‘მოვისმინოთ და სიბრძნე შევიმატოთ’
1 წიგნი „იგავნი“ აღგვიწერს სიბრძნეს, რომელიც მოგვიწოდებს: „მისმინეთ, რადგან საგულისხმოს ვიტყვი. სიმართლის სათქმელად გაიხსნება ჩემი ბაგეები; ჩემია თათბირი და საღი აზრი. . . მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ! ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს“ (იგავ. 8:6, 14, 32, 35). ეს სიტყვები კარგად აღწერს იმ დასწავლებას, რომელიც საოლქო კონგრესზე, სახელწოდებით „ღვთის სიტყვის მასწავლებლები“ მოგველის.
2 მხედველობაში იქნა მიღებული მსოფლიო საძმოს საჭიროებები და კონგრესის პროგრამაც ამის მიხედვით მომზადდა. თუ გამოვიყენებთ, კონგრესზე გადმოცემულ სულიერ დამოძღვრასა და პრაქტიკულ რჩევებს შეუძლია დაგვეხმაროს ბედნიერების მიღწევაში, იეჰოვასთან კარგი ურთიერთობის შენარჩუნებასა და მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვან გზაზე დარჩენაში. უდავოდ, კარგი მიზეზი გვაქვს იმისათვის, რომ ‘გავიგონოთ და სიბრძნე შეგვემატოს’ (იგავ. 1:5).
3 პროგრამის დაწყებამდე. პროგრამიდან სრული სარგებლობა რომ მივიღოთ, პროგრამის დაწყებისთვის ჩვენს ადგილებზე უნდა ვისხდეთ და მოსასმენად უნდა ვიყოთ განწყობილი. ეს კი ჩვენი მხრიდან კარგ პირად ორგანიზებულობას მოითხოვს. ამისთვის კი წინასწარი მომზადებაა საჭირო. ეცადე, წინა დღეს ადრე დაწვე დასაძინებლად. დილას ადრე ადექი, რომ ყველას, ვინც შენთან ერთად არის, მომზადებისა და ჭამის საშუალება მისცე. ადრევე მიდი კონგრესზე, რათა პროგრამის დაწყებამდე მოძებნო დასაჯდომი ადგილი და იზრუნო სხვა საჭიროებებზე. კარები დილის 8.00-ზე გაიღება, პროგრამა კი სამივე დღეს დილის 9.30-ზე დაიწყება.
4 რადგან შეკრების მთავარი მიზანი „საკრებულოებში“ იეჰოვას განდიდებაა, პროგრამის ყოველი ნაწილი ჩვენი ღმერთის განმადიდებელი სახით უნდა დაიწყოს (ფსალმ. 25:12). ამიტომ ყველას მოვუწოდებთ პირველი სიმღერის გამოცხადებამდე თავის ადგილებზე იყვნენ. ეს შეესაბამება საღვთო წერილში მოცემულ იმ გაფრთხილებას, რომ „ყველაფერი შესაფერისად და წესიერად ხდებოდეს“ (1 კორ. 14:40). რას ნიშნავს ეს თითოეული ჩვენგანისთვის? როდესაც ხედავ, რომ კონგრესის თავმჯდომარე სცენაზე ზის მუსიკალური შესავლის დროს, მალევე დაიკავე შენი ადგილი. ეს საშუალებას მოგცემს, მთელი გულით მიიღო მონაწილეობა სიმღერის შესრულებაში, რომლითაც პროგრამის ყოველი ნაწილი დაიწყება, და იეჰოვასათვის ქება-დიდების აღვლენაში (ფსალმ. 149:1).
