„ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“
იესოს სიკვდილის გახსენების საღამო აღინიშნება 2 აპრილს
1. რატომ არის 2007 წლის 2 აპრილი მნიშვნელოვანი დღე?
1 2007 წლის 2 აპრილს მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანი შეიკრიბება, რათა აღნიშნონ საღამო, რომელზეც იესოს მიერ მსხვერპლად გაღებულ სიცოცხლეზე გამახვილდება ყურადღება. იესომ თავისი სიკვდილით მხარი დაუჭირა ზეციერი მამის უზენაესობას და დაამტკიცა, რომ სატანა ეშმაკი, რომელიც აცხადებდა, რომ ადამიანები მხოლოდ ეგოისტური მიზნებით ემსახურებიან ღმერთს, მატყუარაა (იობ. 2:1—5). უფლის გახსენების საღამო აგრეთვე შეგვახსენებს, რომ იესომ თავისი სრულყოფილი, უცოდველი სიცოცხლე „მრავალთა გამოსასყიდად“ გაიღო (მათ. 20:28). ამიტომ, იესომ თავის მოწაფეებს დაავალა: „ეს აკეთეთ ჩემ გასახსენებლად“ (ლუკ. 22:19). განა ღვთის მიერ გაღებული უძვირფასესი ძღვენისადმი მადლიერება არ აღგძრავთ, მონაწილეობა მიიღოთ გახსენების საღამოს აღნიშვნაში, რაც ღმერთის მიერ გამოვლენილი უდიდესი სიყვარულის დადასტურებაა? (იოან. 3:16).
2. როგორ შეგვიძლია განვაწყოთ გული გახსენების საღამოს აღნიშვნისთვის?
2 განაწყვე გული: თუ დავფიქრდებით იმაზე, რაც დედამიწაზე ყოფნის ბოლო დღეებში იესოს გადახდა, გულს გახსენების საღამოს აღნიშვნისთვის განვაწყობთ (ეზრ. 7:10). ამაში დაგვეხმარება ბიბლიის კითხვის სპეციალური გეგმა, რომელიც მოცემულია „2007 წლის კალენდარში“ და ბროშურაში „წმინდა წერილების ყოველდღიური განხილვა — 2007“. აღნიშნულ პუბლიკაციებში მოცემული გეგმა, დღევანდელი კალენდრის მიხედვით, აღწერს იესოს სიკვდილის წინა დღეებში მომხდარ მოვლენებს. დღეები და თარიღები, რომლებიც უკავშირდება ბიბლიაში აღწერილ მოვლენებს, დაფუძნებულია ებრაულ კალენდარზე. ეს მოვლენები ვითარდებოდა მზის ჩასვლიდან მზის ჩასვლამდე. გახსენების საღამოსთვის განკუთვნილი ბიბლიის კითხვის გეგმა ამის გათვალისწინებით არის შედგენილი. ამ მონაკვეთების კითხვა, ლოცვა და იმაზე ფიქრი, თუ როგორ ვუყვარვართ ღმერთს, დაგვეხმარება სრული სარგებლობა მივიღოთ გახსენების საღამოდან.
3. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ დაინტერესებულებსა და არააქტიურებს, რომ სარგებლობა მიიღონ გახსენების საღამოდან?
3 მოიწვიე სხვები: თებერვლის „ჩვენი სამეფო მსახურების“ დანართში აღნიშნული იყო, რომ გახსენების საღამოზე ხალხის მოსაწვევად ჩატარდებოდა სპეციალური კამპანია. უკვე დაგეგმე, რომ სრულად მიიღო მონაწილეობა ამ კამპანიაში? უკვე შეადგინე მათი სია, ვის მოწვევასაც აპირებ გახსენების საღამოზე და დაიწყე მათი მოწვევა? შეეცადე, გახსენების საღამოზე ადრე მიხვიდე, რათა დახვდე შენ მიერ მოწვეულ თუ სხვა დაინტერესებულ ადამიანებს. შეიძლება მათ გვერდით დაჯდომა არჩიო. კარგი იქნება, თუ წინასწარ გეცოდინება, აქვთ თუ არა მათ ბიბლია და სიმღერების წიგნი. დაინტერესებულები კრების წევრებს გააცანი. პროგრამის შემდეგ მზად იყავი უპასუხო მათ შეკითხვებს. მოიწვიე ისინი სპეციალურ საჯარო მოხსენებაზე, რომელიც 15 აპრილს წარმოითქმება. უხუცესებს განსაკუთრებული ყურადღება ესაჭიროებათ, რათა ყველა არააქტიურმა მიიღოს გახსენების საღამოსა და სპეციალური საჯარო მოხსენების მოსაწვევი.
4. როგორ შეგვიძლია გახსენების საღამოს შემდეგ დავეხმაროთ დაინტერესებულებსა და არააქტიურებს სულიერ წინსვლაში?
4 დაეხმარე დაინტერესებულებსა და არააქტიურებს სულიერ ზრდაში: ძმა, რომელიც გახსენების საღამოზე წარმოთქვამს მოხსენებას, მოკლედ აღნიშნავს, რომ ყველა მსურველს ბიბლიის შესწავლას ვთავაზობთ და დაინტერესებულებს მოუწოდებს, განაგრძონ იეჰოვას შესახებ ცოდნის მიღება. მომხსენებლის ეს სიტყვები შეგიძლია გამოიყენო იმისთვის, რომ შენ მიერ მოწვეულ დაინტერესებულებს სულიერ ზრდაში დაეხმარო. თუ ისინი არ სწავლობენ ბიბლიას, გახსენების საღამოს შემდეგ რაც შეიძლება მალე მოინახულე ისინი და აჩვენე, როგორ ტარდება ბიბლიის უფასო შესწავლა. სულიერად წინ რომ წაიწიონ, მათ კრების შეხვედრებზეც უნდა იარონ (ებრ. 10:24, 25). აღძარი ისინი, რომ რეგულარულად დაიწყონ კრების შეხვედრებზე სიარული. უხუცესები მიაკითხავენ იმ არააქტიურ ქრისტიანებს, რომლებიც გახსენების საღამოს დაესწრნენ და მათთან ერთად იმსჯელებენ მოხსენებაში მოცემულ აზრებზე. ამან შეიძლება აღძრას არააქტიურები, რომ კვლავაც აქტიურად ჩაებან კრების საქმეებში.
5. რატომ არის ჩვენთვის სასარგებლო გახსენების საღამოს აღნიშვნა?
5 გახსენების საღამოს აღნიშვნა შესაძლებლობას გვაძლევს, სერიოზულად დავფიქრდეთ იმაზე, რაც იეჰოვამ და იესომ ჩვენთვის გააკეთეს. ამაზე ფიქრი გაგვიღრმავებს მათდამი სიყვარულს და გავლენას მოახდენს ჩვენს მოქმედებებზე (2 კორ. 5:14, 15; 1 იოან. 4:11). ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის, რომლის დროსაც ‘ვაუწყებთ უფლის სიკვდილს’, ახლავე უნდა დავიწყოთ მომზადება და დაინტერესებულებსაც უნდა დავეხმაროთ, იგივე გააკეთონ (1 კორ. 11:26).