დაეხმარეთ მათ, ვინც არ არის მზად წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შესასწავლად
1. რატომ არ უნდა ზოგს წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შესწავლა?
1 მან, ვინც იეჰოვას თაყვანისმცემელი ხდება, უნდა ისწავლოს ბიბლიური პრინციპები. თუმცა ისინი, ვინც არ მიეკუთვნებიან ქრისტიანულ რელიგიებს, ბიბლიას ღვთის სიტყვად არ მიიჩნევენ. სხვებს საერთოდ ღმერთი არ სწამთ და შესაბამისად, ბიბლიაც არ არის მათთვის ავტორიტეტი. როგორ შეგვიძლია მათი დახმარება, ვინც უარს ამბობს წიგნის, „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ შესწავლაზე? ქვემოთ მოცემულია 20 სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრებ მაუწყებელთა რჩევები ამასთან დაკავშირებით.
2. როცა ვინმე გვეუბნება, რომ არ სწამს ღმერთი, რა უნდა დავაზუსტოთ და რატომ?
2 ვისაც არ სწამს ღმერთი. როცა ვინმე გვეუბნება, რომ არ სწამს ღმერთი, კარგი იქნება, თუ გავიგებთ მიზეზს. იქნებ ამ ადამიანს ევოლუციის სჯერა? ან იქნებ ირგვლივ არსებულმა უსამართლობამ დააკარგვინა ღვთის რწმენა, ან რელიგიურმა პირმოთნეობამ? ანდა ისეთ ქვეყანაში ხომ არ არის აღზრდილი, სადაც რელიგია აკრძალულია? შესაძლოა ის კატეგორიულად არ უარყოფს ღვთის არსებობას, უბრალოდ არასდროს უფიქრია, რომ აუცილებელია რწმენა უზენაესისადმი. ბევრი მაუწყებელი ასეთ შეკითხვას უსვამს ამ დროს ადამიანს: „ბავშვობიდან არ გწამდათ ღმერთი?“. ეს შეკითხვა ხშირად კარგ საუბარს უყრის საფუძველს. როცა ვიცით, თუ რატომ არ სწამს ადამიანს ღმერთი, ადვილად შევძლებთ სათანადო პასუხის გაცემას და შესაფერისი პუბლიკაციის შეთავაზებას (იგავ. 18:13).
3. როგორ შეგვიძლია ვაჩვენოთ ადამიანს, რომ ვაფასებთ მას და მის მრწამსს?
3 როცა პასუხობ, ფრთხილად იყავი, ისე არ გამოგივიდეს, რომ მის შეხედულებას თითქოს თავს ესხმი. აი როგორ შესავალს გვთავაზობენ შეერთებულ შტატებში მცხოვრები მაუწყებლები: „სხვების არჩევანს ყველამ პატივი უნდა სცეს, ყველა თვითონ ირჩევს, რას ირწმუნებს. ადამიანს კამათში გამარჯვება კი არ უნდა უნდოდეს, პირიქით, კითხვები უნდა დასვას და დააფიქროს მოსაუბრე, რათა ის თავად მივიდეს სწორ დასკვნამდე“. როცა მობინადრეები თავის აზრს გამოთქვამენ, ერთი მიმომსვლელი ზედამხედველი ხშირად ასეთ კითხვას უსვამს მათ: „თუ დაფიქრებულხართ, რომ შეიძლება ამ თემაზე განსხვავებული აზრიც არსებობდეს?“.
4. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ ბუდისტებს?
