მიჰბაძე ქრისტეს მსახურებაში
1 იესომ მსახურების მაგალითი დაგვიტოვა. მან მრავალგზის და მრავალი სახით გამოავლინა ღვთისა და ხალხისადმი სიყვარული. ის ჭეშმარიტებას ასწავლიდა თვინიერ ხალხს და სიკეთეს უკეთებდა უძლურებსა და დაჩაგრულებს (მათ. 9:35).
2 იესოს მაგალითი და სწავლებები: იესოს ყურადღება მსახურებიდან სხვა რამეზე არ გადაუტანია, მაგალითად, ის არ ჩარეულა პოლიტიკურ საქმეებში და არც ჰუმანიტარული საქმიანობით ყოფილა დაკავებული, რათა საზოგადოების მდგომარეობა გაეუმჯობესებინა. მან არც ის დაუშვა, რომ სხვა, თუნდაც კარგი აღძვრებიდან გამომდინარე მიზნებს, მისი უმთავრესი საქმიანობა მეორეხარისხოვანი გაეხადა (ლუკ. 8:1). ძირითადი ყურადღება მას გადატანილი ჰქონდა ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის ქადაგებაზე, სამეფოსი, რომელიც კაცობრიობის პრობლემების გადაჭრის ერთადერთი საშუალებაა. იესოს დიდი საქმე ჰქონდა შესასრულებელი, დრო კი — ცოტა. როდესაც კაპერნაუმის მცხოვრებლებმა იესოს იქ დარჩენა სთხოვეს, მან თავის მოწაფეებს უთხრა: „წავიდეთ სადმე სხვაგან . . . რომ იქაც ვიქადაგო, რადგან ამისთვის ვარ მოსული“ (მარ. 1:38).
3 იესომ თავისი მოწაფეები საქადაგებლად მოამზადა; ვიდრე გაგზავნიდა, მათ განსაკუთრებული მითითებები მისცა: «იარეთ და იქადაგეთ: „მოახლოვდა ზეციერი სამეფო“» (მათ. 10:7). თავის მიმდევრებს მან ასწავლა, რომ სამეფოს ინტერესებს მათ ცხოვრებაში პირველი ადგილი უნდა დაეკავებინა (მათ. 6:33). იესოს შემდეგი სიტყვები, რომლებიც მან ზეცად ამაღლებამდე მოწაფეებს უთხრა, კიდევ ერთხელ გვიჩვენებს, თუ რა უნდა ეკეთებინათ მათ; იესომ თქვა: „ამიტომ წადით და მოწაფეებად მოამზადეთ ხალხი ყველა ერიდან“ (მათ. 28:19).
4 სამეფო მნიშვნელოვანი თემაა: იესოს საუბრის მთავარი თემა ღვთის სამეფო იყო და ის მოწაფეებსაც მოუწოდებდა, რომ მისთვის მიებაძათ. ადამიანთა ძალისხმევა, რომელიც კაცობრიობის პრობლემების გადასაჭრელადაა მიმართული, სასურველ შედეგს ვერ მიაღწევს (იერ. 10:23). მხოლოდ ღვთის სამეფო განწმენდს ღმერთის სახელს და მარადიულ შვებას მოუტანს კაცობრიობას (მათ. 6:9, 10). როდესაც სამეფოს შესახებ ჭეშმარიტებას ვასწავლით ადამიანებს, „რომლებიც ოხრავენ და კვნესიან მთელი იმ სისაძაგლის გამო, რაც . . . ხდება“, ეს ეხმარება მათ, იყვნენ ბედნიერები, ახლავე ჰქონდეთ კმაყოფილებით სავსე ცხოვრება და მტკიცედ ჩაეჭიდონ მომავლის უტყუარ იმედს (ეზეკ. 9:4).
5 იესო ახლაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს ღვთის სამეფოს შესახებ სასიხარულო ცნობის გაცხადებაში და ჩვენც აღგვითქვამს მხარდაჭერას (მათ. 28:20). რამდენად ვბაძავთ იესოს მსახურებაში? (1 პეტ. 2:21). მოდი ამ ბოლო დღეებში, ამ გადამწყვეტ დროში, ძალ-ღონე არ დავიშუროთ, რათა მაქსიმალურად მივბაძოთ იესოს მსახურებაში!