„დაუკვირდით, როგორ ისმენთ“
მოსმენა დიდ როლს ასრულებს სწავლისას. მას სასიცოცხლო მნიშვნელობაც კი აქვს. ეგვიპტის ტყვეობიდან თავისი ხალხის გათავისუფლებამდე იეჰოვამ მითითებები მისცა მოსეს, რომელმაც, თავის მხრივ, ისრაელის უხუცესებს გადასცა, თუ რა უნდა გაეკეთებინათ შემმუსვრელი ანგელოზისგან თავიანთ პირმშოთა დასაცავად (გამ. 12:21—23). უხუცესებმა კი ეს თითოეულ ოჯახს სიტყვიერად გადასცეს, ამიტომაც ხალხისგან ყურადღებიანობა მოითხოვებოდა. როგორ მოიქცნენ ისინი, როდესაც იეჰოვას მითითებები მოისმინეს? ბიბლიაში ნათქვამია: „ისრაელის ძეთაგან ყველამ ზუსტად ისე გააკეთა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნაბრძანები მოსესა და აარონისთვის. ზუსტად ისე გააკეთეს“ (გამ. 12:28, 50, 51). ამის წყალობით ისრაელები სასწაულებრივად გადარჩნენ.
დღეს იეჰოვა უფრო მნიშვნელოვანი ხსნისთვის გვამზადებს. ამიტომაც, ცხადია, დიდი ყურადღება უნდა მივაქციოთ მის მითითებებს, რომელთაც კრების შეხვედრებზე ვიღებთ. ცდილობ თუ არა შეხვედრებიდან რაც შეიძლება მეტი სარგებლობის მიღებას? ბევრია დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ ისმენ.
იმახსოვრებ შეხვედრებზე განხილულ ძირითად აზრებს? ჩვევად გაქვს თუ არა ცხოვრებაში მათი გამოყენება და სხვებისთვის გაზიარება?
განაწყვე გული
ქრისტიანულ შეხვედრებზე მოცემული მითითებების ბოლომდე შესათვისებლად გულის მომზადებაა საჭირო. ამის აუცილებლობას იუდაში იეჰოშაფატის მეფობის პერიოდიდანაც ვხედავთ. იეჰოშაფატმა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის განმტკიცებისთვის დაიწყო ბრძოლა. მან „მოსპო იუდაში მაღლობები და წმინდა ბოძები“ და მთავრებს, ლევიანებსა და მღვდლებს დაავალა, რომ იუდას ქალაქებში ხალხისთვის იეჰოვას კანონი ესწავლებინათ. მიუხედავად ამისა, „მაღლობები არ გაუუქმებია“ (2 მატ. 17:6—9; 20:33). ცრუღმერთების მსახურება და წარმართულ მაღლობებზე იეჰოვასადმი დამახინჯებული თაყვანისცემა ხალხს იმდენად ჰქონდა გამჯდარი ძვალსა და რბილში, რომ მისი აღმოფხვრა ჯერ კიდევ ვერ ხერხდებოდა.
რატომ ვერ გამოიღო სასურველი შედეგი იეჰოშაფატის მცდელობამ? ბიბლიაში ნათქვამია: „ხალხსაც გული არ ჰქონდა განწყობილი თავიანთი მამა-პაპის ღვთის საძებნელად“. ისინი ისმენდნენ, მაგრამ შესაბამისად არ იქცეოდნენ. შეიძლება ფიქრობდნენ, რომ მოუხერხებელი იყო მსხვერპლის შესაწირავად იერუსალიმის ტაძარში წასვლა. ნებისმიერ შემთხვევაში, მათ გულებს რწმენა არ ამოძრავებდა.
სატანის ქვეყნიერებამ რომ არ გაგვიტაცოს, გული სწორად უნდა განვაწყოთ იმ მითითებების მისაღებად, რომლებსაც დღეს იეჰოვა გვაწვდის. როგორ? ერთ-ერთი საშუალება ლოცვაა. უნდა ვილოცოთ, რომ ღვთის მითითებები მადლიერებით მივიღოთ (ფსალმ. 27:4; 95:2). ეს დაგვეხმარება, დავაფასოთ იმ ძმების ძალისხმევა, რომლებიც, მიუხედავად თავიანთი არასრულყოფილებისა, მზად არიან, რომ იეჰოვამ თავისი ხალხის დასამოძღვრავად გამოიყენოს. ეს აღგვძრავს, რომ იეჰოვას მადლიერნი ვიყოთ არა მხოლოდ ახალი საკითხების გაგების გამო, არამედ იმისთვისაც, რომ გვეძლევა უკვე კარგად ნაცნობი საკითხების უფრო მეტად დაფასების შესაძლებლობა. თუ ღვთის სიტყვის მაქსიმალურად შესრულების სურვილი გვექნება, ჩვენც ასე ვილოცებთ: „მასწავლე შენი გზა, იეჰოვა . . . მთლიანი გული მომეცი, რომ მეშინოდეს შენი სახელის“ (ფსალმ. 86:11).