4 ბევრი ბუდისტისთვის ღვთის ცნება უცხოა. ასეთ ადამიანებთან საუბრისას ზოგიერთი ბრიტანელი მაუწყებელი იყენებს ბროშურას „როგორ ვიპოვოთ უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება?“.a მას შემდეგ, რაც განიხილავენ ბროშურის შესავალს, გადადიან ბროშურაში მოცემულ თემაზე „ნამდვილად არსებობს უზენაესი შემოქმედი?“, შემდეგ კი მორიგ თემაზე სათაურით, „კაცობრიობისთვის კურთხევების მომტანი სახელმძღვანელო“. ამის შემდეგ სთავაზობენ წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“ და ეუბნებიან მობინადრეებს: „შეიძლება ღმერთი არ გწამთ, მაგრამ ბიბლიის შესწავლა ძალიან სასარგებლოა, რადგან ამ წიგნში ბევრი პრაქტიკული რჩევაა ჩაწერილი“.b ერთი პიონერი ძმა, რომელიც შეერთებულ შტატებში ჩინურენოვან ტერიტორიაზე მსახურობს, ამბობს: „ჩვენს ტერიტორიაზე ხალხს უყვარს კითხვა. ამიტომ სანამ კვლავ მივაკითხავთ მობინადრეებს, დატოვებული პუბლიკაციები თავიდან ბოლომდე წაკითხული აქვთ. მაგრამ მათ არ ესმით, რაში მდგომარეობს ბიბლიის შესწავლის არსი. ამიტომ პირველივე მისვლაზე ვთავაზობ ბროშურას „სასიხარულო ცნობა“. ეს ბროშურა ისეა შედგენილი, რომ მობინადრე მსჯელობაში ადვილად ჩაებას“. ერთი სარაიონო ზედამხედველი, რომელიც აგრეთვე ჩინურენოვან ტერიტორიაზე მსახურობს შეერთებულ შტატებში, ამბობს, რომ მათ ტერიტორიაზე შესაძლებელია პირველივე მისვლაზე წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ შეთავაზება. თუმცა უმჯობესია შესწავლის დაწყება არა 1-ლი თავიდან, რომელიც ღმერთზე საუბრობს, არამედ მე-2 თავიდან, რომელიც ბიბლიაზე საუბრობს.
5. რატომ არის მოთმინება საჭირო?
5 ადამიანში რწმენის გაღვივებას დრო სჭირდება, ამიტომ მოთმინებაა საჭირო. პირველი საუბრის დროს ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ადამიანმა შემოქმედის არსებობა ირწმუნოს. თუმცა დროთა განმავლობაში შეიძლება მიხვდეს, რომ ეს სრულიად შესაძლებელია. ზოგმა შეიძლება გამოთქვას აზრი, რომ უბრალოდ ხვდება, რატომ მიდის ზოგი ამ დასკვნამდე.
6. რატომ არ ინტერესდება ზოგი ბიბლიით?
6 თუ ადამიანს არა აქვს ბიბლიისადმი ინტერესი. ხშირად მასაც კი, ვისაც სწამს ღვთის არსებობის, შეიძლება არ აინტერესებდეს ბიბლიური სწავლებები, რადგან ფიქრობდეს, რომ ბიბლია არ არის ღვთის სიტყვა. შეიძლება ის არაქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს და ბიბლიას ქრისტიანულ სამყაროსთან აკავშირებს. ან შესაძლოა ისეთ ქრისტიანულ ქვეყანაში ცხოვრობს, სადაც ხალხი არარელიგიურია და შესაძლოა ფიქრობს, რომ ბიბლიის გამოყენება არაპრაქტიკულია. როგორ შეიძლება ასეთ ადამიანებს გავუღვივოთ ბიბლიისადმი ინტერესი და საბოლოოდ დავითანხმოთ ბიბლიის შესწავლაზე წიგნით „რას გვასწავლის ბიბლია?“.
7. რომელია ის ერთ-ერთი კარგი საშუალება, რითაც მაუწყებლები ხალხს ბიბლიისადმი ინტერესს უღვივებენ?
7 საბერძნეთის ფილიალმა დაწერა: „ყველაზე საუკეთესოდ მაშინ დაეხმარები იმ ადამიანს, რომელსაც არ სწამს ბიბლიის, თუ გადაუშლი ამ წიგნს და აჩვენებ, რა წერია მასში. ბევრმა მაუწყებელმა შეამჩნია, რომ ბიბლიის სიტყვებს გაცილებით დიდი ძალა აქვს, ვიდრე ადამიანის ნათქვამს (ებრ. 4:12). ბიბლიაში ღვთის სახელის წაკითხვამ ბევრი ამ წიგნის უფრო ღრმა გამოკვლევისკენ აღძრა“. ინდოეთის ფილიალი ასეთ რამეს იტყობინება: „სიცოცხლესა და სიკვდილზე ჭეშმარიტების გაგება ბევრ ინდუსს აინტერესებს. მოსწონთ აგრეთვე ბიბლიური დაპირება იმასთან დაკავშირებით, რომ მალე აღარ იქნება ადამიანთა დისკრიმინაცია და კასტებად დაყოფა“. ადგილობრივი საჭირბოროტო საკითხები მაუწყებლებს იმის საშუალებას აძლევს, რომ მობინადრეს ბიბლიიდან წაუკითხოს ის, თუ როგორ მოაგვარებს ღვთის სამეფო ამ პრობლემებს.
