მსახურებაში დამხმარე რუბრიკა
1. რა ორ მიზანს ემსახურება რუბრიკა „საუბრები ბიბლიურ თემებზე“?
1 დროდადრო ფართო მკითხველისთვის განკუთვნილ „საგუშაგო კოშკში“ იბეჭდება რუბრიკა „საუბრები ბიბლიურ თემებზე“. ამ რუბრიკას ორი მიზანი აქვს: პირველი, ბიბლიის სწავლებების ღირსეულად წარმოდგენა და მეორე, ჩვენთვის იმის ჩვენება, თუ როგორ ვიმსჯელოთ ამა თუ იმ საკითხზე სხვებთან ტაქტიანად (1 პეტ. 3:15). როგორ შეგვიძლია ამ სტატიების კარგად გამოყენება?
2. როგორ გამოვიყენოთ ამ რუბრიკაში მოცემული სტატიები მსახურებაში?
2 გამოიყენე მსახურებაში. ყოველთვის თან გქონდეს ჩანთაში იმ „საგუშაგო კოშკის“ რამდენიმე ეგზემპლარი, რომელშიც ეს სტატიებია მოცემული. იმ შემთხვევაში, თუ არ გაქვს ეს ჟურნალი, შეგიძლია ის ჩვენი ვებ-გვერდიდან ჩამოტვირთო. როდესაც მობინადრე, დაინტერესებული ან ბიბლიის შემსწავლელი რაიმე კითხვას დაგისვამს ან წამოჭრის საწინააღმდეგო აზრს, რომელიც ჟურნალში მოცემულ სტატიებშია განხილული, მიეცი მას ეს ჟურნალი და უთხარი, გადახედოს.
3. როგორ ვიმსჯელოთ ამ რუბრიკის დახმარებით მობინადრესთან?
3 როგორ შეგიძლია ამ რუბრიკის დახმარებით მობინადრესთან მსჯელობა? ზოგმა იეჰოვას მოწმემ სთხოვა მობინადრეს, ჟურნალში მოცემული დიალოგიდან მოსაუბრის სიტყვები წაეკითხა, თავად კი იეჰოვას მოწმის როლი შეითავსა. ამგვარმა მიდგომამ შესაძლოა კარგი შედეგი გამოიღოს, ვინაიდან მობინადრე დაბეჭდილ სიტყვებს წაიკითხავს და ისე გაეცნობა ჩვენს მრწამსს. შესაბამისად, ის არ ჩავარდება უხერხულ მდგომარეობაში (კან. 32:2).
4. როგორ შეგვიძლია ამ რუბრიკის დახმარებით საკუთარი თავის გაწაფვა?
4 გაწაფე საკუთარი თავი და სხვები. როცა რუბრიკას კითხულობ, ყურადღება მიაქციე მუხლებს, მაგალითებსა და იმას, თუ როგორ ვითარდება მსჯელობა. მხედველობიდან არ გამოგრჩეს, როგორი ტონი გასდევს დიალოგს. შემდეგ შეეცადე, შენც მსგავსად მიუდგე ადამიანებს მსახურებაში (იგავ. 1:5; 9:9). ერთმა დამ აღნიშნა: „ამ სტატიების კითხვა შეიძლება შევადარო საუკეთესო პიონერთან თანამშრომლობას, რომელმაც ყოველთვის იცის, რა თქვას“.
5. როგორ შეგვიძლია მოვამზადოთ ჩვენი ბიბლიის შემსწავლელები მსახურებისთვის?
5 შენ აგრეთვე შეგიძლია რუბრიკაში მოცემული სტატიების მეშვეობით მოამზადო ბიბლიის შემსწავლელი მსახურებისთვის. ერთად წაიკითხეთ იქ მოცემული მასალა. ბიბლიის შემსწავლელი ჩასვი მაუწყებლის როლში. ამგვარი პრაქტიკული მიდგომა მას შეაძლებინებს, რომ სხვას ტაქტიანად აუხსნას თავისი მრწამსი (კოლ. 4:6). ნამდვილად, ეს სტატიები იმ უამრავ საშუალებათა შორის ერთ-ერთია, რითაც იეჰოვა გვეხმარება, რომ ყოველმხრივ შევასრულოთ ჩვენი მსახურება (2 ტიმ. 4:5).