5 პროგრამის მსვლელობის დროს. ეზრამ „განუმზადა გული თჳისი, რათა მოიძიოს სჯული უფლისა, და რათა ქმნას“ (1 ეზრ. 7:10, ძვო). როგორ შეგვიძლია გული განვამზადოთ იეჰოვასგან ხელმძღვანელობის მისაღებად? როდესაც თვალს გადაავლებ დაბეჭდილ პროგრამაში მოხსენებების სათაურებს, ჰკითხე საკუთარ თავს: რის თქმა სურს იეჰოვას ჩემთვის ამ პროგრამით? როგორ შემიძლია ეს ინფორმაცია ჩემი და ჩემი ოჯახის სასარგებლოდ გამოვიყენო? (ეს. 30:21; ეფეს. 5:17). ეს კითხვები მთელი კონგრესის განმავლობაში დაუსვი საკუთარ თავს. ჩაიწერე ის აზრები, რომელთა გამოყენებასაც აპირებ. დრო გამოუყავი მათ განხილვას ყოველი დღის პროგრამის დასასრულს. ეს დაგეხმარება, რომ დაიმახსოვრო და გამოიყენო ეს ინფორმაცია.
6 რამდენიმე საათის განმავლობაში ყურადღების კონცენტრირება იოლი როდია. რა დაგვეხმარება, რომ ყურადღება არ მოვადუნოთ? დიდი მნიშვნელობა ენიჭება თვალს. უმეტესწილად, რასაც ვუყურებთ, იმაზე ვამახვილებთ ყურადღებას (მათ. 6:22). ამიტომ ეცადე, ყურადღება არ მიაქციო ყოველგვარ ხმაურსა და მოძრაობას. მზერა მომხსენებელზე შეაჩერე. შენს ბიბლიაში მოძებნე მუხლები, როცა მათ კითხულობენ საღვთო წერილიდან და გადაშლილი გქონდეს ბიბლია, როდესაც რომელიმე მუხლი განიხილება.
7 ქრისტიანულმა სიყვარულმა უნდა აღგვძრას, რომ პროგრამის მსვლელობისას ხელი არ შევუშალოთ სხვებს (1 კორ. 13:5). ეს არის ‘დუმილისა’ და მოსმენის დრო (ეკლ. 3:7). ამიტომაც, მოერიდე ზედმეტ საუბარსა და მოძრაობებს. წინასწარ იზრუნე იმაზე, რომ პროგრამის დროს არ მოგიწიოს საპირფარეშოში სიარული. თუ ეს ცუდი ჯანმრთელობით არ არის განპირობებული, ნუ დაიწყებ ჭამას ან სმას დადგენილ დრომდე. მათ, ვისაც მობილური ტელეფონები, პეიჯერები, ვიდეოკამერები და ფოტოაპარატები აქვთ, ისე უნდა გამოიყენონ ისინი, რომ არ შეუშალონ სხვებს ხელი. მშობლებმა ყველა ღონე უნდა იხმარონ, რომ მთელი ოჯახი, მოზარდების ჩათვლით, ერთად დასხდეს, რათა თვალყური სათანადოდ ადევნონ თავიანთ ბავშვებს (იგავ. 29:15).
8 გასულ წელს უხუცესმა, რომელიც მრავალი ათწლეულია, რაც კონგრესებს ესწრება, აღნიშნა: „ვფიქრობ, რომ ეს კონგრესი ერთი მიზეზითაც იყო გამორჩეული. თითქმის მთელი აუდიტორია ჩანაწერებს აკეთებდა, მათ შორის — პატარა ბავშვებიც. სასიამოვნო იყო ამის დანახვა. ყველა კარგად იყენებდა ბიბლიას, როდესაც მომხსენებელი სთხოვდა გარკვეულ ადგილებზე მის გადაშლას“. მსგავსი ყურადღებიანობა ნამდვილად საქებარია. ამას არა მარტო სარგებლობა მოაქვს ჩვენთვის და კონგრესის სხვა დელეგატებისთვის, არამედ, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, განადიდებს ჩვენს დიდებულ მოძღვარს, იეჰოვა ღმერთს (ეს. 30:20).