8. რა შეგვიძლია ვუთხრათ იმ ადამიანებს, რომელთაც ქრისტიანულმა სამყარომ ბიბლიაზე არასწორი შეხედულება ჩამოუყალიბა?
8 თუ ვინმეს ქრისტიანული სამყაროს გამო ბიბლიაზე უარყოფითი შეხედულება აქვს შექმნილი, უთხარი მას, რომ ქრისტიანული სამყარო ბიბლიასა და მის სწავლებებს დამახინჯებულად ასწავლის. ინდოეთის ფილიალმა ასეთი რამ დაწერა: „დროდადრო ჩვენ უნდა დავანახვოთ ადამიანებს ის, რომ ეკლესიები თავად არ იცავენ ბიბლიურ ნორმებს“. ფილიალი იტყობინება, რომ ხშირად ინდუსებზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ბროშურის „რა არის სიცოცხლის აზრი?“ მე-4 ნაწილი, რომელშიც ახსნილია, როგორ ცდილობდნენ ეკლესიები ღვთის სიტყვის არასწორად გადაცემასა და მის განადგურებას. ერთი ბრაზილიელი პიონერი ქადაგების დროს ხალხს ეუბნება: „არ გაინტერესებთ, რაზე მოგვითხრობს ბიბლია? ბევრი ინტერესდება ამ წიგნით და ეს მათ ავტომატურად რომელიმე რელიგიის მიმდევრად არ ხდის. შეიძლება გაგაოცოთ იმან, რასაც ამ წიგნიდან გაიგებთ“.
9. რატომ არ უნდა ჩავიქნიოთ ხელი მათზე, ვინც თავიდან არ ინტერესდება ბიბლიური სწავლებებით?
9 იეჰოვა ყველას გულს ხედავს (1 სამ. 16:7; იგავ. 21:2). მას ჭეშმარიტებაში მოჰყავს ყველა მართალი გულის ადამიანი (იოან. 6:44). ბევრ ასეთ ადამიანს არასოდეს სმენია ღვთის შესახებ; მათ შესაძლოა ძალიან ცოტა რამ იციან ბიბლიაზე. ჩვენი ქადაგება შესაძლებლობას აძლევს მათ, გადარჩნენ და ჭეშმარიტების საფუძვლიანი ცოდნა მიიღონ (1 ტიმ. 2:4). ამგვარად, თუ ვინმე თავიდან არ ინტერესდება ბიბლიური სწავლებებით, ამის გამო ჩვენ ხელი არ უნდა ჩავიქნიოთ მათზე. გამოიყენე შენს ენაზე არსებული რომელიმე დამხმარე საშუალება, რომ გაუღვივო ასეთ ადამიანებს ინტერესი. საბოლოოდ, შეიძლება იმის შესაძლებლობა მოგეცეს, რომ საუბარი ბიბლიის შესასწავლ მთავარ სახელმძღვანელოზე, წიგნზე „რას გვასწავლის ბიბლია?“ გადაიტანო.
[სქოლიოები]
a ამ სტატიაში მოხსენიებული ზოგიერთი პუბლიკაცია არ არის ხელმისაწვდომი ქართულ ენაზე. სხვა თქვენთვის სასურველ ენაზე მათი წაკითხვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე www.pr2711.com.
b საქართველოში მცხოვრები ჩინელები გამარტივებულ ჩინურზე საუბრობენ. თუ რომელიმე კრებას სურს, შეუკვეთოს ბროშურა „როგორ ვიპოვოთ უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება?“ ამ ენაზე, შეკვეთა უნდა განახორციელოს შემდეგი კოდით: ჩინური გამარტივებული (CHS).