გაამახვილე ყურადღება
მრავალი რამ გვიშლის ხელს ყურადღებით მოსმენაში. გონებაში შეიძლება ათას საზრუნავზე გვიტრიალებდეს ფიქრები. სხვების მოძრაობამ ან ხმაურმაც შეიძლება გაგვიფანტოს ყურადღება. ან, შესაძლებელია, თავს ცუდად ვგრძნობდეთ და გვიჭირდეს გონების მოკრება. მშობლებს შვილებისთვისაც უწევთ ყურადღების მიქცევა. რა დაგვეხმარება პროგრამაზე ყურადღების გამახვილებაში?
დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, თუ რას ვუყურებთ. ეცადე, მომხსენებლისკენ გქონდეს მზერა მიპყრობილი იმისათვის, რომ გულდასმით ისმინო. როდესაც მას ბიბლიური მუხლი მოჰყავს, შენს ბიბლიაში მოძებნე და თვალი ადევნე ტექსტს იმ შემთხვევაშიც კი, თუ ეს ტექსტი შენთვის ისედაც კარგად არის ცნობილი. ეცადე, არ მიმოიხედო ნებისმიერი ხმაურისა და მოძრაობის დროს. თუ მზერას ისეთ რამეს მიაპყრობ, რაც გონებას გაგიფანტავს, კარგად ვეღარ მოისმენ სცენიდან მოწოდებულ ინფორმაციას.
თუ „მშფოთვარე ფიქრების“ გამო გიჭირს პროგრამის მოსმენა, იეჰოვას ლოცვაში სთხოვე გონებისა და გულის სიმშვიდე, რაც ყურადღების მოკრებაში დაგეხმარება (ფსალმ. 94:19; ფილ. 4:6, 7). თუ საჭიროა, არაერთხელ ილოცე (მათ. 7:7, 8). ჩვენ კრების შეხვედრები იეჰოვა მზრუნველობის წყალობით გვაქვს. დარწმუნებული იყავი, რომ მას სურს, ეს შეხვედრები სასარგებლო იყოს შენთვის (1 იოან. 5:14, 15).
მოხსენებების მოსმენა
ალბათ, გაიხსენებდი საინტერესო აზრებს, რომლებიც მოხსენებებით მოისმინე. მაგრამ მოხსენების მოსმენა საინტერესო აზრების დამახსოვრებაზე მეტს ნიშნავს. მოხსენება შეიძლება მგზავრობას შევადაროთ. გზაზე შეიძლება ბევრი საინტერესო რამ შეგვხვდეს, მაგრამ მთავარი მაინც მიზანია, ანუ ის, თუ საით გვაქვს გეზი აღებული. ასევე, შესაძლოა, მომხსენებელიც ცდილობს, გარკვეულ დასკვნამდე მიიყვანოს ან რაღაცისკენ აღძრას მსმენელი.
დავფიქრდეთ, როგორ მიმართა იესო ნავეს ძემ ისრაელ ერს, რის შესახებაც იესო ნავეს ძის 24:1—15-ში ვკითხულობთ. მისი მიზანი იყო, ხალხი აღეძრა, რომ მტკიცედ მდგარიყვნენ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობის მხარეს და სრულიად მიეტოვებინათ კერპთაყვანისმცემლობა, რომელშიც მეზობელი ერები იყვნენ ჩაბმული. რატომ იყო ეს მნიშვნელოვანი? ცრუ თაყვანისმცემლობის გავრცელება სერიოზულ საფრთხეს უქმნიდა იეჰოვასთან ისრაელი ერის ურთიერთობას. ხალხი იესო ნავეს ძის მოწოდებას შემდეგი სიტყვებით გამოეხმაურა: „როგორ მივატოვოთ იეჰოვა და სხვა ღმერთებს ვემსახუროთ . . . ჩვენც იეჰოვას ვემსახურებით“. ისინი ასეც მოიქცნენ! (იესო 24:16, 18, 31).
მოხსენების მოსმენისას ეცადე, ჩასწვდე მის მიზანს. დააკვირდი, როგორ ვითარდება აზრები, რომელთა საშუალებითაც მომხსენებელს ამ მიზნამდე მივყავართ. დაუფიქრდი იმას, თუ პირადად შენ როგორ გეხება მოცემული ინფორმაცია.
მოსმენა განხილვების დროს
„საგუშაგო კოშკის“ შესწავლის, წიგნის შესწავლის და, ზოგ შემთხვევაში, სამსახურებრივი შეხვედრის დროს ბიბლიაზე დაფუძნებული მასალა კითხვა-პასუხების საშუალებით განიხილება.
