოჯოხეთის ცეცხლი — არის თუ არა ის ღვთიური მართლმსაჯულების ნაწილი?“ (T-74) და ბროშურა „ჟამი ღვთისადმი ჭეშმარიტი მორჩილებისა“. როდესაც ვინმეს ბროშურა „მორჩილების“ განხილვას სთავაზობ, უმჯობესია მას განხილვა უწოდო და არა ბიბლიის შესწავლა. ბროშურის ბოლომდე გავლის შემდეგ შემსწავლელი, ფაქტიურად, მზად უნდა იყოს, რომ შეისწავლოს ბროშურა „რას მოითხოვს“ ან წიგნი „შემეცნება“.
9 ყოველივე ამის ცოდნა, თუ რა სწამთ მუსულმანებს და რა არ მოსწონთ, დაგვეხმარება გამჭრიახები ვიყოთ მუსულმანებისთვის შესათავაზებელი ლიტერატურის შერჩევაში და იმაში, როგორ ვუქადაგოთ. დაე იეჰოვამ კვლავაც აკურთხოს ჩვენი მცდელობები — ყველას დავეხმაროთ, რომ მოუხმონ მის სახელს და გადარჩნენ (საქ. 2:21).