[ჩარჩო 4 გვერდზე]
თუ მობინადრე გეუბნება, რომ არ სწამს ღმერთი:
• „ბავშვობიდან არ გწამდათ ღმერთი?“.
• თუ მობინადრე ბუდისტია, შეგიძლია გამოიყენო ბროშურა „როგორ ვიპოვოთ უსასრულო მშვიდობა და ბედნიერება?“ (გვერდები 9—12).
• თუ ადამიანს ევოლუციის სჯერა, შესაძლოა სასარგებლო აღმოჩნდეს შემდეგი დამხმარე საშუალებები:
ჟურნალში „გამოიღვიძეთ!“ დაბეჭდილი რუბრიკა „ვინ შექმნა?“.
ვიდეოფილმი „საოცარ ქმნილებებში ღვთის დიდება ვლინდება“.
ბროშურები: „როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას?“ (ნაწილი 4), „თავისით გაჩნდა სიცოცხლე?“ და „სიცოცხლის წარმოშობა — ხუთი კითხვა, რომელზეც ღირს დაფიქრება“.
• თუ ვინმეს არსებული უსამართლობისა და ტანჯვის გამო დაკარგული აქვს ღვთის რწმენა, შესაძლოა დამხმარე აღმოჩნდეს შემდეგი პუბლიკაციები:
წიგნი „არსებობს მზრუნველი შემოქმედი?“ (თავი 10).
ბროშურები: „ნამდვილად ზრუნავს თუ არა ღმერთი ჩვენზე?“ (ნაწილი 6) და „რა არის სიცოცხლის აზრი?“ (ნაწილი 6).
• როგორც კი შეამჩნევ, რომ მობინადრე უშვებს იმ აზრს, რომ შესაძლოა ღმერთი არსებობდეს, გადადი წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ განხილვაზე. კარგი იქნება, თუ განხილვას ამ წიგნის მე-2 თავიდან ან მისთვის სასურველი თემიდან დაიწყებ.
[ჩარჩო 5 გვერდზე]
თუ მობინადრე გეუბნება, რომ არ სჯერა ბიბლიის:
• განიხილე მე-17 და მე-18 თავები წიგნიდან „სიცოცხლე — როგორ წარმოიშვა ის? ევოლუციის გზით თუ შემოქმედებით?“.
• ინდუსებთან საუბრისას გამოიყენე ბროშურა „რატომ უნდა ვცეთ თაყვანი ღმერთს სიყვარულითა და ჭეშმარიტებით?“.
• ებრაელებთან საუბრისას გამოიყენე ბროშურა „იარსებებს ოდესმე მსოფლიო ომის გარეშე?“ (გვერდები 3—11).
• იმსჯელე, რამდენად სასარგებლოა შემდეგი ბიბლიური პრინციპები. იმის საჩვენებლად, თუ რამდენად პრაქტიკული და ძვირფასი წიგნია ბიბლია, შეგიძლია გამოიყენო ქვემოთ მოცემული პუბლიკაციები:
ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“ რუბრიკა „რჩევები ოჯახებს“.
ვიდეოფილმი „ბიბლია — წიგნი, რომელსაც თქვენი ცხოვრების შეცვლა შეუძლია“.
ბროშურები: „სასიხარულო ცნობა ღვთისგან“ (გაკვეთილები 9 და 11), „წიგნი ყველასთვის“ (გვერდები 22—26) და „როგორ მივაღწიოთ კმაყოფილების მომგვრელ ცხოვრებას?“ (ნაწილი 2).
ბუდისტებთან საუბრისას გამოიყენე ბროშურა „მშვიდობისა და ბედნიერებისკენ მიმავალი გზა“ (გვერდები 3—7).
მუსლიმანებთან საუბრისას გამოიყენე ბროშურა „ნამდვილი რწმენა ბედნიერების საწინდარია“ (თავი 3).
თუ ისეთ ტერიტორიაზე ქადაგებ, სადაც ხალხს მცდარი აზრი აქვს შექმნილი ბიბლიაზე, კარგი იქნება, თუ მხოლოდ რამდენიმე მონახულების შემდეგ ეტყვი მობინადრეს, რომ ესა თუ ის ბრძნული აზრი ბიბლიაშია ჩაწერილი.