განხილვები, გარკვეულწილად, საუბარს ჰგავს. ყურადღებით იყავი, რომ შეძლო სრული სარგებლობის მიღება. დაუკვირდი, როგორ ვითარდება განხილვა, როგორ ამახვილებს ყურადღებას ჩამტარებელი თემასა და მთავარ აზრებზე. გონებაში უპასუხე მის შეკითხვებს. უსმინე, როდესაც სხვები განმარტავენ და განიხილავენ იმას, თუ რამდენად პრაქტიკულია მასალა. სხვისმა თვალსაზრისმა შეიძლება ნაცნობი საკითხი სრულიად სხვაგვარად დაგანახვოს. ეცადე, შენც გამოხატო შენი რწმენა და მონაწილეობა მიიღო აზრთა ურთიერთგაზიარებაში (რომ. 1:12).
მასალის წინასწარი შესწავლა დაგეხმარება, ჩაერთო განხილვაში და უკეთესად მოუსმინო სხვების კომენტარებს. თუ მდგომარეობა მასალის გულდასმით შესწავლის შესაძლებლობას არ გაძლევს, რამდენიმე წუთი მაინც გამოყავი იმისათვის, რომ შეხვედრამდე გადახედო მას. ამგვარად, განხილვა უფრო სასარგებლო იქნება შენთვის.
კონგრესებზე მოსმენა
კონგრესებზე, ალბათ, უფრო ბევრი რამ გვიშლის ხელს მოსმენაში, ვიდრე კრების შეხვედრებზე. რა შეიძლება დაგვეხმაროს ამ მხრივ?
მნიშვნელოვანია ღამით კარგად გამოძინება. ყოველი დღის პროგრამის დაწყებამდე ყურადღება მიაქციე დღის თემას. წაიკითხე თითოეული მოხსენების სათაური და ეცადე, წინასწარ იფიქრო, თუ რა შეიძლება იყოს წარმოდგენილი. გამოიყენე ბიბლია. ბევრს მთავარი აზრების მოკლედ ჩაწერა ეხმარება პროგრამის ყურადღებით მოსმენაში. ჩაინიშნე ის მითითებები, რომელთა გამოყენებასაც პირად ცხოვრებასა და მსახურებაში აპირებ. გზაში, როცა კონგრესზე მიდიხარ ან შინ ბრუნდები, ესაუბრე ვინმეს იქ განხილულ რამდენიმე საკითხზე. ეს დამახსოვრებაში დაგეხმარება.
ბავშვებსაც ასწავლე მოსმენა
ქრისტიან მშობლებს შეუძლიათ ‘გადასარჩენად დაბრძენებაში’ დაეხმარონ შვილებს, ძალზე პატარებსაც კი, თუ მათ კრების შეხვედრებსა და კონგრესებზე ატარებენ (2 ტიმ. 3:15). ყველა ბავშვს განსხვავებული ხასიათი და მოსმენის უნარი აქვს, ამიტომაც გონივრული მიდგომაა საჭირო იმისათვის, რომ ბავშვმა ყურადღებით მოსმენა ისწავლოს. შეიძლება გამოგადგეს ქვემოთ მოცემული რჩევები.
პერიოდულად დრო გამოყავი იმისათვის, რომ ბავშვები სახლში წყნარად დასხა, რათა იკითხონ ან ბიბლიური პუბლიკაციების ილუსტრაციები დაათვალიერონ. კრების შეხვედრებზე ნუ გაართობ მათ სათამაშოებით. როგორც ძველ ისრაელში ხდებოდა, ბავშვები დღესაც იმისათვის უნდა მოვიდნენ შეხვედრებზე, რომ „მოისმინონ და ისწავლონ“ (კან. 31:12). ზოგჯერ მშობლები საჭიროდ თვლიან, პატარებსაც მისცენ განსახილველი პუბლიკაციის პირადი ეგზემპლარი. როდესაც წამოიზრდებიან, დაეხმარე, მონაწილეობა მიიღონ კითხვა-პასუხიან განხილვებში.
წმინდა წერილები ცხადყოფს, რომ იეჰოვას სიტყვების მოსმენასა და მისადმი მორჩილებას შორის მჭიდრო კავშირი არსებობს. ეს ჩანს მოსეს სიტყვებიდანაც, რომლებითაც ისრაელ ერს მიმართა: „სიცოცხლე და სიკვდილი დაგიდე წინ, კურთხევა და წყევლა; აირჩიე სიცოცხლე და იცოცხლებთ . . . თუ გეყვარება იეჰოვა, შენი ღმერთი, მოუსმენ მის ხმას და მიეკვრები მას“ (კან. 30:19, 20). დღეს ნამდვილად მნიშვნელოვანია იეჰოვას მითითებების მოსმენა და ცხოვრებაში გამოყენება იმისათვის, რომ ღვთის კეთილგანწყობა მოვიპოვოთ და მარადიული სიცოცხლით ვიყოთ კურთხეული. მაშ, რამდენად მნიშვნელოვანია, ყურად ვიღოთ იესოს შეგონება: „დაუკვირდით, როგორ ისმენთ“ (ლუკ. 8:18).