გავამხნეოთ ერთმანეთი
1. რა განსაკუთრებული შესაძლებლობა გვეძლევა მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულებისას?
1 პავლე მოციქულმა რომის კრებას მისწერა: „ძალიან მსურს თქვენი ნახვა, რათა გიწილადოთ სულიერი ძღვენი თქვენს განსამტკიცებლად, უფრო სწორად, რათა გავამხნეოთ ერთმანეთი ჩვენ-ჩვენი რწმენით“ (რომ. 1:11, 12). დღეს მიმომსვლელი ზედამხედველების მონახულება ჩვენც გვაძლევს შესაძლებლობას, რომ გავამხნეოთ ერთმანეთი.
2. რატომ ცხადდება სარაიონო ზედამხედველის მონახულება წინასწარ?
2 კრება: სარაიონო ზედამხედველის მონახულების შესახებ განცხადება კრებაში ჩვეულებრივ სამი თვით ადრე კეთდება. ეს საკმარისი დროა იმისთვის, რომ ცვლილებები შევიტანოთ ჩვენს გეგმაში, რათა სრულად ვისარგებლოთ მონახულებით (ეფეს. 5:15, 16). თუ მონახულების კვირაში მუშაობა გიწევს, სთხოვე სამუშაოზე, რომ იქნებ იმ დროისთვის გაგათავისუფლონ, რათა მთელი კვირა შეძლო მსახურებაში მონაწილეობის მიღება. ზოგი იმ თვეში, როდესაც სარაიონო ზედამხედველი ინახულებს კრებას, დამხმარე პიონერად მსახურობს. თუ სადმე წასვლას აპირებდი, მაგრამ იმ პერიოდში კრებაში მონახულება ემთხვევა, ხომ არ შეცვლიდი გეგმებს, რომ იმ კვირაში კრებასთან გეთანამშრომლა?
3. რა შეგვიძლია გავაკეთოთ თითოეულმა ჩვენგანმა მონახულების დროს, რომ გავმხნევდეთ?
3 სარაიონო ზედამხედველის მონახულების ძირითადი მიზანი ის არის, რომ თითოეული გავმხნევდეთ და უფრო გავიწაფოთ მსახურებაში. შეგიძლია ითანამშრომლო მსახურებაში სარაიონო ზედამხედველთან ან მის ცოლთან, თუ ის დაქორწინებულია? სარაიონო ზედამხედველი სიამოვნებით თანამშრომლობს სხვადასხვა მაუწყებელთან, მათ შორის შედარებით გამოუცდელებთან თუ ნაკლებად დახელოვნებულებთან. ყველას შეგვიძლია ვისწავლოთ მისგან, როცა ის მსახურებაში შეთავაზებას აკეთებს, და გამოვიყენოთ მის მიერ თბილად მოცემული რჩევები (1 კორ. 4:16, 17). თუ მას სადილზე ან ვახშამზე დაპატიჟებ, უფრო მეტი შესაძლებლობა მოგეცემა გამამხნევებელი ურთიერთობისთვის (ებრ. 13:2). რამდენადაც მისი მოხსენებები კრების საჭიროების შესაბამისად არის მომზადებული, ყურადღებით მოუსმინე მას.
4. როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ ჩვენი სარაიონო ზედამხედველი?
4 სარაიონო ზედამხედველი: პავლე მოციქული არ განსხვავდებოდა იმ ძმებისგან, რომლებსაც ემსახურებოდა — ის თვითონაც ხვდებოდა სირთულეებს და საწუხარიც არ აკლდა. ამიტომ მოციქულსაც სჭირდებოდა გამხნევება და ის ძალიან აფასებდა, როცა მას ამხნევებდნენ (2 კორ. 11:26—28). როდესაც რომის კრებამ შეიტყო, რომ პატიმრობაში მყოფი პავლე რომში უნდა ჩაეყვანათ, ზოგიერთი ძმა მის შესახვედრად წამოვიდა. ამისათვის მათ 74 კილომეტრი გაიარეს და პავლეს აპიუსის მოედანზე შეხვდნენ. „მათ დანახვაზე პავლემ ღმერთს მადლობა გადაუხადა და გამხნევდა“ (საქ. 28:15). შენც შეგიძლია გაამხნეო სარაიონო ზედამხედველი. ერთგულად დაუჭირე მას მხარი მონახულების დროს და, ასეთი სახით, „ორმაგი პატივი“ ეცი (1 ტიმ. 5:17). გულწრფელი მადლობა გადაუხადე მას იმისთვის, რასაც შენ სასარგებლოდ აკეთებს. მისთვის და მისი ცოლისთვის სასიხარულო იქნება იმის დანახვა, რომ გაქვს რწმენა და ავლენ სიყვარულსა და მოთმინებას (2 თეს. 1:3, 4).
5. რატომ გვჭირდება დღეს თითოეულ ჩვენგანს გამხნევება?
5 ვის არ გვჭირდება გამხნევება ამ „მძიმე, ძნელად ასატან დროში“? (2 ტიმ. 3:1). ახლავე დაგეგმე, რომ სრული მონაწილეობა მიიღო მსახურების იმ განსაკუთრებულ კვირაში, როდესაც სარაიონო ზედამხედველი მოინახულებს შენს კრებას. ყველას, როგორც მიმომსვლელ ზედამხედველს, ისე მაუწყებლებს, შეგვიძლია ერთმანეთის გამხნევება. ასეთი სახით ჩვენ ‘ვანუგეშებთ და აღვაშენებთ ერთმანეთს’ (1 თეს. 5:11).