• იმის ასახსნელად, თუ როგორ შესრულდა ბიბლიური წინასწარმეტყველებები, შეგიძლია მიმართო შემდეგ დამხმარე საშუალებებს:
ვიდეოფილმი „ბიბლია — ზუსტი ისტორია, სარწმუნო წინასწარმეტყველებები“.
ბროშურა „წიგნი ყველასთვის“ (გვერდები 27—29).
• როგორც კი პიროვნება დაინტერესდება, რას ამბობს ბიბლია ამა თუ იმ საკითხზე, გადადი წიგნის „რას გვასწავლის ბიბლია?“ განხილვაზე.
[ჩარჩო 6 გვერდზე]
თუ მობინადრე გეუბნება, „არ მწამს ღმერთი“, შეგიძლია უთხრა:
• „თუ საშუალებას მომცემთ, მოკლედ გეტყვით, პირადად მე რამ დამარწმუნა ღვთის არსებობაში“. შემდეგ წაუკითხე წიგნ „მსჯელობაში“ მოცემული აზრები (გვერდები 391—393) ან უთხარი, რომ მიუტან პუბლიკაციას, რომლის წაკითხვაც შენთვის ძალიან სასიამოვნო იყო.
• „დავუშვათ, არსებობს ღმერთი; როგორს ისურვებდით, რომ ის ყოფილიყო?“. მობინადრეთა უმრავლესობა ამბობს, რომ ისინი ისურვებდნენ, ღმერთი ყოფილიყო მოსიყვარულე, სამართლიანი, გულმოწყალე და მიუკერძოებელი. ამ დროს უჩვენე მას ბიბლიიდან, რომ ღმერთს აქვს ასეთი თვისებები (შეიძლება მოგეცეს შესაძლებლობა, გამოიყენო წიგნი „რას გვასწავლის ბიბლია?“, თავი 1, აბზაცი 6).
თუ მობინადრე გეუბნება, „არ მჯერა ბიბლიის“, შეგიძლია უთხრა:
• „თქვენს მსგავსად ბევრი ფიქრობს. ზოგს მიაჩნია, რომ ბიბლია ეწინააღმდეგება მეცნიერებას, ზოგი კი თვლის, რომ ბიბლიური პრინციპები გამოუსადეგარია. ზედმეტ სითამამეში ნუ ჩამომართმევთ და ერთ შეკითხვას დაგისვამთ: წაკითხული გაქვთ ბიბლია? [დაელოდე, გიპასუხოს. შემდეგ უჩვენე ბროშურის „წიგნი ყველასთვის“ მე-3 გვერდზე მოცემული შესავალი და შესთავაზე ეს ბროშურა.] ბევრი ბიბლიას იმიტომ არ ენდობა, რომ რელიგიები მასში მოცემულ სწავლებებს არასწორად ასწავლიან. ამ ბროშურის მე-4 და მე-5 გვერდებზე საინტერესო ადამიანის შემთხვევაა მოთხრობილი, თქვენის ნებართვით, რამდენიმე დღეში გამოგივლით და ვისაუბროთ ამ საკითხზე“.
• „მარტო თქვენ არ ფიქრობთ ასე. თუ შეიძლება რაღაცას გაჩვენებთ, რამაც პირადად მე დამარწმუნა, რომ ბიბლია სანდო წიგნია [წაიკითხე იობის 26:7; ესაიას 40:22, საიდანაც ჩანს, რომ ბიბლია მეცნიერულად ზუსტია.] ბიბლიაში ოჯახებისთვის ძალიან ბევრი ბრძნული რჩევაა მოცემული. სიამოვნებით გამოგივლით რამდენიმე დღეში და ერთ-ერთს გაჩვენებთ“.
• „მადლობა პირდაპირობისთვის. ისე, ერთ შეკითხვას დაგისვამთ თუ შეიძლება: მართლა რომ დაეწერა ღმერთს წიგნი ადამიანებისთვის, თქვენი აზრით, რას ჩაწერდა მასში?“. შემდეგ უჩვენე ამ ადამიანს ბიბლიიდან ისეთი რამ, რაც ეთანხმება მის აზრს.