ისწავლე ბიბლიის დახელოვნებულად გამოყენება
1. რატომ არის ბიბლიის დახელოვნებულად გამოყენება მნიშვნელოვანი?
1 ღვთის შთაგონებული სიტყვის დახელოვნებულად გამოყენება შესაძლებლობას მოგვცემს, რომ გავაცხადოთ და ვასწავლოთ ჭეშმარიტება. გარდა ამისა, შევძლებთ, ვამხილოთ ცრუ სწავლებები და ადამიანთა ტრადიციები (2 ტიმ. 2:15; 1 პეტ. 3:15).
2. რა დაგვეხმარება, რომ დავხელოვნდეთ ბიბლიური მუხლების გამოყენებაში?
2 უკეთ გაეცანი ბიბლიას: რაც უფრო ხშირად იყენებს ადამიანი ამა თუ იმ მოწყობილობას, მით უფრო ხელოვნდება მის გამოყენებაში. თუ ბიბლიას თავიდან ბოლომდე წაიკითხავ, სრულად დაინახავ ბიბლიის მთავარ თემას. ეს აგრეთვე ბიბლიური მუხლების დამახსოვრებაში დაგეხმარება. ბიბლიის უკეთ გაცნობა სამქადაგებლო მსახურებაში თუ არაფორმალური დამოწმებისას მეტ ენთუზიაზმსა და დამაჯერებლობას შეგმატებს (1 თეს. 1:5).
3, 4. ა) რა დაგვეხმარება, რომ უკეთ გავეცნოთ ბიბლიას? ბ) კიდევ რა საშუალებებს იყენებ იმისთვის, რომ დახელოვნებულად გამოიყენო ბიბლია?
3 ჩვევად გაიხადე, რომ კრების შეხვედრებზე ამოკითხულ მუხლებს შენს ბიბლიაში თვალი ადევნო. როცა პირადი შესწავლა გაქვს ან კრებისთვის ემზადები, მოძებნე პუბლიკაციებში მითითებული მუხლები და იფიქრე მათზე. მსახურების დროს ბევრი უფრო ადვილად იხსენებს, სად წერია ესა თუ ის მუხლი, როცა ბიბლიის ტექსტს პირდაპირ ბიბლიაში კითხულობს და არა კომპიუტერში ან ცალკე ამობეჭდილ ფურცლებზე (იოან. 14:26).
4 ზოგი ოჯახი დროს გამოყოფს ხოლმე, რომ ბიბლიური მუხლები დაიმახსოვრონ. ისინი პატარა ბარათების ერთ მხარეს ბიბლიურ მუხლს წერენ, მეორე მხარეს კი უთითებენ ადგილს, საიდანაც მუხლია აღებული. შემდეგ ამ ბარათებს იღებენ და როცა ბარათის ერთ მხარეს დახედავენ, ცდილობენ გაიხსენონ, მეორე მხარეს რომელი მუხლია მითითებული ან საიდან არის ეს მუხლი აღებული. გარდა ამისა, უფრო დავხელოვნდებით, თუ წინასწარ გავაკეთებთ შეთავაზებების ინსცენირებებს და მოვემზადებით იმისთვის, რომ ბიბლიის მეშვეობით პასუხი გავცეთ მათ, ვინც კითხვებს გვისვამს ან საწინააღმდეგო აზრს გამოთქვამს.
5. რატომ უნდა ვეცადოთ ბიბლიის დახელოვნებულად გამოყენებას?
5 ბიბლია შეუდარებელი წიგნია. მხოლოდ მასში წერია ის, რასაც შეუძლია ადამიანის „დაბრძენება გადასარჩენად“ (2 ტიმ. 3:15). ჩვენს ტერიტორიაზე მცხოვრები ადამიანებიდან უმრავლესობამ არ იცის, თუ რა ძვირფასი ცნობაა ჩაწერილი ბიბლიაში. ამიტომ საფუძვლიანი მიზეზი გვაქვს, დახელოვნებულად გამოვიყენოთ ბიბლია და ხალხს ჭეშმარიტება ვასწავლოთ (იგავ. 2:1—5).